გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210016001420349
(2/261-2016)
გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.05.2018 წელი სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შა-–------------
მოპასუხე - გი----------------
მოპასუხე - ან-----------
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 10 ივნისის აქტით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის10 ივნისს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა მე-----------მ მოპასუხე ან-----------ს ვალდებულების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში აღწერა და დააყადაღა მისი კუთვნილი შემდეგი დასახელების ნივთები: 1. ერთი ცალი ”SONI”-ის ფირმის, ფერადი ტელევიზორი (შეფასებული 70 ლარად); 2. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი (თაგუნა), პრინტერი-“HP”, დინამიკი -“ genius”(შეფასებული 400 ლარად); 3.კომპიუტერის მაგიდა (შეფასებული 100 ლარად); 4. ერთი ცალი,,SAMSUNG”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, თეთრი ფერის (შეფასებული 220 ლარად).
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაყადაღებული ნივთები არის მისი საკუთრება, შეძენილია მის მიერ და არ წარმოადგენს ან-----------ს საკუთრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ან-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
2.2.მოპასუხე გი----------------მ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გი----------------სა და ან-----------ს შორის არსებული საალიმენტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მე-----------ს მიერ 2016 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის შესაბამისად, ყადაღა დაედო შა-–------------ს საცხოვრებელ სახლში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. ერთ ცალ ”SONI”-ის ფირმის, ფერად ტელევიზორს (შეფასებულს 70 ლარად); 2. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტს, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მონიტორს, პროცესორს, კლავიატურას, მაუსს), პრინტერს-“HP”, დინამიკს -“ genius” (შეფასებულს 400 ლარად); 3.კომპიუტერის მაგიდას (შეფასებულს 100 ლარად); 4. ერთ ცალ,,SAMSUNG”-ის ფირმის, თეთრი ფერის სარეცხ მანქანას, (შეფასებულს 220 ლარად). შა-–------------მ აქტის შემდგენ პირებს მაშინვე განუცხადა, რომ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა მას და არა ან-----------ს.
აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (11.09.2014 წ);
3.2.2.სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა 2016 წლის 10 ივნისის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მე-----------ს მიერ დაყადაღებული ნივთების - 1. ერთი ცალი ”SONI”-ის ფირმის, ფერად ტელევიზორის (შეფასებული 70 ლარად); 2. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მონიტორის, პროცესორის, კლავიატურის, მაუსის), პრინტერის-“HP”, დინამიკის -“ genius” (შეფასებული 400 ლარად); 3.კომპიუტერის მაგიდის (შეფასებული 100 ლარად); 4. ერთი ცალი,,SAMSUNG”-ის ფირმის, თეთრი ფერის სარეცხი მანქანის, (შეფასებული 220 ლარად)რეალიზაცია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება.
3.2.3. ყადაღადადებული მოძრავი ნივთები - ერთი ცალი ”SONI”-ის ფირმის, ფერადი ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი (თაგუნა), პრინტერი-“HP”, დინამიკი -“ genius, კომპიუტერის მაგიდა, ერთი ცალი ,,SAMSUNG”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, წარმოადგენს შა-–------------ს საკუთრებას.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი გადანაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცებაც მათი მოვალეობაა და მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, ამგვარი სტანდარტით მტკიცების ტვირთი მოცემული დავის არსიდან გამომდინარე უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს აღსრულების საგანზე მისი საკუთრების უფლების არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცების გაქარწყლების ტვირთი.
სასამართლო, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთების ან-----------სადმი კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება. იგივე მტკიცებულებები კი უდავოდ ადასტურებენ ამ ნივთების მოსარჩელე შა-–------------სადმი კუთვნილების ფაქტს.
კერძოდ: მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დასტურდება ის გარემოება, რომ შა-–------------მ აღმასრულებელს ქონების აღწერისთანავე განუცხადა ქონების მისადმი კუთვნილების შესახებ.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე შა-–------------ს განმარტებით, ყადაღადადებული ნივთებიდან სარეცხი მანქანა შეიძინა 2007 წელს, ან----------- კი დაიბადა 1994 წელს. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედდებული და ან-----------ს დაბადების მოწმობა, საიდანაც დასტურდება, რომ ნივთის შეძენის პერიოდში ან----------- იყო მხოლოდ 13 წლის.
შა-–------------მ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაყადაღებული ყველა ნივთი, ისევე როგორც სარეცხის მანქანა, იყო ძველი, ან-----------ს არასრულწლოვნების პერიოდში შეძენილი.
აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა გუ-–-------------მ, ნა----–-----–-–---–მა და ჯე---–-------მ (სხდომის ოქმი,01.05.2018წ)
ამ გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული მხარეს ეკისრება მტკიცების ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გააბათილოს მოსარჩელის არგუმენტაცია, მიუთითოს მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაკლოვანებაზე და თავის მხრივ, წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომლითაც დაუპირისპირდება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შა-–------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ არსებითი შედავება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მესაკუთრე ს--------მ სადავო მოძრავი ნივთები საკუთრების უფლებით გადასცა მოპასუხე ან-----------ს. შესაბამისად, ამ ნივთების მიმართ ან-----------ს საკუთრების უფლება არ არსებობს.
ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით მთლიანად დადასტურებულია ყადაღადადებული მოძრავი ნივთების შა-–------------სადმი საკუთრების უფლებით კუთვნილების ფაქტი.
3.2.4. მოპასუხე ან-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ასევე არ მოუმართავს შუამდგომლობით შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან აღწერილი და დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოვალის ან-----------ს საკუთრებას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ყადაღადადებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები, საქართველოს კანონი ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 32-ე, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით (21-ე მუხლი) გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია მისი ხელყოფა და შეზღუდვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე შა-–------------.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მიეთითება მოვალისა და კრედიტორის რეკვიზიტები. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.
ამრიგად, ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.
განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია ან-----------, რაც გამორიცხავს მის მიმართ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების აღსრულების უზრუნველსაყოფად, იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული არ არის. შესაბამისად, შა-–------------ არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ან-----------ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე, რის გამოც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღებით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შა-–------------მ მოითხოვა რა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთების მიმართ მისი საკუთრების უფლების არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში მოპასუხე ან-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ასევე არ მოუმართავს შუამდგომლობით შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 -ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ან-----------ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის შა-–------------ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს გი----------------სა და ან-----------ს სოლიდარულად მოსარჩელის შა-–------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 .1 მუხლის თანახმად. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების -ყადაღადადებული ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა :
1.დაკმაყოფილდეს შა-–------------ს სარჩელი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების თაობაზე.
1.1.სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მე-----------ს 2016 წლის 10 ივნისის მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები- 1. ერთი ცალი ”SONI”-ის ფირმის, ფერადი ტელევიზორი (შეფასებული 70 ლარად); 2. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი (თაგუნა), პრინტერი-“HP”, დინამიკი -“ genius”(შეფასებული 400 ლარად); 3.კომპიუტერის მაგიდა (შეფასებული 100 ლარად); 4. ერთი ცალი,,SAMSUNG”-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა (შეფასებული 220 ლარად), გათავისუფლდეს ყადაღისგან.
2.დაეკისროთ მოპასუხეებს გი----------------სა და ან-----------ს სოლიდარულად მოსარჩელის შა-–------------ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
4.მოპასუხე ან-----------ს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შეიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია