გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210116001380164
2-1640/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27/02/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ,,გ---------”
წარმომადგენელი: ლ-----------------------------–--ე
მოპასუხე: შპს ‘’მ---’’
წარმომადგენელი: მე--–-------–--------–----------–---
დავის საგანი: თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე: შპს ‘’მ---’’
წარმომადგენელი: მე--–-------–--------–----------–---
მოპასუხე: შპს ,,გ---------”
წარმომადგენელი: ლ-----------------------------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,გ---------” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,მ---”-ს დაეკისროს:
- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;
- ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს სახით 5815.04 ევროს 0.5% გადახდა 2015 წლის 17 ოქტომბრიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტებზე:
2015 წლის 20 მაისს შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულებით შპს ,,გ---------”-მა იკისრა ვალდებულება საბავშვო ბაღში მოეწყო გათბობის სისტემა. თავის მხრივ შპს ,,მ---“-მა იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ შპს ,,გ---------”-ს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით აუნაზღაუროს 31 000 ევრო. შპს ,,გ---------”-მა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საბავშვო ბაღში სათანადოდ მოაწყო გათბობის სისტემა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, გადაიხადა 25 0000 ევრო. გადასახდელი დარჩა 5815.04 ევრო. მოპასუხე თავს იკავებს დასახელებული თანხის გადახდისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გადახდის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხებოდა ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. შპს ,,გ---------”-მა მოპასუხეს სამუშაო ჩააბარა 2015 წლის 7 ოქტომბერს. მას საბოლოო ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა 10 დღეში. მოპასუხემ მოვალეობა არ შეასრულა, რის გამოც მას გადასახდელად ერიცხება პირგასამტეხლო 5815.04 ევროს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1.1. მოპასუხის პოზიცია
შპს ,,მ---“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს ,,გ---------”-მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა უნდა დაემონტაჟებინა და სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 2 თვეში. აღნიშნული ვადა დადგა 2015 წლის 20 ივლისს. შპს ,,გ---------”-მა ამ ვადაში სამუშაოები არ შეასრულა და შესრულების ვადას გადააცილა 79 დღე. სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად შესრულების დაგვიანებსათვის შპს ,,გ---------”-ს დაერიცხა პირგასამტეხლო, რომლის ოდებობამაც შეადგინა 12 245 ევრო. იმის გამო, რომ შპს ,,გ---------”-ს გადასახდელი ჰქონდა 12 245 ევრო, კუთვნილი გადასახდელი თანხა გაუქვითა და აღარ გადაუხადა 5815.04 ევრო.
2. შპს ,,მ---“-ის სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,მ---“ სარჩელით მოითხოვს სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებისათვის შპს ,,გ---------”-ს დაეკისროს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 12 245 ევროს ექვივალენტი 31 837 ლარი.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის 2015 წლის 20 მაისს გაფრომებული ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოზე შეთანხმებას. კერძოდ მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისას მენრდეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5 %-ის ოდენობით. მოპასუხემ სამუშაოები ნაცვლად 2015 წლის 20 ივლისისა დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს, ანუ 79 დღის დაგვიანებით. ვადის დარღვევის გამო შპს ,,გ---------” ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს 12 245 ევროს ექვივალენტი 31837 ლარი.
2.1. შპს ,,მ---“-ის სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შპს ,,გ---------” სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არ არიან. აღნიშნული გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
გარდა აღნიშნულისა განმარტავს, რომ შპს ,,მ---“ ვალდებული იყო თანხები ჩაერიცხა შემდეგი თანამიმდევრობით:
- პირველი ეტაპი - ხელშეკრულების დადებისთანავე ავანსისის სახით ღირებულების 50 %;
- მეორე ეტაპი - სამუშაოს დაწყებიდან 20 %;
- მესამე ეტაპი - სამუშაოთა დასრულებიდან 10 დღეში 30 %.
შპს ,,გ---------”-ის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ შპს ,,მ---“-მა დაარღვია პირველი გადახდა და ნაცვლად გარიგების დადებისას თანხის გადახდისა, გადაიხადა 17 ივნისს. მეორე ეტაპის თანხა კი საერთოდ არ ჩაურიცხავს. შესაბამისად დაგვიანება გამოწვეულია შპს ,,მ---“-ის ბრალით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,გ---------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 14 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ს. ფ. 42-43
3.1.2. შპს ,,მ---” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 22 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ს. ფ. 45-46
3.1.3. 2015 წლის 20 მაისს შპს ,,გ---------”-ს და შპს ,,მ---”-ს შორის გაფრომდა ნარდობის ხელშეკრულება ხელვაჩაურში (ამჟამად ქ. ბათუმში) კ----------------–--აში საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის დასამონტაჟებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულებით შპს ,,გ---------” -მა იკისრა ვალდებულება საბავშვო ბაღში მოაწყოს გათბობის სისტემა. თავის მხრივ შპს ,,მ---“-მა იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ შპს ,,გ---------”-ს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით აუნაზღაუროს 31 000 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· 2015 წლის 20 მაისის ნარდობის ხელშკრულება. ს. ფ. 18-20.
3.1.4. ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებაზე მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და ძალაში რჩება ვალდებულების სრულ შესრულებამდე. შესასრულებელი სამუშაოების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ორი თვე. ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 20 მაისს. შესაბამისად სამუსაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· 2015 წლის 20 მაისის ნარდობის ხელშკრულება. ს. ფ. 18-20.
3.1.5. მხარეთა ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების 3.1 მუხლის პირობების შესაბამისად. გადახდა წარმოებს გრაფიკის მიხედვით შემდეგი თანამიმდევრობით:
- ავანსი, წინასწარ - 50 %;
- სამუშაოს დაწყებიდან 10 დღეში - 20 %;
- სამუშაოს დამთავრებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 დღეში - დარჩენილი 30 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· 2015 წლის 20 მაისის ნარდობის ხელშკრულება. ს. ფ. 18-20.
3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შპს ,,მ---“-მა ავანსის თანხა გადაიხადა 2015 წლის 5 ივნისს - 20 000 ლარი და 17 ივნისს - 20000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საგადახდო დავალება.ს.ფ. 21-22.
3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობა შპს ,,გ---------”-მა 2015 წლის 20 ივლისამდე ვერ დაასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.8. შპს ,,გ---------”-მა, შპს ,,მ---“-ის დაკვეთა შეასრულა და საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობა დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს. სამუშაოთა დასრულების შემდეგ მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· მიღება-ჩაბარების აქტი. ს. ფ. 24.
3.1.6. შესრულებული სამუშაოს ანგარიშში შპს ,,მ---“-ს გადახდილი აქვს დაახლოებით 25 000 ევროს ექვივალენტი ლარი. ბოლო გადახდა მან გადაიხადა 2015 წლის 16 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· საგადახდო დავალება.ს.ფ. 21-23
· მხარეთა განმარტებები
3.1.7. სრული ანგარიშსწორებისათვის შპს ,,გ---------”-ს, შპს ,,მ---“-ისათვის უნდა გადაეხადა კიდევ 5815.04 ევრო. შპს ,,მ---“-მა დასახელებული თანხა შპს ,,გ---------”-ს არ გადაუხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· საგადახდო დავალება.ს.ფ. 21-23
· მხარეთა განმარტებები
· 2015 წლის 20 მაისის ნარდობის ხელშკრულება. ს. ფ. 18-20.
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებაა:
- შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდაზე;
- შპს მ---“-ის მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით საზღაურის გადახდა.
შპს ,,მ---“ ამტკიცებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეკვეთის ვადაში შუსრულებლობისათვის, ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს გადახდა.
შპს ,,გ---------” შეკვეთის შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმებას უარყოფს. ასევე ამტკიცებს, რომ შეკვეთის ვადაში დაუსრულებლობა, საზღაურის გადახდის ვადების დარღვევის შედეგია.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა დაამტკიცოს იმ მხარემ, ვის ინტერესშიც შედის პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმების დადგენა. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მენარდისათვის ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს საკითხზე ხელშეკრულებით შეთანხმებულნი არიან, მაგრამ სადაოა შეკვეთის შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმება. ამ ფაქტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ ხელშეკრულებით. სხვა მტკიცებულებით პირგასამტეხლოს შეთანხმების დადგენა შეუძლებელია. თუ მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდენ, მაშინ ამის მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს შპს ,,მ---“-მა და დაამტკიცოს, რომ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის ვადის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს საკითხზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით.
3.2.4. თავის მხრივ შპს ,,გ---------”-მა უნდა დაამტკიცოს, რომ შპს ,,მ---“-მა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვადები.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. შპს ,,მ---“-მა თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ შეკვეთის შესრულების ვადის დარღვევისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე არიან შეთანხმებულნი. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ შეკვეთის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არ არიან. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.7. შპს ,,მ---“-ის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს შეთანხმების დასამტკიცებლად მიუთითებს 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულებაზე. შეთანხმება შიცავს თუ არა პირგასამტეხლოსზე შეთანხმებას და კონკრეტულად რა პირობის შეუსრულებლობაზე უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა, ამის დასადგენად უნდა შემოწმდეს ხელშეკრულების კონკრეტული მუხლები. პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმება მოცემულია მხოლოდ ხელშეკრულების 2.2 პუნქტში და 3.2. პუნქტში. დასახელებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტი მოცემულია შემდეგი შინაარსით:
- ,,დამკვეთი უფლებამოსილია:
შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოსთხოვოს მომწოდებელს ნაკლის გამოსწორება.
ნაკლის/ხარვეზის დროულად არ აღმოფხვრის შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ღირებულების 0.5 %.
მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება.“
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი აღიარებს მხარეთა თანასწორუფლებიანობას და გარიგებათა დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას.
პირგასამტეხლოზე შეთანხმების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. ნარდობის ხელშეკრულების მონაწილეებმა უნდა გამოხატონ ნება, რომ ვალდებულების დარღვევისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. პირგასამტეხლოს ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. კანონმა დაადგინა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით. უდაოა, რომ ხელშეკრულება წერილობითი ფორმითაა დადებული და იგი შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოზე. ხელშეკრულების 2.2 პუნქტი შპს ,,გ---------”-ის ვალდებულებების დარღვევას ეხება და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობას ითვალისწინებს. დასახელებული პუნქტით პირგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებულია შესრულებუ სამუშაოს ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევებში. თუ შესრულება ნაკლიანია, შპს ,,მ---“-ს უფლება აქვს შპს ,,გ---------”-ს მოსთხოვოს ნაკლის გამოსწორება. თავის მხრივ შპს ,,გ---------” მოვალეა ნაკლი გამოასწოროს დროულად. ნაკლის/ხარვეზის დროულად არ აღმოფხვრის შემთხვევაში შპს ,,მ---“-ს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ღირებულების 0.5 %-ის გადახდა. საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განიმარტოს რას ნიშნავს შპს ,,მ---“-ის უფლება, ,,მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ღირებულების 0.5 %“. ჩანაწერის განმარტებისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაო კოდექსის 338-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს”. ხელშეკრულების შინაარსი უნდა დადგინდეს მხარეთა მიერ ნების გამოვლენის მიზნის გათვალისწინებით. შპს ,,მ---“-ის მიზანი იყო საბავშვო ბაღში გათბობის სესტემა მოწყობილიყო ჯეროვნად, მას არ ჰქონოდა ხარვეზები. თუ შესრულებულ სამუშაოს ექნებოდა ნაკლოვანება ან ხარვეზი, მაშინ მას უფლება ექნებოდა მენარდისათვის დაენიშნა ვადა და მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება. შპს ,,გ---------” კი მოვალე იქნებოდა დანიშნულ ვადაში გამოესწორებინა ნაკლი. წინააღმდეგ შემთხვეაში შპს ,,მ---“-ს უფლება ექნებოდა გადახდილი თანხა მოეთხოვა უკან. ანუ შეთანხმება წარმოადგენს საქ. სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ იმ შემთხვევას, როცა მენარდემ ნაკლი არ გამოასწორა დამატებით ვადაში და ამის გამო შემკვეთმა მიიღო ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლება. ამ საკითხზე მხარეები რომც არ შეთანხმებულიყვენ, იგი კანონითაც ასეა მოწესრიგებული, მაგრამ შეთანხმებით მხოლოდ თანხის უკან დაბრუნება არაა განსაზღვრული. შპს ,,გ---------”-ის მიერ თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას, დასაბრუნებელ თანხას დაერიცხება ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების თანხის 0.5 % ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. სწორედ ამ საკითხზე არიან მხარეები შეთანხმებული. ხელშეკრულების 2.2. პუქნტი სხვა შეთანხმებას არ შეიცავს. იქ არაა მითითებული, რომ შეკვეთის შესრულების ვადის გადაცილებისას, მენარდეს დაეკისრება პირგასამტეხლო. მხარეები შეთანხმებულნი არიან მხოლოდ მასზედ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ უკან დასაბრუნებელი თანხის დროულად დაუბრუნებლობისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელ თანხას დაერიცხება ღირებულების 0.5 %. მართალია ამ ნაწილშიც შეთანხმება ბუნდოვანია (საიდან უნდა დაიწყოს ვადის ათვლა არ ჩანს), მაგრამ ყოველშემთხვევაში იგი არ წარმოადგენს გათბობის სისტემის მოწყობის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. მითუმეტესს პირგასამტეხლოს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე. ანუ თუ თანხა დროულად არ დაბრუნდა, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე დავალიანებას ერიცხება პირგასამტეხლო.
იხ. 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 2.2. მუხლი. ს.ფ.15
3.2.8. ხელშეკრულების 3.1 პუნქტი შეიცავს შეთანხმებას შპს ,,მ---“-ის მიერ შპს ,,გ---------”-ისათვის გრაფიკის მიხედვით ანაზღაურების შესახებ. 3.2. პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით:
,,გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 0.5 % ყოველვადაგადაცილებულ დღეზე“.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შეთანხმება ბუნდოვანი არაა. შეთანხმების მიხედვით შპს ,,მ---“-ის მიერ, შპს ,,გ---------”-ისათვის გრაფიკის მიხედვით ანაზღაურების პირობის დარღვევა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ითვალისწინებს გადასახდელი თანხის 0.5 %-ის დარიცხვას პირგასამტეხლოს სახით.
იხ. 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 3.2. მუხლი. ს.ფ.15
3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს მტკიცებულებებით ეჯიბრებიან, უნდა არსებობდეს მტკიცებულება პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმების შესახებ. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სწორედ ამიტომაც მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს ხელშეკრულება და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა, როგორც შეკვეთის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოზე შეთანხმებად, ასევე შემკვეთის მიერ მენარდისათვის ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოზე შეთანხმებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას დაკვეთის შესრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოზე შეთანხმებას. იგი შეიცავს პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებას შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისას უკან დასაბრუნებელი თანხის დაბრუნების დაყოვნებისას, ასევე მენარდისათვის ანაზღაურების ვადაგადაცილებისას. სხვა პირობა ამ ხელშეკრულებაში არ იკითხება.
იხ. 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 2.2. მუხლი. ს.ფ.15-17.
3.2.10. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,მ---“-ს, შპს ,,გ---------”-ისათვის ავანსის თანხა - 50 % უნდა გადაეხადა წინასწარ. იქედან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, ავანსის წინასწარ გადახდა გულისხმობს არა შპს ,,მ---“-ის შეხედულებით ნებისმიერ დროს გადახდას, არამედ იგი გულისხმობს გარიგების დადებიდან მოკლე დროში გადახდას. მოკლე დრო რათქმა უნდა შეფსებითია, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი გარიგების ამოქმედების დღეს თუ არა, მომდევნო მეორე ან მესამე დღეს მაინც უნდა შესრულებულიყო. შპს ,,მ---“-მა ავანსის გადახდა დააგვიანა. მან 50 % გადაიხადა დაახლოებით 27 დღეში, რაც ნამდვილად არ აკმაყოფილებს ავანსის წინასწარ გადახდის პირობას. მართალია მან ავანსი სამუშაოთა დაწყებამდე გადაიხადა, მაგრამ ორ თვიან შესასრულებელ პერიოდში 27 დღით ავანსის გადახდის დაგვიანება აღარ წარმოადგენს გონივრულს. გარდა ამისა მან სამუშაოთა დაწყებიდან 10 დღეში შემდეგი 30 % აღარ გადაიხადა. ბუნებრივია არსებობდა რისკი მასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მენარდეს არ შეესრულებინა ვალდებულება და ისე აეთვისებინა ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების 80 %, მაგრამ ასეთი სიფრთხილე შპს ,,მ---“-ს ვალდებულების შესრულებსაგან თავის შეკავების უფლებას არ აძლევს. სიფრთხილისათვის და რისკებისაგან თავის დასაცავად უფრო გამართლებულია სხვა ღონისძებათა გამოყენება, ვიდრე ვალდებულების შესრულებისაგან თავის შეკავება.
იხ. საგადახდო დავალება.ს.ფ. 21-23
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,გ---------”-ის სარჩელი საფუძვლიანია. შპს ,,მ---“-მა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაგვიანებისათვის შპს ,,გ---------”-ს უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო. შპს ,,მ---“-ის სარჩელი კი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
შპს შპს ,,გ---------” ამტკიცებს, რომ მან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გაუწია მომსახურება. შეასრულა მისი დაკვეთა და ამ შესრულების მიხედვით მოპასუხისაგან ერგება 5815.04 ევრო. შპს ,,მ---“ თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და არღვევს მის უფლებებს. თავის მხრივ შპს ,,მ---“ მიიჩნევს, რომ შპს ,,გ---------”-მა ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და ნარდობის საგანი შეთანხმებულ ვადაში არ გადასცა, რის გამოც მას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ იმ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც მათ ერგებათ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ან პირგასამტეხლოს სახით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით: - ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის 2015 წლის 20 მაისს დადებული გარიგება.
სადაო არაა ის გარემოება, რომ 2015 წლის 20 მაისს შპს “მ---”-ს და შპს ,,გ---------“-ს შორის გაფრომდა საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების ნარდობის ხელშეკრულება. შესაბამისად გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე. ერთი მხარეა შპს “მ---”, ხოლო მეორე მხარეა შპს ,,გ---------“. შეთანხმების შედეგად შპს “გ---------“-მა კ----------------–--აში მდებარე საბავშვო ბაღში უნდა ჩაატაროს გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები. თავის მხრივ შპს ,,მ---“-მა უნდა აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ცაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ,,მ---“-მა შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს ,,გ---------“-ისაგან მოეთხოვა სამუშაოების იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით შესრულება, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც შემკვეთს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს “გ---------” ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ გათბობის სისტემა საბავშვო ბაღში მოეწყო ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს შემკვეთის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება და პირიქით.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს “გ---------”-ს, ნარდობის ხელშეკრულებაში მითითებულ სამუშაოების შესრულება ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. კერძოდ მოითხოვოს დამკვეთმაც შეასრულოს კუთვნილი მოვალეობა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაიხადოს დათქმულ დროში სრულყოფილად. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 31 000 ევროს. აქედან შპს ,,მ---“-ს შპს “გ---------“-ისათვის გადახდილი აქვს 25 184.96 ევრო. მხარეები არ დაობენ, რომ გადასახდელად დარჩენილია 5815.04 ევრო. ამ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები არ უარყოფენ. შპს ,,მ---“ დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შპს ,,გ---------“-მა გადააცილა შეკვეთის შესრულების ვადებს და პირგასამტხლოს სახით იმაზე მეტი აქვს გადასახდელი, ვიდრე მას აქვს მენარდისათვის გადასახდელი. სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს ,,გ---------“-მა თავისი ვალდებულება შეასრულა სრულად, მაგრამ მან 79 დღით გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას. შესრულების ვადაგადაცილება გახდა თანხის არ გადახდის ძირითადი მიზეზი. შპს ,,მ---“ მიიჩნევს, რომ ვადის გადაცილების გამო შპს ,,გეოვატსს“ საზღაური უნდა დაექვითოს პირგასამტეხლოს თანხის ანგარიშში.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსი. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში გათბობის სისტემის სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული არ არის. მიუხედავად ამისა შპს ,,მ---“ მიიჩნევს, რომ სამუშაოთა ვადის გადაცილებისათვისაც პირგასამტეხლოს გადახდაა გათვალისწინებული. სწორედ ამ მოსაზრებას დაეყრდნო შპს ,,მ---“ ნარდობის შესრულების საზღაურის დაქვითვისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ---“ არასწორად გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში. მხარეები სამუშაოთა დასრულების ვადის დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არ არიან. ასეც, რომ არ იყოს და პირობითად რომც წარმოვიდგინოთ, რომ მხარეები სამუშაოთა ვადის დასრულების დარღვევისათვის შეთანხმებულნი იყვენ პირგასამტეხლს გადახდაზე, ასეთ შემთხვევაშიც კი შპს ,,მ---“-ს არ ჰქონდა თვითნებურად თანხის დაკავების უფლება. ასეთი რამ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს პრინციპს. პირგასამტეხლო ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის. ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლოს საშუალებით კრედიტორს უნაზღაურდება სავარაუდო ზიანი. პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია, რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლო მოცემულია მაშინ, როცა მოვალე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ იგი მას გადაუხდის ფულად თანხას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლები). თუ პირგასამტეხლოს გადახდის საფუძველს წარმოადგენს მოვალის უმოქმედობა (მოქმედებისაგან თავის შეკავება), მაშინ გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ამის საწინააღმდეგო მოქმედების განხორცილებით. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ძირითადი ვალდებულების შესრულების გვერდით, თუ მოვალე არ ასრულებს თავის ვალდებულებას ხელშეკრულებით დადგენილ დროში. სხვა შემთხვევაში, დაუშვებელია კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, კრედიტორს მოვალის მიმართ აქვს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი). სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობას და მის გადახდას სჭირდება მხარეთა შეთანხმება. დაუშვებელია იგი დაქვითული იქნას ანაზღაურებიდან. შპს ,,გ---------“-ს სრულად უნდა მიეღო კუთვნილი თანხა და ამ თანხიდან ნებაყოფილებით უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება შპს ,,მ---“-ს არ ჰქონდა. მას არ აქვს უფლება ინდივიდუალურად დაიანგარიშოს პირგასამტეხლოს ოდენობა, გამოიყენოს თავისი დომინირებული მდგომარეობა (გადასახდელი თანხა მის ხელთაა) და არ გადაუხადოს ის თანხა, რასაც თვითონ მიიჩნევს პირგასამტეხლოდ. თუ მოსარჩელე თავისი ნებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ან დადგენილ ოდენობაზე არ ექნებოდა პრეტენზია, მაშინ პირგასამტეხლოს დაქვითვა ჩაითვლებოდა შეთანხმებულად. სხვა ყველა შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება სასამართლოს უფლებამოსილებაა, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ---“ ვალდებულია სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის თანხა, რაც მას ერგებოდა 2015 წლის 20 მაისის ხელშეკრულების შესრულებით. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სარჩელი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,მ---“-ს შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.
6.5. შპს ,,გ---------“ სარჩელით მოითხოვს მოპასუხეს გადახდის ვადების დარღვევისათვის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. მოთხოვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლები, რომელთა მიხედვით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ შპს ,,მ---“ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა. მას ნარდობის საზღაური უნდა გადაეხადა არაუგვიანეს სამუშაოთა დასრულებიდან 10 დღის ვადაში. შპს ,,გ---------“-მა სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 7 ოქტომბერს. ანუ 2015 წლის 17 ოქტომბერს ანაზღაურება უნდა დასრულებულიყო სრულად. მოპასუხემ არ გადაიხადა 5815.04 ევრო და იგი არც საქმის განხილვის მომენტისათვის არ აქვს გადახდილი. ვალდებულების დარღვევიდან სრულ შესრულებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
როგორც ზემოთ განვმარტეთ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.5 %-დან შემცირდეს 0,02 %-მდე. შესაბამისად შპს ,,მ---“-ს პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე უნდა დაეკისროს 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის 0.02 % ანუ დღეში 1.16 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.
6.7. მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, მხარეთა ეკონომიური მდგომორაეობა, ვალდებულების დარღვევის შინაარსი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 0.02 % გონივრულია.
6.8. შპს ,,გეოვაიტტ“-ის სარჩელის მსგავსად, შპს ,,მ---“ მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 79 დღის ვადის დარღვევით დასრულებისათვის, შპს ,,გეოვაიტტ“-ს გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხები. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა შპს ,,გ---------“-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს პირგასამტეხლოზე შეთანხმებისა და მისგან გამომდინარე თანხის დაკისრების საფუძვლები.
6.9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მაისს დადებული ხელშეკრულების 2.2 მუხლი შეიცავს მხარეთა შეთანხმებას პირგასამტეხლოს გადახდაზე. დასახელებული პუნქტით პირგასამტეხლოს გადახდა გათვალისწინებულია შესრულებელ სამუშაოს ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევებში. თუ შესრულება ნაკლიანია, შპს ,,მ---“-ს უფლება აქვს შპს ,,G-----”-ს მოსთხოვოს ნაკლის გამოსწორება. თავის მხრივ შპს ,,G-----” მოვალეა ნაკლი გამოასწოროს დროულად. ნაკლის/ხარვეზის დროულად არ აღმოფხვრის შემთხვევაში შპს ,,მ---“-ს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ღირებულების 0.5 %-ის გადახდა. შპს ,,მ---“-ის მიზანი იყო საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა მოწყობილიყო ჯეროვნად, მას არ ჰქონოდა ხარვეზები. თუ შესრულებულ სამუშაოს ექნებოდა ნაკლოვანება ან ხარვეზი, მაშინ მას უფლება ექნებოდა მენარდისათვის დაენიშნა ვადა და მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება. შპს ,,G-----” კი მოვალე იქნებოდა დანიშნულ ვადაში გამოესწორებინა ნაკლი. წინააღმდეგ შემთხვეაში შპს ,,მ---“-ს უფლება ექნებოდა გადახდილი თანხა მოეთხოვა უკან. ანუ შეთანხმება წარმოადგენს საქ. სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ იმ შემთხვევას, როცა მენარდემ დამატებით ვადაში ნაკლი არ გამოასწორა და ამის გამო შემკვეთმა მიიღო ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლება. შპს ,,G-----”-ის მიერ თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას, დასაბრუნებელ თანხას დაერიცხება ნარდობის ხელშეკრულების ღირებულების თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სწორედ ამ საკითხზე არიან მხარეები შეთანხმებული. ხელშეკრულების 2.2. პუქნტი სხვა შეთანხმებას არ შეიცავს. შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევისათვის მხარეებს პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ აქვთ. პირგასამტეხლოს საკითხზე წინასწარ შეუთანხმებლობა გამორიცხავს პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების შესაძლებლობას. შესაბამისად შპს ,,მ---“-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
წინამდებარე საქმეზე, როგორც ძირითად სარჩელზე, ისე შეგებებულ სარჩელზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ---“-ის სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 956 ლარს. ბაჟი შპს ,,მ---“-ს წინასწარ აქვს გადახდილი. იმის გამო, რომ შპს ,,მ---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალს კუთვნილ გადასახდელ ბაჟის თანხად.
შპს ,,გ---------“-ის სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 856 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. აღნიშნულის გამო საქმეზე გადახდილი ბაჟი მხარეებს საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის ანაზღაურება კი უნდა დაეკისროს შპს ,,მ---“-ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო შპს ,,მ---“-ის საბანკო ანგარიშებს 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის ფარგლებში. ასევე უდაოა, რომ 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს ,,G-----”-ს (ამჟამად ,,გ---------“) აეკრძალა ქ. თბილისი, მ-------------–--------------ში I და II სართულზე (საკადასტრო კოდი: 01.17.02.068.008.01.5--) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ვინაიდან შპს ,,მ---“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მისი განცხადებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ხოლო შპს ,,გ---------”-ის განცხადებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის ნაწილობრივად დაკმაყოფილების გამო, უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “მ---”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,გ---------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
3. შპს “მ---”-ს, შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.
4. შპს “მ---”-ს, შპს ,,გ---------“-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5815.04 ევროს ექვივალენტი ლარის 0.02 %-ის, ანუ დღეში 1.16 ევრო ექვივალენტი ლარის გადახდა.
5. სხვა ნაწილში შპს ,,გ---------“-ის სარჩელი (0.5 %-ის გათვალისწინებით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ნაწილში) არ დაკმაყოფილდეს
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და შპს ,,გ---------“ გათავისუფლდეს ქ. თბილისი, მ-------------–--------------ში I და II სართულზე (საკადასტრო კოდი: 01.17.02.068.008.01.5--) მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე