გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
200210116001372841
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/366-16

N200210116001372841

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2017 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,რ-----–-------------“

წარმომადგენელი - გ-----------------

მოპასუხეები: ზ--------------–--ე, ზ----------------–--ე

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ზ--------------–--ეს, ზ----------------–--ეს მოსარჩელე - შპს ,,რ-----–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ -1485.00 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს ზ--------------–--ეს, ზ----------------–--ეს მოსარჩელე - შპს ,,რ-----–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის -144,55 ლარისა და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟი-150.00 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 30 ნოემბერს შპს ”რ-----–----------სა”(გამსესხებელი) და ზ--------------–--ის (მსესხებელი), ზ----------------–--ესა და ბ----------------–--ეს ( სოლიდარული თავდებები) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №11/90 და თავდებობის ხელშეკრულება № 11/90, რომელთა თანახმად ზ--------------–--ეზე გაიცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით. თანხა გაიცა 31 დღის ვადით, საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი, საპროცენტო განაკვეთი 12%, ყოველდღიური გადახდის პირობით თანხით 93,33 ლარი, რომლითაც იფარებოდა ძირი და პროცენტი ერთად, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.როგორც ზ--------------–--ის ანგარიშსწორების ბარათიდან ჩანს, მის მიერ დარღვეულ იქნა 2015 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით №11/90 ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მისი და მისი თავდებებოს დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს: სესხზე №11/90-1485 ლარს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნიათ რომ მსესხებლის და თავდებების მიმართ არსებული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მეშვეობით, ვინაიდან ზ--------------–--ე და მისი თავდებები მათი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას.ამასთანავე 2016 წლის 05 მაისიდან შპს ”რ-----–----------ის” მიერ ამავე ორგანიზაციის თანამშრომელზე (იურისტზე) ირაკლი მეგრელიშვილზე პ/ნ 13001016491,, გაცემულ იქნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), რომელიც უფლებამოსილია წარმოადგინოს კრედიტორი, მის მსესხებელთან და თავდებებთან სასამართლო ან/საარბიტრაჟო ურთიერთობებში.ასევე აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 16 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად აღნიშნული დავა გადასაწყვეტად უნდა წარედგინოს სასამართლოს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, ან იმ ადგილის მიხედვით სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მოპასუხე ბ----------------–--ის მიმართ სარჩელი გაიხმო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი თანხა შეადგენს- 925 ლარს. აღნიშნულ თანხაში გაერთიანებული და მოთხოვნილია (რაც ხელშეკრულებიდან დასტურდება) როგორც ძირი თანხა ასევე მასზე დარიცხული პროცენტის თანხა. რაც შეეხება მოთხოვნილ ჯარიმას, რომელიც შეადგენს 560 ლარს კატეგორიულად არ ეთანხმებიან რადგან არც ხელშეკრულებით და არც კანონმდებლობით მისი გადახდის ვალდებულება არ აკისრიათ არც მოვალეს და არც თავდებს. მოპასუხე მხარე არის ერთი ოჯახის წევრები დედა და შვილი. 2014 წლის აგვისტოს თვიდან მათი ოჯახი სისტემატიურად თანამშრომლობდა მოსარჩელე კომპანიასთან და დღემდე მათ შორის არსებული ყველა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვთ.

მოპასუხე მხარე ეთანხმება ძირითადი თანხის-925 ლარის დაკისრებას, არ ეთანხმება ს ჯარიმის 560 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 30 ნოემბერს შპს ”რ-----–----------სა”(გამსესხებელი) და ზ--------------–--ეს (მსესხებელი), ზ----------------–--ესა და ბორის უგრეხელეძის ( სოლიდარული თავდებები) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №11/90 , რომელის თანახმადაც ზ--------------–--ეზე გაიცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებელი 12%, ვადა 31 დღე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N11/90 (ს.ფ. 19-26);

- 2015 წლის 30 ნოემბერს სალაროს გასავლის ორდერი N11/113 (ს.ფ. 34);

 

3.2.2. 2015 წლის 30 ნოემბერს შპს ”რ-----–----------სა”(გამსესხებელი) და ზოია უგრეხელეძის (მსესხებელი), ზ----------------–--ესა და ბ----------------–--ეს (სოლიდარული თავდებები) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება № 11/90.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება N11/90 (ს.ფ. 19-21);

 

3.2.3. მსესხებელი არ იხდის დავალიანებას და დღეის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება კრედიტორის წინაშე შეადგენს 1485 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ანგარიშსწორების ბარათი N11/90 (ს.ფ. 22-26);

 

3.2.4. ზურაბი უგრეხელიძის სახელზე ირიცხება ქონება მდებარე: თელავი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, ბინა №99, საკადასტრო კოდი №53.20.45.069.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28-29);

 

3.2.5.მოსარჩელე მხარემ მოპასუხე ბ----------------–--ის მიმართ გაიხმო სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოსარჩელე მხარის წარმომადგენლი შუამდგომლობა(იხ.ოქმი)

-საოქმო განჩინება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,რ-----–-----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს შპს ,,როიალ-კრედიტს“ ზ--------------–--ესა და ზ----------------–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,როიალ-კრედიტი“ '', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს შპს ,,როიალ-კრედიტთან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ----------------–--ე წარმოადგენს თავდებ პირს და ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,რ-----–-----------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის, 925 ლარის გადახდა.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 56 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,რ-----–-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს ზ--------------–--ეს, ზ----------------–--ეს მოსარჩელე - შპს ,,რ-----–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ -971 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს ზ--------------–--ეს, ზ----------------–--ეს მოსარჩელე - შპს ,,რ-----–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის -1,68 და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი ბაჟი-150.00 ლარის ანაზღაურება.

2.მოსარჩელე მხარეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 27,75 ლარი,ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე