გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.03.2018
საქმის ნომერი
010310117001971043
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310117001971043

№3-480/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ოვ---მ პან------ნი

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - მა--------ია

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ოვ---მ პან------ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ოვ---მ პან------ნის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილებისა და ოვ---მ პან------ნის 2017 წლის 2 მარტის №7141/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ოვ---მ პან------ნი ცხოვრობს ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქუჩა №6--ში, ბარაკულ საცხოვრებელ სახლში, რომლის სახურავი მთლიანად მოშალა თოვლმა და შიგ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მას ოჯახის სხვა წევრი არ ჰყავს, ამიტომ თავისი პენსიით მოგროვილი მცირე თანხით გადაწყვიტა ბარაკის კედლების ამოშენება-გამაგრება და სახურავის თავიდან მოწყობა, რათა წყალი აღარ ჩამოსულიყო საცხოვრებელში. მისთვის უცნობი იყო, ასეთი სახის სამუშაოების ჩატარებას თუ მერიასთან შეთანხმება ესაჭიროებოდა.

 

სამუშაოების განხორციელების პერიოდში ოვ---მ პან------ნს უჩივლა მეზობელმა, რის შემდეგ მასთან მივიდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მოითხოვეს მშენებლობის შეჩერება და აუხსნეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო იყო მერიის თანხმობა, გადაუღეს შენობას სურათები და წავიდნენ.

მოსარჩელის განმარტებით, მას მშენებლობა აღარ გაუგრძელებია და ამის შესახებ 2017 წლის იანვარში მერიაში ჩატარებული საქმის ზეპირი განხილვის დროსაც მოახსენა ზედამხედველობის სამსახურს. ამასთან აუხსნა, რომ საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ მოაწესრიგებდა მშენებლობისთვის აუცილებელ დოკუმენტებს.

ამის მიუხედავად, ოვ---მ პან------ნი 2017 წლის 20 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა №103 დადგენილებით ქ. ბათუმში გრ-------ოვის ქ. №6--ში საცხოვრებელ სახლზე კედლების უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და ასევე, გადაწყვიტა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

დადგენილება ოვ---მ პან------ნმა გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 20 მარტს, როდესაც უკვე წარდგენილი ჰქონდა მერიაში ყველა საჭირო დოკუმენტი, მაგრამ №02/125 ბრძანებით საჩივარი არ დაუკმაყოფილეს, რაც გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგებილი სხვა მოთხოვნები, ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადებნის მოთხოვნით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ პასუხობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, რითაც დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები, რაც სადავო აქტების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ოვ---მ პან------ნმა განახორციელა ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქუჩა №6--ში, ბარაკულ საცხოვრებელ სახლზე სართულის დაშენება (მზიდი კედლების მოწყობა).

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დადასტურდა 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების პირობების შეუსრულებლობა, მან ვერ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე არ ჰქონდა განხორციელებული დაშენებული სართულის (მზიდი კედლების) დემონტაჟი.

2017 წლის 20 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა №103 დადგენილებით ოვ---მ პან------ნი ცნო სამშნებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად და ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში, საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ასევე დაადგინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტჟი). 2017 წლის 02 მარტს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას №7141/25 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ოვ---მ პაჯოიანმა და ითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილების ბათილად ცნობა, რაზედაც მას უარი ეთქვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №02/125 ბრძანებით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვა, ასევე, პირველ კლასის ნაგებობის მშნებლობის შემთხვევაში ქალაქ მშენებლობის პირობებთან შეთანხმების აქტი.

დადგენილია, რომ ოვ---მ პაჯოიანს შესაბამისი აქტი არ გააჩნდა და ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მიხედვით, კერძოდ, გამოეყენებინა ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევა არ აღმოიფხვრა სამშნებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამ ნორმის შესაბამისად, ზედამხედველობის ორგანომ გამოიყენა ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის წესი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით. როგორც ვხედავთ აღნიშნული კანომდებლობის გამომდინარე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ოვ---მ პან------ნი დაეჯარიმებინა 3000 ლარით და დაედგინა უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრით.

საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, მისი მომზადებისა და გამოცემისას დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ოვ---მ პან------ნი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში მდებარე 352 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული, 193 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეს, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 05.27.19.031.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 მარტის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ოვ---მ პან------ნმა განახორციელა ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქუჩა №6--ში, ბარაკულ საცხოვრებელ სახლზე სართულის დაშენება (მზიდი კედლების მოწყობა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დადასტურდა 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების პირობების შეუსრულებლობა, მან ვერ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე არ ჰქონდა განხორციელებული დაშენებული სართულის (მზიდი კედლების) დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 23 დეკემბრის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 18 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ოვ---მ პან------ნის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელეც.

ოვ---მ პან------ნმა ზეპირ მოსმენაზე განმარტა, რომ იგი არ გეგმავს კედლების დანგრევას და არც მშენებლობის გაგრძელებას. მან კედლების მშენებლობა აწარმოა სახურავის განთავსების მიზნით, იმისათვის, რომ საცხოვრებელ ფართში აღარ ჩასულიყო წყალი.

ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ ზედამხედველობის სამსახური განიხილავდა აღნიშნულ საკითხს და იმოქმედებდა კანონის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 იანვრის ზეპირი მოსმენის ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 2017 წლის 20 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა №103 დადგენილებით ოვ---მ პან------ნი ცნო სამშნებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად და ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში, საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ასევე, დაადგინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. 2017 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერს და შესათანხმებლად წარუდგინა პირველი კლასის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში მშენებლობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოვ---მ პან------ნის 2017 წლის 23 თებერვალს განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. 2017 წლის 02 მარტს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას №7141/25 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ოვ---მ პან------ნმა და ითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილების ბათილად ცნობა, რაზედაც მას უარი ეთქვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №02/125 ბრძანებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №02/125 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 7 მარტის წერილით ოვ---მ პან------ნს მიეცა 15 დღის ვადა, დამატებით დოკუმენტების წარსადგენად.

არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 10 აპრილის წერილით ოვ---მ პან------ნს დაუდასტურდა გრ-------ოვის ქ. №6--ში მდებარე მისსავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.27.19.031.) უკანა ეზოში დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 10 აპრილის წერილი;

 

- 1-ლი კლასის სამშენებლო დოკუმენტების პროექტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ოვ---მ პან------ნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ)რეკონსტრუქცია;

გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ)დემონტაჟი;

ე)ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

№57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა)შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;

ბ)ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს;

გ)მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონს-ტრუქ-ციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;

 

6.2. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქუჩა №6--ში, ბარაკულ საცხოვრებელ სახლზე მისი მესაკუთრე ოვ---მ პან------ნი განახორციელებდა მზიდი კედლების მშენებლობას.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს ოვ---მ პან------ნზე გაცემული იქნა №304 მითითება, რომლითაც მას დაევალა სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება, 15 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 23 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე მიჩნეული იქნა, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის №304 მითითების პირობები არ იყო შესრულებული, ოვაკომ პან------ნს არ ჰქონდა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასევე არ ჰქონდა განხორციელებული მზიდი კედლების დემონტაჟი.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 18 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ოვ---მ პან------ნის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელეც.

ოვ---მ პან------ნმა ზეპირ მოსმენაზე განმარტა, რომ იგი არ გეგმავდა კედლების დანგრევას და 1-ლი კლასის მშენებლობისათვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობის მიღებამდე მშენებლობის გაგრძელებას. მან განხორციელებული მშენებლობა აწარმოა სახურავის მოწყობის მიზნით, იმისათვის, რომ საცხოვრებელ ფართში აღარ ჩასულიყო წყალი.

ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს ზედამხედველობის სამსახურს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, ოქმში მხოლოდ იმის შესახებ აღინიშნა, რომ სამსახური განიხილავდა აღნიშნულ საკითხს და იმოქმედებდა კანონის შესაბამისად.

 

2017 წლის 20 თებერვალს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა №103 დადგენილებით ოვ---მ პან------ნი ცნო სამშნებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად და ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში, საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ასევე, დაადგინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

ამავე დადგენილების მე-19 მუხლით განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის, რომლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის I კლასის მშენებლობას განეკუთვნება შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

დადგენილების 65-ე მუხლით განისაზღვრება I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები. 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო I კლასს განეკუთვნება 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ოვ---მ პან------ნის მიერ დაწყებული მშენებლობა წარმოადგენდა 1-ლი კლასის მშენებლობას, რაც ასევე დასტურდება, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 10 აპრილის წერილით, რომლითაც ოვ---მ პან------ნს დაუდასტურდა გრ-------ოვის ქ. №6--ში მდებარე მისსავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.27.19.031.) უკანა ეზოში დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით წარდგენილი 1-ლი კლასის სამშენებლო დოკუმენტების ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რისთვისაც, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 18 იანვარს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა ოვ---მ პან------ნის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელეც, რომელმაც ზეპირ მოსმენაზე განმარტა, რომ იგი აწარმოებდა 1-ლი და სათანადო შეთანხმებისათვის მიმართავდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მშენებლობას კი გააგრძელებდა მხოლოდ შესაბამისი დადასტურების მიღების შემდეგ.

ამის მიუხედავად, 2017 წლის 20 თებერვალს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო №103 დადგენილება, რომლითაც ოვ---მ პან------ნი ცნო სამშნებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად, იმ საფუძვლით, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად საცხოვრებელ სახლზე კედლების დაშენება საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, რაც მას არ გააჩნდა და ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში, საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენების გამო დააჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ასევე, დაადგინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის 2017 წლის 18 იანვარს ჩატარებულ ზეპირ მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ ოვ---მ პან------ნი აწარმოებდა მშენებლობას, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, 1-ლი კლასის მშენებლობას განეკუთვნებოდა და მის გაგრძელებას მხოლოდ სათანადო დადასტურების შემდეგ აპირებდა, არაფრით საბუთდება სადავო აქტებში ამავე სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მერიის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ ოვ---მ პან------ნის მიერ ნაწარმოები მშენებლობა, საცხოვრებელ სახლზე კედლების დაშენება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, რაც მას არ გააჩნდა.

ამ მხრივ საინტერესოა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილი ორგანოს, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მოქმედება, რომელმაც ოვ---მ პან------ნის 2017 წლის 23 თებერვლის განცხადებით შესათანხმებლად წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში მშენებლობის შესახებ, მიიჩნია 1-ელ კლასს მიკუთვნებულ მშენებლობად და 2017 წლის 10 აპრილის წერილით ოვ---მ პან------ნს დაუდასტურდა გრ-------ოვის ქ. №6--ში მდებარე მისსავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.27.19.031.) უკანა ეზოში შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა.

ამდენად, უფლებამოსილი და კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ოვ---მ პან------ნის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი მშენებლობა მიკუთვნებული იქნა 1-ლი კლასის მშენებლობას, ხოლო სადავო აქტებში ამავე სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მერიის მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ოვ---მ პან------ნის მიერ ნაწარმოები მშენებლობა, საცხოვრებელ სახლზე კედლების დაშენება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ანუ არ მიეკუთვნებოდა 1-ელ კლასს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა საფუძვლით იქნა მიკუთვნებული ოვ---მ პან------ნის მიერ განხორციელებული მშენებლობა არა I კლასის მშენებლობას, არამედ ისეთ მშენებლობას, რაც მშენებლობის ნებართვას საჭიროებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე მხარისაგან ამ გარემოების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანება ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ (საჩივრის განხილვისას) ისე გადაწყვიტეს ოვ---მ პან------ნის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ, თუ რა საფუძვლით არ იქნა მის მიერ წარმოებული მშენებლობა მიჩნეული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულ, 1-ლი კლასის მშენებლობად და რა კრიტერიუმები იქნა ამისათვის გამოყენებული, რატომ ჩაითვალა, რომ მშენებლობა საჭიროებდა არა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურებას, არამედ მშენებლბოის ნებართვას.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ოვ---მ პან------ნის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ოვ---მ პან------ნის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანება.

ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქ. №6--ში მდებარე მისსავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.27.19.031.) უკანა ეზოში შენობა-ნაგებობის კედლების მშენებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს ადგილის დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია და შეკრიბოს მტკიცებულებები, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი, განხორციელებული მშენებლობის სახისა და კლასის მიხედვით და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ოვ---მ პან------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი -,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ოვ---მ პან------ნის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 თებერვლის №103 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 23 მაისის №02/125 ბრძანება.

3. ქ. ბათუმის მერიას დაევალოს, დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, გრ-------ოვის ქუჩა N6--ში განხორციელებულ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

4. ქ. ბათუმის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე