გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
080210017002056318
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2410-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე (თავდაპირველ სარჩელში) - თ---------- მ---–---–ი

წარმომადგენლები - დ-------- ტ------ე, ლ---- გ--------ე

 

მოპასუხეები (თავდაპირველ სარჩელში) -1. შპს ,,ც-------ი”

2. დ----- ტ--------–--ე

წარმომადგენლები- ფ-------- ბ----–---, გ---- კ-------–---–ი

 

დავის საგანი: (თავდაპირველ სარჩელში) - თანხის დაკისრება

 

მოსარჩელე - (შეგებებულ სარჩელში) – 1. შპს ,,ც-------ი” (დირექტორი ვ--–--ი კ-------ე)

2. დ----- ტ--------–--ე

 

მოპასუხე - (შეგებებულ სარჩელში) - თ---------- მ---–---–ი

 

დავის საგანი: პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველ სარჩელში)

 

თ---------- მ---–---–ი ითხოვს: 1) შეწყდეს თ. მ---–---–სა და შპს ,,ც-------ს’’ შორის არსებული ზეპირი სესხის ხელშეკრულება;

2) შპს ,,ც-------ს’’ თ---------- მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 168000 (ასსამოცდარვა ათასი) აშშ დოლარის და 43740 ევროს გადახდა;

3) დ----- ტ--------–--ეს დაეკისროს თ---------- მ---–---–ის სასარგებლოდ 89 585 (ოთხმოცდაცხრაათასხუთასოთხმოცდახუთი) აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2014 წლის დასაწყისში მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის წარმოების შესახებ. კერძოდ, ო------–ის ვენახების განვითარებისა და ინვესტირებისათვის, განისაზღვრა თ. მ---–---–ისა და დ. ტ--------–--ის უფლება-მოვალეობანი - არსებული ვენახების განვითარება და დამატებით სავენახე მიწების მოძიება და შეძენა, რისთვისაც თ. მ---–---–ის მიერ დაიწყო თანხების გაცემა. ერთობლივ საქმიანობას უძღვებოდა დ. ტ--------–--ე, რომელიც ახორციელებდა სამუშაო ტექნიკის მოძიებას, დამატებით ვენახების შესყიდვასა და მოვლა-პატრონობას, ხოლო თ. მ---–---–ი ახორციელებდა შეთანხმებული თანხების ინვესტირებას.

2016 წლის 11 თებერვალს დაარსებული იქნა შპს ,,ც-------ი’’ ერთობლივი საქმიანობისათვის 50%-50% წილის ოდენობით, საწარმოს დირექტორად დაინიშნა ვ--–-- კ-------ე. 2016 წლის 01 მარტს წარმოდგენილი ანგარიში არ იყო დამაკმაყოფილებელი, თანხები არ იყო ჯეროვნად გამოყენებული, შესყიდული 15000 ძირი ვენახიდან გახმა 13000 ძირი, რის გამოც მოსარჩელემ უარი განაცხადა პარტნიორული საქმიანობის განხორციელებაზე საზოგადოების დატოვებით და საწესდებო კაპიტალში ჩადებული ინვესტირებული თანხების დაბრუნების პირობით. სიტუაციის მოწესრიგებისათვის საწარმოს დირექტორს და დ----- ტ--------–--ეს მიეცათ ერთწლიანი ვადა, რისთვისაც მან დამატებით გაიღო 38923 აშშ დოლარი.

 

შპს ,,ც-------ს’’ აღიარებული აქვს სესხად მოსარჩელის მიერ გაღებული თანხები, რაც უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე მოპასუხე დ----- ტ--------–--ის მიმართ მოთხოვნის გახმობის თაობაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველად.

 

2. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველ სარჩელში)

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს, რომ მხარეებს შორის მართლაც არსებობდა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, თუმცა გაღებული თანხები იყო ინვესტიცია და არა სესხი, ამასთან მოსარჩელე არასათანადოა, რადგან შეთანხმების აქტით თუკი თანხა აღებულია შპს-დან, სათანადო მოსარჩელეც უნდა იყოს იურიდიული პირი და არა კერძო პირი.

 

3. მოსარჩელის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში)

 

თ---------- მ---–---–სა და დ----- ტ--------–--ეს შორის 2014 წლის დასაწყისში დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ც-----ის რაიონის სოფელ ო------–ში ვენახის განვითარება. ერთობლივ საქმიანობას უძღვებოდა დ----- ტ--------–--ე, რომელიც ახორციელებდა სამუშაო ტექნიკის მოძიებას, დამატებითი ვენახების შესყიდვასა და მოვლა-პატრონობას, ხოლო თ---------- მ---–---–ს უნდა მოეხდინა თანხების ინვესტირება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამ თანხების სესხად დაფიქსირება, არ შეესაბამება სინამდვილეს. სახეზეა თვალთმაქცური გარიგება, რადგან ადგილი არ ჰქონია სესხის გადაცემას, სესხის აღიარებით დაიფარა თ---------- მ---–---–ის მიერ საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია, რაც უნდა გაბათილდეს დაფარული გარიგების მიმართ არსებული წესებით.

 

მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში)

 

თ---------- მ---–---–მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, დ.ტ--------–--ე და ვ. კ-------ე სარჩელშივე აღნიშნავენ, ვის რა უფლება-მოვალეობები ჰქონდა, ვის უნდა მოეზიდა თანხები და ვის უნდა ეწარმოებინა სამუშაოები. შპს-ს შექმნა არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, უფრო მეტიც პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ორივე მხარე, მათ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, ამასთან, თ---------- მ---–---–ის მიერ საწესდებო კაპიტალს ზემოთ გადახდილია სოლიდური თანხები, რომლებიც წარმოადგენს საწარმოს სესხს და რაც გადაწყვეტილ იქნა დამფუძნებელთა სხდომაზე და გაფორმებულ იქნა პარტნიორთა სხდომის შესაბამისი ოქმი. მხარე არ უარყოფს, რომ მიიღო თანხები, თუმცა თვლიან, რომ ეს იყო ინვესტიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. თ---------- მ---–---–სა და დ----- ტ--------–--ეს შორის 2014 წლის დასაწყისში მიღწეული იქნა შეთანხმება საერთო საქმიანობის შესახებ ო------–ის ვენახების განვითარებისა და ინვესტირებისათვის, რომელსაც უძღვებოდა დ. ტ--------–--ე. ის ახორციელებდა სამუშაო ტექნიკის, ვენახების, შეძენას და მოვლა-პატრონობას.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

- თანხმობა (ს/ფ - 16 ),- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.1.2. თ---------- მ---–---–მა და დ----- ტ--------–--ემ 2016 წლის 11 თებერვალს დაარსეს შპს ,,ც-------ი’’ ერთობლივი საქმიანობისათვის 50%-50% წილის ოდენობით. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,ც-------ი” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 11 თებერვალს, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, საზოგადოების დირექტორი: ვ--–-- კ-------ე; მესაკუთრე: 1) თ---------- მ---–---–ი - 50%; 2) დ----- ტ--------–--ე - 50% .

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

- შპს ,,ც-------ის’’ წესდება (ს/ ფ 17-23 ),- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 24-25 )

 

4.1.3. 2016 წლის 17 ოქტომბრისათვის ო------–ის ვენახების დამფუძნებლებმა თ---------- მ---–---–მა და დ----- ტ--------–--ემ თავიანთი წილის სახით საწესდებო კაპიტალში შეიტანეს თითოეულმა 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარი და 130000 (ასოცდაათი ათასი) ლარი (კურსი დოლართან 1.75) (იხ. დაზუსტებული სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

4.1.4. შპს ,,ც-------ი”-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების დამფუძნებლები არიან თ---------- მ---–---–ი და დ----- ტ--------–--ე. საწარმოს ძირითადი მიზანია მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. საწარმოს ვალდებულებებისათვის პარტნიორები პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთი წილის ფარგლებში. საწარმოს დირექტორია ვ--–-- კ-------ე. წესდება ხელმოწერილია პარტნიორთა მიერ და რეგისტრირებულია რეესტრში.

(ს/ფ 17-23).

 

4.1.5. შპს ,,ც-------ი’’-ს 2016 წლის 17 ოქტომბრის მესაკუთრეთა თანხმობის მიხედვით, თ---------- მ---–---–ს გარდა საწესდებო კაპიტალში ჩადებული თანხისა, ზედმეტად აქვს ჩადებული 257 585 (ორასორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასოთხმოცდახუთი) დოლარი და 43740 (ორმოცდასამიათას შვიდასორმოცი) ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

-თანხმობა (ს/ფ 16).

 

4.1.6. შპს ,,ც-------ი”-ს წესდების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მთლიანი შენატანი შეადგენს 100 ლარის ფულად შენატანს და წილით ეკუთვნით დამფუძნებლებს: თ---------- მ---–---–ს - 50%, დ----- ტ--------–--ეს - 50% (ს/ფ 26-30 ).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. შპს ,,ც-------ი”-ს 2017 წლის 14 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდნენ თ---------- მ---–---–ი, დ----- ტ--------–--ე და დირექტორი ვ--–-- კ-------ე. კრების დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები: 1. სამეწარმეო სუბიექტის ნორმალური ფუნქციონირების ორგანიზება; 2. წლიური ანგარიშები (კონსოლიდირებული ანგარიში); 3. პარტნიორთა ურთიერთვალდებულებები; 4. კომპანიის განვითარების პერსპექტივები.

 

კრებაზე გამოცხადებულმა პარტნიორებმა დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით მოახდინეს 2016 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმების რიგი პუნქტების განმარტება. კერძოდ, შეთანხმების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორის ზედმეტად ჩადებული სახსრების სტატუსის განსაზღვრა და მიუთითეს, რომ ეს თანხები წარმოადგენს დამფუძნებლის სესხს კომპანიისადმი შეღავათიანი პირობებით, რომლის გასტუმრება არის კომპანიის (სამეწარმეო სუბიექტის) ვალდებულება და არა დამფუძნებლების.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე „შპს ც-------ის“ (თავდაპირველი სარჩელით) წარმომადგენლების განმარტებას იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგან 2017 წლის 14 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე პარტნიორები სრულად დაეთანხმნენ განმარტებებს, რომ შეთანხმების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხები წარმოადგენდა დამფუძნებლის (თ---------- მ---–---–ის) სესხს კომპანიისადმი, შეღავათიანი პირობებით, რომლის გასტუმრება არის კომპანიის (სამეწარმეო სუბიექტის) ვალდებულება და არა დამფუძნებლების.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებას, რომ თითქოს სადავო თანხები იყო ინვესტიცია და არა სესხი, კრების ოქმით მისი დაფიქსირება მოხდა თ---------- მ---–---–ის სურვილით, რის გამოც სახეზეა თვალთმაქცური გარიგება და იგი ბათილია. რადგან დადგენილია ერთობლივი საქმიანობის სურვილი, ისევე როგორც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება სასესხო ურთიერთობის არსებობის თაობაზე, მიღებულია მხარეთა ერთობლივი შეთანხმების შედეგად და კრებაზე რაიმე საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა. გარდა ამისა, შპს ,,ც-------მა’’ და დ----- ტ--------–--ემ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მომართეს 2017 წლის 06 ნოემბერს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---------- მ---–---–ის სარჩელი შპს „ც-------ი“-ს მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ც-------ს“ და დ----- ტ--------–--ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვათ უარი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი,-,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-91, მე-15 მუხლები,-სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 81-ე, 317-ე, 341-ე, 623-ე, 627-ე მუხლები,-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

7.2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე პუნქტის მიხედვით, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

 

7.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

საზოგადოების დაფუძნება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას, რომლის დადებისთვის აუცილებელია ყველა მონაწილის ნების გამოხატვა და კონსესუსი ამ ნებათა შორის. თუ ერთ-ერთი პარტნიორი არ ეთანხმება წესდების ამა თუ იმ პირობას, მაშინ გარიგება დადებულად არ ჩაითვლება და არც საზოგადოება მიიჩნევა დაფუძნებულად. საზოგადოების დაფუძნების, როგორც გარიგების, მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ნორმები.

 

7.4. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ პუნქტის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: შენატანების მოთხოვნა, დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ... საწარმოს წესდების მე-5 პუნქტის 5.3. და 5.4 ქვეპუნქტების თანახმად, საწარმოს მმართველი ორგანოა დამფუძნებელი კრება, ხოლო პარტნიორთა კრების განსახორციელებელი ერთ-ერთი კომპეტენციაა - პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანების შეტანის ოდენობის, ფორმის და წესის განსაზღვრა.

 

7.5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ც-------ი”-ს წესდებით დადგენილია, რომ პარტნიორებმა (დამფუძნებლებმა) გამოხატეს საზოგადოების დაფუძნების ნება და შეთანხმდნენ წესდებით გათვალისწინებულ ყველა პირობაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით. საწარმო რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში.

 

მოპასუხის წარმომადგენლების მითითება იმ გარემოებაზე, რომ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე პარტნიორებს შორის რაიმე ვალდებულება არ წარმოშობილა, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან საზოგადოების დაფუძნების შემდეგ პარტნიორთა მიერ ერთობლივად იქნა დაფიქსირებული და აღიარებული თ---------- მ---–---–ის მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების სესხად აღების ფაქტი შპს „ც-------ის“ (დირექტორი ვ--–-- კ-------ე) მხრიდან.

 

მოპასუხე არ მიუთითებს აღნიშნული კრების მოწვევის, ჩატარების და გადაწყვეტილების მიღებისას ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე. მხოლოდ აღნიშნავს, რომ ეს თანხები არ იყო სესხი და იყო ინვესტიცია. როდესაც სესხის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და მას ხელს აწერს ყველა პირი.

 

7.6. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სადავო საკითხის მოწესრიგება საზოგადოების წესდებით დასარეგულირებელ საკითხთა წრეს განეკუთვნება. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. შპს ,,ც-------ის”- წესდება ითვალისწინებს პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი შესატანის შეტანის საჭიროებას და აღნიშნული შესატანის ფუნქციური დანიშნულების განსაზღვრა პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, რაც იქნა კიდეც გამოყენებული და ამ შენატანს მიეცა სესხის კვალიფიკაცია.

 

7.7. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასესხო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ორმხრივი ნება ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რასაც საფუძვლად უდევს ერთი მხარის (მსესხებლის) სურვილი და საჭიროება, მოიპოვოს საჭირო ფულადი სახსრები და შესაბამისად, მეორე მხარის, გამსესხებლის სურვილი და შესაძლებლობა გადასცეს მას ეს საშუალებები (ფულადი თანხები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ საწარმოს კრიზისულმა და რეგრესულმა მდგომარეობამ გამოიწვია წაგება, რის გამოც მას დროც კი მიეცა თანხის გადასახდელად. ამიტომაც ითხოვს მოსარჩელე სესხად გაცემული თანხების დაბრუნებას.

 

მოპასუხეთა მიერ კი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (ხელშეკრულება), რაც დაადასტურებდა სადავო თანხების მიზნობრიობას ინვესტიციასთან მიმართებაში.

 

ამდენად, თ---------- მ---–---–ის მიერ განხორციელებული შენატანი (,,ზედმეტად მიღებული თანხები’’) წარმოადგენს სესხს საზოგადოებისათვის, რომლის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გამსესხებელს აქვს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. სასამართლო არ იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორების მითითებას იმის შესახებ, რომ შპს ,,ც-------ის’’ პარტნიორთა კრების 2017 წლის 14 აგვისტოს კრების ოქმი ბათილია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

8.1. სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ერთი მხრივ, შპს „ც-------ი“, დ----- ტ--------–--ე და მეორე მხრივ, თ---------- მ---–---–ი გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი. ამგვარი გარემოება არ დასტურდება ასევე პარტნიორებს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიმართ გარიგების მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა არ დასტურდება, რადგან პარტნიორთა კრებას ესწრებოდა მოსარჩელე მხარე, იგი დაეთანხმნენ 2016 წლის 16 ოქტომბრის შეთანხმების მე-4 პუნქტის განმარტებას იმ სახით, როგორცაა წარმოდგენილი, ოქმს მოაწერეს ხელი და მათ კრებაზე რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ, შესაბამისად უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა აღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

 

8.2. ამასთან, გასაზიარებელია მოპასუხის პოზიცია, რომ პარტნიორთა კრება თავისი შინაარსით სამართლებრივი შედეგის მომტანია არამარტო პარტნიორებისათვის, ან/და იგივე საწარმოსათვის, არამედ პირთა უფრო ფართო წრისათვის. მის გადაწყვეტილებებს სავარაუდო შედეგები აქვს მესამე პირებისათვის, სამეწარმეო და სამოქალაქო ბრუნვისათვის, შესაბამისად, კანონმდებელი იცავს როგორც პარტნიორს, ასევე ყველა სხვა მესამე პირსაც.

 

შესაბამისად დაუზუსტებელია მოსარჩელეთა პოზიცია, ისინი ამ ოქმის მთლიანად ბათილობას ითხოვენ, თუ ნაწილობრივ.

 

8.3. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც იძლეოდეს საკმარის საფუძველს გარიგების თვალთმაქცურად კვალიფიკაციისა და მისი ბათილობის მიზნებისათვის. აღნიშნულის გარდა, იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის გათვალისწინებით, მოთხოვნა შპს ,,ც-------ის’’ 2017 წლის 14 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობის თაობაზე, უსაფუძვლოა, ამასთან მოთხოვნა ასევე არის ხანდაზმული ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (მუხლი 15.2- ,,დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია’’).

 

8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ც-------ის’’ და დ----- ტ--------–--ის შეგებებული სარჩელი შპს ,,ც-------ის” 2017 წლის 14 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან თ---------- მ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შპს ,,ც-------ს” თ---------- მ---–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ამასთან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეების მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 259-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------- მ---–---–ის (წარმომადგენლები დ-------- ტ------ე, ლ---- გ--------ე) სარჩელი შპს ,,ც-------ის’’(ს/ნ 4--------) მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ც-------ს’’ (დირექტორი ვ--–-- კ-------ე) მოსარჩელე თ---------- მ---–---–ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 168000 (ასსამოცდარვაათასი) აშშ დოლარის და 43 740 ევროს გადახდა;

 

2. შპს ,,ც-------ის’’(დირექტორი ვ--–-- კ-------ე) და დ----- ტ--------–--ის (წარმომადგენლები ფ-------- ბ----–---, გ---- კ-------–---–ი) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მოპასუხე შპს ,,ც-------ს’’ მოსარჩელე თ---------- მ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3000 ლარის ანაზღაურება;

 

4. თ---------- მ---–---–ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახბაჟი 2000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სს ,,პროკრედიტ ბანკი’’, საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე #0, გადახდის თარიღი-18.08.2017წ., გადამხდელი ლ----ი გ--------ე, პ/ნ 6----------, ანგარიშის ნომერი-300183150;

 

5. მოსარჩელეთა, შპს ,,ც-------ის’’(დირექტორი ვ--–-- კ-------ე) და დ----- ტ--------–--ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე