გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018002304080
№2/575-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.05.2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - ი--ა ო-–-–----ო
წარმომადგენელი - ვ---------–-----ა
მოპასუხე - ი-----–ი ლ---------ძე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძისათვის ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილის - 1--------- წელს დაბადებული ლ---- ლ---------ძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 1--------- წელს დაბადებული ლ---- ლ---------ძე. კონფლიქტის გამო მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი ლ---- ლ---------ძე ცხოვრობს დედასთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ. მოპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, არ ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ არ არის დასაქმებული, იმყოფება მძიმე მატერიალური მდგომრეობაში და არ გააჩნია რაიმე სახის შემოსავლები. მიუხედავად ამისა მშობლის მოვალეობის შესრულებისათვის თავი არასოდეს აურიდებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ი--ა ო-–-–----ო და მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ლ---- ლ---------ძე ცხოვრობს დედასთან ი--ა ო-–-–----ოსთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ.
3.1.2. მოსარჩელე ი--ა ო-–-–----ო დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა - განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ი--ა ო-–-–----ო და ი-----–ი ლ---------ძე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შეეძინათ შვილი - 1--------- წელს დაბადებული ლ---- ლ---------ძე. 20.11.2017 წელს ი--ა ო-–-–----ო და ი-----–ი ლ---------ძე განქორწინდნენ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- განქორწინების მოწმობა;
- ლ---- ლ---------ძის დაბადების მოწმობა;
3.2.2. მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძე დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან;
3.2.3. მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძეს არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რაც მას არასრულწლოვანი შვილის - ლ---- ლ---------ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის საშუალებას მისცემდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქმის განხილვის პერიოდისათვის მოპასუხის დასაქმებისა და მისი შემოსავლების თაობაზე. ამგვარი მტკიებულების მოპოვება ვერ შესძლო სასამართლომაც. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ი-----–ი ლ---------ძე დასაქმებული არ არის და მას რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდება. ამდენად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია შემოსავალი იმ ოდენობით, რაც მას მისცემდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის საშუალებას. ამასთან, ის გარემოება, რომ ი-----–ი ლომთთიძე ამჟამად დასაქმებული არ არის, ბუნებრივია ვერ გახდება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი ალიმენტის მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი და უნარი შესწევს შრომითი საქმიანობით უზრუნველყოს შვილების სარჩენი სახსრების მოპოვება, შვილის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე სარჩენი პირის ლ---- ლ---------ძის ასაკისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას, ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით, უნდა განისაზღვროს 130 ლარის ოდენობით, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლოდასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ბავშვის უფლებათა კონვენციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; 29.11.1989 წელი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
1989 წლის 29 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებებს ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამგვარი პირობები მოიცავს შვილების უზრუნველყოფას კვებით, ჰიგიენით, საჭირო მედიკამენტებით. ამასთან, ბუნებრივია ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა თუ მის რჩენაზე მყოფი სხვა პირების მიმართ, ასევე სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვი მოთხოვნილებებს არ ამცირებს და მით უფრო არ გამორიცხავს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
მინიმალური ზღვარის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობისა თუ არასტაბილური შემოსავლის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობით დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, თვითდასაქმებისა თუ არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხის რეალური, მატერიალური მდგომარეობისა და შემოსავლების შესახებ კონკრეტული, პირდაპირი მტკიცებულებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს ვერ გახდება არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისთვის შემაფერხებელი გარემოება, რადგან უდავოა, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი, მის არასრულწლოვან შვილს კი სჭირდება მშობლების ფინანსური დახმარება, ხოლო მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში.
უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ---- ლ---------ძე იზრდება დედასთან და მხოლოდ დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. მოპასუხე კი სათანადო მონაწილეობას არ იღებს შვილის რჩენასა და აღზრდაზე. შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც. გასათვალისწინებელია, რომ ის მოპასუხე არის შრომისუნარიანი და შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით მოიპოვოს სახსრები შვილების რჩენის მიზნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 130 ლარით, ყოველთვიურად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - ლ---- ლ---------ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის13 თებერვლიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 46.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც მოცემული სარჩელის დავის საგნის ღირებულების შესაბამისად (3600 ლარი) შეადგენს 108.00 ლარს. ამასთან, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აჭარბებს 5000 ლარს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება და შეადგენს 54 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, 43.33%-ის ფარგლებში, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 23.40 ლარს. ამასთან ვინაიდან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ (600 ლარის ნაწილში) ცნო სარჩელის მოთხოვნა, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 9 ლარს.
ამდენად, მოპასუხეს, სასამართლოს მთავარ სხდომამდე აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 14.40 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი--ა ო-–-–----ოს სარჩელი მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძის მიმართ.
2. მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული ლ---- ლ---------ძის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 130 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან ლ---- ლ---------ძის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ი-----–ი ლ---------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა14.40 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი