გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
200210017002034880
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200210017002034880

საქმე N2/544-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17 აპრილი, 2018 წელი ქ. თელავი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნინო ჩახნაშილი

სხდომის მდივანი – თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - გ----------–-----–---–ი, ქ--------------–-ძე

გ----------–-----–---–ის წარმომადგენელი - გ------–-----–---–ი

მოპასუხე - ა-----–--------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა-----–--------–---–ს მოსარჩელე გ------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5500 ლარის ოდენობით (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

1.2. მოპასუხე ა-----–--------–---–ს მოსარჩელე ქ--------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 280 ლარის ოდენობით (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით დასტურდება, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს დაახლოებით 00:05 საათზე, ქ.თბილისში, კ----------------–--–---, დაახლოებით 70კმ/სთ სიჩქარით ო------- ხიდის მხრიდან ჯ-------ის ქუჩის მიმართულებით სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობდა ,,ფ---–---------’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით T------, რომელსაც მართავდა ა-----–--------–---–ი, მსვლელობისას მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ავტომანქანის ნაწილით უკანა მარცხენა ნაწილში შეეჯახა ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს სახ. ნომრით O--------, რომელსაც მართავდა გ----------–-----–---–ი. შეჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის მგზავრი ქ--------------–-ძე გადაყვანილი იქნა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

მოპასუხე მხარის ა-----–--------–---–ის ბრალეულობა მომხდარ შეჯახების დროს დადასტურებულია 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, კერძოდ დადგენილების თანახმად აღნიშნული ქმედებით ა-----–--------–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები’’, რომლის თანახმად ,,..მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’. ,,.. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოებიდ უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს’’.

2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე ა-----–--------–---–ის მიმართ შეწყდა გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს შს სამინისტროს 2015 წლის 18 ნოემბრის საექსპერტო კრიმინალური დასკვნის თანახმად არსებული დაზიანებების, ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს (სახ. ნომრით O--------) აღდგენა მიზანშეუწონელია. ამავე დასკვნის თანახმად ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს (სახ. ნომრით O--------) საცალო სარეალიზაციო ღირებულება დაზიანებამდე განისაზღვრა 5500 ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის ა-----–--------–---–ის მიერ არ მომხდარა შეჯახების შედეგად მატერიალური და ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს შს სამინისტროს 2015 წლის 18 ნოემბრის საექსპერტო კრიმინალისტიკური დასკვნის თანახმად მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 5500 ლარს, ხოლო ქ--------------–-ძისათვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი 340.00 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ნაწილით უკანა მარცხენა ნაწილში შეეჯახა გ----------–-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას.

მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქ.თბილისში, კ----------------–--–--- დაახლოებით 70 კვ/მ სიჩქარით ო------- ხიდის მხრიდან ჯ-------ის ქუჩის მიმართულებით სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობდა ,,ფ---–---------’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომერი T------, რომელსაც მართავდა ა-----–--------–---–ი. მსვლელობისას მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ავტომანქანის ნაწილით უკანა მარცხენა ნაწილში შეეჯახა ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს სახ. ნომრით O--------, რომელსაც მართავდა გ----------–-----–---–ი. შეჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის მგზავრი ქ--------------–-ძე გადაყვანილი იქნა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 16-17);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს შს სამინისტროს 2015 წლის 18 ნოემბრის საექსპერტო კრიმინალური დასკვნის თანახმად არსებული დაზიანებების, ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს (სახ. ნომრით O--------) აღდგენა მიზანშეუწონელია. ამავე დასკვნის თანახმად ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს (სახ. ნომრით O--------) საცალო სარეალიზაციო ღირებულება დაზიანებამდე განისაზღვრა 5500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 18 ნოემბრის სასაქონლო ექსპრტიზის დასკვნა №1844/ს (ს.ფ. 18-22);

 

3.2.2. ქ--------------–-ძის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული დადასტურებლად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რომელსაც ითხოვენ მოსარჩელეები, წარმოეშვათ 2015 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს ა-----–--------–---–მა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა გ----------–-----–---–ის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა. სახეზე გვაქვს, დამდგარი ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სახეზე არ გვაქვს დაზარალებულის ბრალი და დაუძლეველი ძალა. ამასთან, დამდგარი ზიანი პირდაპირ მომდინარეობს ავტომობილის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.

 

მოსარჩელე გ----------–-----–---–ის წარმომადგენელმა დამდგარი ზიანის მოცულობის დასადგენად წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტის №1844/ს დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ,,ბმვ’’-ს სახ. ნომრით O-------- ვიზუალური დათვალიერებით და შემოწმებით დადგინდა, რომ წარმოდგენილ ავტომანქანას დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ფრთა, წინა საკიდარის მარცხენა მხარე, სტაბილიზაციის ძელი, მარცხენა უკანა კარი, სამი საბურავი დისკებით, უკანა საკიდარი, მაყუჩო, უკანა ბამპერი, უკანა ძელი, საბარგულის სახურავი, უკანა პანელი, უკანა მარცხენა მაშუქი, უკანა პანელი, საბარგულის იატაკი, უკანა საყრდენები, ძარის სახურავი, უკანა ორივე ფრთა, უკანა მარცხენა საშხეფური, საბარგულის შიდა მოპირკეთება, სავარძლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია.

 

დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ საბაზრო ეკონიმიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო) ფასები. საავტომობილო ბაზრობებზე ანალოგიური მარკის ავტომანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 5500 ლარს, ხოლო ა/მანქანის ნარჩენი ღირებულება მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ - 2400 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 3100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელე გ----------–-----–---–ის წარმომადგენლის მიერ განსაზღვრულ მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა, საქმეში არ არსებობს საჭირო მტკიცებულებები, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ზიანის ოდენობას.

 

ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ----------–-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია, ასევე მოპასუხის ავტომანქანაც დაზიანებულია და მისი აღდგენა მიზანშეუწონელია, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–--------–---–ს გ----------–-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს ავტომანქანების შეჯახების შედეგად ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანის მგზავრი ქ--------------–-ძე გადაყვანილი იქნა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 280 ლარს.

 

ამდენად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ზიანის მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქ--------------–-ძის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ა-----–--------–---–ს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გ----------–-----–---–ის სარჩელი მოპასუხე ა-----–--------–---–ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ა-----–--------–---–ის მოსარჩელე გ----------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 4000 (ოთხიათასი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ქ--------------–-ძის სარჩელი მოპასუხე ა-----–--------–---–ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ა-----–--------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი