გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-147-18
(130210018002299275)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე - ვასილ ხაჩიძე
წარმომადგენელი - კუკური კოჟორიძე
მოპასუხე - არასამეწარმეო იურიდიული პირი "სავანე"
წარმომადგენლები - ირინე ფერაძე და მადონა ძინძიბაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდური
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ა(ა)იპ "სავანეს" დირექტორის შოთა კოპაძის 2018 წლის 11 იანვრის N2 ბრძანება ვასილ ხაჩიძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
1.2. აღდგენილ იქნეს ვასილ ხაჩიძე ა(ა)იპ "სავანეს" გამწვანების, სანერგე მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის უბნის მმართველის თანამდებობაზე.
1.3. ა(ა)იპ "სავანეს" ვასილ ხაჩიძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 11 იანვრიდან.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ვასილ ხაჩიძე 2013 წლის ივნისიდან მუშაობდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სავანეში" ჯერ განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ მთავარ სპეციალისტად გამწვანების დარგში. დირექტორის შოთა კოპაძის 2018 წლის 11 იანვრის N2 ბრძანებით იგი (ვასილ ხაჩიძე) გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N118 განკარგულებით მუნიციპალიტეტის მერს მიეცა ა(ა)იპ "სავანეს" რეორგანიზაციის თანხმობა. თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერმა 2014 წლის 07 დეკემბერს გამოსცა ა(ა)იპ "სავანეს რეორგანიზაციის განხორციელების ბრძანება, რაც გულისხმობდა შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს, საქმიანობის მიმართულების განსაზღვრას და საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციას. ა(ა)იპ "სავანეს" დირექტორმა 2018 წლის 11 იანვრის N1 ბრძანებით დაამტკიცა ა(ა)იპ "სავანეს" ორგანიზაციული სტრუქტურა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსაკუთრებულად გაიზარდა ა(ა)იპ "სავანეს" მუშაკთა რიცხობრივი ოდენობა, გაიზარდა ხელფასები, განხორციელდა საშტატო ნუსხის ოპტიმიზაცია. განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ შემცირებულა სამუშაო ძალა, არ გაუქმებულა და არ შეკვეცილა შტატები. ა(ა)იპ "სავანეს" მუშაკთა ძირითადი ნაწილი დარჩა თავის სამუშაო ადგილზე. განთავისუფლდნენ ადმინისტრაციისათვის არასასურველი რამოდენიმე თანამშრომელი მათ შორის მოსარჩელე, ასევე ასაკოვანი თანამშრომლები.
მოსარჩელის განმარტებით ადგილობრივი არჩევნების დროს ვინაიდან იგი იყო ახლანდელი მერის მოწინააღმდეგე კანდიდატის მხარდამჭერი არჩევნების დამთავრების შემდეგ მას დირექტორმა უთხრა ბოდიში მოეხადა ახალი მერისათვის, თორემ შეექმნებოდა პრობლემები, რაც ვასილ ხაჩიძემ არ გააკეთა.
წარმოებაში იყო სამი მთავარი სპეციალისტი - მათ შორის გამწვანები დარგში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა ვასილ ხაჩიძე.
ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ მთავარ სპეციალისტებს შეეცვალათ სახელი და ყოფილი მთავარი სპეციალისტები დანიშნეს მმართველებად, ხაჩიძის ადგილას დანიშნეს მისი ყოფილი მოადგილე მალხაზ ხარაზიშვილი, ხოლო ვასილ ხაჩიძე შტატის შემცირების მოტივით გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, ფაქტობრივად მისი შტატი არ შემცირებულა ახალ მმართველს აქვს იგივე ფუნქციები, რომელიც ჰქონდა მთავარ სპეციალისტს და მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა კანონის სრული დაცვით, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ა(ა)იპ "სავანემ" 2017 წლის 24 ნოემბერს მიმართა N156 წერილით და ითხოვა საკრებულოს თანხმობა ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც 2017 წლის 04 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა N118 განკარგულება "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "სავანეს" რეორგანიზაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ", აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გამოიცა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 დეკემბერს ბრძანება N2698 "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "სავანეს" რეორგანიზაციის თაობაზე", რომლის შესახებაც ეცნობა ა(ა)იპ "სავანეს" 2017 წლის 08 დეკემბერს, ხოლო აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე 2017 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელე ვასილ ხაჩიძეს ეცნობა, რომ ა(ა)იპ "სავანეში" ხორციელდება რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს, საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრას და საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციას. 2018 წლის 11 იანვარს ა(ა)იპ "სავანეს" დირექტორმა გამოსცა N1 ბრძანება "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "სავანეს" 2018 წლის ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების შესახებ", რომლის შესაბამისადაც 2018 წლის 11 იანვარს ა(ა)იპ "სავანეს" დირექტორმა გამოსცა N2 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და და ერთი თვის შრომის ანაზღაურების თაობაზე. "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სავანეს" 2017 წლის ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცების შესახებ" N37 ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესავამისად, ა(ა)იპ "სავანეს" ორგანიზაციულ სტრუქტურაში დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრა 54 საშტატო ერთეულით, ხოლო 2018 წლის 11 იანვარს დამტკიცებული N1 ბრძანებით ორგანიზაციის სტრუქტურა და მასში დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრა 49 საშტატო ერთეულით. საშტატო ერთეულის რაოდენობა შემცირდა 5 საშტატო ერთეულით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სარიტუალო მომსახურებაში" 2013 წლის 1 ივლისიდან ვასილ ხაჩიძე მუშაობდა აგრონომ-დეკორატორის (მთავარი სპეციალისტი) თანამდებობაზე ხელფასის ანაზღაურებით 600 ლარის ოდენობით.
2016 წლის 04 იანვრიდან ვასილ ხაჩიძე გადაყვანილი იქნა ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ "სავანეს" გამწვანების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ხელფასის ანაზღაურებით - 625 ლარი.
2017 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვასილ ხაჩიძე მუშაობს გამწვანების დარგის მთავარ სპეციალისტად ხელშეკრულების საფუძველზე - ხელფასის ანაზღაურებით 687.5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 23);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სავანეს" დირექტორის შოთა კოპაძის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანება N2-ის საფუძველზე ვასილ ხაჩიძე გათავისუფლდა გამწვანების დარგში მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე- (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვასილ ხაჩიძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სასამართლოს ვალია ყოველმხრივ შეაფასოს საქმის გარემოებები, მხარეთა ინტერესები და შესაძლებლობები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლოს ვალია ერთი მხრივ ხელი შეუწყოს უკანონოდ გათავისუფლებულის უფლებების დაცვას, მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია დამსაქმებლის, მეწარმე სუბიექტის ინტერესებიც.
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა (ა) იპ "სავანეში" ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მართალია მოხდა გარვეული კატეგორიის სამუშაო ძალის -მუშახელის შემცირება, მაგრამ არ შემცირებული გამწვანების მთავარი სპეციალისტის ფუნქციის თანამდებობრივი საშტატო ერთეული, კერძოდ როგორც დადგინდა გამწვანების მთავარი სპეციალისტის თანამდებობას ფაქტობრივად შეეცვალა სახელი და ახალი საშტატო ორგანიზაციული სტრუქტურით ეწოდა გამწვანების/სანერგე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის უბნის მმართველი, ისე როგორც სახელი შეეცვალა სარიტუალო მომსახურების მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულს და ეწოდა "სარიტუალო მომსახურების/სასაფლაოების მმართველი", ასევე მაწანწალა ცხოველების მოვლა -პატრონობისა და პოპულაციების საშტატო ერთეულს ეწოდა " მაწანწალა ცხოველების მოვლა -პატრონობის და დროებითი თავშესაფრის მმართველი" . აღნიშნულ
თანამდებობებზ - უბნის მმართველებად - კვლავ დაინიშნენ ის პირები, რომლებიც იგივე ფუნქციას ასრულებდნენ მთავარ სპეციალისტად მუშაობის დროს - გარდა ვასილ ხაჩიძისა.
რეალურად მოხდა არა საშტატო ერთეულის შემცირება, არამედ მისი დასახელების შეცვლა, რაც არ წარმოადგენს შტატის შემცირებას,ამდენად ვასილ ხაჩიძის სამსახურიდან განთავისუფლება შტატის შემცირების მოტივით იყო უკანონო და მისი სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და ან დააკისროს კომპენსაცია.
სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საწარმოში შესაბამისი თანამდებობა არ არის ვაკანტური და ამ თანამდებობაზე გამწვანების/სანერგე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის უბნის მმართველად - ორივე მხარის განმარტებით კანონის შესაბამისად არის დანიშნული მალხაზ ხარაზიშვილი, ასევე საწარმოში მოპასუხის განმარტებით არ არის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა და ვერ მოხდება მოსარჩელის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, სასამართლო თვლის, რომ ვასილ ხაჩიძის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6 თვის ხელფასის კომპენსაცია, კერძოდ თვეში 750 ლარის ოდენობით - ჯამში 4500 ლარი.
ამასთან საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას. სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან 2018 წლის 11 იანვრიდან 12 აპრილამდე - საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე - ეს პერიოდი შეადგენს 3 თვეს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს იძულებითი განაცდურისათვის თვეში 687.50 ლარის ანაზღაურებას - მას უნდა აუნაზღაურდეს 3 თვის განაცდური 2062,50 ლარი რასაც მიიღებდა მოსარჩელე თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ა(ა)იპ "სავანეს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 6562.50 ლარის 3% - 196.87 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ვასილ ხაჩიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1. გაუქმდეს ა(ა)იპ "სავანეს" დირექტორის 2018 წლის N2 ბრძანება ვასილ ხაჩიძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
2. ვასილ ხაჩიძის სარჩელი ა(ა)იპ "სავანეს" გამწვანების, სანერგე მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის უბნის მმართველის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ - არ დაკმაყოფილდეს.
3. ა(ა)იპ "სავანეს" ვასილ ხაჩიძის სასარგებლოდ დაეკისროს 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (2018 წლის 11 იანვრიდან 12 აპრილამდე) თვეში 687.50 ლარი - 2062.50 ლარი და კომპენსაციის სახით 6 თვის ხელფასის - ანაზღაურება თვეში 750 ლარის ოდენობით - 4500 ლარი, სულ ჯამში - 6562.50 ლარის გადახდა.
4. ა(ა)იპ "სავანეს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 196.87 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, (ხაშური კოსტავას.ქ 15)
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი