გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2018
საქმის ნომერი
080210016001653631
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3111-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.05.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე - ს--–---- ჩ----–-–---–ი

წარმომადგენელი - ს--–---- ბ--------–---–ი

მოპასუხე - რ----- ქ----–--ე

წარმომადგენელი - მ------ ი-----–---ი

დავის საგანი: უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე რ----- ქ----–--ეს დაეკისროს 7000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რომლითაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

დავის არსის მოკლე მიმოხილვის თანახმად, 2014 წლის 12 ივნისს შედგა შემდეგი შეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვალს დამტკიცებულ იქნა მორიგების აქტი რ----- ქ----–--ესა და ს--–---- ჩ----–-–---–ს შორის, რომლის თანახმადაც რ----- ქ----–--ეს ს--–---- ჩ----–-–---–ისაგან უნდა მიეღო 25000 აშშ დოლარი და უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ი-–-----------ის გამზ. #----- უნდა დაებრუნებინა პირვანდელი მესაკუთრისათვის. მაშინ სადავო ბინა იყო რ----- ქ----–--ის საკუთრებაში და სახლში ცხოვრობდა ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებია თინა სიმონია.

 

ს--–---- ჩ----–-–---–მა ვერ შეასრულა მორიგების პირობები და მხარეებს შორის შედგა ახალი შეთანხმება 2014 წლის 12 ივნისს. რ----- ქ----–--ემ ს--–---- ჩ----–-–---–ის წარმომადგენლის ს--–---- ბ--------–---–ისაგან მიიღო 7000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 18000 აშშ დოლარი უნდა მიეღო 2014 წლის ივლისის ბოლოს. თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა რ----- ქ----–--ე პირგასამტეხლოს სახით იტოვებდა 1000 აშშ დოლარს, ხოლო 6000 დოლარს დაუბრუნებდა უკან. ს--–---- ჩ----–-–---–ი თინა სიმონიას გამოიყვანდა რ----- ქ----–--ის საკუთრებიდან. მან ვერ შეძლო 18000 აშშ დოლარის გადახდა, ამასთან გადაუხადა ამ თანხის პროცენტის სახით, სულ 1700 აშშ დოლარი.

 

რ----- ქ----–--ემ აღნიშნული ქონება გაასხვისა, თინა სიმონიაც გამოასახლა და უსაფუძვლოდ დაიტოვა 8700 დოლარი, რის შედეგადაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ე.ი. დაიტოვა უძრავი ქონებაც და 8700 აშშ დოლარიც.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მოპასუხე რ----- ქ----–--ეზე 7000 აშშ დოლარის დაკისრება, რომლითაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ----- ქ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა 25000 აშშ დოლარი სამი თვის ვადაში. მოსარჩელემ დაარღვია პირობა. 12/06/2014 წლის შეთანხმების საფუძველზე ს--–---- ჩ----–-–---–მა რ----- ქ----–--ეს გადასცა თანხის ნაწილი 7000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ დანარჩენ 18000 დოლარს გადაუხდიდა 2014 წლის ივლისის ბოლომდე.

მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება. ს--–----მ იცოდა, რომ რ----- იხდიდა 18000 დოლარის პროცენტებს და შეთანხმდნენ, რომ მას გადაეხადა რ-----სთვის პროცენტის სახით ყოველთვიურად გადაეხადა 540 აშშ დოლარი, ხოლო რ----- არ გაყიდდა სახლს. ს--–----მ 2014 წლის აგვისტოში გადაუხადა 400 დოლარი, სექტემბერში 500 დოლარი, ნოემბერში 800 დოლარი და მეტი პროცენტი აღარ გადაუხდია. მოსარჩელის ბებიამ აღნიშნულ სახლში იცხოვრა 17 თვე და რ-----ს არ მიეცა საშუალება გაეყიდა თავისი ქონება და დაეფარა პროცენტიანი ვალები, ამიტომ ს--–----ს მიცემული 7000 დოლარით მან გადაიხადა პროცენტები. ბინა რ-----მ გაყიდა 23000 აშშ დოლარად, 2000 დოლარით ნაკლებად, რის გამოც სადავო 7000 დოლარი გაქვითული უნდა იქნეს რ-----ს მიერ გადახდილ პროცენტებთან ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებელს და ითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელე ლ--–- ლ-----ეს, ს--–---- ჩ----–-–---–ს და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის, რომლის თანახმადაც მათ 3 თვის ვადაში უნდა გადაეხადათ რ----- ქ----–--ისათვის 25000 აშშ დოლარი. ამ ვადაში რ-----ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისი, ი-–-----------ის გამზირი #3----, ბინა #1-, იცხოვრებდა ს--–---- ჩ----–-–---–ის ბებია თინა სიმონია. პირობების დარღვევის შემთხვევაში ამოწერილი იქნებოდა სააღსრულებო ფურცელი, ერთი თვის შემდეგ და გამოსახლდებოდა თინა სიმონია. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში სახლი დაუბრუნდებოდა ლ--–- ლ-----ეს და აღირიცხებოდა მის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასამართლოს განჩინება (ს/ფ 33-36)

 

3.1.2. ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რის გამოც გაიცა სააღსრულებო ფურცელი 2014 წლის 06 ივნისს. ხოლო 2014 წლის 12 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენელს ს--–---- ბ--------–---–სა და მოპასუხე რ----- ქ----–--ეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება შემდეგზე: რ----- ქ----–--ე თანახმაა 2014 წლის ივლისის ბოლომდე არ გამოასახლოს თინა სიმონია და განჩინების აღსრულების გარანტად მიიღოს 7000 აშშ დოლარი, ამასთან ამავე წლის ივლისის ბოლომდე რ----- ქ----–--ეს მისცენ დარჩენილი თანხა. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში რ----- ქ----–--ე ს--–---- ბ--------–---–ს დაუბრუნებდა 6000 აშშ დოლარს, ხოლო 1000 დოლარს დაიტოვებდა პროცენტის სახით შეთანხმების დარღვევისათვის და გამოასახლებდა თინა სიმონიას. 2014 წლის ივლისის ბოლოდან მოსარჩელეს აღარ ექნებოდა პრეტენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს/ფ -101)

 

3.1.3. მოპასუხემ მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ისგან 2014 წლის ივლისიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პროცენტის სახით მიიღო ფულადი თანხა 1700 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-ხელწერილები (ს/ფ -102-104)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.4. 2014 წლის 12 ივნისს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც რ----- ქ----–--ე, ს--–---- ჩ----–-–---–ის წარმომადგენელი ს--–---- ბ--------–---–ი და ლ--–- ლ-----ე შეთანხმდნენ, რომ რ----- ქ----–--ე 2014 წლის ივლისის ბოლომდე მიიღებდა კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების გარანტად 7000 აშშ დოლარს და ივლისის ბოლოს დარჩენილ 18000 აშშ დოლარს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში რ----- ქ----–--ე დაუბრუნებდა ს--–---- ბ--------–---–ს 6000 აშშ დოლარს, ხოლო 1000 აშშ დოლარს დაიტოვებდა პირგასამტეხლოს სახით. თუმცა რ----- ქ----–--ეს 6000 აშშ დოლარი ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შეთანხმება (ს/ფ -101),-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4. რ----- ქ----–--ემ მის საკუთრებად აღრიცხული ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში, ი-–-----------ის გამზირი 3----, ბინა #1- - 2016 წლის 25 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ნინო მენაბდიშვილს.

 

სასამართლო ეყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ ),-მხარეთა ახსნა-განმარტებები (2018 წლის 23 თებერვლის სასამ.სხდომის ოქმი)

 

3.1.5. მხარეთა შორის შეთანხმება არ დადებულა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც ს--–---- ჩ----–-–---–ის მიერ გადახდილი თანხა მოპასუხე რ----- ქ----–--ემ მიიღო უსაფუძვლოდ.

 

სასამართლო ეყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს--–---- ჩ----–-–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 352-ე, 385-ე, 976-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინების საფუძველზე (დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) მოსარჩელეები ს--–---- ჩ----–-–---–ი, ლ--–- ლ-----ე და მოპასუხე რ----- ქ----–--ე მორიგდნენ, რომ მოსარჩელეები 3 თვის ვადაში გადაუხდიდნენ რ----- ქ----–--ეს 25000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი მდებარე ქ. ქუთაისი, ი.ჭ-------ის გამზირი #3----, ბინა 1- - დარჩებოდა რ----- ქ----–--ეს. მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–მა რ----- ქ----–--ეს გადაუხადა 7000 აშშ დოლარი.

 

შემდეგში მხარებმა დადეს ცალკე შეთანხმება, რომ თანხის გადახდამდე ს--–---- ჩ----–-–---–ი რ----- ქ----–--ეს გადაუხდიდა პირგასამტეხლოს ყოველთვიურად და გადახდილ იქნა 1700 აშშ დოლარი. ვინაიდან ს--–---- ჩ----–-–---–მა თანხა ვეღარ გადაიხადა, რ----- ქ----–--ემ გაყიდა აღნიშნული უძრავი ქონება 23000 აშშ დოლარად, ხოლო დაპირებული თანხა ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის არ დაუბრუნებია.

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით კი, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებულის ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ამდენად, მორიგების პირობებიდან გამომდინარე, რ----- ქ----–--ემ ს--–---- ჩ----–-–---–ისაგან მიიღო 7000 აშშ დოლარი, ხოლო ვინაიდან არ იქნა თანხა სრულად გადახდილი, რ----- ქ----–--ემ გაყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სხვა პირზე, შესაბამისად შეთანხმება შეწყდა მხარეთა შორის, ხოლო მიღებული თანხა 7000 აშშ დოლარი რ----- ქ----–--ეს ს--–---- ჩ----–-–---–ისთვის აღარ დაუბრუნებია. ამ თანხის მიღებით კი რ----- ქ----–--ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა და მან ეს თანხა უკან უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს.

 

8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

9. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ამტკიცებს, რომ ვინაიდან მოსარჩელიდან იყო შეთავაზება პროცენტის გადახდაზე, მიღებული თანხა მან კანონიერად მიიღო და არ გამდიდრებულა. მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ შესაგებელში, სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს დადგენილად მიიჩნიოს მოპასუხე რ----- ქ----–--ის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე რ----- ქ----–--ეს მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 560.41 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249ე, 364-ე-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს--–---- ჩ----–-–---–ის (წარმომადგენელი ს--–---- ბ--------–---–ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე რ----- ქ----–--ეს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს 7000 (შვიდიათასი) აშშ დოლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე რ----- ქ----–--ეს მოსარჩელე ს--–---- ჩ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 560.41 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე