გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210016001414122
N2/1264
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - იზ---–--- გა-----–-ძე;
წარმომადგენელი - ავთანდილ ბუსხრიკიძე;
მოპასუხე - და---- გა-----–-ძე;
წარმომადგენელი - ო-----------–---–ი;
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს იზ---–--- გა-----–-ძეს და და---- გა-----–-ძეს შორის 2016 წლის 09 მარტს დადებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–---ონ პირველის ქ. N4/12 აღირიცხოს იზ---–--- გა-----–-ძის საკუთრებად.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 09 მარტს ძმიშვილს და---- გა-----–-ძეს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–---ონ პირველის ქ. N4/12-ში, რადგან იგი უვლიდა ავადმყოფობის დროს. უძრავი ქონების გადაფორმების შემდგომ ძმისშვილმა უარი განუცხადა დახმარებაზე და გამოხატა უმადურობა, კერძოდ, წავიდა ქ. თბილისში და აღარ ჩამოდის. ვინაიდან სჭირდებოდა ქიმიოთერაპია იძულებული გახდა დახმარებისათვის მიემართა ეკლესიის მრევლისათვის, რათა მათი დახმარებით გადაადგილებულიყო სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად. მოპასუხემ მასთან საუბარში თანხმობა განაცხადა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე, თუმცა შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან და უთხრა: „განუკურნებელი სენი გჭირს, მალე მოკვდები და ბინა მაინც მე დამრჩებაო“. ამდენად, მოპასუხემ მის მიმართ გამოხატა დიდი უმადურობა, რაც უნდა გახდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი, მისი განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება არ დადებულა შემდეგი მოვლის პირობით, მჩუქებელი არ უნდა ელოდეს დასაჩუქრებულისაგან რაიმე სარგებელს, მიუხედავად ამისა, იგი ყველანაირად უწევდა დახმარებას მამიდას, გაუკეთა ოპერაცია და ახლაც აქცევს ყურადღებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 09 მარტს იზ---–--- გა-----–-ძემ და---- გა-----–-ძეს აჩუქა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–---ონ პირველის ქ. N4/12-ში, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 14-16);
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.19);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იზ---–--- გა-----–-ძე და და---- გა-----–-ძე არიან მამიდა და ძმისშვილი. მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებისას და შემდეგაც ცხოვრობს გასაჩუქრებულ ბინაში, მოპასუხეს საცხოვრებელი სახლი აჩუქა ავადმყოფობის პერიოდში, რადგან ეშინოდა რომ დარჩებოდა მარტო, უმწეო მდგომარეობაში, იგი იმედოვნებდა, რომ ძმისშვილი ოპერაციის და შემდგომ პერიოდში დაეხმარებოდა მოვლა-პატრონობით, თუმცა ოპერაციის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ მოპასუხე მოსარჩელესთან აღარ მისულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, ნათია გიორგაძის განმარტებით: იგი არის იზ---–--- გა-----–-ძის მეზობელი, მოსარჩელემ გაიკეთა რთული ოპერაცია, რის შემდეგაც დაუნიშნეს ქიმიოთერაპია, იმ პერიოდში მოპასუხე მამიდასთან იყო, თუმცა მეორე ქიმიოთერაპიის დროს აღარ მისულა, რის გამოც მეზობლები ეხმარებოდნენ გადაადგილებაში, სახლის დალაგებაში, წამლების მიღებაში, ხოლო და---- გა-----–-ძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისიდან აღარ ჩამოსულა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გუგული ბანძელაძემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმის ნათია გიორგაძის და გუგული ბანძელაძის ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი 16 ნოემბერი 2016 წელი);
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, კერძოდ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს დასაჩუქრებული პირის მხრიდან უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში იზ---–--- გა-----–-ძემ ვერ შეძლო, კერძოდ, მისი განმარტებით, მოპასუხე ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან და უთხრა: “განუკურნებელი სენი გჭირს, მალე მოკვდები და ბინა მაინც მე დამრჩებაო“, ასევე მოპარა ფული. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად დაიკითხა მოწმეები, რომელთაგან ნათია გიორგაძემ განმარტა, რომ იგი პირადად არ შესწრებია ამ საუბარს, მეორე მოწმე გუგული ბანძელაძემ კი მისცა არადამაჯერებლი განმარტება, მისი ჩვენებით, ცხოვრობს იზ---–--- გა-----–-ძის ბინის ქვედა სართულზე, სადაც გაიგონა მოსარჩელის კივილი ავიდა ზემოთ და შეესწრო მხარეების სატელეფონო საუბარს, რა დროსაც მოპასუხემ მამიდას უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება (მხარეთა საუბარი მოწმის თანდასწრებით) არაა მოხსენიებული სარჩელში და მასზე არ უსაუბრია მოსარჩელეს ახსნა-განმარტების სტადიაზეც, რაც ნაკლებად სარწმუნოს ხდის მოწმის ჩვენებას, ასევე არ დადასტურებულა სხვისი ნივთების მოპარვა, ანუ ქურდობა, რადგან აღნიშნული გარემოება შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ამდენად, დასაჩუქრებულისათვის მძიმე შეურაცხყოფას მიყენების ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული არაა, რაც შეეხება უმადურობას, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ერთი თვის შემდეგ მოპასუხე აღარ უვლიდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მამიდას, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება უმადურობად, რადგან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა, ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524–ე, 529-ე, 530-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.
შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა სასამართლოს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, მაგრამ არაა აუცილებელი, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არც აუცილებელია და არც შემზღუდავი სასამართლოსათვის. სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული, ასევე არც კანონის იმპერატიული დათქმაა, გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით, კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს, თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელის საგანს. ამდენად, სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთება განაპირობებს სარჩელის მოთხოვნის კანონიერებას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს, ხოლო დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა (იხ.სუსგ №ას-941-979-2011; 01.11.2011წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაჩუქების, მეორეს მხრივ, - საჩუქრის მიღების ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს ჩუქების სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით ჩუქების გაუქმების თაობაზე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ ბინის გაჩუქებით მოსარჩელისათვის არაფერი შეცვლილა მატერიალური მდგომარეობის გაუარესების კუთხით, რადგანაც ის ინარჩუნებდა გაჩუქებული ბინის მფლობელობას, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის შემადგენლობა. საკასაციო პალატამ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მითითებული ნორმით რეგულირებისათვის ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს; გამჩუქებელი იყო ხანდაზმული, საჭიროებდა მოვლას და სხვა აუცილებელ დახმარებას; დასაჩუქრებულს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, მატერიალური და სხვა სახის დახმარება გაეწია ბებიისათვის. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, „ქონების გასხვისებით კასატორი უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად, გააქირაოს (სსკ-ის 531-ე მუხლი) და მიიღოს სარგებელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით, გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრება (სსკ-ის 941- 942-ე მუხლი) და ა.შ.“ (იხ. სუსგ №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობები. კერძოდ, დადგენილია და სადავოდ არ ხდება, რომ მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ და საქმის განხილვის პერიოდშიც, ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. იგი არის ხანდაზმული და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას. ამდენად, ქონების გაჩუქებით იზ---–--- გა-----–-ძე უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქონებიდან მიიღოს სარგებელი და ხანდაზმულობის ასაკში ქონების ხარჯზე უზრუნველყოს საკუთარი მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამასთან, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გამჩუქებელი დარჩეს საცხოვრებლის გარეშე, ვინაიდან მესაკუთრე არ არის შეზღუდული, რომ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. რაც შეეხება მოპასუხეს, ის ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად, შესაბამისად, ხელშეკრულების გაბათილება არ ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის კვალიფიკაციის საფუძველი და არ არსებობს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება - დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს იზ---–--- გა-----–-ძეს და და---- გა-----–-ძეს შორის 2016 წლის 09 მარტს დადებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–---ონ პირველის ქ. N4/12-ში უნდა აღირიცხოს იზ---–--- გა-----–-ძის საკუთრებად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 600 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარი (ქვითრები წარმოდგენილია), ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უნდა დარჩეს ძალაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე. (ს.ფ. 29-32).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. იზ---–--- გა-----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს იზ---–--- გა-----–-ძეს და და---- გა-----–-ძეს შორის 2016 წლის 09 მარტს დადებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში ს---–---ონ პირველის ქ. N4/12-ში აღირიცხოს იზ---–--- გა-----–-ძის საკუთრებად.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი ს---–---ონ პირველის ქ. N4/12, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N0------------------- დარჩეს ძალაში.
4. და---- გა-----–-ძეს იზ---–--- გა-----–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 650 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე ციცინო კიკვაძე