გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2018
საქმის ნომერი
160210018002315621
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/191-18

160210018002315621

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ხიდირნაბი ნოვრუზოვი

ადვოკატი - რუსტამ ატაშოვი

მოპასუხე - იდაიათ ასლანოვი

თარჯიმანი - სუსანა მარტიაშვილი

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე იდაიათ ასლანოვისთვის ხიდირნაბი ნოვრუზოვის საკუთრებაში არსებული 2045 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელი დარბაზი, საკადასტრო კოდით 80.12.63.364.) გარშემო გაკეთებული მავთულხლართების მოხსნის და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ხიდირნაბი ნოვრუზოვის და მისი წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე იდაიათ ასლანოვმა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი თვითნებურად, სრულად შემოღობა მავთულხლართებით, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე იდაიათ ასლანოვმა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მას ხიდირნაბი ნოვრუზოვის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მფლობელობაში აქვს მიწის ნაკვეთი. მის მფლობელობაში და ხიდირნაბი ნოვრუზოვის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიჯნა მან გამოყო ხის სარებზე დამაგრებული მავთულის ორი წვერით, ვინაიდან, მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან მის ნაკვეთზე გადადიოდა საქონელი. გარდა ამისა, მან მოსარჩელეს მის მიწის ნაკვეთზე შესასვლელად დაუტოვა დაახლოებით 5 მეტრის ღიობი, რათა მას ხელი არ შეშლოდა საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბოლნისის რაიონის სოფელი დარბაზში, 2045 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 80.12.63.364. საჯარო რეესტრში აღრიცხულია ხიდირნაბი ნოვრუზოვის თანასაკუთრების უფლება.

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)

 

3.1.2 იდაიათ ასლანოვი ფლობს ხიდირნაბი ნოვრუზოვის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს.

სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა მის მიერ მოცემული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.

(მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, 2018 წლის 5 აპრილის სასამართლო

სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის =F18000063 მიხედვით, ხიდირნაბი ნოვრუზოვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარე ბოლნისი სოფელი დარბაზი, ს.კ. 80.12.63.364. შემოღობილია მავთულხლართებით.

(მტკიცებულება: ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, თანდართული ფოტო

ილუსტრაციით)

 

3.2.2. მოსარჩელის მითითებით აღნიშნული მავთულხლართები გავლებულია მოპასუხის მიერ. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის განმარტებას, რომლის თანახმად მოპასუხემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების საზღვარზე მავთულხლართები გავლებულია მის მიერ.

(მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, 2018 წლის 5 აპრილის სასამართლო

სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ხიდირნაბი ნოვრუზოვის სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ხელშემშლელი არის პირი რომელიც პირდაპირი მოქმედებით ან უკანონო უმოქმედობით გამოიწვევს საკუთრების ხელშეშლას ან ხელყოფას. ასევე, ხელშემშლელს წარმოადგენს ამ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი პირი, რომლისგანაც მომდინარეობს საკუთრების ხელშეშლა.

 

სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი,;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.1, 3.1.2 და 3.2.1. 3.2.2. პუნქტების შესაბამისად დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ბოლნისის რაიონის სოფელი დარბაზი ს/კ. 80.12.63.36. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ხიდირნაბი ნოვზუროვის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და აღნიშნულ ნაკვეთების მიჯნაზე გაავლო მავთულხლართი, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წარმოადგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელშიც სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტია ასახული. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს. იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ გავლებული მავთულხლართის გამო ხიდირნაბი ნოვრუზოვს ხელი არ ეშლება მისი საკუთრებით სარგებლობაში მოდის მოპასუხეზე, რომლებმაც ვარ დაადასტურა აღნიშნული, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს მისი საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

განსახილველ საქმეში პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობა არსებობს. მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრება, მესაკუთრეს მოპასუხის მხრიდან ეშლება ხელი საკუთრებით სარგებლობაში მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ მავთულხლართების გაბმის გამო, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს მოსარჩელის საკუთრებაში და მოპასუხის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მიჯნაზე გავლებული მავთულხლართების მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - გადახდის დაკისრებას. სარჩელს ერთვის ხიდირნაბი ნოვრუზოვსა და რუსტამ ატაშოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მე-14 ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 750 ლარს, ასევე წარმოდგენილია აღნიშნულის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი, რომლის 4% შეადგენს 160 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ხიდირნაბი ნოვრუზოვის სარჩელი.

2. იდაიათ ნოვრუზოვს დაევალოს ხიდირნავი ნოვრუზოვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის, მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელი დარბაზი საკადასტრო კოდით 80.12.63.364. გარშემო გაკეთებული მავთულხლართების მოხსნა, რითაც აღდგება პირვანდელი მდგომარეობა.

3. დაეკისროს მოპასუხე იადაიათ ასლანოვს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახ.ბიუჯეტში გადახდილი სახ.ბაჟი 120 (ას ოცი) ლარი.

4. დაეკისროს მოპასუხე იდაიათ ასლანოვს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ნაწილი 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი