გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002315057
საქმე #2/190-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - შპ-----------–----------ა”
წარმომადგენელი - სო----------------–---–ი
მოპასუხე - ია-----------ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ია-----------ს მოსარჩელე შპ-----------–----------ას” სასარგებლოდ დაეკისროს 6098,76 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის ივნისში მხარეებმა დადეს ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების პერიოდულ მიწოდებაზე. მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 13 ივნისის შემდეგ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული/მიყიდული საქონლისათვის გადასახდელი თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 6098,76 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ია-----------მა შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 4000 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ შპ-----------–----------ასაგან“ მიღებული მასალის ღირებულების უმეტესი ნაწილი აქვს დაფარული, გადასახდელი დარჩა მხოლოდ 4000 ლარი. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 1500 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ მას შპ-----------–----------ასათვის" გადასახდელი აქვს თანხა მხოლოდ აღნიშნული ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის ივნისში შპ-----------–----------ასა” და ია-----------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ზეპირი ფორმით, რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 13 ივნისიდან მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მასალები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
- სასაქონლო ზედნადები;
3.1.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპ-----------–----------ას” ია-----------ისათვის მიწოდებული აქვს 78593.60 ლარის ღირებულების საქონელი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სასაქონლო ზედნადებები; -საქონლის მოძრაობის დოკუმენტი(რეგისტრატორი); -მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები). 3.1.3. ია-----------მა მოსარჩელე შპ-----------–----------ას” მიმართ არსებული დავალიანება ცნო 1500 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ია-----------ის დავალიანება მოსარჩელე შპ-----------–----------ას“ მიმართ შეადგენს 6098.76 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისა და მის ფარგლებში მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების ფაქტი სადავო არ არის. მხარეთა განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე, დადგინდა, რომ შპს“ ი------–-----------ს“ მიერ მოპასუხისათვის მიწოდებულ იქნა 78593.60 ლარის ღირებულების საქონელი - მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრის მასალა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, დავალიანების ოდენობის თაობაზე და მიუთითებს, რომ საქმეს არ ერთვის კონკრეტული მტკიცებულება, რაც გაამყარებდა მოპასუხის პოზიციას და დაარწმუნებდა სასამართლოს, მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების _ 1500 ლარის ფაქტის არსებობაში.
შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოსარჩელის წინაშე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობის თაობაზე.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 131-ე, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის ივნისში დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა მეტალოპლასმასის მასალას, რომლის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო მყიდველის (მოპასუხის) მიერ, შესაბამის მიწოდებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
შპ-----------–----------ასა” და ია-----------ს შორის დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 78593,60 ლარის ღირებულების საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი 1500 ლარის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა 1500 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ია-----------ის დავალიანება მოსარჩელე შპ-----------–----------ას“ მიმართ შეადგენს 6098,76 ლარს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ია-----------ს მოსარჩელე შპ-----------–----------ას” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6098.76 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპ-----------–----------ას“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 183 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე - 150 ლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, 1500 ლარის ფარგლებში, რის გამოც მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 45 ლარი, მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის პროპორციულად, ხოლო მოპასუხე ია-----------ს მოსარჩელე შპ-----------–----------ას” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 138 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი - 150 ლარიდან 50 ლარის ანაზღაურება. ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შეადგენს 50 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპ-----------–----------ას“ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ მიზნით, მოპასუხე ია-----------ს (ს/ნ 2----------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის გასხვისება, მდებარე, ქალაქი მარნეული, აზი ასლანოვის ქუჩა N 19, ს/კ 83.02.21.2--.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის 3-ე პუნქტით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპ-----------–----------ას" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ია-----------ს მოსარჩელე შპ-----------–----------ას” სასარგებლოდ დაეკისროს 6098.76 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე შპ-----------–----------ას" (ს/კ: 2-------1) დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (183 ლარიდან) - 45 ლარი და სარჩელის უზრუნველსაყოფად ზედმეტად გადახდილი თანხა 100 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 15 თებერვალს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 3000 93 150 (საგადახდო დავალება N1).
4. მოპასუხე ია-----------ს მოსარჩელე შპ-----------–----------ას” სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის - 138 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე