გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002206162 (2/2198-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - შპს ,,ფინ----------------რი’’
წარმომადგენელი - ვალ------------------ძე
მოპასუხე - თა--------–-–ია
წარმომადგენელი - დავ----–----–---ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე თა--------–-–იასათვის მოსარჩელე შპს ,,ფინ----------------რი’’-ს სასარგებლოდ 1658,15 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მან აღიარა ძირი თანხის გადახდის ვალდებულება სრულად და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება. მოპასუხე არ დაეთანხმა პროცენტის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, გამომდინარე იქედან, რომ პროცენტის ოდენობის შესახებ არ არის მითითებული ხელშეკრულებაში (იხ. შესაგებელი, 24.04.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.20---–-–-----------ლს შპს ,,სი----–----ნსა’’ (უფლებამონაცვლე - შპს ,,ფინ----------------რი’’) და მოპასუხე თა--------–-–იას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე 2--- წლის 21 მაისის ჩათვლით გაიცა სესხი 650 ლარის ოდენობით, პროცენტის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ვადაში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ძირი თანხის 1,3 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ;
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
-საგადახდო დავალება მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვის თაობაზე (ს.ფ. 31);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2.მსესხებელმა თა--------–-–იამ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 21.05.2--- წელს სესხის დაბრუნების თაობაზე, რის გამო მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 650 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
-საგადახდო დავალება მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვის თაობაზე (ს.ფ. 31);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს ეკისრება პროცენტის - 54,16 ლარის გადახდა.
აღნიშნულის გარდა, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 897 ლარის დაკისრებას, თუმცა სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც მიზანშეწონილია მისი შემცირება მოპასუხის მიერ მითითებულ ოდენობამდე - 300 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 24.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).
სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია მოპასუხეებს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა.
6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე არ უარყოფს ძირი თანხის დავალიანების გადახდის ვალდებულებას და იქვე განმარტავს, რომ მას არ უნდა დაეკისროს პროცენტის სახით 111,15 ლარის გადახდა, რამეთუ სტანდარტულ ხელშეკრულებაში კონკრეტულად არ არის მითითებული 111,15 ლარის ოდენობით პროცენტის განსაზღვრის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტს მასზედ, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან პროცენტის სახით 111,15 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულების აღების ფაქტი, ხელშეკრულებიდან არ ირკვევა პროცენტის მითითებული ოდენობა, რაც შეეხება საქმეში სესხის განაცხადის სახით წარმოდგენილ ფორმას, იგი სადავო ნაწილში, სახელდობრ, პროცენტის ოდენობასთან შეთანხმების ნაწილში მხარეთა ურთიერთობის ფაქტის დამდგენი დოკუმენტი არ არის, რადგან მასზედ არ ფიქსირდება მოპასუხის ხელმოწერა პირადად ან ელექტრონული (ციფრული) სახით.
აღნიშნულის მიუხედავად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და სესხის ხელშეკრულებით (იხ. პირველი მუხლის ,,მ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტი, მე-10 პუნქტი), აგრეთვე საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ 20---–-–-----------ლს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე თა--------–-–იამ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი - 650 ლარი, როგორც პირგასამტეხლოს, ისე პროცენტის გათვალისწინებით.
მითითებული გარემოებების ცხადყოფს, რომ სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო მოგებაზე ორიენტირებული დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულების მიზანია პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (ი--------------–--------------------------–---------–-------–------------------------ აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).
ამრიგად, ხელშეკრულებაზე ელექტრონული თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, ასევე პროცენტი. ნაკისრი ვალდებულება დ--------–-–--- მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია, თუმცა ნაწილობრივ. გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულებით პროცენტის კონკრეტული ოდენობა შეთანხმებული არ ყოფილა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ძირ თანხასთან - 650 ლართან ერთად 111,15 ლარის ნაცვლად უნდა დაეკისროს სესხის წლიური საპროცენტო ეფექტური განაკვეთის - 54,16 ლარის გადახდა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო მისთვის ძირი თანხის - 650 ლარის ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.
6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 1,3 %-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 39%-ს, ხოლო წელიწადში 474,5%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის ვადაგადაცილებაშია 2016 წ-–--------------ნ. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპიდან გამომდინარე და პირგასამტეხლოს, როგორც მინიმალური ზიანის ანაზღაურების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხისათვის, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის მანძილზე გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა.
მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1658,15 ლარს, თუმცა ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 50 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს ,,ფინ----------------რი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მოპასუხე თა--------–-–იას მოსარჩელე შპს ,,ფინ----------------რი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 650 ლარის, პროცენტის – 54,16 ლარის და პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;
3.მოპასუხე თა--------–-–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა