გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2018
საქმის ნომერი
080210116001510726
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2238-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბ---ი“;

წარმომადგენელი - კ--- ჩ----ია;

მოპასუხე - ნ---- ქ-----ე;

მოპასუხე - ვ-–- კ---–-–---–ი;

მოპასუხე - თ---------- გ--------ე;

მოპასუხე - ი-----–-----ე;

წარმომადგენელი - ალექსანდე მ---------ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს - ნ---- ქ-----ეს, ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს 2015 წლის 27 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,კ------- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7341,32 აშშ დოლარის გადახდა. (აქედან სესხის ძირითადი თანხა არის 4901,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 1989,16 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 206,07 აშშ დოლარი, 160,17 აშშ დოლარი 0.27% ჯარიმა ძირ თანხაზე 150 დღის განმავლობაში, 36,17 აშშ დოლარი 5%-იანი ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებაზე, 47.97 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო).

 

მოპასუხეებს ნ---- ქ-----ეს, ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს სს ,,კ------- ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 508,86 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 150 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 21 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე მიუთითებს: 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს და ნ---- ქ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5500 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 2.35% თვიური საპროცენტო სარგებელით. სესხის ხელშეკრულების 3.2. და 5.1. პუნქტების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. მსესხებელს ჰყავს სამი სოლიდარული თავდები - ვ-–- კ---–-–---–ი, თ---------- გ--------ე და ი-----–-----ე. მსესხებელმა და სოლიდარულმა თავდებებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მათ წარმოეშვათ დავალიანება. ამჟამად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7341,32 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხა არის 4901,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 1989,16 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 206,07 აშშ დოლარი, 160,17 აშშ დოლარი 0.27% ჯარიმა ძირზე, 36,17 აშშ დოლარი 5%-იანი ჯარიმა ძირზე, 47.97 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განაცხადეს, რომ მსესხებელმა გადაიხადა ექვსი თვის სესხის თანხა, სულ 1485,08 აშშ დოლარის ოდენობით და თუ მას გააკლდება სადაზღვევო თანხის 41.08 აშშ დოლარი, დარჩენილი 1444 აშშ დოლარიდან, მას უნდა გააკლდეს პროცენტის სახით გადახდილი თვიური 2.35%-ის ოდენობით და სესხიდან რჩება 1410.85 აშშ დოლარი, ანუ გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 4089,15 აშშ დოლარს, სხვა ნაწილში სარჩელს არ ცნობენ და შეუსაბამოდ მიაჩნიათ პროცენტისა და ჯარიმების ოდენობა.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე ნ---- ქ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5500 აშშ დოლარი 36 თვით, 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, 2.35% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 27 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 22).

 

3.1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 26 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ვ-–- კ---–-–---–მა, თ---------- გ--------ემ და ი-----–-----ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 26 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 25-30).

 

3.1.3. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2016 წლის 09 მარტის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 22-23).

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ 32-382).

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალიანება სს ,,მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------ს’’ მიმართ შეადგენს 7341,32 აშშ დოლარს. აქედან სესხის ძირითადი თანხა არის 4901,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 1989,16 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 206,07 აშშ დოლარი, 160,17 აშშ დოლარი 0.27% ჯარიმა ძირზე, 36,17 აშშ დოლარი 5%-იანი ჯარიმა ძირზე, 47.97 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 22-23).

 

3.1.5. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბ---ს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კ------- ბ---ი''.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილი პირების რეესტრიდან (ს.ფ 118-121).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელესთან აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბ---მა არასწორად მოახდინა მის მიერ გადახდილი თანხების პროცენტებში ჩათვლა, ამიტომ უნდა მიეცეს საშუალება თანდათანობით დაფაროს სესხი. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბ---ის'’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე ნ---- ქ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5500 აშშ დოლარი 36 თვით, 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, 2.35% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 4089.78 აშშ დოლარის ნაწილში ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო შესაგებელით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის 2015 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში.

 

ხელშეკრულების 7.1. .7.4 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2016 წლის 09 მარტის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

6.4. მოსარჩელე თანხის დაკისრებას ნ---- ქ-----ესთან ერთად სოლიდარულად ითხოვს ვ-–- კ---–-–---–ზე, თ---------- გ--------ეზე და ი-----–-----ეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 26 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ვ-–- კ---–-–---–მა, თ---------- გ--------ემ და ი-----–-----ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი არ შეასრულეს მისმა თავდებმა პირებმაც.

 

6.5. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2.35%-ით.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბ---ო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.

 

ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. ხელშეკრულების 5.1, 5.2. პუნქტების თანახამდ, ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

მხარეებს შორის 2015 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშს დოლარში.

 

ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით და მათი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 27 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხე ნ---- ქ-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სასარჩელო მოთხოვნაში, პირგასამტეხლოს სახით სესხის ხელშეკრულებაზე მოსარჩელემ მოითხოვა ჯამურად 160,17 აშშ დოლარი 0.27% ჯარიმა ძირ თანხაზე 150 დღის განმავლობაში, 36,17 აშშ დოლარი 5%-იანი ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს (ჯარიმა) დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე, პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით, კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა უნდა განისაზღვროს 2015 წლის 27 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 18 აშშ დოლარი. ასევე უსაფუძვლოა სს ,,კ------- ბ---ი“-ს მოთხოვნა 36,17 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებმა 4089,15 აშშ დოლარის თანხის ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, სესხის ძირი თანხის ბაჟი 283,43 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოთხივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იმ თანხის (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევისა და პირგასამტეხლის თანხის ნაწილის) ბაჟი, რომელიც დაკმაყოფილდა ანუ 213,07 ლარის ოდენობით, ხოლო დაუკმაყოფილებელი თანხის - 178,34 აშშ დოლარის ბაჟი 12,36 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. ასევე ოთხივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 150 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 21 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე თ---------- გ--------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა მდებარე: ბ--------ის რაიონი, სოფელი რ------ი, ზონა: ბ--------ი 30, სექტორი: რ------ი 06, კვარტალი: 40, ნაკვეთი 075, დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ. საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ტიპი: სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01/1, №02/1, №03/1, №04/1, შენობა ნაგებობების საერთო ფართი: 183.04 კვ.მ. ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №3----------5. და ყადაღა დაედო მოპასუხე თ---------- გ--------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - ჰიუნდაი ATOS, სახ. ნომერი - B------- ტექნიკური პასპორტი - D--------, გამოშვების წელი - 1998, ვინ კოდი: K----------------, ფერი ყვითელი 7/8, რეგისტრაციის თარიღი - 20/10/2014 წელი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,კ------- ბ---ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ნ---- ქ-----ეს, ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს სს ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7162,98 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 4901,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 1989,16 აშშ დოლარი, ჯარიმა - 18 აშშ დოლარი, საკომისიო - 47,97 აშშ დოლარი, 206.07 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი) გადახდა.

1.2. სს ,,კ------- ბ---ის“ სარჩელი 178,34 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

1.3. ნ---- ქ-----ეს, ვ-–- კ---–-–---–ს, თ---------- გ--------ეს და ი-----–-----ეს სს ,,კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 213,07 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 21 ლარის გადახდა.

1.4. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ს“ დაუბრუნდეს 2016 წლის 15 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 508,86 ლარიდან - ნაწილი 283,43 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბ---ის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.

1.5. სს ,,კ------- ბ---ი“-ს მიერ გადახდილი ბაჟიდან 12,36 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

1.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა