განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
080100116002418217
დავის ტიპი
125 1
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/837-16 წ.

გამოძიების N041050816004

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ----------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ხ------------

 

ბრალდებული - რ---------------–-------------

პირადი №1----------

დაბადებული: 25.07.1944 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრაციის მისამართი : ც-------------------------–-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძვ. რედაქციით).

 

- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ-------------- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2016 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–---------------------------–-, ურთიერთშელაპარაკებისას რ-------------- სახის არეში ხელი დაარტყა თ--------------–--------–---–-, რის შედეგად თ--------------–--------–---–-- მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში 2016 წლის 05 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სს N041050816004 საქმეზე რ-------------- ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1)).

 

საქმეში არსებული №1970705 შეტყობინებით ირკვევა, რომ ქ----------–--–-------–---------–- „TBS” ბანკთან, სასწრაფო დახმარების ექიმმა ე-----------------–---- განაცხადა, რომ გამოძახებაზე მისულს ნაცემი დახვდა 1944 წ. დაბადებული რ-------------. რ---------მ განაცხადა: თამარ მეფის ქუჩაზე ასეირნებდა ძაღლს, რა დროსაც ის სცემა ახალგაზრდა მამაკაცმა, წაართვა ძაღლი და დაუზიანა მობილური ტელეფონი.

 

საქმეში არსებული №1970983 შეტყობინებით ირკვევა, რომ 2016 წლის 05 აგვისტოს 23:15 საათზე განყოფილებაში გამოცხადდა თ--------------–--------–---–-, მცხ: ქ-------------------------------------–-, რომელმაც განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მცხოვრებმა რ-------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზედაც ითხოვა დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ--------------–--------–---–--, სასამართლოს უჩვენა, რომ იგი 3 წელია ცხოვრობს ქ--–-----------–---------------------–-, საერთო საცხოვრებელში. ბრალდებული რ-------------- არის მისი მეზობელი, მათი ოთახის კარი არის გვერდიგვერდ. რ-------------ს სახლში ჰყავს ლეკვი, რომლის გამოც სადარბაზოში გამუდმებით იყო არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულის გამო თ--------------–--------–---–-- არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. 2016 წლის 5 აგვისტოს, თ--------------–--------–---–- სამუშაო საათების შემდეგ სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა თანამშრომელ მ---------------------------- ერთად, როდესაც კვლავ არასასიამოვნო სუნი იყო სადარბაზოში და განაწყენებულმა შეიგინა ძაღლის მისამართით და თქვა: „ეს ძაღლი კიდევ არ გაუყვანიაო“?! მოწმემ არ იცოდა რ------------- იმყოფებოდა თუ არა სახლში. წარმოთქმულის შემდეგ ოთახიდან გამოვარდა რ------------- აგრესიულად და სახის არეში დაარტყა ხელი თ--------------–--------–---–-. მოწმე ვარაუდობს, რომ შესაძლოა რ------------- ნასვამიც ყოფილიყო და ვერ გაერკვია ვის შეაგინა. დარტყმის შედეგად ის წაბარბაცდა, განიცადა ძლიერი ტკივილი, გაუსკდა ზედა ტუჩის მარცხენა არე. რ-------------- კვლავ გაიწია მისკენ, თუმცა თ--------------–--------–---–-- ხელი უბიძგა მოსაშორებლად, რ------------- წაბარბაცდა და წაიქცა, რამდენიმე წამში წამოდგა და დაიშალნენ. ამ ფაქტს შეესწრნენ მ-----------------------, მ---------–--------, ხ-------------–--- და ზ----------------. მ-----------------------ს არანაირი დახმარება არ გაუწევია მისთვის, არ ჩარეულა მათ საუბარში. თ--------------–--------–---–- პოლიციისთვის მომხდარი არ შეუტყობინებია. რამდენიმე საათის შემდეგ თავად მივიდა პოლიცია მასთან. მათ იკითხეს თუ ვისა და ვის შორის მოხდა ჩხუბი. ის იმავე დღეს გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ის არ ფლობს ინფორმაციას დასჭირდა თუ არა რ-------------ს სამედიცინო დახმარება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------------------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი 3 წელია ცხოვრობს ქ--–-----------–---------------------–-, ოჯახთან ერთად. მეზობლად მცხოვრებ რ-------------ს სახლში ჰყავს ლეკვი, რომლის გამოც სადარბაზოში გამუდმებით იყო არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. 2016 წლის 5 აგვისტოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მეგობარ თ--------------–--------–---–თან ერთად, რომელიც ასევე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს, ბრუნდებოდა სახლში, როდესაც სადარბაზოში კვლავ შეამჩნიეს არასასიამოვნო სუნი, რაზეც კ--–--------–---–-- შეიგინა, კიდევ არ წაუყვანია ეს ძაღლიო? მაშინვე ოთახიდან გამოვიდა რ------------- და დაარტყა ხელი თ--------------–--------–---–- და შეაგინა დედის მისამართით. კ--–--------–---–- დარტყმის შედეგად ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. მოწმე ვარაუდობს, რომ შესაძლოა რ------------- ნასვამიც ყოფილიყო და ვერ გაერკვია თუ ვის შეაგინა კ--–--------–---–--. თ--------------–--------–---–-- მოშორების მიზნით ხელი ჰკრა რ-------------ს, რომელსაც ფეხი აუსრიალდა და დაეცა. მ----------------------- ამ მომენტისათვის ოდნავ მოშორებით იდგა და ხმაურის შედეგად მივიდა მათთან და გააზავა. კონფლიქტი ამით დასრულდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მეზობლები, კერძოდ ხ-------------–---, მისი მეუღლე - ს-------–------- და თ--------------–--------–---–-ს დეიდა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის შემდეგ რ-------------ს რაიმე ჩივილები არ ჰქონია. მოწმე იმ დღესვე დაკითხა პოლიციამ. თ--------------–--------–---–-ა და რ-------------ს სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დასჭირვებიათ. მ-----------------------მ განმარტა, რომ რ--------------ათვის არავის უთხოვია ლეკვის თხოვება და არც მისი შვილები ეფერებოდნენ ხოლმე კ------ს ლეკვს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ---------–--------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-----------–---------------------–-. არის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თ--------------–--------–---–-ს დეიდა, ხოლო ბრალდებულის მეზობელი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ რ-------------ს აღნიშნულ მისამართზე ჰქონდა ოთახი, თუმცა იქ არ ცხოვრობდა. ოთახში ჰყავდა ლეკვი. აღნიშნულის გამო სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. უკმაყოფილება ამ საკითხზე თავად მოწმეს არ ჰქონია, თუმცა 2016 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის, სახლში დაბრუნებულმა თ--------------–--------–---–--, მას შემდეგ რაც კვლავ დაინახა სადარბაზოში ლეკვის მოსაქმებული, განაწყენებულმა შეიგინა ლეკვის მისამართით. მოწმე ამ დროს სახლში იმყოფებოდა, ხმაურზე გავიდა ოთახიდან და დაინახა როგორ მიდიოდა რ------------- გინებით და როგორ დაარტყა თ--------------–--------–---–-. კ--–--------–---–- დარტყმის შედეგად გაუსკდა ტუჩი. იქ მყოფები მიეშველნენ თ--------------–--------–---–-, რა დროსაც რ------------- კვლავ გაიწია დასარტყმელად. კ--–--------–---–-- თავიდან მოსაშორებლად ხელი უჯიკა, კ------ წაბარბაცდა, წაიქცა, მაგრამ სრულიად საღსალამათი შევიდა ოთახში. საღსალამათი იყო მისი ტელეფონიც, რაზეც კ------ ამბობდა თითქოს დაუზიანდა. მოწმის განმარტებით, რ------------- იძახდა, რომ პოლიციას დაურეკავდა, სადღაც დარეკა, თუმცა მოწმემ არ იცის ვის ესაუბრა. მოწმე მ---------–--------მ განმარტა, რომ რ--------------------- შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. მომხდარს, მოწმის განმარტებით, ესწრებოდნენ მ-----------------------, ზ---------------- და ნ-------–--------. შემთხვევა მოხდა რ-------------- ოთახის კართან კორიდორში. მოწმის განმარტებით, ლეკვის თაობაზე მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს, არც ამჯერად მომხდარის შემდეგ არ დაურეკავს პოლიციისათვის. მ---------–-------- მომხდარიდან მოკლე დროში დაიკითხა გამოძიებაში. შემთხვევის შემდეგ რ------------- კვლავ არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ხოლო მომხდარიდან მეორე დღეს კ------ს მეუღლე მივიდა თ----------------–- და ლეკვის მოპარვას აბრალებდა თ--------------–--------–---–-. მოწმე ასევე გადმოსცემს, რომ კ------ს მეუღლეს თან ახლდა ქალბატონი, რომელმაც გალანძღა იქ მაცხოვრებლები და თავად წაიყვანა ლეკვი. ლეკვის მიყვანამდე მოწმეს რ-------------სთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, მათ შორის არც კონფლიქტური.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს--------–-------მ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-----------–---------------------–-. დაზარალებული და ბრალდებული არიან მისი მეზობლები. თ--------------- არის საერთო საცხოვრებლის ტიპის დასახლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთახი ჰქონდა ასევე რ-------------ს, რომელსაც ოთახში ჰყავდა ლეკვი, რის გამოც სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა, სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. ეს თხოვნა არასდროს გადაზრდილა კონფლიქტში. 2016 წლის 5 აგვისტოს მოწმე ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას, როდესაც გზად შემოხვდა სახლში მიმავალი თ--------------–--------–---–-. ს--------–-------, მას შემდეგ რაც დაასრულა საქმიანობა, ავიდა სახლში და მეუღლე მ-----------------------მ უთხრა, რომ თ--------------–--------–---–-- შეიგინა ძაღლის მისამართით, არასასიამოვნო სუნის გამო, „ძაღლი კიდევ არ წაუყვანიაო?!“ და ამ დროს რ------------- გამოვარდნილა ოთახიდან, „შენ ვის შეაგინეო“ და ხელი დაურტყამს კალატოზიშვილისათვის, შედეგად თ----------- ტუჩი გასკდომია. სხვა მეზობლებისაგან მომხდარზე მოწმეს არაფერი გაუგია. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე მ----------------------- მუშაობს დილის 7 საათიდან 9-10 საათამდე და მომხდარის დროს სახლში იმყოფებოდა. რ-------------- ლეკვი კონფლიქტის დღეს, მისივე მეუღლემ და რძალმა წაიყვანეს. მოწმე უშუალოდ მომხდარს არ შესწრებია და საუბრის მიზნით არც რ------------- უნახავს მას შემდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------------ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-----------–---------------------–-. დაზარალებული არის მისი დეიდაშვილი, ხოლო ბრალდებული - მეზობელი. ბრალდებულთან ხშირი შეხება არ ჰქონია. 2016 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათისათვის კორიდორიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი, რომ თ--------------–--------–---–-- შეიგინა ძაღლის მისამართით, რადგან ძაღლის გამო სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი. რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა, კ--–--------–---–-- არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. შეგინება არასწორად გაიგო რ--------------, თავადაც შეაგინა და მოუქნია ხელი თ----------- სახის არეში, რის შედეგადაც კ--–--------–---–- გაუსკდა ზედა ტუჩი (ტუჩის გასკდომის ფაქტი მოწმემ შეიტყო, პირადად არ დაუნახავს). კ------ კვლავ გაიწია კ--–--------–---–------, რომელმაც თავიდან მოშორების მიზნით ხელი უბიძგა და კ------ წაიქცა. შემდეგ გამოვიდნენ მეზობლები სიტუაციის განსამუხტად და ხალხიც დაიშალა. შემთხვევა მოხდა რ-------------- ოთახის კართან. მოწმე ხმამაღალი საუბრის გაგონებისთანავე გავიდა კორიდორში და მომხდარი თავად დაინახა. ზ------------------ განმარტებით, რ-------------ს დაზიანებები არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ხ-------------–---, ს--------–-------, მ----------------------- და მ---------–--------. მოწმე არ ფლობს ინფორმაციას პოლიციის გამოძახების შესახებ.

 

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში დააფიქსირა პოზიცია და განმარტა, რომ ბრალდებული რ------------ თავს არ სცნობს დამნაშავედ და ითხოვს გამამართლებელ განაჩენს.

 

ბრალდებულმა რ-------------- განმარტა, რომ 2016 წლის 05 აგვისტოს დაახლოებით ხუთ საათზე, მასთან მივიდნენ მ----------------------- და თ--------------–--------–---–- და სთხოვეს, რომ მიეცა ძაღლი, რაზეც უარი მიიღეს. მისულებმა დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. რ-------------- განმარტებით, ის ძაღლს „პედიგრით“ კვებავდა. შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ლეკვმა დაიწყო ყეფა, რაზეც კ--–--------–---–-- დაიწყო გინება. მან დარეკა პოლიციაში დასახმარებლად: „მიშველეთ თავს დამესხნენო“, კარის ჩაკეტვა ვერ მოასწრო, „დაეტაკნენ ორივე კარებს, ჩამოანგრიეს“, კარი დაზიანდა. მან მოასწრო ლეკვის ხელში აყვანა, მაგრამ ცდილობდნენ მის წართმევას. რ-------------- განმარტებით, უკნიდან მ----------------------- იქნევდა ხელებს და მოხვდა კიდევაც ორჯერ. მესამედ მოქნეული ხელი უკვე კ--–--------–---–- მოხვდა. თ------------ უთხრა მ---------: ,,რას შვები ბიჭო, მე მირტყამო?“. მ---------- უპასუხა: „შენ არ გირტყამ, ამას ვურტყამ, ამის დედაცო“ და კიდევ შეაგინა კ------ს. რ-------------- განმარტა, რომ მას სცემდნენ „სიკვდილამდე“. დასისხლიანებული დააგდეს, დაუმტვრიეს კბილები, ასევე ტელეფონიც. როცა გონს მოვიდა, ორი მანდილოსანი წმინდავდა სისხლს, ასევე მოვიდა სასწრაფო. ბრალდებული რ------------- მიიჩნევს, რომ მოწმეებმა იცრუეს და თავადაა ამ საქმეზე დაზარალებული.

 

მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ რ-------------- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით).

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:

 

საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წარმოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსა და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მათ შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004856116 დასკვნით დადგენილია, რომ თ--------------–--------–---–- შემოწმებული იქნა 2016 წლის 06 აგვისტოს, 01:10-01:25 სთ-ზე და ჩატარებული პირადი გასინჯვით, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა მიუთითა პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.08.2016წ. 01:10-01:25სთ. თ--------------–--------–---–- უჩივის ტკივილს ტუჩის მიდამოში. ზედა ტუჩის გარეთა კუთხეში მარცხნივ ქობაზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,7X0,4სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---- და განმარტა, რომ შემოწმების შედეგად სხვა რაიმე დაზიანება შესამოწმებელ პირს არ ჰქონდა. ხოლო დაცვის მხარის კითხვაზე თუ რა სახის ექსპერტიზითაა შესაძლებელი ზიანის მიყენების იარაღის დადგენა, ექსპერტმა განმარტა, რომ ზოგადად ადამიანის ნატურალური იარაღი წარმოადგენს მკვრივ-ბლაგვ საგანს, როგორიცაა თუნდაც თავი, კბილი და ა.შ. ხოლო საგნის ზუსტი დადგენა არის კომისიური ექსპერტიზის კომპეტენცია.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

დაზარალებულმა თ--------------–--------–---–--, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, 2016 წლის 5 აგვისტოს, ბრალდებულ რ-------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტს. კერძოდ, ოთახიდან გამოვარდა რ------------- აგრესიულად და სახის არეში დაარტყა ხელი თ--------------–--------–---–-. დაზარალებული ვარაუდობს, რომ შესაძლოა რ------------- ნასვამიც ყოფილიყო და ვერ გაერკვია ვის შეაგინა. დარტყმის შედეგად თ--------------–--------–---–- წაბარბაცდა, განიცადა ძლიერი ტკივილი, გაუსკდა ზედა ტუჩის მარცხენა არე, რ-------------- კვლავ გაიწია მისკენ, თუმცა თ--------------–--------–---–-- ხელი უბიძგა მოსაშორებლად, რ------------- წაბარბაცდა და წაიქცა, რამდენიმე წამში წამოდგა და დაიშალნენ.

 

დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და კონფლიქტის შედეგად მიღებული მის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობის ფაქტი მთლიანად დადასტურებულია მოწმეების მ------------------------, ს--------–--------, მ---------–---------, ზ------------------ და ხ-------------–---- ჩვენებებით, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას, თ--------------–--------–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ რ-------------- პოზიციას იმ ნაწილში, რომ მას დაესხნენ თავს თ--------------–--------–---–-, მ----------------------- და სცემეს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.

 

საქმის მასალების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ რ-------------- მიერ განხორციელდა ძალადობრივი მოქმედება, რამაც თ--------------–--------–---–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძვ.რედ.) დასჯად ქმედებად მიიჩნევს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ რ-------------- მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სხვაგვარი ძალადობის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იგი გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან. აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.

 

სხვაგვარი ძალადობისათვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. სხვაგვარი ძალადობის შედეგი (ავადმყოფური მდგომარეობა) 6 დღემდე უნდა გაქრეს. ამ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული განზრახვაში გამოიხატება. აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურდეს ან შეგნებულად უშვებდეს ფიზიკური ტკივილის მიყენებას სხვა პირის მიმართ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004856116 დასკვნით დადგენილია, რომ თ--------------–--------–---–- შემოწმებული იქნა 2016 წლის 06 აგვისტოს, 01:10-01:25 სთ-ზე და ჩატარებული პირადი გასინჯვით, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მთლიანად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობისათვის საჭირო ყველა ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ბრალდებულ რ-------------- მიერ, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული, მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, ბრალდებულ რ-------------ს მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით).

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9, მე-14 მუხლებით) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5, მე-6) ევროპული კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (47-ე მუხლით) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლიანი სასჯელი განსაზღვრა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კანონიერების პრინციპს და რომლის თანახმადაც, ყოველი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი, ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს, რაც, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი.

 

ბრალდებულ რ-------------ს იმ დროისათვის, როდესაც, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქციით) ამოღებული იქნა სსკ-ის 125-ე მუხლი, ამ უკანასკნელს უკვე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და მის მიმართ, მიმდინარეობდა საქმის სასამართლო განხილვა. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილის ახალმა რედაქციამ, მთლიანად მოიცვა სსკ-ის 125-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა, მათ შორის ბრალდებულის მიმართ წარდგენილი 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გაამკაცრა ამ შემადგენლობისათვის გათვალისწინებული სანქციის ზომა და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო ამ მუხლის სხვა ალტერნატიული სასჯელები დარჩა უცვლელად, აღნიშნულის გათვალისწინებით არ მომხდარა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია, არამედ, დამძიმდა ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა და იგი მოიცვა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველმა ნაწილმა.

 

სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც წინათ მოქმედი კანონთან შედარებით ამკაცრებს სასჯელის ზომას, აგრეთვე არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, რადგანაც, ამავე მუხლის თანახმად, უკუძალა გააჩნია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რ-------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და არა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც ეს კანონი ამკაცრებს ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულ სასჯელი ზომას და აუარესებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ რ-------------- ქმედება შეფასებული უნდა იქნეს სხვაგვარ ძალადობად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მისი ქმედება სრულად მოიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამორკვეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რითაც, ბრალდებულმა რ-------------- ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ.რედ.) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ რ-------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაული სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბრალდებულ რ-------------- მიმართ გამოყენებული ჯარიმა უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად შეესაბამება, ბრალდებულის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმეს და ამ უკანასკნელის მატერიალურ შესაძლებლობებს, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში რ-------------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-21 მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რ-------------- მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - დათვალიერებისას წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში, როგორს მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე