გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
210210017001829927
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001829927

საქმე N2/230-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წელი ქ. სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: ომ---------–------–---–ი;

წარმომადგენელი: ხა---------------ი;

ნა----–-----------–---–ი;

მოპასუხე: ჯუ-----------------–---–ი;

წარმომადგენელი: გრ-----–----–----ე;

ვა----------–----ე;

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათლად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ომ---------–------–---–სა და ჯუ-----------------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

1.2. ჯუ-----------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ომ---------–------–---–ის მიმართ მორალური ზიანის 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

იგი არის დაბადებით პირველი ჯგუფის ინვალიდი, უნარშეზღუდული და მას არ შეეძლო თავისი გამოვლენილი ნების სწორად აღქმა, მას დაადებინეს ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად კი მოპასუხისგან მიიღო სესხი. იგი მოატყუეს და ხელი მოაწერინეს ორ ხელშეკრულებაზე, რომლებშიც ცალცალკე იყო მითითებული თანხა. რეალურად კი მან სესხის სახით მიიღო მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაწილი 17 700 ლარი. ამ ხელშეკრულების დადებით მას მიადგა მორალური ზიანი რაც გამოიხატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში და ერთერთი უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალებაში.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგების დადების მომენტში მოსარჩელე სრულად აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების არსს. სხვადასხვა დროს ქონდა დადებული არაერთი გარიგება, იყო საწარმოს დირექტორი. არც მოტყუებას და არც უნარის შეზღუდვას ადგილი არ ქონია შსაბამისად სასარჩელო მოთხოვან არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ომ---------–------–---–სა და ჯუ-----------------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბრს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე მდებარე, სიღნაღის რაიონი სოფელი ბ------ საკადასტრო კოდი N--.1-.4-.0-- და სიღნაღის რაიონი სოფელი ბ------ საკადასტრო კოდი N--.1-.5-.0--.;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ომ---------–------–---–სა და ჯუ-----------------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბრს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები(ს/ფ 16, 19)

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების გაფორმებისას, მხარეთა მიერ გამოხატული რეალური ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე სხვაა, ვიდრე იგი დადებული გარიგებით აისახება. გარიგების თვალთმაქცურობის გამო ბათილად ცნობის მოთხოვნისას, მოსარჩელეს აკისრია მტკიცების ვალდებულება, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება და გაფორმებული ხელშეკრულება არ გამოხატავს ამ ხელშეკრულების მონაწილეთა ნამდვილ ნებას.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების მთავარი მახასიათებელი ნიშანია საკუთრების უფლების გადაცემა მყიდველზე და ამის სანაცვლოდ მყიდველის მიერ შეთანხმებული საფასურის გამყიდველისათვის გადაცემა. ნასყიდობის ხელშეკრულებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნასყიდობის საგანს, ხელშეკრულება მიმართულია შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ იმ ქონებაზე, რომლის შეძენაც სურს მას. მართალია ნასყიდობის ხელშეკრულება ნივთის შეძენის უსასრულო ხასიათს ატარებს, მაგრამ კანონმდებლობით ასევე დასაშვებია გამოსყიდვის უფლებით სარგებლობაც შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცობაზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს გონივრული კავშირი შემძენის მიერ ხელშეკრულების გაფორმების ინტერესსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლების მიზნებს შორის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებები, რომლებმაც მხოლოდ სასესხო ურთიერთობის მიზნები დაადასტურეს და ვერ მიუთითეს ნასყიდობის ურთიერთობაზე, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, წარმოადგენენ თვალთმაქცურ გარიგებებს და ამ გარიგებებით დაიფარა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია ამ ხელშეკრულების მონაწილეთა მხრიდან ნამდვილი ნების გამოვლენას სამართლებრივი შედეგების დადგომის თვალსაზრისით, სახეზეა მისი ბათლად ცნობის საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

თვალთმაქცური გარიგების დროს მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად რომელზედაც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილიც რეალურად გააჩნდათ. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება იკავებს ნამდვილი გარიგების ადგილს, მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მიიჩნევა ბათილ გარიგებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, წარმოადგენენ თვალთმაქცურ გარიგებებს და ამ გარიგებებით დაიფარა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია ამ ხელშეკრულების მონაწილეთა მხრიდან ნამდვილი ნების გამოვლენას სამართლებრივი შედეგების დადგომის თვალსაზრისით, სახეზეა მისი ბათლად ცნობის საფუძველი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ბათლად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომლის განხილვისას აუცილებელია სახეზე იყოს იურიდიული ინტერესი რომლის მიღწევაც შესაძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. განსახილველი დავის იურიდიული ინტერესი კი გამომდინარეობს იმ საფუძვლებიდან, რომ სადავოდ გამხდარი გარიგების ბათილად ცნობის შედეგად, უნდა აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ქონება განიკარგა ბათილი გარიგების საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის გარიგება (სამართლებრივი საფუძველი), რომლის გამოც ქონება იმყოფება მოპასუხის საკუთრებაში, შესაბამისად უნდა აღდგეს ბათილად ცნობილი გარიგების გაფორმებამდე არსებული მესაკუთრის უფლებები ქონებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს გააჩნია სადავო ქონების დაბრუნების როგორც იურიდიული ინტერესი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ იგი ითვალისწინებეს დაფარული გარიგების ნორმების გამოყენების წინაპირობებს, წინამდებარე დავის ფარგლებში შეუძლებელია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, მის ფარგლებში გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულების კონკრეტული პირობების დადგენა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის აუცილებლობით, სავალდებულოა პროცესის მონაწილეთა თანაბარ პირობებში არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, თუკი სასამართლო იმსჯელებს დაფარული გარიგების კონკრეტულ პირობებზე, ამ საკითხის შეფასება მოხდება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების პირობებში, ვინაიდან აღძრული სარჩელის ფარგლებში მოპასუხე თავის შესაგებელს წარმოადგენს მხოლოდ გარიგების ნამდვილობაზე აპელირებით. შესაბამისად, მისი არგუმენტაცია არ არის შემხებლობაში ფულადი ვალდებულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებთან. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები განსაზღვრულია მხოლოდ მის მიერ, რომელიც არ არის მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო თავად კრედიტორს კი არ მიცემია შესაძლებლობა თავისი არგუმენტები დაუპირისპიროს მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში მითითებულ ფაქტებს. ამდენად, თუ სასამართლო იმსჯელებს ამ გარემოებების მიმართ, ფაქტების დადგენა მოხდება ცალმხრივად, მოპასუხის მონაწილეობის გარეშე. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოპასუხე იძულებული ხდება შესაგებლით სასამართლოს წარუდგინოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია, ერთ შემთხვევაში უნდა უარყოს სესხისა და იპოთეკის ურთიერთობა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი უნდა აღიაროს იგივე ურთიერთობის არსებობა და მიუთითოს მისი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია მსჯელობა მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობაზე და ამ გარიგების შედეგად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვაზე, ხოლო კონკრეტული პირობებს დადგენა არ არის სამართლიანი მოცემული დავის ფარგლებში.

 

7.4. სასამართლო მოსარჩელის პოზიციაზე გარიგების მოტყუებით დადებულად ცნობასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების ნება გამოხატა, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას მოტყუება უძღვის წინ. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.

 

მოსარჩელის აზრით მოტყუება გამოიხატა იმაში, რომ მას ორ ხელშეკრულებაზე მოაწერიენს ხელი, რომელთა ღირებულებაც ცალცალკე შეადგენდა 23 000 ლარს, რეალურად სესხის თანხა არ შეესაბამებოდა ამ ღირებულებას. სასამართლოს სხდომაზე ვერ დადასტურდა მოსარჩელისათვის ორივე ნასყიდობის(სესხის) ხელშეკრულებით გათვალისცინებული თანხის გადახდა, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ ეტაპზე შესაძლებელია მსჯელობა მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობაზე, ხოლო სესხის ხელშეკრულების კონკრეტული პირობების დადგენა არ არის სამართლიანი მოცემული დავის ფარგლებში.

 

7.5. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს მოსარჩელის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგების დადებისას ის ვერ გააცნობიერებდა გამოვლენილი ნების სისწორეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს გარიგების დადებისას ცნობიერება ჰქონდა დაკარგული და იმყოფებოდა ფსიქიკური აშლილობის ვითარებაში. სარჩელში მითითებული დაავადებები არ ნიშნავს იმას, რომ მას ცნობიერება ჰქონდა დაკარგული გარიგების დადების მომენტისათვის, ასეთი გარემოება არ არის დადგენილი სპეციალისტის მიერ. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის ახსნა-განმარტება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოპასუხის მხრიდან მხოლოდ ერთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში იგი აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების არსს.

 

7.6. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი.

 

მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბათილი გარიგების დადებით მისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე განთავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისაგან მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურებისა და სხვა საპროცესო ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს გაჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ომ---------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ომ---------–------–---–სა(პ/ნ 0----------) და ჯუ-----------------–---–ს(პ/ნ 4----------) შორის 07.11.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე ს/კ 5-.1-.5-.0-- და უძრავ ქონებაზე ს/კ 5-.1-.4-.0--.

 

1.2. მოსარჩელე ომ---------–------–---–ს უარი ეთქვას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხე ჯუ-----------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 1500(ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

3. მოპასუხე ჯუ-----------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 100(ასი) ლარისა და საჯარო რეესტრის მომსახურების თანხის 40(ორმოცი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

4. მოპასუხე ჯუ-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1380( ათას სამას ოთხმოცი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი