გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
010210116001647396
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210116001647396

2-3916/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27/02/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ,,U---------------------”

წარმომადგენელი: ა-----–--------------ე

მოპასუხე: რ----- ხ--–--–ი და გ------- რ-----–--ე

წარმომადგენელი: რ------------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს ,,U---------------------” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს რ----- ხ--–--–ს და გ------- რ-----–--ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2432.53 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 6 სექტემბერს შპს ,,U---------------------”-სა და რ----- ხ--–--–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ----- ხ--–--–მა მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2500 ლარი, 40 დღის ვადით, ყოველდღიური 0.23 %-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 1.5 %. ხელშეკრულების მერვე მუხლით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 6 სექტემბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო გ------- რ-----–--ესთან. შესაბამისად რ----- ხ--–--–ის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა გ------- რ-----–--ემ. რ----- ხ--–--–ს სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მან დაარღვია ვალდებულება და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხადა. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის სესხს დაერიცხათ პირგასამტეხლო. სესხზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 1254.58 ლარი, პროცენტი 115,42 ლარი, პირგასამტეხლო 762.53 ლარი და საურავი 300 ლარი. სულ 2432.53 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. გ------- რ-----–--ე და რ----- ხ--–--–ი სარჩელს ცნობენ ნაწილობრივად. მიაჩნიათ, რომ მათ გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა და სარგებელი. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს არ ცნობენ. მიიჩნევენ, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვენ ამ ნაწილში მოთხოვნა მოყვანილი იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 6 სექტემბერს შპს ,,U---------------------”-სა და რ----- ხ--–--–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ----- ხ--–--–მა მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2500 ლარი, 40 დღის ვადით, ყოველდღიური 0.23 %-იანი სარგებლის დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება ს.ფ.17-20

 

3.1.2. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 1.5 %. ხელშეკრულების მერვე მუხლით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 17-20

 

3.1.3. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის გრაფიკი. ს/ფ 19-20.

 

3.1.4. რ----- ხ--–--–თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა გ------- რ-----–--ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება.ს.ფ 21-22

 

3.1.5. რ----- ხ--–--–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვადაზე ადრე შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 28-29

- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.30-35

 

3.1.6. სესხის დაფარვა თავდებ პირს - გიროგი რ-----–--ეს არ განუხორციელებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 28-29

- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.30-35

 

3.1.7. სესხზე დავალიანება ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში შეადგენს: ძირითადი თანხა 1254.58 ლარი, პროცენტი 115,42 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი. ს.ფ. 28-29

- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.30-35

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. სარგებელზე და პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ უარყოფენ. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. ძირითადი თანხის და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა მას სრულყოფილად არ გადაუხადეს სესხის თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ სეხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ რ----- ხ--–--–ს სესხად გადასცა თანხა. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადაო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. რ----- ხ--–--–ს სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 2016 წლის 6 სექტემბერს შპს ,,U---------------------”-სა და რ----- ხ--–--–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ----- ხ--–--–მა მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2500 ლარი, 40 დღის ვადით, ყოველდღიური 0.23 %-იანი სარგებლის დარიცხვით. რ----- ხ--–--–მა იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა 40 დღის განმავლობაში დაეფარა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტსაც. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. შესაბამისად მხარეთა შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ რ----- ხ--–--–ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ რ----- ხ--–--–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. რ----- ხ--–--–მა დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რ----- ხ--–--–ს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თავად მოპასუხეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მან ვალდებულება არ შეასრულა და თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ სესხის დაფარვა შეწყვიტა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1254.58 ლარი. დასახელებული თანხა რ----- ხ--–--–მა არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, იოსებ ჯაიანი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - ყოველდღიური 0.23 %-იანი სარგებლის დარიცხვა. რ----- ხ--–--–ს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მოპასუხემ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით მოპასუხეს გადასახდელი აქვს სარგებელი 115.42 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 1.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მეცხრე მუხლით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ რ----- ხ--–--–მა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 1254.58 ლარი და პროცენტი 115.42 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 1062.53 ლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოსარჩელეს შეეძლო არ დალოდებოდა ვადაგადაცილებეული დღეების მატებას და გონივრულ ვადაში მოემართა სასამართლოსათვის, რითაც უფრო დროულად და ეფექტურად აინაზღაურებდა ზიანს. სარჩელის აღძვრის გაჭიანურებით გაიზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აუცილებელია გათვალისწინებული ის ზიანი რაც მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით განიცადა. შესაბამისად თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რ----- ხ--–--–თან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო გ------- რ-----–--ესთან. მან იკისრა ვალდებულება რ----- ხ--–--–თან ერთად აგოს პასუხი სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ რ. ხ--–--–მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც რ----- ხ--–--–ის ასევე გ------- რ-----–--ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ ხელშეკრულების 11-ე მუხლით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო 1370 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი 1370 ლარის ნაწილში სცნეს, ამიტომ ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 50 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პრპორციულად (თითოეულ მხარეს 25-25 ლარი). საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მომსახურების სააგეტოში გადახდილი 60 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 150 ლარი ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო რ----- ხ--–--–ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,U---------------------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. რ----- ხ--–--–ს და გ------- რ-----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1254.58 ლარის, სარგებელის 115.42 ლარის და პირგასამტეხლოს 531.26 ლარის, სულ 1901.26 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება 504, გადამხდელის ბანკი - სს ’’ბანკი ქართუ’’, გადახდის თარიღი - 16/12/2016 წელი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150)

4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 25 ლარი, მომსახურების სააგენტოში გადახდილი 60 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 150 ლარი.

5. შპს ,,U---------------------”-ს დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 25 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.

6. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

7. გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიქცეული იქნას დაუყონებლივ და ამ მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე