გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/689-16
№200210016001612055
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - დ-----ო მ-------ა მოპასუხე - ი----------–-–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სახით მიღებული 700 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, მოპასუხე ი----------–-–---–ს მოსარჩელე იცნობს როგორც თანაქალაქელს, რადგან ის მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობს. მან 2013 წლის 29 ნოემბერს მისგან ისესხა ფული 200 აშშ დოლარი, რომელიც სიტყვიერი შეთანხმებით უნდა დაებრუნებინა 2014 წლის ზაფხულში. 2014 წლის 7 ივლისს მან ფული ვერ დაუბრუნა, მაგრამ კიდევ სთხოვა 150 აშშ დოლარის სესხება და უთხრა რომ პროცენტს გადაუხდიდა ორივე სესხისთვის. ამის შემდეგ მას კიდევ ორჯერ ასესხა ფული-11 ივლისს 150 აშშ დოლარი და 10 სექტემბერს -200 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ სესხს და პროცენტს სრულად დაუბრუნებდა 2014 წლის ბოლოს. ვადის გასვლის შემდეგ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ვალს არ უბრუნებს. პროცენტს რაღა თქმა უნდა აღარ ითხოვს, ითხოვს მხოლოდ გასესხებული ფულის დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელეს 2013 წლის 29 ნოემბერს ესესხა 200 აშშ დოლარი, აქედან 100 დოლარი გადაუხადა 2014 წლის დასაწყისში. 2014 წლის ივლისში როდესაც გამოართვა 150 დოლარი, პირველი ვალიდან დარჩენილი იყო ასი დოლარი. მოსარჩელეს კიდევ ესესხა ფული. 2014 წლის სექტემბრისთვის მისთვის გადახდილი ჰქონდა 200 აშშ დოლარი მთელი სესხიდან, ასევე უხდიდა პროცენტს, რომელიც ხელწერილში არ წერია და არც მოსარჩელე ამბობს ამის შესახებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ დაუბრუნა სესხი. ამჟამად მოსარჩელის მართებს 500 ამერიკული დოლარი. არც პროცენტის და არც 200 დოლარის გადახდაზე მოსარჩელისთვის არ დაუწერინებია ხელწერილი. ამ ვალის გადახდაზე უარს არ ამბობს და შესთავაზა ნაწილ-ნაწილ დაეფარა თავისი პენსიის საშუალებით, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვს. მისი განმარტებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500 აშშ დოლარი, რადგან 200 დოლარი გადახდილი აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 29 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 200 აშშ დოლარი, რომელიც სიტყვიერი შეთანხმებით უნდა დაებრუნებინა 2014 წლის ზაფხულში. 2014 წლის 7 ივლისს მოპასუხემ ფული ვერ დაუბრუნა, მაგრამ კიდევ ასესახა 150 აშშ დოლარი, ამავე წლის 11 ივლისს კვლავ ასესხა 150 აშშდოლარი და 10 ესქტემებერს ასესხა 200 აშშ დოლარი.
მოპასუხე ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ის მიმართ აქვს გადასახდელი სესხის თანხა 700 აშშ დოლარის ოდეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 16)
-სარჩელი და შესაგებელი(ს.ფ.3-8;20-25)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. სასამართლო ვერ გაიაზიარებს მოპასუხე ი----------–-–---–ის მოსაზრებას, რომ მას მოსარჩელე მხარისათვის გადახდილი აქვს 200 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 500 აშშ დოლარი, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება რითაც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარისათვის 200 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია მოვალე ი----------–-–---–ს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სკ-ს 431-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 208-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის ზეპირი შეთანხმებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება, კერძოდ აღებული სესხის 700 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის სესხის დაკისრების შესახებ დასაბუთებულია სრული მოცულობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხემ სარჩელი ცნო მოთხოვნილი სესხის 500 აშშ დოლარის ნაწილში, რაც შეეხება 200 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის ნაწილში მოპასუხის მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან ი----------–-–---–ს არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, აღნისნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ი----------–-–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 700 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 14 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 36 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.2. მოპასუხე ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სახით მიღებული 700 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს ი----------–-–---–ს მოსარჩელე დ-----ო მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 14.00 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 36.00 ლარი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე