განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/700-17 (#041190617001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქეთევან უზნაძე
სტაჟიორ-პროკურორი - გვანცა ტაბატაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ამირან სერგოს ძე ტოფაძე - დაბადებული 1962 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №53001011203 საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი
ბრალდებული - შაკო ოთარის ძე თურმანიძე - დაბადებული 1981 წლის 26 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №60001069316, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა N71 ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, კ.გამსახურდიას N5/37
ბრალდებული - ვლადიმერ გრამიტონოს ძე ფანჩულიძე - დაბადებული 1966 წლის 06 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №60002002923, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნეკრასოვის N118
ადვოკატი - გიორგი დვალიშვილი, თეიმურაზ მესხი, ვალერი კვანტალიანი, ირაკლი შენგელია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ და მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტები; სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი; სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა:
ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით
2017 წლის 19 ივნისს დაახლოებით 10:15 საათზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ამირან ტოფაძე, ვლადიმერ ფანჩულიძე და შაკო თურმანიძე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუთაისში 26 მაისის ქუჩის N73-ში განთავსებული სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ლევან მაჩალაძეს და გიორგი მანაგაძეს. თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს სს „ნოვა ტექნოლოჯის“ კუთვნილი 101 442,50 ლარი და კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომაქანა „რენო-კლიო“ სახელმწიფო ნომრით VW 556 WV, ღირებულებით 2890 ლარად.
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა
ვლადიმერ ფანჩულიძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 9მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის „ПМ“ ერთი ცალი მჭიდი და საბძოლო მასალა - 08 ცალი ვაზნა. რაც 2017 წლის 22 ივნისს ამოღებული იქნა ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლიდან.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა
ვლადიმერ ფანჩულიძემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) წონით 46,67 გრ, რომელიც ამოღებული იქნა 2017 წლის 22 ივნისს ქუთაისში, ნეკრასოვის ქუჩა N118-ში მდებარე ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოში გამოკვლეულ და აგრეთვე პრეუდიციულად მიჩნეული მოწმეთა ჩვენებებით, წერილობით და ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი:
სს „ნოვა ტექნოლოჯის“ წარმომადგენელ ირაკლი შანიძის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი დაზარალებული კომპანიის „ნოვა ტექნოლოჯის“ წარმომადგენელია დასავლეთ საქართველოში, ეწევა მენეჯერულ საქმიანობას და შესაბამისად ამ კუთხით მას ურთიერთობა უწევს პოლიციასთან და საგამოძებო სამსახურებთან.
მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს მოხდა ყაჩაღობა, რა დროსაც გაიტაცეს ინკასირებული თანხა, ამავდროულად გაიტაცეს მათი ავტომანქანა, რომელიც მათ მოქ. ნიკოლოზ მელაძისაგან ჰყავდათ აყვანილი. ავტომანქანა აღჭურვილი იყო ვიდეო-რეგისტრატორით, რომელიც აწარმოებდა წინ და უკან ჩაწერას. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ კამერის ხარვეზი ისაა, რომ როდესაც ელემენტი ჯდება ის თავიდან იწყებს თარიღის ჩვენებას. იმ თარიღის დარეგისტრირებას რომელიც გამოშვების თარიღია და არა იმ თარიღისას რა თარიღითაც რეალურად ხდებოდა იმ დროს ჩაწერა. მოწმემ განმარტა, რომ მათი საქმიანობის სფეროა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. აპარატებში შედის ნაღდი ფული, რომლის ინკასირებას შემდეგ ისინი ახდენენ. მას მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა ლევან მაჩალაძემ, იმ დროისათვის ინკასატორებს შესრულებული ჰქონდათ 42 ინკასაცია და თანხა მანქანაში იდო, თანხის ოდენობა წარმოადგენდა 101 442 ლარს და 50 თეთრს, ხოლო მანქანის ღირებულება შეადგენდა 2890 ლარს. რაც შეეხება თანხის ოდენობას იგი ელექტრონულად ხედავს, რომელიც სერვერზე ინახება და მარტივად შეიძლება მისი გადამოწმება. როცა გაინკასირდება აპარატში ინახება ინფორმაცია რა თანხაზე მოხდა ამ აპარატიდან გაინკასირება. მოწმის განმარტებით აღნიშნული თანხა არის უზუსტესი და მასში ეჭვის შეტანა გამორიცხულია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ ამოღებული იყო ვიდეოკამერა, წარმოადგინეს განჩინება, რომ ვიდეოკამერიდან მომხდარიყო მათთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღება. მოხდა ამ ვიდეომასალის ინფორმაციის გადატანა დისკებზე, ვიდეოკამერა დალუქული იყო, როდესაც დისკზე გადმოიტანეს ისევე დალუქეს და ხელი მოაწერეს. ამ მოქმედებას მასთან ერთად ესწრებოდა ზურაბ ხამაშურიძე, რომელიც მათი კომპანიის თანამშრომელია და აღნიშნული საკითხებით არის დაკავებული და ზოგადად ტექნიკურ საკითხებს კურირებს. აღნიშნული კამერები ყველა მანქანაში აქვთ დამონტაჟებული რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა. ეს ინკასატორების თხოვნაც იყო, კამერა იღებს როგორც შიგნით ასევე გარე პერიმეტრსაც. კამერა იწერს ორი დღის მანძილზე, არის 64 გეგაბაიტის ჩიპი, რომელ ჩიპზეც ინახება მხოლოდ ორი დღის მეხსიერება, ორი დღის შემდეგ წინა დღეებს ავტომატურად შლის.
დაზარალებულმა გიორგი მანაგაძემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს სს „ნოვა ტექნოლოჯის“ კომპანიაში ინკასატორად. 2017 წლის 19 ივნისს სამუშაო დღე დაიწყეს ჩვეულებრივად, ის არის მძღოლი ინკასატორი, ხოლო მასთან ერთად იმყოფებოდა და მის გვერდით იჯდა ინკასატორი ლევან მაჩალაძე. გავიდნენ დილის 10-ის 20 წუთზე, დაიწყეს რუსთაველის ქუჩიდან, შემდეგ გავიდნენ გრიშაშვილის ქუჩაზე, შემდეგ ნინოშვილის ბაზართან, შემდეგ გაიარეს აღმაშენებლის გამზირი, ჩავიდნენ „ბალახვანში“, გაიარეს წერეთლის გამზირი, არხის ქუჩით გადავიდნენ ნიკეაზე, შემდეგ ავიდნენ „საღორიის“ ტერიტორიაზე, შემდეგ გავიდნენ რკინიგზის საავადმყოფოსთან, იქედან ავიდნენ „საფიჩხიაზე“, შემდეგ კი მივიდნენ იმ ადგილას სადაც შემთხვევა მოხდა, ესაა 26 მაისის ქუჩა N73, როდესაც მანქანა გააჩერეს იგი დარჩა მანქანაში, ხოლო მანქანიდან გადავიდა ლევან მაჩალაძე, უცებ რამდენიმე წამში მას უკან გვერდითა მხრიდან რაღაც მოედო თავზე, როდესაც ინსტიქტურად მოიხედა დაინახა „მაკაროვის“ ტიპის იარაღი, როდესაც ლევანისკენ გაიხედა დაინახა, რომ იგი უკვე ძირს იყო დაწოლილი და თავზე ადგა პიროვნება, რომელსაც ხელში ავტომატური იარაღი ეჭირა, მასთან მდგომმა პიროვნებამ გააფრთხილა, რომ ხმა არ ამოეღო თორემ მოკლავდა, მოვიდა მესამე პიროვნებაც, რომელმაც უთხრა, რომ გადმოსულიყო მანქანიდან, როდესაც გადმოვიდა ჯიბეებზე მოუსვეს ხელი, ამოუღეს ტელეფონი, ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. მოწმის განმარტებით მასთან მყოფ პიროვნებას თეთრი ნიღაბი ეკეთა და შავი ტანსაცმელი ეცვა. ლევანთან მყოფ პიროვნებას ასევე მუქი ტანსაცმელი ეცვა და ნიღაბი მასაც ეკეთა, ასევე ქუდიც ეხურა, რაც შეეხება მესამე პიროვნებას მისი დანახვა კარგად ვერ მოასწრო, მასაც მუქი ტანსაცმელი ეცვა, ის შემდეგ მოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იარაღი მასაც ეჭირა ხელში, როდესაც დაემუქრნენ შიში განიცადა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ინკასაციას აწარმოებდნენ „რენოს“ მარკის ავტომანქანით, ავტომობილი კომპანიის მფლობელობაში იყო. ინკასატორებმა ადგილები სადაც უნდა მისულიყვნენ იცოდნენ, მაგრამ თანხის ოდენობა მისთვის უცნობი იყო. თანხა ამოღებული იყო 42 აპარატიდან, კონკრეტულად თანხის ოდენობა მისთვის უცნობია, მაგრამ იცის, რომ თანხა დიდი ოდენობით ქონდათ ამოღებული. მანქანაში ქონდა ასევე მისი პირადი ნივთები, ასევე ავტომანქანაში იყო ვიდეო-რეგიტრატორი, რომელიც წინა მინაზე იყო დამონტაჟებული და უფროსი ამ ვიდეო-რეგიტრატორით ამოწმებდა მათ მუშაობას. ვიდეოჩაწერა ხდებოდა ყოვლედღიურად. მოწმის განმარტებით მომხდარიდან დაახლოებით 15 წამში დარეკა პოლიციაში ლევან მაჩალაძემ, პოლიცია მოვიდა დაახლოებით 2 წუთში.
დაზარალებულმა ლევან მაჩალაძემ აჩვენა, რომ იგი მუშაობდა სს „ნოვა ტექნოლოჯის“ კომპანიაში ინკასატორად. მუშაობას იწყებდნენ დილის 9 საათზე, ამთავრებდნენ საღამოს 6-ზე. მუშაობა დაიწყეს რუსთაველის ქუჩიდან, ინკასირებას აკეთებდა თვითონ, ხოლო ავტომანქანას მართავდა გიორგი მანაგაძე, ბოლოს ავიდნენ „საფიჩხიაზე“, საფიჩხიის ცენტრში ისინი გადავიდნენ 26 მაისის ქუჩაზე, N73 მაღაზიასთან სადაც დგას აპარატი. ამ დროს ინკასირებას აკეთებდა თვითონ, ჩავიდა გასაღებით, გახსნა აპარატი, რა დროსაც იგრძნო რომ მარჯვენა მხართან რაღაც მიებჯინა, როდესაც მოიხედა დაინახა ავტომატის ლულა და შავებში ჩაცმული პიროვნება ნიღბით, ასევე ქუდით, რომელმაც უბრძანა რომ დაწოლილიყო ძირს, თორემ მოკლავდა. მას შეეშინდა და დაწვა, რამდენიმე წუთში გაიგონა ძახილი „ჩაჯექით წავედითო“. როდესაც თავი მოაბრუნა დაინახა რომ მანქანაში მარჯვენა მხრიდან ჯდებოდა ორი პიროვნება, ხოლო მესამე პიროვნება იჯდა მძღოლის მხარეს საჭესთან. როდესაც მანქანა დაიძრა იგი იმყოფებოდა დაწოლილ მდგომარეობაში. დაზარალებულმა განმარტა, რომ პიროვნება რომელმაც იარაღი მიადო იყო დაახლეობით ერთი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 30 წელზე მეტი ასაკის პიროვნება, ეკეთა შავი ფერის ნიღაბი და ეხურა შავი ფერის კეპი. მეორე პიროვნებაც ასევე შავებში იყო ჩაცმული და მასაც შავი ნიღაბი და შავი კეპი ეხურა. რაც შეეხება მესამე პიროვნებას ის დაინახა როდესაც ეს ორი პირი ჯდებოდა მანქანაში, მესამე პიროვნება უკვე იჯდა საჭესთან და იგი ვიზუალურად უკანა მხრიდან დაინახა. მათ შორის არავითარი საუბარი არ ყოფილა, უთხრა „დაწექი თორემ მოგკლავო“ - შეეშინდა და დაწვა. მეორე პიროვნებამ დაიძახა - წავიდეთო, მესამე პიროვნება იჯდა საჭესთან. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იგი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, კარგად ერკვევა იარაღებში დ იცის, რომ აღნიშნული იარაღი იყო რუსული „აკმ-ის“ ავტომატი მოკლე ლულით. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა რომ ავტომაქამაში ჰქონდათ დამონტაჟებული ვიდეო-რეგისრატორი, რომელიც შიგნით სარკეზე იყო დამაგრებული, ასევე საინფორმაციო დაფის ქვეშ დამონტაჟებული ჰქონდათ „ჯი-პი-ეს“-ი, რომელიც გადაადგილებს მარშუტს აფიქსირებდა. იგი დაესწრო ამოღებას, რა დროსაც ამოღებული იქნა შავი კეპი, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუვარდა. ყოველივე ამის შემდეგ დარეკა 112-ზე, საპატრულოს შემდეგ დაურეკა მის ხელმძღვანელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დავით აბშილავას ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობზე. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს „ნოვა ტექნოლოჯის“ ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი და შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინების საფუძველზე მოხდა მოქ. შაკო თურმანიძის დაკავება. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დავით კუხიანიძე, ალექსანდრე ბასილაია, ასევე განსაკუთრებულ საქმეთა დავალების თანამშრომლები. მოქ. შაკო თურმანიძის დაკავება მოხდა ქ.ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N5/37-ში, ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, დაკავებისას მას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია, ოქმი ადგილზე შეადგინა დავით კუხიანიძემ, დაკავებულ პირს გაეცნო თავისი უფლება მოვალეობები. დაკავების შემდეგ მოხდა შაკო თურმანიძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინაარმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა. პირადი ჩხრეკის ოქმი გაეცნო შაკო თურმანიძეს, რომელსაც მან ხელი არ მოაწერა და არც მიზეზი დაუსახელებია. ვიზუალური დათვალიერებისას შაკო თურმანიძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომელიც მისი განმარტებით მიიღო ორი დღის წინ ტყეში ქვეითად სიარულის დროს, ტერიტორია არ დაუკონკრეტებია.
მოწმე დავით ლაკვეხელიანმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილედ. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს შევიდა შეტყობინება ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე სს „ნოვა ტექნოლოჯის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე, იგი დაუყოვნებლივ გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ, გამოკითხეს დაზარალებულები, რომელთა ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ ოპერტიული ჯგუფის ნაწილი წასულიყო ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ნაწილი კი საფიჩხიის მიმართულებით, თვითონ იგი გელა ჭელიძესთან და ბესო ბერაძესთან ერთად გაემართა ჭახათა-წყალწითელის მიმართულებით. სოფელ გოდოგანისა და ქუთაისის გასაყარზე შენიშნეს ლურჯო ფერის „რენაულტის“ მარკის ავტომობილი, მაქანას კარები დაკეტილი ჰქონდა, ფანჯრები ჩამოწეული, იგი ხელის რადიოსადგურით დაუკავშირდა განყოფილებას, რომ შესაბამისი სამსახური და საგამოძიებო ჯგუფები მოსულიყვნენ. თვითონ დაიცვეს შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით ჯგუფის მიერ დადგენილი იქნა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირთა ვინაობები, რის შემდეგ კი უკვე დადგენილი იქნა მათი საცხოვრებელი მისამართებიც.
მოწმე ბაჩანა ელიავამ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მონაწილეობა მიიღო ამირან ტოფაძის დაკავებაში, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 21 ივნისს, მასთან ერთად ამირან ტოფაძის დაკავებაში მონაწილეობდნენ ირაკლი ხვიჩია, რევაზ ნიშნიანიძე და იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ამირან ტოფაძის დაკავება მოხდა წყალტუბოს რაიონ სოფელ გეგუთში გვიან ღამით, მისი საცხოვრებელი სახლის საძინებელში. რადგან აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღები, ამიტომ დაკავებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად გაწვრთნილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ამირან ტოფაძეს დაკავებისას გაეცნო მისი უფლებები. შეთავაზებული იქნა, რომ გაცნობოდა მისი დაკავების განჩინებას, რაზედაც უარი განაცხადა. ამირან ტოფაძეს ჩაუტრადა პირადი ჩხრეკა, რის შემდეგ ამირან ტოფაძე გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რევაზ ნიშნიანიძემ.
მოწმე თენგიზ მეფარიშვილმა აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოწმის განმარტებით მან მონაწილეობა მიიღო ვიდეორეგისტრატორის დათვალიერებასა და ვლადიმერ ფანჩულიძის დაკავებაში. მოწმემ აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერის გადატანა მოხდა დისკზე და რის შემდგომ მოახდინა დისკის დათვალიერება სხვა თანამშრომლებთან ერთად. აღნიშნულ დათვალიერებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ დავით კუხიანიძე, უშანგი კვესაძე, მირიან კახიანი, ზაზა ჟორჟოლიანი. დისკი იყო დალუქულ მდგომარეობაში, იგი გაიხსნა და სამსახურის ერთ-ერთ კომპიუტერზე მოხდა მისი ჩვენება. ეკრანზე გამოჩნდა ორი კამერის ჩანაწერი, ერთი რომლითაც წინა მხარე ჩანდა, ხოლო მეორე კამერა აჩვენებდა სალონს. აღნიშნულ ჩანაწერის ბოლოს ფიქსირდება უშუალოდ მომხდარი ფაქტი, საფიჩხიის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე. ჩანაწერში ჩანს თუ როგორ გადადის „ერთ-ერთი ინკასატორი სავარაუდოდ ბანკომატიდან ინკასაციის გასაკეთებლად, ამ დროს მძღოლის მხრიდან მოდის ერთ-ერთი პირი, რომელიც ეუბნება მძღოლს რომ „თავი არ დაიღუპოს და გადმოვიდეს მანქანიდან“, მძღოლი გადმოდის მანქანიდან. მანქანაში ჯდება აღნიშნული პიროვნება. შიგნითა კამერა აჩვენებს, რომ უკანა გზას ჭრის ერთი პიროვნება, რომელსაც ავტომატი აქვს ხელში, მიდის ავტომანქანასთან და ჯდება ავტომანქანის უკანა სალონში, ასევე მესამე პირიც ჯდება ავტომანქანაში, სახეზე უკეთიათ ე.წ „მასკები“ ქოქავენ ავტომანქანას და მიდიან გელათის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ გადიან ჭახათის გზაზე, ეტყობა ასფალტიანი გზიდან გადადიან ქვიშიან გზაზე, შემდეგ ჩანს ტრიალი მინდორი, აღნიშნული პირები ტოვებენ მანქანას და გადმოდიან ავტომანქანიდან. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც აღნიშნული პირები მანქანაში ჩასხდნენ მათ მოიხსნეს „მასკები“ და აშკარად გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნება შაკო თურმანიძე, რომელიც მან პირადად ამოიცნო, ხოლო მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი პიროვნება აღმოჩნდა ამირან ტოფაძე, რომელიც უშანგი კვესაძემ ამოიცნო. მოგვიანებით კადრში ჩანს ვლადიმერ ფანჩულიძე. მოწმის განმარტებით იგი წლებია საფიჩხიაშია უბნის ინსპექტორად, შესაბამისად იცნობს ოპერატიულად საინტერესო პიროვნებებს. ვლადიმერ ფანჩულიძე მისი უბნის მაცხოვრებელია, აქედან გამომდინარე იცნობს შაკო თურმანიძესაც. მან ვერ იცნო უკანა სალონში მჯდომი პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა აღმოჩნდა ამირან ტოფაძე. ვიდეო-ფირის ჩვენების შემდეგ მოხდა მისი დალუქვა. მოწმის განმარტებით ვლადიმერ ფანჩულიძის დაკავება მოხდა 2017 წლის 21 ივნისს, ქ.ქუთაისში ნეკრასოვის 112-ში, საღამოს 11-12 საათზე აღნიშნულ დაკავებაში მონაწილეობდნენ ბერდია კუჭუხიძე და გიორგი კიკვაძე. ვლადიმერ ფანჩულიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისი თანხმობით მოხდა პირადი ჩხრეკა. სახლის ჩხრეკის დროს მეორე სართულზე ე.წ „სპალნაში“, სავარაუდოდ მის საძინებელში, კარადიდან ამოღებული იქნა „მაკაროვის“ ან შესაძლოა სხვა იარაღის ე.წ „აბოიმა“ 8 ცალი ტყვიით, ხოლო პირველ სართულზე მაგიდის სათავსოდან ამოღებული იქნა კეპი, ხოლო ეზოში ბეტონის ბლოკის ბოლოდან ამოღებული იქნა „მარიხუანა“. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დადგენილების საფუძველზე, სახლის ჩხრეკას ატარებდა პირველი განყოფილების გამომძიებელი შალამბერიძე. აღნიშნულ ფაქტზე შედგა როგორც ჩხრეკის, ასევე ამოღების ოქმები. ამოღებული ნივთები დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ზაზა ტორაძის ჩვენებით დგინდება, რომ იგი გამომძიებელია, მას დაევალა ყაჩაღური გზით გატაცებული ავტომანქანისა და ადგილმდებარეობის დათვალიერება, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა 2017 წლის 19 ივნისს, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ გადაცემული ავტომანქანა იმყოფებოდა ე.წ „ჭახათის“ დასახლების ბოლოს, მდინარე წყალწითელას ნაპირზე. მასთან ერთად აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ექსპერტი გივი ხინგავა და ოლეგ სვანიძე, კინოლოგი იაგო მაღლაკელიძე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ნიკა ქორქაშვილი და ვახტანგ ასათიანი. ავტომანქანა იყო ორკარიანი, კარებები გარდა საბარგულისა იყო მოხურული, მინები ჩამოწეული, ავტომანქანაში დასაქოქ მექანიზმზე გასაღებიც კი იყო ჩარჩენილი და მაგნიტაფონიც იყო დაბალ ხმაზე ჩართული. ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით რაიმე შეჯახების კვალი არ ეტყობოდა, საბურავები ოთხივე იყო მწყობრში. ავტომანქანის დათვალიერება შემდგომ განახორციელეს ექსპერტებმა. ავტომანაში იყო სხვადასხვა სახის ნივთები მიმოფანტული, ხოლო მანქანის მარჯვენა სავარძლის ე.წ „კოვიორზე“ ეგდო ვიდეორეგისტრატორი, რომელიც ვიზუალური დათვალიერებით ჩანდა, რომ წინა მანქანის საქარე მინაზე დამაგრებული სადგამიდან იყო ჩამოვარდნილი. ეს იყო ოთხკუთხედი ფორმის შავი მონიტორი, გვერდით ჰქონდა ჭრილი, სადაც ეწერა „მიკრო“, რომელშიც ჩასმული იყო მიკრო ჩიპი. აღნიშნული ვიდეორეგისტრატორი თავის ჩიპთან ერთად ერთ პაკეტად იქნა ამოღებული და დაილუქა. ამის შემდეგ მოხდა ნივთების თანდათანობით ამოღება. ეს ნივთები იყო შავი ფერის “გუჩის“ ფირმის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული იყო გიორგი მანაგაძის სახელზე არსებული პირადობის მოწმობა, ასევე მართვის მოწმობა და სხვადასხვა დოკუმენტები, აქვე ეგდო ვერცხლისფერკორპუსიანი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთ პაკეტად. ექსპერტების მიერ მოხდა მანქანის სპეციალური ფხვნილით დამუშავება. ამავე დროს ხდებოდა კინოლოგის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება, წინა და უკანა სავარძელზე დაყრილი იქნა ნახშირი, რაც 05 წუთის შემდეგ ექსპერტის მიერ იქნა აღებული და მოთავსებული სპეციალურ ცალ-ცალკე ქილებში, რის შემდეგ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის „ბორას“ მიერ იქნა დაყნოსილი თითოეული ქილა, რის შემდეგ ძაღლი წყალწითელისაკენ გაიქცა, მაგრამ წყალში აღარ შესულა და ისევ უკან გამობრუნდა. შემდეგ ექსპერტების მიერ აღებული იქნა მიკრო ნაწილაკები, ნაწილი აღებული იქნა წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლიდან, როგორც საჯდომი ასევე საზურგიდან. სულ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებული იქნა 12 პაკეტი, სუნის კვლები ცალ-ცალკე მოთავსდა, თუმცა ერთად დაილუქა.
მოწმე უშანგი კვესაძემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მონაწილეობდა ვიდეო-რეგისტრატორიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის დათავლიერებაში, რომელიც უკავშირდებოდა შპს „ნოვა ტექნოლოჯზე“ ყაჩარურ თავდასხმას. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს სამსახურში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა, რომ თავდასხმის შედეგად გატაცებული იყო „რენოს“ მარკის ავტომობილი, რომელშიდაც ჩამონტაჟებული იყო ვიდეო-რეგისტრატორი, რომელსაც ე.წ. ორი თვალი ჰქონდა. ერთი თვალი იღებდა ავტომანქანის სალონის შიდა ნაწილს, ხოლო მეორე იღებდა გარე ნაწილს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ინახებოდა ვიდეორეგისტრატორის ჩიპზე, რომლის ამოღებაც განხორციელდა. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებაში, მასთან ერთად აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილეობდენენ ჟორჟოლიანი, მეფარიშვილი და კახიანი, ხოლო ოქმი დათვალიერების შემდეგ შეადგინა გამომძიებელმა დავით კუხიანიძემ. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ჩანაწერზე სრულად იყო ასახული მომხდარი ყაჩაღური ფაქტის ყველა დეტალი, კერძოდ ვიდეოჩანაწერი იწყება ინკასატორების მიერ ქ.ქუთაისის სხვადასხვა უბნებში არსებული აპარატების ინკასირებით, შემდეგ ადიან საფიჩხიაზე, იქიდან 26 მაისის ქუჩაზე მაღაზიასთან ჩერდება ავტომანქანა, იქვე მდებარე აპარატის ინკასაციისათვის. საჭესთან იჯდა ინკასატორი მანაგაძე, ხოლო გვერდით მაჩალაძე უჯდა, როდესაც მაჩალაძე ჩავიდა მანქანიდან ამ დროს გამოჩნდა ნიღბიანი პიროვნება პისტოლეტით ხელში, მივიდა მძღოლთან, ასევე გამოჩნდა მეორე ნიღბიანი პიროვნება რომელიც მძღოლთან მივიდა, ისმის ხმები „თავი არ დაიღუპო“, „ხელები ასწიე“. მძღოლი ხელებაწეული გადმოიყვანეს მანქანიდან, უცებ ჩასხდნენ მანქანაში, ისმის ხმები „წავდით, წავედით“. მანქანის სალონში ერთ-ერთი ნიღბიანი „კალაშნიკოვით“ ხელში გადაჯდა უკანა სავარძელში, ხოლო ორნი წინ დაჯდნენ. ავტომანქანამ გააგრძელა გზა გელათის ქუჩის მიმართულებით. უკან მჯდომმა პიროვნებამ მოიძრო ნიღაბი და ინკასაციის ცელოფანი გადააწოდა წინ და ერთად მოათავსა წარწერებიან ჩანთაში. ამის შემდეგ მძღოლის გვერდით მჯდომიც იძრობს ნიღაბს, ისმის ხმები „ხომ არ ვიკატაოთ, წავიდეთ ჭახათაში“.... შემდეგ გადადიან ბალახიან გზაზე. მის მიერ ამოცნობილი იქნა უკან მჯდომი პიროვნება ამირან ტოფაძე, ზედმეტსახელად „კოტიკა“. მოწმის განმარტებით ამირან ტოფაძე მისთვის წყალტუბოში მუშაობის დროს ოყო ცნობილი, როგორც ოპერატიულად საინტერესო პიროვნება. ხოლო რაც შეეხება ვლადიმერ ფანჩულიძეს და შაკო თურმანიძეს, ისინი მისმა თანამშრომელმა მეფარიშვილმა ამოიცნო. დათვალიერების დამთავრების შემდეგ შედგა ოქმი, რომელიც გამომძიებელმა დავით კუხიანიძემ შეადგინა.
მოწმე ბერდია კუჭუხიძემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 სამმართველოში დეტექტივის თანამშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული ვლადიმერ ფანჩულიძის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკაში. მოწმემ აღნიშნა, რომ ვლადიმერ ფანჩულიძის დაკავება მოხდა 2017 წლის 22 ივნისს მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ასევე მის მიმართ განხორციელდა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ფანჩულიძის დაკავებაში მონაწილეობდნენ თენგიზ მეფარიშვილი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გიორგი კიკვაძე, ასევე ქუთაისის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ვლადიმერ ფაჩულიძის დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ეზოში, დაკავებისას დეტალურად გაეცნო მოსამართლის განჩინება, ოქმზე თვითონვე მოაწერა ხელი და პრეტენზია არ გამოუთქვამს, რამდენიმე ადგილას ხელი მოაწერა ემზარ გვეტაძის სახელით და გვარით, მას სახელი და გვარი შეცვლილი აქვს და ადრე იყო ემზარ გვეტაძე. პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, შემდეგ განხორციელდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად სახლის უკანა მხრიდან ამოღებული იქნა მცენარე, ამოღებული იქნა მჭიდი ვაზნებითურთ, კეპი და ჩანთა თუ ტომარა. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, მას განემარტა უფლებები, დაკავების შესახებ შეატყობინა მის ახლო ნათესავს - დას.
მოწმე ლევან შალამბერიძემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ყაჩაღობასთან დაკავშირებულ ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო თავად ბრალდებულმა, მონაწილეობდნენ მე-2 განყოფილების თანამშრომლები მეფარიშვილი და კიკვაძე, მირიან კახიანი, იროდიონ მღებრიშვილი. ჩხრეკის დაწყებისას ვლადიმერ ფანჩულიძეს გაეცნო განჩინება, გადაეცა ასლი, რაც ხელმოწერით დაადასტურა. მოწმემ აღნიშნა, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე, მაგიდიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, შიგნით „ბილაინის“ ბარათით, იმავე სართულზე მარცხენა მხარეს, საძინებელ ოთახში კარადიდან ამოღებულ იქნა მჭიდი, მასში მოთავსებული რვა ცალი ვაზნით, ეს იყო „მაკაროვის“ მჭიდი, ვაზნებს ჰქონდათ ჟანგი, სახლის პირველ სართულზე მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა 2 ცალი მუქი ფერის ტომარა და ერთი კეპიანი ქუდი, რის შემდეგაც დათვალიერებული იქნა ეზო, სახლის უკან, ბეტონის კონსტრუქციის შენობის ეზოდან ამოღებული იქნა მცენარე მარიხუანის შემცველი კანაფი.
მოწმე დავით კუხიანიძემ აჩვენა, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მოწმემ განმარტა, რომ იგი შეტყობინებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ.ქუთაისში, საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე, მისვლისას ინკასატორების- ლევან მაჩალაძის და გიორგი მანაგაძის მონათხრობით ირკვეოდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა სს „ნოვა ტექნოლოჯის“ მფლობელობაში არსებული საინკასაციო ავტომანქანაზე, რომელიც შეკრებილ თანხასთან ერთად გატაცებული იყო, დაზარალებულმა დადასტურებულად უჩვენა სად იყო ავტომანქანა გაჩერებული, როგორ გადმოიყვანეს ისინი მანქანიდან, სად დააწვინეს მიწაზე, იქვე ეგდო კეპიანი ქუდი, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუვარდა, იმავე დღეს დაიკითხა ორივე დაზარალებული, ასევე „ნოვა ტექნოლოჯის“ მენეჯერი ირაკლი შანიძე, გაირკვა, რომ ავტომანქანაში იყო ავტორეგისტრატორი, რომელიც იღებდა და აფიქსირებდა ავტომანქანას, როგორც შიდა სალონს, ასევე გარე მოძრაობის პერიმეტრს. ავტომანქანა მალევე იქნა ნაპოვნი წყალწითელას ხეობაში, დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა ავტორეგისტრატორი მასში არსებული მეხსიერების ბარათით, აღნიშნულის შემდეგ მან მიმართა სასამართლოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ვიდეო-რეგისტრატორის გახსნის შემდეგ დათვალიერებულ იქნა მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაცია ქრონოლოგიურად ფაილების შექმნის მიხედვით. ამოღებული იქნა ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ, რომელიც მოიცავდა, სამუშაოს დაწყებიდან - ყაჩაღობის ჩადენამდე პერიოდს. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი შედგა „ნოვა ტექნოლოჯის“ მენეჯერთან და ზურაბ ხამაშურიძესთან ერთად, რომელიც აღნიშნული ფირმის სპეციალისტია, რომელიც უზრუნველყოფდა ჩანაწერის დაზიანების გარეშე ამოღებას. ჩანაწერზე ჩანს ყველაფერი რაც ყაჩაღობის დროს ხდება, ის სრული იდენტური იყო დაზარალებულების ჩვენებასთან. კერძოდ მანქანა ჩერდება საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე, N73-ე მაღაზიასთან, ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ ერთი მამაკაცი მოძრაობს სწრაფად, მეორე მამაკაცი გამოდის მეორე მხრიდან და მიდის მძღოლთან, მძღოლი გიორგი მანაგაძეა, ხოლო მაჩალაძე ამ დროს გადასულია მანქანიდან, მას კი ამ დროს სხვა მამაკაცი ადგება თავზე ავტომატით, ხოლო ერთ შუაში დგას, მათ შორის, ჩანაწერში ფიქსირდება, როგორ გადაყავთ მძღოლი, როგორ ემუქრებიან და აგინებენ მას, ის გაყავთ მანქანის უკან და იქ აწვენენ, შემდეგ სხდებიან და მიჰყავთ მანქანა, მოძრაობენ საფიჩხიაზე.
მოწმე სოფიო ჯინჯიხაძემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ადვოკატად. 2017 წლის 27 ივნისს იცავდა ამირან ტოფაძეს, ორდერი ამოწერილი აქვს 2017 წლის 27 ივნისს და იმ დღესვე მივიდა პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებელ დავით კუხიანიძესთან და გადასცა ოქმი შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ და გადასცა იმ დროისათვის არსებული მტკიცებულებები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ განცხადება დაწერა და ჩააბარა დავით კუხიანიძეს. იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს იყო დანიშნული, ამიტომ აცილება გააკეთა 23 აგვისტოს, სხვა ადვოკატი რომ აეყვანა მტკიცებულებები უნდა გაცვლილიყო 9 -10 სექტემბრისათვის და ეს გაითვალისწინა. განცხადება დაწერილი აქვს 23 აგვისტოს, წინა დღეს კი გააფრთხილა ბრალდებული. გამოძიების პროცესში არ დაუკითხავთ და წერილობითი ჩვენება არ აქვს მიცემული. მას შუამდგომლობები აქვს დაყენებული, ააგრეთვე ის ამირან ტოფაძის მონაწილეობით ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას.
მოწმე იაგო მაღლაკელიძემ აჩვენა, რომ იგი არის კინოლოგი და 2017 წლის 29 ივნისს მონაწილეობდა მანქანისა და ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. მოწმის განმარტებით მანქანა იყო „რენაულტის“ მარკის, ლურჯი ფერის, ორკარიანი. მანქანა იმყოფებოდა მდინარე წყალწითელიდან 30 მეტრში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტები, გამომძიებლები, პოლიციის თანამშრომლები. გამომძიებელი იყო ტორაძე, ექსპერტები - ოლეგი სვანიძე და გივი ხინგავა. მან თავის მოქმედება დაიწყო იმით, რომ ნახევარ ლიტრიან ქილაში მოთავსებული ნახშირი დააყარა ე.წ „სიდენიებზე“, გააჩერა 3-4 წუთი, შემდეგ აიღო სპეციალური აქანდაზით და ჩაყარა ისევ ქილაში და დალუქა. ვიდრე ის მუშაობდა ექსპერტები კვლებს იღებდნენ, მანამდე ვიდეორეგისტრატორი ამოიღეს, რომელიც მარჯვენა „სიდენიის“ წინა მხარეს „კავიორზე“ ეგდო გარდა ამისა ამოიღეს ლურჯი ქურთუკი, ტყავის ქურთუკი, ჩეკების ქაღალდები და ა.შ. ყველაფერ ამ ქმედებაზე გამომძიებელი წერდა ოქმს, რომლის სისწორეც დაადასტურეს ხელის მოწერით, ოქმს ხელი მოაწერეს ასევე ექსპერტებმაც. მანქანიდან ამოიღო სამი ქილა, ერთი წინა მარჯვენა სავარძლიდან, მეორე მარცხენა სავარძლიდან, ხოლო მესამე უკანა სავარძლიდან. შემდეგ კი ისინი დალუქა. მოწმემ განმარტა, რომ მას თან ჰყავდა ძაღლი რომელიც სპეციალურადაა გაწვრთნილი, რომელიც ჩამოიყვანეს თბილისადან უკვე შვიდი წელია.
მოწმე ოთარ ხაბურძანიამ აჩვენა, რომ იგი იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტია და მუშაობს აღნიშნულ თანამდებობაზე. 2017 წლის 16 ივნისს დაახლებით 12 საათზე შეტყობინების საფუძველზე უნდა მოეხდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მეწყვილესთან გიორგი გოგბერაშვილთან ერთად, ხოლო ადგილზე დახვდათ გამომძიებელი დავით კუხიანიძე, მათ დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პირველ რიგში მოახდინეს მისი ფოტოგრაფირება. პატარა მაღაზიასთან ტროტუარზე აღმოჩენილი იქნა ქუდი, რომელიც დასურათებულია. ქუდი იყო მოშავო ფერის, ხოლო შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე, საფიჩხიაზე.
მოწმე ოლეგ სვანიძემ აჩვენა, რომ ის მუშაობს ექსპერტ კრიმინალისტად, მას აღნიშნულ საქმეზე ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, იგი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მეორე განყოფილების შეტყობინების საფუძველზე, მასთან ერთად იყო გივი ხინგავა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ 12 საათზე, იგი მდებარეობდა ჭახათის დასახლებაში, კლდიაშვილის ქუჩის ბოლოში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის ორი თანამშრომელი, კინოლოგი, გამომძიებელი. ადგილზე დახვდათ „რენაუტის“ მარკის ავტომანქანა, რომლის დასურათება მოახდინა ჯერ კინოლოგმა დაამუშავა, შემდეგ მის მიერ მოხდა სხვადახვა საგნების ამოღება. ამოღებული იქნა მანქანის გარე ზედაპირიდან ხელის კვლები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ამოიღო ვიდეორეგისტრატორი, გასაღებები, საფულე შიგ არსებული დოკუმნეტები, „აიფონის“ ტელეფონი, ქურთუკი, ერთი ცილინდრი, შარფი, პატარა ტომრები, ნაწილს ის იღებდა, ნაწილს მისი მეწყვილე. აღნიშნული ნივთები შესაბამის პაკეტებში იქნა დალუქული. ვიდეო რეგისტრატორი იგდო წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ, ის იყო შავი ფერის ეკრანით. კინოლოგმა აიღო სუნის კვლები. აღნიშნულ დღეს იყო კარგი მზიანი ამინდი, მდინარემდე 10 მერტიც არ იქნებოდა, ავტომანქანას ფანჯრები ჩამოწეული ქონდა, კარები დახურული იყო, მანქანაში შოგნით არავინ არ შესულა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს და იგივე გარემოებების შესახებ მიუთითა ექსპერტმა გივი ხინგავამ.
მოწმე ზაზა ჭანკვეტაძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ იგი მუშაობს კინოლოგად, აქვს კინოლოგ-სპეციალისტის სტატუსი, მოწმის განმარტებით მან სამივე ბრალდებულისაგან სუნი აიღო ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუნის აღებას სამივე ბრალდებულის ადვოკატი ესწრებოდა, ასევე ესწრებოდა პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელი. მოწმემ აღნიშნა, რომ მან სუნის აღება მოახდინა შემდეგნაირად: ნახევარლიტრიან ბანკებს, რომლის შიგნით ყრია აქტივიზირებული ნახშირი, მოხადა ხრახნიანი თავსახური, ჩაყარა ფეხსაცმელში და გააჩერა 3-4 წუთი, შემდეგ ფეხსაცმლიდან ჩაყარა კვლავ ბანკაში და თითოეულ ბრალდებულს ჩააორთქლებია 10-ჯერ, თითოეულ ბანკაში აორთქლებდა თითო ბრალდებული, შემდეგ თითოეულ ბრალდებულს ხელით მოასრესინა სტერილიზებული ბინდი და ჩააგდო შიგნით ბანკაში, ბანკას დაახურა თავი და დალუქა 3 ლუქით. აღნიშნული მოქმედება ერთ დღეს არ ჩაუტარებია, სამივე ბრალდებულთან მოქმედება ჩაატარა სხვადსხვა დღეს. მოწმის განმარტებით ბანკებს და შესაბამისად ნახშირს აწვდით თბილისი, ბანკები მინისაა, თავსახურები სხვადსხვა ფერის, ზოგს თეთრი თავსახურები მოჰყვება, ზოგს შავი, იმ დროს ახსოვს, რომ თავსახურები იყო ნახატებიანი. მოწმემ დააზუსტა, რომ ბანკებში ნახევარზე ყრია ნახშირი და შიგნით დევს ასევე ბინტი, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბანკები სავსეა. ასევე სუნზე მნიშვნელობა არ აქვს გარემოს, ტემპერატურას, კლიმატს და აშ.
2017 წლის 22 ივნისს N 147/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში, კარადის თაროდან ამოღებული ერთ ცალ მჭიდში მოთავსებული 08 (რვა) ცალი ვაზნა არის „ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „ ПМ” ტიპის 08 ცალი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას“.
მოწმე გიორგი შალიკიანმა აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის კრიმინალისტიკურ სამსახურში ბალისტიკური ექსპერტის ჯგუფის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით მის მიერ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის რაჟდენ გერდემოვიჩის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა, მან დაადასტურა ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე. დამატებით მოწმემ განმარტა, რომ მიჭიდიდან გადმოყრილი ვაზნებიდან ამოარჩია 4 ცალი ვაზნა, რომელიც შემთხვევით მოჰყვა ხელში და გაისროლა, რადგანაც ოთხივე ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გასროლისათვის, შესაბამისად დარჩენილი ვაზნებიც, რომლებიც იმავე პირობებში ინახებოდნენ - საკმარისია დასკვნისათვის, რომ ისინი ვარგისიანი არიან გასროლისათვის. ექსპერტმა კატეგორილად განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რვავე ვაზნა ვარგისია გასროლისათვის.
2017 წლის 23 ივნისს N250/სქ სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული, ერთი ძირი, მწვანე ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება-კანაფს (მცენარე), წონით -46.67 გრამს.
მოწმე მადონა ჭელიძემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ქიმიური ექსპერტიზის ჯგუფში მთავარ ექსპერტად, სპეციალობით ექსპერტ ქიმიკოსია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს მის მიერ ჩატარებული იქნა ქიმიური ექსპერტიზა N 250 და, რომ აწონვა მოხდა ფესვისა და ნიადაგის გარეშე.
2017 წლის 04 აგვისტოს N46/22-458, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „სისხლის სამართლის N041190617001 საქმეზე ლევან მაჩალაძეზე და გიორგი მანაგაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა „რენო-კლიო“ სახ. ნომრით WV-556-WV წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარცხენა და მარჯვენა ზედაპირებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ვლადიმერ ფანჩულიძისაგან, ამირან ტოფაძისაგან და შაკო თურმანიძისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ექსპერტმა ბესარიონ ისაკაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით აჩვენა, რომ ყველა პიროვნებას დაბადებიდან გააჩნია სხვადასხვა განსხვავებული სუნი, როგორც ხელის ანაბეჭდები, სუნის კვლების ამოღება გააქტიურებული ნახშირის მეშვეობით, ჯერ შემთხვევის ადგილიდან, შემდეგ პიროვნებებისაგან, რის შემდეგ ხდება ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები თავსდება სპეციალურ კონტეინერში, შემდეგ ძაღლის მიერ ხდება ბრალდებულებიდან ან სხვა პირებიდან აღებული ნიმუშის დასუნვა. თუ ყველა ძაღლის მიერ ამოცნობილი ნიმუში ერთნაირი აღმოჩნდება იწერება -იდენტური, თუ არა -არაიდენტური. მოცემულ შემთხვევაში სამივე შედარებამ ერთი და იგივე შედეგი მისცა.
2017 წლის 07 ივლისს N46/2/19 ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ „1 გამომძიებლის მიერ მითითებულ ვიდეოგრამებს სახელწოდებით “PICTI877.AVI, PICTI878.AVI, PICTI879.AVI, PICT1880.AVI, PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI,” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
2. სს N041190617001 საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით, PICT1883.AVI და PICT1884.AVI ამოღებულ ფოტოსურათებზე არსებული პიროვნებების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიცირებისათვის ვარგისია.
3. ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 26.06.1981 წელს დაბადებული შაკო ოთარის ძე თურმანიძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
4. ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 29.09.1969 წელს დაბადებული ამირან სერგოს ძე ტოფაძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე „PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI“ ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
5. ექსპერტის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზაში რიცხულ 29.09.1969 წელს დაბადებულ ვლადიმერ გრამიტონის ძე ფანჩულიძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „PICT1884.AVI“ ამოღებულ ფოტოსურათზე ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ექსპერტმა ზურაბ ებელაშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ იგი მუშაობს ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტის თანამდებობაზე, მოწმის განმარტებით ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას გამოსახულებით და აღნაგობის მიხედვით. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული ფანჩულიძის იდენტიფიცირება მოხდა ყურის ნიშნების მიხედვით, მისი განმარტებით, ყური იმდენად მნიშვნელოვანია და მას იგივე საიდენტიფიკაციო ნიშნები გააჩნია, როგორც თითის ანაბეჭდებს, ნაკეცი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, იგივე ნაკეცის ფორმა და ზომა არ შეიძლება სხვა ვინმეს გააჩნდეს, მარცხენა ყურის ფორმა და ხვრელი, ყურზე არსებული ნაიარევი, ეს ნიშნები, მოწმის, განმარტებით არის განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ამათი ერთობლიობა ქმნის ინდივიდუალურ ფაქტორებს, რომელიც გამორიცხულია ბუნებაში სხვა ვინმეს ქონდეს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვიდეო გრამა არის ვიდეო გამოსახულება, სახელწოდებებს შექმნისას ანიჭებს ვიდეოჩანაწერზე მოწყობილობა და შესაძლებელია შემდეგ ეს სახელწოდება გადაერქვას. ასოების და ციფრების კომბინაცია არის ვიდეო ფაილის სახელწოდება. თუ არ ჩაერია გადაწერისას ფაილებს იგივე სახელწოდებით გადაიტანს. ჩიპიდან დისკზეც იგივე სახელწოდებით შეიძლება გადავიდეს. ვიდეოს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. დისკში ჩაწერილი იყო სულ რვა ვიდეო ფაილი. ამოღებული იქნა ისეთი მომენტები, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა მათი სახეები.
ექსპერტმა გიორგი გოგილაშვილმა დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო ორი ცალი პაკეტი, რომლებშიც იყო მოთავსებული დივიდი დისკი, მოწმემ აღნიშნა, რომ დისკის გახსნისას პირველ ეტაპზე იყო ხარვეზები, კადრის შეყოვნება, შემდეგ დისკი გაიხსნა, ვიდეო ფაილები აღმოჩნდა იდენტური. პაკეტზე არ იყო დალუქული დისკის უნიკალური კოდი, უნიკალური კოდის მითითება ზოგადად აუცილებელი არ არის, ყოველი დისკისთვის კოდი არის უნიკალური. უნიკალური კოდის გარეშე დისკის შედარება არ შეიძლება, ექსპერტიზა ჩაატარა თავად, ესწრებოდა მოწვეული ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი, დანარჩენი ექსპერტები იყვნენ ერთ ოთახში, ესწრებოდნენ ადვოკატები, იქ იყო ზურაბ ებელაშვილი.
მოწმე მარინე ტოკლიკიშვილმა უჩვენა, რომ მუშაობს ექსპერტად, მას საბუთებით ოფიციალურად ჰქვია მარინე და სახელში სხვაობა ამან გამოიწვია. მას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ადვოკატებთან, რომ ჩართულიყო და მონაწილეობა მიეღო აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაში. იგი დაესწრო ექსპერტიზას, ნახა, როგორ გაიხსნა დალუქული პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა დისკი, რომელიც როგორც დამსწრე ადვოკატებმა განმარტეს სასამართლო პროცესზე არ გაიხსნა. მოწმემ უჩვენა, რომ შსს-ს ექსპერტის გიორგი გოგილაშვილის მიერ, მათი თანდასწრებით გაიხსნა პაკეტი, საიდანაც ამოღებული იქნა კომპიუტერული დისკი, რომელიც მოთავსდა კომპიუტერის დისკის მატარებელში- წამკითხველში და დისკის ჩადებისთანავე კომპიუტერის ეკრანზე გაიხსნა რვა ვიდეო ფაილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკი ინახავდა გარკვეულ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იყო რვა ვიდეო ფაილი ჩაწერილი აღნიშნულ დისკზე. ექსპერტმა გახსნილი დისკიდან ერთ-ერთი ვიდეო ფაილი გახსნა და გაუშვა ვიდეო პროგრამაში. ვიდეო ჩანაწერი თავიდან წავიდა ცოტა ხარვეზით, სავარაუდოდ დაზიანებული იყო, დაყოვნებებით მიდიოდა, როდესაც ეს დაზიანებული ადგილი გაიარა, ჩვეულებრივად გააგრძელა მისმა წამკითხველმა დისკის აღქმა. ამის შემდეგ ფაილები გადატანილი იქნა კომპიუტერის დისკიდან კომპიუტერში. კომპიუტერის მეხსიერებიდან გახსნილი ვიდეო ფაილები გაიხსნა უპრობლემოდ, რაც ნიშნავდა, რომ დისკზე ჰქონდა ცოტა ხარვეზი, მაგრამ კომპიუტერში აღნიშნული ვიდეო ფაილები ჩვეულებრივ გაიხსნა. ჩანაწერი ჩაწერილ იქნა დისკზე, რომელიც მათი თანდასწრებით დაილუქა, რომლის პაკეტზეც ხელი მოაწერა მან და ადვოკატმა. მოწმე განმარტავს, რომ ექსპერტიზას ესწრებოდნენ გიორგი გოგილაშვილი, ზურაბ ებელაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, გიორგი გიორგაძე და ორი ახალგაზრდა რომელთა გვარი არ იცის, ასევე ადვოკატები. ოთახში იყვნენ სხვა პირებიც, რომელთაც აღნიშნულ ექსპერტიზასთან კავშირი არ ჰქონდათ. მოწმემ განმარტა, რომ კომპიუტერული დისკების უმრავლესობას აქვს ცალკე ნიშანი, რომელიც დისკის შიდა მხარეს დაფიქსირებულია და იკითხება საქარხნო ნომერი, რომელიც არის ინდივიდუალური და მეორე დისკი არ იმეორებს. საკვლევი ობიექტის დისკის ნომერი დაფიქსირებულია დასკვნაში. ზოგადად, მოთხოვნილი არსად არ არის, რომ ასეთი ნომერი ჩაიწეროს, მაგრამ სასურველია, რომ ყოფილიყო და თავად ნომერს ყოველთვის აფიქსირებს, როდესაც ეს შესაძლებელია. მოწმემ განმარტა, რომ ყველა დისკს შეიძლება აღნიშნული ნომერი არ ჰქონდეს.
2017 წლის 19 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე N73-ში მდებარე მაღაზიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს 11:50 წუთზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 12 საათსა და 40 წუთზე. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დათვალიერების მონაწილეებს სააქციო საზოგადოება „ნოვა ტექნოლოჯის“ ინკასატორებს გიორგი მანაგაძეს და ლევან მაჩალაძე განემარტა უფლება-მოვალეობები, რა დროსაც მათ განაცხადეს თანხმობა დათვალიერებაში მონაწილეობაზე და ხელმოწერით დაადასტურეს აღნიშნული. ამასთან განმარტეს, რომ მითითებულ ტერიტორიაზე, მათზე სამი პირის მიერ განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც გატაცებულ იქნა გიორგი მანაგაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა რენო-კლიო, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით VW556WV და მასში არსებული ფულადი თანხა. დათვალიერებით ირკვევა, რომ ადგილი, სადაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა წარმოადგენს საფიჩხიის ცენტრისკენ, გელათის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის შუა ნაწილს, მაღაზიის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს არსებულ კუთხეში, ქვეითთათვის განკუთვნილ ბილიკზე განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ნოვა ტექნოლოჯის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს თავისი კაბინით. მაღაზიის წინ არსებულ ტერიტორიას არსებულ ტერიტორიასა და გზის სავალ ნაწილს შორის მდებარეობს ორი მეტრის სიგანის გაზონი. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ამოჭრილია გადის სადრენაჟო არხის მილი, რომელზეც ზემოდან გადადებულია არმატურის მსხვილი ღეროებიდან შეკრული კონსტრუქცია. გიორგი მანაგაძისა და ლევან მაჩალაძის განმარტებით ავტომანქანა ყაჩაღურ თავდასხმამდე გაჩერებული ყავდათ აღწერილი სადრენაჟო არხის წინ, შესაბამისად სასურსათო მაღაზიის გასწვრივ, რა დროსაც აპირებდნენ მაღაზიის წინ ჩასარიცხი აპარატის ინკასირებას. დათვალიერებისას მსხვერპლმა გიორგი მანაგაძემ მიათითა ავტომანქანა რენო-კლიოს დგომის ადგილი და ასევე მის უკან არსებული მონაკვეთი, სადაც თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა პირმა იგი დააწვინა მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ. აღნიშნულ მითითებულ ადგილზე ასფალტის საფარზე დაგდებულია მამაკაცის შავი ფერის კეპიანი ქუდი, რაც გიორგი მანაგაძის და ლევან მაჩალაძის განმარტებით გაქცევისას მოძვრა ერთ-ერთ თავდამსხმელს. საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოხდა აღნიშნული ქუდის ამოღება, რაც დაილუქა საექსპერტო სამსახურის პაკეტში ნომრით FCI 409828. დათვალიერებით ირკვევა, რომ მაღაზიის წინამდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არის დაუზიანებელი, დაკეტილ მდგომარეობაში და ინკასატორების განმარტებით თავდამსხმელებს აღნიშნულ აპარატთან შეხება არ ჰქონდათ. დათვალიერდა მიმდებარე ტერიტორია 50 მეტრის რადიუსში, რა დროსაც განსაკუთრებით საინტერესო ნივთიერი მტკიცებულება აღმოჩენილი ვერ იქნა. აღნიშნული დათვალიერება დამთავრდა.
2017 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადასტურებულია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ.ქუთაისში, ნიუპორტის N2, პოლიციის მეორე განყოფილების ადმინიტრაციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს 18:30 საათზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 19:10 საათზე. მასში მონაწილეობდენენ: სს“ნოვა ტექნოლოჯის“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი - ირაკლი შანიძე და ტექნიკოს სპეციალისტი ზურაბ ხამაშურიძე. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მენეჯერ ირაკლი შანიძეს წარედგინა 2017 წლის 19 ივნისის N157/17წ. განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალება, პოლიციის მეორე განყოფილების ბალანსზე არსებული სამსახურეობრივი კომპიუტერი, დისკის წამკითხველი, ავტორეგისტრატორი და მასში არსებული მეხსიერების ბარათი, DVD დისკი, რომლის გამოყენების შესახებ წინასწარ ეცნობათ საპროცესო მოქმედების მონაწილეებს. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა, დავით კუხიანიძემ, სისხლის სამართლის N041190617001 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის N157/17წ განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი ინფორმაციის ამოღებისა და ფიქსაციის მიზნით, მოახდინა დალუქული N FCI 366408 პაკეტის გახსნა. პაკეტის მთლიანობა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში მოთავსებულია ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სს „ნოვა ტექნოლოჯის“ მფლობელობაში არსებული რენო-კლიოს, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით VW556WV, ავტოვიდეო-რეგისტრატორი, მასში არსებული მეხსიერების ბარათით. მითითებულ ბარათზე შენახულია გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეო-ჩანაწერები. საგამოძიებო მოქმედების შედეგად სააქციო საზოგადოება ნოვა-ტექნოლოჯის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერის, ირაკლი შანიძის და ამავე კომპანიის ტექნიკოსის ზურაბ ხამაშურიძის მონაწილეობით ავტორეგისტრატორის მეხსიერების ბარათი მოთავსდა სამსახურებრივი კომპიუტერის დისკის წამკითხველში, რის შედეგადაც აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ფაილები გადაწერილი და გადატანილი იქნა ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელ DVD დისკზე. „ნოვა ტექნოლოჯის“ ტექნიკოსის ზურაბ ხამაშურიძის განმარტებით რეგისტრატორს გააჩნია ორი ობიექტივი, რომელთაგან ერთი მიმართულია მანაქანის წინა, გარე მხარეს და აფიქსირებს გზის სავალ ნაწილ, ხოლო მეორე ობიექტივი ახდენს მანქანის სალონის გადაღებას. შესაბამისად ჩანაწერის მარცხენა მხარეს გამოსახულია ავტოვიდეორეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული ავტომანქანის გაქრე ნაწილის, მისი მოძრაობის მიმართულებით, ხოლო მარჯვენა ნაწილზე ჩანს ავტომანქანის სალონი. ავტორეგისტრატორი ვიდეოკამერის ობიექტივი მოიცავს სალონს შუა და მარჯვენა მხარეს. ვიდეოფაილის ქვედა ნაწილში აღნიშნულია თარიღი 2007.01.24, რაც ტექნიკოსმა ზურაბ ხამაშურიძის განმარტებით გამოწვეულია იმით, რომ ავტოვიდეორეგისტრატორის „ტაიმერს“ აქვს რეალურ დროსთან ცდომა, თუმცა წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ფაილები არის 2017 წლის 19 ივნისის ჩანაწერი და შესაბამისად, ვიდეოფაილებზე დატანილ თარიღს რეალურად შეესაბამება 2017 წლის 19 ივნისი. აღნიშნული დროით დათარიღებული ჩანაწერები მოიცავ 19 ივნისის დილიდან, ინკასაციის დაწყებიდან გაკეთებულ ჩანაწერებს, საერთო ოდენობით 08 ფაილი. ჩაწერის შემდეგ DVD დისკი დაილუქა 33/5/1/2/ ლუქის ბეჭდით, ერთ კონვერტად. ავტორეგისტრატორი თავისისვე მეხსიერების ბარათით დაილუქა ერთ პაკეტად 33/5/1/2 ლუქის ბეჭდით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულდა.
2017 წლის 19 ივნისს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ.ქუთაისში, ნიუპორტის ქ. N4-ში, პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს 19 საათსა და 25 წუთზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 22 საათსა და 35 წუთზე. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე, 125-126-ე, 134-135-ე მუხლების შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: თენგიზ მეფარიშვილი, უშანგი კვესაძე, მირიან კახიანი და ზაზა ჟორჟოლიანი. საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებულ იქნა ტექნიკური საშუალება: პოლიციის მეორე განყოფილების ბალანსზე არსებული სამსახურეობრივი კომპიუტერი, დისკის წამკითხველი, DVD დისკი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა, დავით კუხიანიძემ, სისხლის სამართლის N041190617001 საქმეზე მოახდინა 33/5/1/2 ბეჭდით დალუქული პაკეტის გახსნა. პაკეტის მთლიანობა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში მოთავსებულია DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია სს „ნოვა ტექნოლოჯის“ მფლობელობაში არსებული „რენო-კლიოს“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით VW556WV ავტოვიდეო-რეგისტრატორის მიერ გადაღებული აუდიო-ვიდეო ფაილები. საგამოძიებო მოქმედების შედეგად პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, ზაზა ჟორჟოლიანის, თენგიზ მეფარიშვილის, უშანგი კვესაძის და მირიან კახიანის მონაწილეობით DVD დისკი მოთავსდა სამსახურებრივი კომპიუტერის დისკის წამკითხველში, რის შემდეგაც მოხდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ფაილების გახსნა, გახსნის შედეგად ეკრანზე გამოდის ხმოვანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად. ჩანაწერის მარცხენა მხარეს გამოსახულია ავტოვიოდეო-რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული ავტომანქანის გარე ნაწილი მისი მოძრაობის მიმართულებით, ხოლო მარჯვენა ნაწილზე ჩანს ავტომანქანის სალონი. ავტოვიოდეო-რეგისტრატორის ვიდეოკამერის ობიექტივი მოიცავს სალონის შუა და მარჯვენა მხარეს. ვიდეოფაილის ქვედა ნაწილში ტაიმერის ცდომილების გამო აღნიშნულია თარიღი 2007.01.24 რაც შეეხება დროს იგი ჩანაწერზე აღნიშნული არ არის. ფაილზე არსებული თარიღი შეესაბამება 2017 წლის 19 ივნისს, რის გამოც დათვალიერება იწყება აღნიშნული პერიოდიდან, რა დროსაც ჩანაწერზე ჩანს 19 ივნისის სამუშაო დღის დასაწყისი და ინკასირების პროცესი. ჩანაწერზე ჩანს გიორგი მანაგაძისა და ლევან მაჩალაძის მოძრაობა ქალაქის სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ისინი ახდენენ ჩასარიცხი აპარატების ინკასირებას. გამოძიებისათვის საინტერესო ფაქტი ფიქსირდება ვიდეოფაილებზე სახელებით PICTI881, PICTI882, PICTI883 და PICTI884. რა დროსაც ობიექტივზე ჩანს ავტომანქანის მოძრაობა საფიჩხიის ცენტრიდან 26 მაისის ქუჩის მიმართულებით, სადაც მანქანა ჩერდება N73-ში მდებარე მაღაზიასთან. ამ დროს კამერის შიდა ობიექტივი იღებს მძღოლის გვერდით მჯდარ ლევან მაჩალაძეს ახლო ხედით. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ლევან მაჩალაძე გადადის მანქანიდან, რა დროსაც მანქანიდან გადასვლის შემდეგ 30 წამში რეგისტრატორის ჩანაწერზე, მანქანის უკანა მინის მიღმა ჩანს, რომ ავტომანქანისაკენ მორბის ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტის მაგვარი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირი მორბის მძღოლის მხარეს. მისი ჩაცმულობაა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოთეთრო ფერის ზედა, პირზე უკეთია ნიღაბი, რომელიც სრულად ფარავს სახეს. იმავდროულად ქუჩის მეორე მხრიდან მორბის მეორე ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოწითალო-აგურისფერი ზედა, რომელიც გარბის მანქანის გასწვრივ მდებარე ჩასარიცხი აპარატის მიმართულებით, ჩანაწერზე ამავდროულად ისმის ხმა, „გადმოდი მანქანიდან, თავი არ დეიღუპო, თორე მოგიტყნავ გამზრდელს“ „მანქანაში ხო არის გასაღები“, რითაც მძღოლს, გიორგი მანაგაძეს მიმართავს თავდამსხმელი. გიორგი მანაგაძე პასუხობს „კი“. ამის შემდეგ თავდამსხმელი ამბობს: „ხელები აწიე ზევით“ აღნიშნულის შემდეგ ისმის ხმა, „მანქანა ჩააგდე“ ხოლო შემდეგი სიტყვების გარჩევა არ ხერხდება გარედან შემომავალი ხმების ფონზე. მანქანის უკანა მინის იქეთ ჩანს, რომ თავდამსხმელს გადაყავს გიორგი მანაგაძე, რომელსაც ხელები აქვს აწეული და აწვენს მას ძირს. ამ დროს ისმის ხმა, „ჩქარა მივდივართ“. მანქანის უკანა სავარძელზე ჯდება ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოწითალო-აგურისფერი პერანგი. მითითებულ პირს ხელში უჭირავს კალაშნიკოვის სისტემის მოკლელულიანი ავტომატი. მძღოლის გვერდით თავსდება მესამე ნიღბიანი მამაკაცი და მანქანა იწყებს მოძრაობას. ავტორეგისტრატორის გარე ობიექტივი აფიქსირებს მანქანის მოძრაობას გელათის ქუჩის მიმართულებით, იმავდროულად ჩანს, რომ მანქანაში მსხდარი პირები იხსნიან ნიღბებს. კერძოდ, ჯერ ნიღაბს იხსნის უკანა სავარძელზე მჯდომი მამაკაცი და ჩანაწერზე ფიქსირდება პირი, რომელსაც აქვს ხშირი წვერი. აღნიშნული პირი მძღოლის გვერდით მჯდომ მამაკაცს აწვდის ტომრებს, რომლებშიც ინახება ინკასაციის შედეგად ამოღებული თანხები. ასევე ნიღაბს იხსნის მძღოლის გვერდით მჯდომი პირი, რა დროსაც ჩანაწერზე ახლო ხედით ფიქსირდება მელოტი, პირგაპარსული მამაკაცი. საგამოძიებო მოქმედების მონაწილის, უშანგი კვესაძის განმარტებით მათ მიერ ამოცნობილი იქნა ჩანაწერზე ფიქსირებული პირი, კერძოდ უკანა სავარძელზე მჯდომი მამაკაცი არის 1962 წელს დაბადებული ამირან სერგოს ძე ტოფაძე. უშანგი კვესაძის განმარტებით ამირან ტოფაძე არის წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი, რის გამოც წარმოადგენდა ოპერატიულად საინტერესო პირს და აღნიშნული გარემოებების გამო ის იცნობს ამირან ტოფაძეს, რომლის მეტსახელია „კოტიტა“, როგორც იცის ამირან ტოფაძე ცხოვრობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, თუმცა მისი კონკრეტული ამჟამინდელი მისამართი უცნობია. ამავე დროს საგამოძიებო მოქმედების მონაწილემ, თენგიზ მეფარიშვილმა განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილ იქნა მძღოლის გვერდით მჯდომი პირი, რომელიც არის 1981 წელს დაბადებული შაკო თურმანიძე. თენგიზ მეფარიშვილის განმარტებით მისი სამოქმედო უბანი მოიცავდა საფიჩხიის უბანს, რის გამოც იცნობს შაკო თურმანიძეს, რომელიც ცხოვრობდა ტყიბულის და განათლების ქუჩების კვეთაზე, თუმცა მისი ამჟამინდელი მისამართი მისთვის უცნობია. ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ ავტომანქანა გელათის ქუჩიდან უხვევს და მოძრაობას აგრძელებს კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ამირან ტოფაძე თანხის მოსათავსებელ ტომრებს აწვდის შაკო თურმანიძეს, რომელიც თავის მხრივ ამ ტომრებს ათავსებს შედარებით დიდი ზომის ჩანთაში, რომელსაც აქვს წარწერები. აღნიშნული ჩანთა სრულად კამერის დაფარვის არეში არ ჩანს, ვინაიდან რეგისტრატორი აფიქსირებს მანქანის ზედა ნაწილს. ამავდროულად პირები საუბრობენ, მაგრამ მანქანის ძრავისა და გარედან შემოსულ ხმებში საუბრის ნაწილი სრულად არ ისმინება. ჩანაწერზე ირჩევა ხმა, „იგი მოგვყობა უკან ბოლო-ბოლო?“ რასაც მოყვება პასუხი, „წადი ჭახათაში, წადი“ ამის შემდეგ ისმის ხმა, „რაფერ არ გამოგვყვა ბიჯო“ ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას იმავდროულად პირები იხსნიან ხელთათმანებს, ასევე ამირან ტოფაძე ფუთავს და ინახავს ავტომატს. მანქანის გარე კამერაზე ფიქსირდება მანქანის მოძრაობა ჭახათის დასახლების მიმართულებით, რა დროსაც მთავრდება ასფალტირებული გზა და მანქანა მოძრაობას აგრძელებს გრუნტის გზაზე. ხოლო შემდეგ შედის მინდორში, რა დროსაც მანქანის გაჩერების შემდგომ მძღოლის სავარძლიდან საპირისპირო მხარეს, შაკო თურმანიძის მხარეს იხრება კეპიანი მამაკაცი, რომელიც მკაფიოდ ფიქსირდება ჩანაწერზე, აღნიშნული მამაკაცი არის ის მამაკაცი, რომელიც მითითებულ დროს მართავს საჭეს. საგამოძიებო მოქმედების მონაწილის, თენგიზ მეფარიშვილის განმარტებით აღნიშნული პირი არის ვლადიმერ ფანჩულიძე, დაბადებული 1966 წელს. თენგიზ მეფარიშვილის განმარტებით ვლადიმერ გრამიტონის ძე ფანჩულიძე ცხოვრობდა საფიჩხიის უბანში, თუმცა მისი ამჟამინდელი ზუსტი მისამართი მისთვის უცნობია. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულდა DVD დისკი დაილუქა 33/5/1/2 ლუქის ბეჭდით, ერთ კონვერტად.
ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერებას ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ უბნის ინსპექტორები: თენგიზ მეფარიშვილი, ზაზა ჟორჟოლიანი, უჩა კვესაძე და მირიან კახიანი. მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც თავდასხმის მონაწილე პირები გაცდებიან შემთხვევის ადგილს იხსნიან ნიღბებს, ისმის მათი საუბარი, მოყვებათ თუ არა ვინმე უკან, ფულის ქისებს აწვდიან უკან, ფიქსირდება იარაღი, დათვალიერებაში მონაწილე პოლიციელებმა ამოიცნეს დანაშაულის ჩამდენი პირები; კერძოდ: თენგიზ მეფარიშვილის მიერ ამოცნობილ იქნა ამირან ტოფაძე, რომელიც დანაშაულის შემდეგ ჯდება ავტომანქანის უკანა სავარძელზე. მოწმის განმარტებით ვიდეოჩანაწერი იყო ძალიან მაღალი ხარისხის, გადაღებული იყო ახლოდან 40-50 სმ მანძილიდან, ცდომილება გამორიცხულია, რადგან მკაფიოდ ჩანდა ყველაფერი, ჩანაწერი ფერადია, ხმოვანი, ზუსტად ჩანს დაფიქსირებული ადამიანები. ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს აღნიშნული პირების დაკავებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის თაობაზე. მოწმემ უშუალოდ მონაწილეობა მიიღო შაკო თურმანიძის ბრალდებულის სახით დაკავებაში, მას შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი და ამიტომ მისი დაკავება განხორციელდა გამსახურდიას ქ, N5 კორპუსში, შაკო თურმანიძეს მთელ ტანზე და თავზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი დაზიანებები, როგორც მან განუმარტათ იგი გადაადგილდებოდა ეკლიან ადგილზე და დაზიანებები იქ მიიღო, მაგრამ მას კონკრეტული ადგილი არ დაუკონკრეტებია, ასევე დაკავებულ იქნენ ვლადიმერ ფანჩულიძე და შაკო თურმანიძე, ასევე ჩატარდა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. რადგან ბრალდებულები არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს საჭირო გახდა მათი ნერწყვის, სუნის და ნიმუშების აღება, რაშიდაც შესაბამისად მონაწილეობდნენ მათი ადვოკატები. შემდეგ დაინიშნა ჰაბიდოსკოპირი ექსპერტიზა, რისი დანიშვნის საფუძველი გახდა ის, რომ ხომ არ აღენიშნებოდა ვიდეო მონტაჟის კვლები. ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა ისიც, რომ მონაცემთა ბაზაში მითითებული ბრალდებულები იდენტური იყო, ასევე ვიდეოგრამაზე ასახული პირები და დაკავებული პირები, ასევე იდენტური იყვნენ, არ აღენიშნებოდა ვიდეო მონტაჟის კვალი, ვიდეო ჩანაწერის საინტერესო მონაცემები გადატანილ იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ფოტოცხრილში. ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის მიერ დადგინდა, რომ ვლადიმერ ფანჩულიძის სახლიდან ამოღებული მჭიდი და ტყვიები წარმოადგენდა გასროლისათვის ვარგისს, ხოლო დაზარალებულმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ პისტოლეტი, რომელიც მიადეს იყო „მაკაროვის“ სისტემის იარაღი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ვლადიმერ ფანჩულიძის სახლიდან ამოღებული მცენარე წარმოადგენდა „მარიხუანის“ შემცველ მცენარეს, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ავტომანქანაში მყოფი სამივე პირის სუნის კვლები ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ჩანაწერში დაფიქსირებულ თარიღს 2007 წელს, აღსანიშნავია, რომ ავტორეგისტრატორი 24 საათიანი რეჟიმით არ მუშაობს და საღამოობით იგი ითიშება, როდესაც ინკასაციის მანქანა წყვეტს მუშაობს და ყოველ დილას ხელახლა გადატვირთვისას აჩვენებს მისი წარმოების თარიღს, პროგრამის ჩატვისრთვის თარიღს- 2007 წელს. მსხდომი პირები შემდეგნაირად დაფიქსირდება: ავტომანქანას მართავს ვლადიმერ ფანჩულიძე, მის გვერდით წინ ზის შაკო თურმანიძე, ხოლო უკან- ამირან ტოფაძე. ვლადიმერ ფანჩულიძე ბოლო მომენტში შემოდის კადრში, ხოლო შაკო თურმანიძე და ამირან ტოფაძე მკაფიოდ და გარკვევით ჩანან. მოწმის განმარტებით ვიდეო ჩანაწერი გაიხსნა დაცვის მხარისათვის ჩანაწერების გადაწერისას და მტკიცებულებების ასლების გადაცემის მიზნით, ასლი გადაეცა დაცვის მხარეს სამ ეგზემპლარად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დგინდება, რომ შაკო თურმანიძე გასამართლებულია საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 22 ივნისს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის პრობაციის უფროსის ლევან შანიძის მიერ წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ შაკო ოთარის ძე თურმანიძე (დაბადებული 26.05.1981 წელს, პ/ნ 6001069316) აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დგინდება, რომ ამირან ტოფაძე გასამართლებულია აღნიშნული სასამართლოს მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და“ბ“ პუნქტებით, სსკ-ის 189-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა.
სს „ნოვა ტექნოლოჯის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 20 ივნისის N332 ლევან კირვალიძის მიმართვის წერილით დგინდება, რომ კომპანიას მიადგა ზიანი 104 332,5 (ას ოთხი ათას სამას ოცდათორმეტი ლარისა და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, კერძოდ: წაღებული თანხა -101 442.5 ლარი, მანქანის ღირებულება- 2890 ლარი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია დანაშაულზე - ყაჩაღობაზე, რაც ობიექტური მხრივ გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, მიმართულია ისეთი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაკენ, როგორიცაა უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლება და აგრეთვე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმის და მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობისას ადგილი აქვს მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით ადამიანზე თავდასხმას, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რასაც შესაძლებელია შედეგად მოყვეს თავდასხმის ობიექსტის ფიზიკური დაზიანება ან და შიშით გამოწვეული ფსიქიკური ტრამვა. თავდასხმა წარმოადგენს ადამიანის მიმართ განხორციელებულ უეცარ, ხშირად ძალადობაში გამოხატულ აგრესიულ აქტს, რომელსაც გააჩნია მოულოდნელობის ეფექტი და მიმართულია დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური პარალიზებისაკენ, რათა ამ უკანასკნელმა გაათვითცნობიეროს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მიმდინარე იმწუთიერი და რეალური საფრთხის არსებობა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა ამ უკანასკნელის მიერ აღქმული იქნას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მომდინარე რეალურ, განხორციელებად საფრთხედ, რომლის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზებით, წინააღმდეგობის გადალახვის გზით დაეუფლოს მატერიალურ სიკეთეს.
განსახილველი სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებუელებათა გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებულ და სასამართლოში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სიღრმისეული ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულების ამირან ტოფაძის, შაკო თურმანიძის და ვლადიმერ ფანჩულიძის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს. სასამართლო ასევე მიუთითებს სისხლის სამართლის თეორიასა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმზეც. კერძოდ მასზედ, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი პირობა არ არის თავდამსხმელი ვერბალურად გამოხატავდეს სიცოცხლის ან და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, არამედ დაზარალებულის მხრიდან ძალადობის შესაძლო განხორციელების რეალურად აღსაქმელად საკმარისი იარაღის, დანის ან მისი მსგავსი საგნის დემონსტრირებაც კი.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 19 ივნისს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე N73-ის წინამდებარე ტერიტორიაზ სს „ნოვა ტექნოლოჯის“ მფლობელობაში არსებული „რენო კლიოს“ მარკის ავტომობილზე და ამავე კომპანიის ინკასატორებზე გიორგი მანაგაძესა და ლევან მაჩალაძეზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რაშიც მონაწილეობდა სამი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელთაც მათ ხელთ მომარჯვებული იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღნიშნულ ავტომანქანასთან ერთად გაიტაცეს ინკასირებული თანხა 101 442.50 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელი პირების თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ მოულოდნელი თავდასხმა ინკასატორების მიმართ, დაზარალებულთა მხრიდან მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების იმ წუთიერი საფრთხის რეალურად აღქმა და იარაღის დემონსტრირება, ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით ამ უკანასკნელთა ნების პარალიზება, რათა უსიტყვოდ შეასრულონ თავდამსხმელთა მითითებები, რაც გამოიხატა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ინკასირებული თანხის დაუფლებაში მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღობა ფორმალური ხასიათის დანაშაულია და იგი დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, მოცემულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი ობიექტურად დადგა და თავდამსხმელები დაეუფლნენ დაზარალებული კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს.
სასამართლოს შეფასებით, მოვლენათა განვითარების ერთიან ჯაჭვში არსებითი, საკვანძო და ძალიან საინტერესო მტკიცებულებას წარმოადგენს ვიდეო ჩანაწერი, რომლის დემონსტრირებაც მოხდა სასამართლოში და სადაც ზუსტად, თანმიმდევრულად და ნათლად ჩანს ყველა ის ქმედება და გარემოებანი, რომელიც აღნიშნული შემთხვევის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას ახლდა თან და ამავე დროს ძალიან ნათლად და გასაგებადაა გადმოცემული თავდამსხმის თითოეული მონაწილის როლი, ფუნქცია და დაკისრებული მოვალეობა აღნიშნულ ქმედებაში.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ სს „ნოვა ტექნოლოჯის“ მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, რომლითაც ბრალდებულები გატაცებული ფულადი თანხით გადაადგილდებოდნენ დამონტაჟებული იყო აუდიოვიდეო-რეგისტრატორი, რომელიც ახორციელებდა 2017 წლის 19 ივნისის ინკასირების პროცედურას, რომლითაც კონტროლდებოდა ავტომობილს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი, აღნიშნული აუდიოვიდეო-რეგისტრატორი მასში მოთავსებული მიკრო ჩიპით ამოღებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანიდან.
აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც ვიდეო-რეგისტრატორში მოიპოვებოდა მოიცავდა 2017 წლის 19 ივნისის დილის 09:30 საათიდან 12:55 საათამდე დროის მონაკვეთს, ხოლო ჩანაწერში ასახული დრო 2007.01.24 აღნიშნავდა არა ჩანაწერში აღნიშნულ დროს, არამედ ვიდეორეგისტრატორის გამოშვების თარიღს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ 2017 წლის 19 ივნისს ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით ცალსახად დასტურდება და კარგად ჩანს ვიდეო ჩანაწერში ყაჩაღობის ჩამდენი პირების სახეები, მას შემდეგ რაც ავტომანქანის სალონში ისინი იხსნიან ნიღბებს, შესაბამისად ინსპექტორ-გამომძიებელს თენგიზ მეფარიშვილის მიერ ამოცნობილ იქნა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომი შაკო თურმანიძე და საჭესთან მჯდომი ვლადიმერ ფანჩულიძე, როგორც მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ხოლო ინსპექტორ-გამომძიებლის უშანგი კვესაძის მიერ ამოცნობილ იქნა ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი ამირან ტოფაძე, ასევე, როგორც მის ტერიტორიაზე მცხოვრები ოპერატიულად საინტერესო პიროვნება. მათი ავტომანქანაში ყოფნის ფაქტი შესაბამისად დგინდება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა „რენო კლიო“-ს წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის ზედაპირზე ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების: ვლადიმერ ფანჩულიძისაგან, ამირან ტოფაძისაგან და შაკო თურმანიძისაგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. აღნიშნული დასკვნით და დასკვნის ირგვლივ დაკითხული ექსპერტ ბესარიონ ისაკაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა 2017 წლის 19 ივნისის ყაჩაღური თავდასხმის დროს „რენო კლიოს“ ავტომანქანაში ვლადიმერ ფანჩულიძის, ამირან ტოფაძის და შაკო თურმანიძის ყოფნის ფაქტი.
2017 წლის 07ივლისის N416-ჰ ექპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „1 გამომძიებლის მიერ მითითებულ ვიდეოგრამებს სახელწოდებით “PICTI877.AVI, PICTI878.AVI, PICTI879.AVI, PICT1880.AVI, PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI,” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
2. სს N041190617001 საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით, PICT1883.AVI და PICT1884.AVI ამოღებულ ფოტოსურათებზე არსებული პიროვნებების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიცირებისათვის ვარგისია.
3. ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 26.06.1981 წელს დაბადებული შაკო ოთარის ძე თურმანიძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
4. ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 29.09.1969 წელს დაბადებული ამირან სერგოს ძე ტოფაძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე „PICT1881.AVI, PICT1882.AVI, PICT1883.AVI, PICT1884.AVI“ ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
5. ექსპერტის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზაში რიცხულ 29.09.1969 წელს დაბადებულ ვლადიმერ გრამიტონის ძე ფანჩულიძის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „PICT1884.AVI“ ამოღებულ ფოტოსურათზე ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება“.
სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ ებელაშვილმა დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერზე გამოსახული პირები არიან ვლადიმერ ფანჩულიძე, შაკო თურმანიძე და ამირან ტოფაძე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დისკისა და ჩიპზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტის გიორგი გოგილაშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ ჩიპზე და ლაზერულ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია არის იდენტური, ხოლო თავად ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მასზე ნამდვილად გამოსახულია ყაჩაღობის ფაქტი, ყაჩაღობის ჩამდენი პირები, ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღებით, რომლებიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან დაზარალებულ გიორგი მანაგაძეს და ლევან მაჩალაძეს. ავტომანქანის სალონში თავდამსხმელები მალევე იხსნიან ნიღბებს და გამოსახულებაზე აშკარად ჩანს ავტომანქანის მარჯვენა სავარძელში მჯდომი შაკო თურმანიძე, უკანა სავარძელში მჯდომი ამირან ტოფაძე, ხოლო ბოლო მომენტში კადრში შემოდის და პროფილით ჩნდება ვლადიმერ ფანჩულიძე.
თბილის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ შაკო თურმანიძე გასამართლებულია საქართველოს სსკ 19,177 მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ამირან ტოფაძე გასამართლებულია 2006 წლის 24 ოქტომბერს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით სსკ 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღნიშნული განაჩენით დგინდება, რომ შაკო თურმანიძე და ამირან ტოფაძე ნასამართლევი პირები არიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და შესაბამისად მათ მიერ ჩადენილია არაერთგზის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედება.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 19 ივნისს ყაჩაღური თავდასხმის დროს ვლადიმერ ფანჩულიძემ, ამირან ტოფაძემ და შაკო თურმანიძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სს „ნოვა ტექნოლოჯის“ კუთვნილი 101 442.50 ლარი და კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „რენო-კლიო“, სახელმწიფო ნომრით VW556WV ღირებული 2890 ლარად.
ვლადიმერ ფანჩულიძის სახლის 2017 წლის 22 ივნისის ჩხრეკისა და ამოღების ოქმით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმეების თენგიზ მეფარიშვილისა და უშანგი კვესაძის მიცემული ჩვენებებით დადგენილია ასევე, რომ ვლადიმერ ფანჩულიძე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემი „ПМ“, ერთ ცალ მჭიდს და საბრძოლო მასალას - 08 ცალ ვაზნას. ასევე მის მიერვე უკანონოდ იქნა დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) წონით 46.67გრ. რომელიც ამოღებულ იქნა 2017 წლის 22 ივნისს, ქუთაისში ნეკრასოვის ქუჩა N118-ში მდებარე ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარე არასწორ სამართლებრივ შეფასებას აძლევს ბრალდებულთა მოქმედებებს და უსაფუძვლოდ აპელირებენ ინკრიმინირებული დანაშაულში ბრალდებულების ვლადიმერ ფანჩულიძის, შაკო თურმანიძის და ამირან ტოფაძის უდანაშაულობაზე.
სასამართლო იზიარებს და აღნიშნავს მოწმეების დავით კუხიანიაძის, თენგიზ მეფარიშვილის, უშანგი კვესაძის, მირიან კახიანის, ზაზა ჟორჟოლიანის, ზაზა ტორაძის, ექსპერტების გივი ხინგავას, ოლეგი სვანაძის, იაგორ მაღლაკელიძის, მადონა ჭელიძის, ბესარიონ ისაკაძის, ზაზა ჭანკვეტაძის, გიორგი გოგილაშვილის, ზურაბ ებელაშვილის, როგორც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზებში უშუალოდ მონაწილეების ჩვენებებს და მიაჩნია, რომ ისინი თანმიმდევრულად, კონკრეტული ფაქტების დასახელებითა და აღწერით, ლოგიკურად და ზუსტად გადმოსცემენ და სწორად განმარტავენ იმ გარემოებებს, რაც მათ მიერ, როგორც უშუალოდ პროცედურებში მონაწილე პირების მიერ იქნა განხორციელებული და მათი ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი პოლიციელები და დაინტერესებული პირები არიან უსაფუძვლო და ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს საკმარისად მიაჩნია, ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, ისინი არიან ურთიერთშეჯერებული, რელევანტური საქმის გარემოებებთან და სრულ თანხვედრაშია მომხდარ და გადმოცემულ ფაქტებსა და ინფორმაციასთან.
საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოთ ხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამრთლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სრულიად ასახავენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა, საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბრალდებულების თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზეც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ:
-ამირან ტოფაძემ ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
შაკო თურმანიძემ ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ვლადიმერ ფანჩულიძემ ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
მანვე ჩაიდინა:
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მანვე ჩაიდინა:
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ამირან ტოფაძის, შაკო თურმანიძის და ვლადიმერ ფანჩულიძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობის დარღვევის, ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრებისა გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ამირან ტოფაძეს, შაკო თურმანიძეს და ვლადიმერ ფანჩულიძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე- თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, სიმძიმე და შეამციროს ამ უკანასკნელთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ამირან ტოფაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გაუქმდეს ამირან ტოფაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამირან ტოფაძეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 21 ივნისიდან.
შაკო თურმანიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ შაკო თურმანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
გაუქმდეს შაკო თურმანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შაკო თურმანიძეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ივნისიდან.
ვლადიმერ ფანჩულიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ვლადიმერ ფანჩულიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ვლადიმერ ფანჩულიძეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გაუქმდეს ვლადიმერ ფანჩულიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვლადიმერ ფანჩულიძეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 21 ივნისიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული კეპიანი ქუდი, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ავტოვიდეორეგისტრატორი, მასში არსებული მეხსიერების ბარათით, 25 ერთეული ფულადი თანხის ქისა მასში ჩასმული ლითონის ფრაგმენტებით - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ავტომაქანის საჭიდან აღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად; ავტომანქანის გასაღებიდან აღებული ანაწმენდი, საკონტროლო ნიმუშთან ერთად ერთ პაკეტად, ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ავტომანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებიდან ასევე უკანა მთლიანი სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები; ამირან ტოფაძის ნერწყვის ნიმუში, შაკო თურმანიძის ნერწყვის ნიმუში, ვლადიმერ ფანჩულიძის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული საჯარიმო ქვითრები 04 ფურცლად, სალაროს შემოსავლის ორდერები 03 ფურცლად - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
DVD-R დისკი, ქალის სამაჯური, ელექტროსადენი, ნაჭრის ბრელოკი ქამარი, ქოლგა, დაზღვევის ფურცელი, გადახდის ქვითრები, ლურჯი ფერის ცელოფნის პარკი, შინდისფერი ცილინდრი, მორუხო ფერის ნაჭრის ქურთუკი და შავი ფერის შარფი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს გარე ზედაპირის ზედა ნაწილიდან ამოღებული ორი დაქტილოფილი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანიდან და ბრალდებულებისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები - განადგურდეს.
ავტომანქანა „Renault Clio“ სახ. ნომრით VW556WV და მისი გასაღები - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შაკო თურმანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა და ზურგჩანთა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ამირან ტოფაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ვლადიმერ ფანჩულიძის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი „ნოკიას“ ტელეფონი იმეი კოდით 355863066658008; 35586306658009; მისაღებ ოთახში განთავსებული მაგიდის უჯრიდან ამოღებული ორი მართკუთხა ფორმის მორუხო მოვერცხლისფრო ფერის ნაჭრის ტომრები, თასმებიანი შესაკრავით, ასევე უჯრიდან ამოღებული „netafim” წარწერის მქონე ჯინსის კეპიანი ქუდი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
9მმ კალიბრის „ПМ“ პიესტოლეტის მჭიდი 9მმ კალ. ПМ ტიპის 08 ცალი ვაზნით - გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამნეტს.
ვლადიმერ ფანჩულიძის საცხოვრებელი სახლის მდებარედ არსებული ეზოდან ამოღებული ერთი მომწვანო ფერის მცენარე - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისაკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ავტორეგისტრატორის მეხსიერების ბარათიდან გადმოტანილი და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი