განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
050100118002388843
დავის ტიპი
276 5
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 05-------------843

საქმე N 1-----18

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--05.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: გ--------------–--ე, ნ----------ია

არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი: მ-------------–--ე

დახურულ სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------4

ბრალდებული: ვ--–--------------–--ე

მამის სახელი: მ-----ა

დაბადებული: 07-03.20-- წელი

პირადი ნომერი: 3--------68

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი თ------–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილი.

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 20-- წლის 20 ივლისს, დაახლოებით 19:15 საათზე ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ------–ში, მართვის უფლების არმქონე არასრულწლოვანმა ვ--–-------------–---მ, მდინარის გასწვრივ არსებულ საავტომობილო გზაზე ,,ლ---------ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით B----70 მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს და გადავარდა გზის გასწვრივ გამავალ მდინარეში, სადაც ავტომანქანა გადატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მგზავრი გ--------------ძე.

 

2 ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

2.1. 20-- წლის 1---------–ის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ--–--------------–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ვ--–--------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დანაშავედ, ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ვ--–-------------–---მ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–--------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–-------------–--ის ბრალეულობას. სახელდობრ, შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გ--------------ძის მიმართ, მოწმეების: ე-----–---------ის, ნ------------–--ის, ბ----------–--ის, ე---–---------–--ის, ნ----------------ს, ი-----–------------ისა და ნ-–--–---------ის ჩვენებები, ავტომობილის საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტი, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ და ვ--–-------------–--ის კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 20-- წლის 23 ივლისის სასამართლოს განჩინება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად შემოწმების შესახებ, დადგენილება ლ-–---------ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, მისი დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები, 20-- წლის 24 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, 20-- წლის 30 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თანდართული ფოტოცხრილით, 20-- წლის 20 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გ--------------ძის მიმართ, თვით ვ--–-------------–--ის ჩვენება, ვ--–-------------–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ვ--–--------------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) - წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40--2/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/0 -, § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/0 -, 0-/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–--------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით, რის გამოც ვ--–--------------–--ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

სასამართლო, ვ--–--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნობის დროს, აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ვ--–--------------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 20-- წლის 16 მაისს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების მიხედვით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.

 

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

აღიშნული კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.

 

ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73.1 მუხლით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12.3 მუხლით, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

 

დადგენილია, რომ ვ--–--------------–--ეს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენა. ასევე დადგენილია, რომ ვ--–--------------–--ე არ არის ნასამართლევი (ს.ფ. 107). აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია დაადგინოს ვ--–--------------–--ეს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს ვ--–--------------–--ე იყო არასრულწლოვანი. დაახლოებით 10 წლის წინ, მშობლების საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ არასრულწლოვანზე მეურვეობა აიღო ბებია-ბაბუამ. ავტოავარიის შემდეგ არასრულწლოვანი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კ--------ში, მამათა მონასტერში, სადაც იმყოფება დღემდე. ვ--–-------------–--- მონასტრიდან დადის ქ--------------ში, სკოლაში განათლების მისაღებად. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ დადებითი და მზრუნველობითი ურთიერთობებით გამოირჩევიან. მოზარდს აქვს სტრესის დაძლევის დადებითი უნარ-ჩვევები, განათლების მიღების სურვილი, სპორტისადმი სიყვარული, შრომისმოყვარეობა, აქვს მომავლის პოზიტიური ხედვა. ვ--–--------------–--ე არის კარგი ყოფაქცევისა და დამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების მქონე. აღნიშნული გარემოებები, სასამართლოს აძლევს პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველს, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ვ--–--------------–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია - რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე, 66-ე, 73-ე, 74-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ--–-------------–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

1.1. ვ--–-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. მსჯავრდებულ ვ--–-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ვ--–--------------–--ის (პ/ნ 3--------68) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ნ------------–--ის (პ/ნ 33--------5) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტი სოფელი თ------–ი, საკადასტრო კოდით N 2--0-.14.0--), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. ლ------ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B-----0, რომელიც დგას ქობულეთში სპეციალურ ავტოსადგომზე და ავტომანქანიდან ამოღებული საზურგის ორი ცალი შალითა, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ავტომანქანის მფლობელს, ნ------------–--ეს.

 

4.2. ვ--–-------------–--ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ--–-------------–---ს.

 

4.3. გ--------------ძის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ლ-–---------ეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა