გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001608710
2-3633/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27/02/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: სს ლ-------------ი
წარმომადგენელი: ხ----------------ე
მოპასუხეები: ზ------ ხ--–--ე, ხ------- ჭ-----ე, ხ------- ფ------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ლ-------------ი’’ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ზ------ ხ--–--ეს, ხ------- ფ------სა და ხ------- ჭ-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ 9700.92 ლარის გადახდა.
- ზ------ ხ--–--ეს დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 720.31 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
2014 წლის 10 თებერვალს სს ,,ლ-------------სა” და ზ------ ხ--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2014/57396, რომლის საფუძველზეც ზ------ ხ--–--ეზე გაიცა კრედიტი 8060 ლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 20 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ხ------- ფ------ს, ასევე ბანკსა და ხ------- ჭ-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ხ------- ფ------მ და ხ------- ჭ-----ემ იკისრეს ზ------ ხ--–--ის სესხის დაფარვის ვალდებულება. ზ------ ხ--–--ემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება. მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს და ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. სესხი არ დაფარა თავმდებმა პირებმაც. მათ გადასახდელი აქვთ ძირი თანხა 6975.30 ლარი, სარგებელი 1749.32 ლარი და პირგასამტეხლო 976.3 ლარი. სულ 9700.92 ლარი.
ზ------ ხ--–--ეს გარდა კრედიტისა, ბანკიდან მიღებული აქვს საკრედიტო ბარათი. მან აითვისა ბარათზე არსებული თანხა, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ბარათზე ნაშთი არ შეავსო. მას გადასახდელი აქვს 720.31 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ხ------- ფ------ და ხ------- ჭ-----ე სარჩელს ცნობენ ნაწილობრივად. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან, მაგრამ სარჩელს სარგებელისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნობენ.
2.2. ზ------ ხ--–--ემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის გამოყენებით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქ. სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებელის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება. ამდენად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზ------ ხ--–--ის ნაწილში დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 10 თებერვალს სს ,,ლ-------------სა” და ზ------ ხ--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2014/57396, რომლის საფუძველზეც ზ------ ხ--–--ეზე გაიცა კრედიტი 8060 ლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 20 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 16-22.
3.1.2. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადახდა. კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება თანხის 0.5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 16-22.
3.1.3. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ხ------- ფ------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ხ------- ფ------მ იკისრა ზ------ ხ--–--ის სესხის დაფარვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ.24.
-
3.1.4. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ხ------- ჭ-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ხ------- ჭ-----ემ იკისრა ზ------ ხ--–--ის სესხის დაფარვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 26.
3.1.5. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 20-22.
3.1.6. ზ------ ხ--–--ემ გადააცილა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული შენატანების ვადებს და შემდეგში საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ. ს.ფ. 29.
3.1.7. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
3.1.8. 2016 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, 2014 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 6975.30 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
- ცნობა დავალიანების შესახებ. ს.ფ. 29.
3.1.8. ზ------ ხ--–--ეს, გარდა კრედიტისა, ბანკიდან მიღებული აქვს საკრედიტო ბარათი. მან აითვისა ბარათზე არსებული თანხა, შემდეგში კი არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და საკრედიტო ბარათის დავალიანება არ დაფარა. გადასახდელი აქვს 720.31 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
- ცნობა დავალიანების შესახებ. ს.ფ. 30.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი და პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლო გაანგარიშებულია არაგონივრულად და იგი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ზ------ ხ--–--ეს კრედიტისა და საკრედიტო ბარათის მეშვეობით ასესხა თანხა. ზიარა ხ--–--ემ აითვისა კრედიტი და საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც. სწორედ ეს გახდა სარჩელის აღძრვრის საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს სესხი და მოსარჩელეს აღარ უბრუნებს, მაშინ მისი ქმედება შეფასებული უნდა იქნას მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.
დადგენილია, რომ 2014 წლის 10 თებერვალს სს ,,ლ-------------სა” და ზ------ ხ--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2014/57396, რომლის საფუძველზეც ზ------ ხ--–--ეზე გაიცა კრედიტი 8060 ლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 20 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. გარდა ამისა ზ------ ხ--–--ემ მოსარჩელისაგან საკრედიტო ბარათის გზით მიიღო სესხი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ ხ--–--ემ ორი საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტისა და საკრედიტო ბარათით გადაცემული თანხა. სესხის ათვისების შემდეგ, ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ზ------ ხ--–--ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ზ------ ხ--–--ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ზ------ ხ--–--ემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 6975.30 ლარი და საკრედიტო ბარათის თანხა 600 ლარი. დასახელებული თანხის გადაუხდელობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ზ------ ხ--–--ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული ორივე თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.7. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ზ------ ხ--–--ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 20 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით გადასახდელად ერიცხება 1749.32 ლარი, საკრედიტო ბარათზე კი 120.31. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და ზ------ ხ--–--ემ ის უნდა გადაიხადოს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ზ------ ხ--–--ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 976.30 ლარი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.5 %-დან შემცირდეს 0,25 %-მდე. შესაბამისად ზ------ ხ--–--ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 488.15 ლარი.
მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 0.25 % გონივრულია.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზ------ ხ--–--ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ხ------- ფ------სთან და ხ------- ჭ-----ესთან. მათ იკისრეს ვალდებულება ზ------ ხ--–--ესთან ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ ზ------ ხ--–--ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ზ------ ხ--–--ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ზ------ ხ--–--ის, ასევე ხ------- ფ------სა და ხ------- ჭ-----ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს პირველ მოთხოვნზე 291.02 ლარს, მეორე მოთხოვნაზე 50 ლარს. მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნეს პირველ მოთხოვნაზე 6975.30 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდმინარე დავის ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 6975 ლარის ნაწილში, ამიტომ ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 209.25 გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი 81.77 ლარი, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის. მეორე მოთხოვნის ნაწილში, ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ზ------ ხ--–--ეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ’’ლ-------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ზ------ ხ--–--ეს, ხ------- ფ------ს და ხ------- ჭ-----ეს, სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9212.77 ლარის გადახდა. (ძირითადი თანხა 6975.30 ლარი, სარგებელის 1749.32 ლარი და პირგასამტეხლო 488.15 ლარი).
3. სხვა ნაწილში (პირგასამტეხლოს სახით 488.15 ლარის ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ზ------ ხ--–--ეს სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 720.31 ლარის გადახდა.
5. ზ------ ხ--–--ეს, ხ------- ფ------ს და ხ------- ჭ-----ეს, სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 40.885 ლარის ანაზღაურება.
6. ზ------ ხ--–--ეს, სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება.
7. სს ’’ლ-------------ს’’ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის ნაწილის 40.885 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
8. სს ’’ლ-------------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 209.25 ლარი (გადახდის თარიღი 16/11/2016 წელი, სგადამხდელის ბანკი - სს ლ-------------ი, სახაზინო კოდი - 300693150)
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე