გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
820210017002126837
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017002126837 (2-529/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 მარტი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: დი------ი დ------ძე, ვი--------ა დ------ძე

წარმომადგენელი: ნატო დ------ძე

მოპასუხე: შპს ,,აჭ----------------7“

წარმომადგენელი: ან----------–-ძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,აჭ----------------7"ს დაეკისროს დი------ი დ------ძისა და ვი--------ა დ------ძის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის 17950 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,აჭ----------------7"-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 540 ლარისა და ექსპერტიზის ბიუროსათვის გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

დი------ი დ------ძესა და ვი--------ა დ------ძეს საკუთრებაში გააჩნიათ 2002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მიწის საკადასტრო კოდი: 22.28.0--3--. რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჰაერო სივრცეში ყოველგვარი თანხმობის გარეშე შპს „აჭ-----------------7“-ის მიერ გაყვანილი იქნა 110 კვ. საჰაერო ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობა - ელექტრო სადენები. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი მოქცეულია უშუალოდ სადენების ქვეშ და ნაწილზე ვრცელდება ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონა, რომელზეც კანონმდებლობა აწესებს მესაკუთრისთვის გარკვეულ შეზღუდვებს. მოპასუხის მხრიდან ერთჯერადი კომპენსაციის სახით შემოთავაზებულია ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთზე 7 ლარი, ამასთან ითვალისწინებენ, მხოლოდ ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მოქცეულია უშუალოდ სადენების ქვეშ და ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონას არ განიხილავენ. აღნიშნული ყოვლად მიუღებელია უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ სარგებლობდეს, ფლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. კონკრეტულ შემთხვევაში სადენების გაყვანის შემდეგ შეზღუდვები უწესდება მესაკუთრეს არა მხოლოდ უშუალოდ სადენების, არამედ მის დაცვის ზონაში.

მოსარჩელე აღნიშნავს რომ მოპასუხის მიერ თვითნებურად განხორციელებულია მოქმედება, რომელიც უზღუდავს, უმახინჯებს და არსს უკარგავს კონსტიტუციით ადამიანისათვის მინიჭებულ საკუთრების უფლებას. მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრისას არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ფართობი რომელიც უშუალოდ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ არის, არამედ მასში ასევე უნდა შევიდეს ორივე სადენების ორივე განაპირა მხარეს სადენებიდან 20 მეტრის დაშორებული მიწის ნაკვეთი. კონკრეტულ შემთხვევაში მისი ფართობი ერთი მხარე შეადგენს 394 კვ.მ. მეორე მხარეს - 204 კვ.მ საერთო ჯამში შეადგენს - 816 კვ.მ. საქართველოს კონსტიტუციის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 816 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უნდა მოხდეს სრული და სამართლიანი ანაზღაურება. მიწის ნაკვეთზე ერთი კვადრატული მიწის საბაზრო ღირებულება თანახმად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით არის 22 ლარი, ხოლო 816 კვ.მ. ის შეადგენს 17 950 ლარს, რის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის 17,950 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხის წარმომადგენელი თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული მშენებლობის ნებართვა, რაც „კომპანია“-ს მიღებული აქვს და მშენებლობას ახორციელებს ხსენებული ნებართვის საფუძველზე და ფარგლებში. გარდა ამისა, არ არსებობს საჰაერო ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის მიერ ან ნაგებობის დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის თანხის გადახდის კანონისმიერი ვალდებულება. მოსარჩელის აპელირება „ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, უსაფუძვლოა, ვინაიდან ხსენებული კანონი არეგულირებს განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთრების იძულებით ჩამორთმევის და კომპენსაციის წესსა და პირობებს, რასაც მოცემულ შემთხვევასთან შემხებლობა არ არის, რადგან მიწის ნაკვეთი კვლავ რჩება მოსარჩელეების საკუთრებაში და მოპასუხე არ ისახავს მიზნად ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვებას. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების შესაბამისად, დაუშვებელია მისი გამოყენება არასასოფლო მიზნებისათვის. საქართველოს მთავრობის N366 დადგენილების თანახმად, დაცვის ზონაში აკრძალულია მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ იძლევა ანძების განთავსების ზუსტ ადგილმდებარეობას. მოსარჩელე ვერ ამტკიცებს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები, არა რელევანტურია, რადგან არ ხდება საკუთრების ჩამორთმევა, მიწის რომელიმე ნაწილის დაკავება და ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა პასუხის რა ზიანი მიადგა მესაკუთრეს „კომპანიის“ მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილის ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დი------ი დ------ძესა და ვი--------ა დ------ძეს საკუთრებაში გააჩნიათ 2002 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი, საკადასტრო კოდი: 22.28.0--3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. შპს ,,აჭ----------------7“-ის მიერ ,,ხელვაჩაური“ და ,,კირნათი“ ჰესების ქსელთან მიერთების 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით ელექტრო გადამცემი ხაზები გატარებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი, მდებარე დი------ი დ------ძესა და ვი--------ა დ------ძეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე (საკადასტრო კოდი: 22.28.0--3--. )

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანით მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის გარკვეული საქმიანობის შეზღუდვის, ამ შეზღუდვების გამო ზიანის მიყენებისა და კომპენსაციის გაცემის საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ მისი თანხმობის გარეშე მის კუთვნილ ნაკვეთზე ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანით შეიზღუდა მესაკუთრის უფლებები, მიუთითებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე და აცხადებს, რომ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული ინდა იქნეს მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც მოხვედრილია გადამცემი ხაზების დაფარვის ზონაში. მიუთითებს ასევე „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებაზე, რომლითაც დაცვის ზონაში მესაკუთრეს ეკრძალება გარკვეული საქმიანობის განხორციელება.

 

მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ მიდგომია არავითარი ზიანი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე, მიწის ნაკვეთით განთავსებულია 50 მეტრიან წყლის დაცვით ზოლში, მოპასუხე არ ისახავს მიზნად ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვებას და საქმიანობის განხორციელებაზე ხელშეშლას, რამდენადაც ნაკვეთი არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების და საქართველოს მთავრობის N366 დადგენილების თანახმად, დაცვის ზონაში აკრძალულია მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯამრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სადაც მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ასახულია მაღალი ძაბვის სადენების მანძილი და სადენების მიმდებარე მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რომელიც შეადგენს 816 კვადრატულ მეტრს. წარმოდგენილია ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დგინდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი, საკადასტრო კოდი: 22.28.0--3-- 2002 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის 1 კვ მეტრი ფართის სასყიდლიანი წლიური საზღაურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1,54 ლარს. ექსპერტიზის მეორე დასკვნის მიხედვით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი, საკადასტრო კოდი: 22.28.0--3-- 2002 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საირიენტაციოდ შეადგენს 23.00 ლარს.

 

მოწინააღმდეგე მხარემ თავის არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის N859 ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს ,,აჭ----------------7“-ის მიერ 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ნებართვა N000102 გაცემული 2015 წლის 30 ნოემბერს.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, მოთხოვნილი კომპენსაციის სრული დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება რა ზიანი მიადგა მესაკუთრეს მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილის ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობით.

ასევე მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეს არ ადგება ზიანი ელექტროგადამცემი ხაზების მისი მიწის ნაკვეთის ზემოთ საჰაერო სივრცეში გატარებით. წარმოდგენილ მშენებლობის ნებართვაში არ აღნიშნული, რომ მშენებლობა განხორცილდეს 22.28.0--3-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე. სადავო საკითხთა ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საგანს, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-აზომვითი ნახაზები,-ექსპერტიზის დასკვნები.

-მშენებლობის ნებართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

მითითებული კონსტიტუციური ნორმის საფუძველზე საკუთრების ჩამორთმევის წინაპირობები და წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”.

მოსარჩელე დასახელებული ნორმის საფუძველზე ითხოვს მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემო დასახელებული კანონის საფუძველზე მესაკუთრეზე კომპენსაცია იმ შემთხვევაში გაიცემა თუ ხდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებზე საკუთრება არ არის ჩამორთმეული, შესაბამისად მოთხოვნა კომპენსაციის სახით მიეცეს ნაკვეთის საბაზრო ღირებულებით განსაზღვრული თანხა, არის დაუსაბუთებელი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, მაგრამ მას გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. ამ მხრივ ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი საკუთრების უფლების არსი. ამით საკუთრების უფლება ხდება პირობითი და გაუქმებადი.

 

6.4. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.

 

6.5. დავის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს,, აჭ----------------7“-ის მიერ ,,ხელვაჩაური“ და ,,კირნათი“ ჰესების ქსელთან მიერთების 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით ელექტრო გადამცემი ხაზები გატარებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფ. მ----–ი, მდებარე დი------ი დ------ძესა და ვი--------ა დ------ძეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე (საკადასტრო კოდი: 22.28.0--3--. )

 

„ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონად 110 კვ-საჰაერო ელექტროგადამცემები ხაზის გასწვრივ დგინდება მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომელიც ხაზის ორივე მხარეს განუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენიდან დაშორებულია 20 მეტრი მანძილით.

აღნიშნული დადგენილების მეოთხე მუხლი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად; აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით და/ან ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ავტოგასამართი სადგურების და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა; აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს, ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება, დადგენილია სხვა შეზღუდვებიც, გარკვეული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ელექტრო გადამცემი ხაზის მესაკუთრის თანხმობით.

 

უდავოა, რომ მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთის ზემოთ შპს ,,აჭ----------------7“-ის მიერ 110 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანით შეიზღუდა მესაკუთრის უფლებები. მესაკუთრეს უწევს თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს კომპენსაციის დაწესების საფუძველს.

 

იმ მოცემულობაში, როცა ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონად 110 კვ-საჰაერო ელექტროგადამცემები ხაზის გასწვრივ დგინდება მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომელიც ხაზის ორივე მხარეს განუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენიდან დაშორებულია 20 მეტრი მანძილით, მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შეადგენს - 816 კვ.მეტრს.

 

სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს მოპასუხის მიერ შეთავაზებულ საკომპენსაციო თანხას - კვადრატულ მეტრზე შვიდი ლარის ოდენობით (აღნიშნული სასამართლო სხდომაზე უარყო მოპასუხის წარმომადგენელმა). შესაბამისად ზემო დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხე შპს ,,აჭ----------------7“-ს მოსარჩელეების დი------ი დ------ძისა და ვი--------ა დ------ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების გატარებისათვის, რომლის დაცვის ზონა მოიცავს 816 კვადრატულ მეტრს, უნდა დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა ერთ კვ. მეტრზე 7 ლარის ოდენობით, მთლიანობაში - 5712 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 540 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 5712 ლარის გადახდა, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს მოსარჩელეზე აღნიშნული თანხის 3%-ს -171.36 ლარის ანაზღაურება. ასევე უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების საექსპერტო მომსახურების მოსაკრებელის 200 ლარის გადახდა.

მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დი------ი დ------ძისა და ვი--------ა დ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე – შპს ,,აჭ----------------7“-ს (ს/ნ 2--------) მოსარჩელეების დი------ი დ------ძისა (პ/ნ6----------) და ვი--------ა დ------ძის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის აუცილებელი სარგებლობისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისროს 5712 (ხუთიათას შვიდას თორმეტი) ლარის გადახდა.

3. მოპასუხე – შპს ,,აჭ----------------7“-ს (ს/ნ 2--------) მოსარჩელეების დი------ი დ------ძისა (პ/ნ6----------) და ვი--------ა დ------ძის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების- სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 171.36 ლარის და საექსპერტო მომსახურების მოსაკრებელის 200 ლარის, სულ 371.36 (სამას სამოცდა თერთმეტი ლარი 36 თეთრი) ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე