გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
160210017002075650
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები, საოჯახო-სამართლებრივი დავები, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002075650

N2/860-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - აფ--------------ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - მზ---------–---–ი

მოპასუხე - კე--------–--------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - გე-–-----–----ე

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მა------–--------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კე--------–--------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, 2017 წლის ივნისის თვიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

1.2. მოპასუხე კე--------–--------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, იმგვარად, რომ დედას აფ--------------ას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მამის თანხმობის გარეშე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 დღისა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, 27.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლიდან აფ--------------ა და კე--------–--------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ი. მხარეები ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვზე მიუხედავად იმისა, რომ იგი დასაქმებულია შპს ,,სო--------------------ში“ და მისი ოფიციალური ხელფასი შეადგენს 1000 ლარს. მოსარჩელის მითითებით, იგი არის უმუშევარი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და რაიმე სახის ქონება, ცხოვრობს მშობლების სახლში და მარტო უწევს შვილზე ზრუნვა. მოსარჩელეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავს ნათესავები და ახლობლები, სურს წავიდეს და ბავშვიც თან წაიყვანოს მათ სანახავად (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16).

 

2. მოპასუხე კე--------–--------ის პოზიცია

 

მოპასუხე კე--------–--------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 800 ლარს და თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 120 ლარი. მოპასუხის მითითებით, მას ჰყავს მოხუცი და ავადმყოფი დედა; მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში, მას ბანკიდან აღებული აქვს სესხი 10000 ლარის ოდენობით, რომელსაც დღემდე იხდის (იხ. შესაგებელი ს.ფ. 55-64).

 

2018 წლის 27 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში (იხ. 27.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 12:20:47).

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

კე--------–--------ი ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ქ. მარნეულში; მისი საცხოვრებელი ადგილი არის ორსართულიანი, კეთილმოწყობილი, სადაც დაცულია უსაფრთხოების ნორმები და სხვა სახის რისკები. კე--------–--------ი არის დასაქმებული, იგი მუშაობს შპს ,,სო--------------------ში“. აფ--------------ა მეუღლესთან დაშორების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. აფ--------------ა არის დასაქმებული, იგი მუშაობს მე-4 საჯარო სკოლაში მასწავლებლად. სამსახურში ყოფნის პერიოდში ბავშვი იმყოფება ბებიის სვ----–--------------ას მეთვალყურეობის ქვეშ.

 

ად--------–--------ი არის 1 წლის და 7 თვის, არის ჯანმრთელი, მას ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი აცრები, აღრიცხვაზე იმყოფება ჯე-------------–--ს პოლიკლინიკაში. აფ--------------ას სურვილი აქვს მის ყოფილ მეუღლეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა მან შეძლოს შვილისათვის პასპორტის აღება. აფ--------------ას გადმოცემით, მას უწევს აზერბაიჯანში სტუმრად წასვლა ნათესავებთან და სურვილი აქვს რომ თან წაიყვანოს ბავშვი. კე--------–--------ი თანახმაა ბავშვმა აიღოს პასპორტი და შეძლოს აფ--------------ამ შვილთან ერთად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლიდან აფ--------------ა და კე--------–--------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

3.1.2. ამჟამად მხარეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. აფ--------------ა მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, ქ, მარნეულში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აფ--------------ასა და კე--------–--------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17);

 

3.2.2. ამჟამად არასრულწლოვანი ად--------–--------ი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან და ცხოვრობს ქ. მა-------––----------------------–---ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სარჩელი)

- სოციალური მუშაკის დასკვნა.

 

3.2.3. ამჟამად, აფ--------------ა მუშაობს მა-------–---------------ო სკოლაში მასწავლებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა.

 

3.2.4. კე--------–--------ი მუშაობს შპს ,,სო--------------------ის“ აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის მარნეულის სერვის ცენტრში ინჟინერის ასისტენტად და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 800 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 18);

 

3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება მოხუცი დედა. მითითებული გარემოება მოსარჩელემ უარყო, ხოლო ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აფ--------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 83-ე, 219-ე, 224-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1199-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები; ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ ალიმენტს ითხოვს 2017 წლის ივნისის თვიდან, სასამართლოში სარჩელის პირველად აღძვრიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველი სარჩელი, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით აფ--------------ას მიერ აღძრული იქნა 2017 წლის 06 სექტემბერს. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მიუთითა, რომ მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, მათ არ ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას სასამართლო ვერ გაითვალისწინებს და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას გაზრდილი მოთხოვნის ფარგლებში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალიწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის, მცირე შემოსავლის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კე--------–--------ი ამჟამად არის დასაქმებული და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 800 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 200 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო აფ--------------ას სარჩელი მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, აფ--------------ას სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხე ნაწილობრივ ცნობდა სარჩელს, კერძოდ 120 ლარის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 960 ლარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესით. სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება დასახელებული თანხის 960 ლარის 3%-ით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (28,80 ლარი) ნაკლებია 50 ლარზე, კე--------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აფ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე კე--------–--------ს არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იმგვარად, რომ ბავშვის დედას აფ--------------ას მიეცეს უფლება აუღოს არასრულწლოვან შვილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დააბრუნოს საქართველოში, მამის კე--------–--------ის თანხმობის გარეშე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 დღის ვადით.

3. მოპასუხე კე--------–--------ს არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 22 აპრილს დაბადებული ად--------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 06 სექტემბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

4. აფ--------------ას დაუბრუნდეს მზ---------–---–ის მიერ, 2017 წლის 01 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: BAGABGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 01 მაისის №8 საგადახდო დავალება).

5. მოპასუხე კე--------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე ია ლაბაძე