გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820310018002280312
№ 3-08/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.04.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - ა---------– გ-------ე (არ გამოცხადდა)
მოსარჩელის წარმომადგენელი - ბ--- თ---–--ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხის წარმომადგენელი - მ--- დ-------
მესამე პირი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ს-------- ვ-–------
მესამე პირი - შპს კ-------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის №8----------- გადაწყვეტილება.
სარჩელში მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2016 წლის 22 აპრილს ა---------– გ-------ემ (პ/ნ 6----------- საკუთრების უფლებით მიყიდა შპს ,,კ------ს“ (ს/კ 4--------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შემდეგი მონაცემებით: მისამართი ხელვაჩაურის რაიონი სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური; დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; საკადასტრო კოდი №22.22.09.8--- საერთო ფართობი 2950 კვ.მ. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ,,მყიდველი“ შპს კ------- ვალდებული იყო ა---------– გ-------ისთვის გადაეხადა ნასყიდობის ფასი 2017 წლის 30 აპრილამდე, ნასყიდობის ფასი განსაზღვრული იყო 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარით.
ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველის მიერ არ მომხდარა ნასყიდობის თანხის გადახდა, 2017 წლის 30 აგვისტოს ა---------– გ-------ემ მოახდინა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე თავის სასარგებლოდ ვალდებულების რეგისტრაცია, რის მიხედვითაც მყიდველს აეკრძალა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით განკარგვა, უფლებრივი დატვირთვა ნასყიდობის თანხის სრულად გადახდამდე. ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოექცა გზის პროექტის ფარგლებში, მოხდა მისი ნაწილის ექსპროპრიაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 იანვარს, ჩემი წინასწარი და შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობის გარეშე მოახდინა მიწის ნაკვეთის (ს/კ 22.22.09.8--) გაყოფა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (ს/კ 2--------) მოთხოვნის შესაბამისად, დაასრულა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედება და მის შედეგად გამოცემული ახალი ადმინისტრაციული აქტი უხეშად ლახავს, ა---------– გ-------ის, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან რეგისტრაცია განხორციელდა და დასრულდა ისე რომ სააგენტოს განცხადების წარმდგენისათვის (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) არ მოუთხოვია ვალდებულების მესაკუთრის წინასწარ, წერილობითი და შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა, აღნიშნული მას ავალდებულებდა კანონი საჯარო რეესტრის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტით ა---------– გ-------ისთვის გართულდა ნასყიდობის თანხის მიღება, ვინაიდან მიწა გაიყო 2 (ორი) ერთეულ მიწის ნაკვეთად, ამასთან არსად არ არის წარმოდგენილი რას დაეყრდნო სააგენტო, როდესაც გადაწყვიტა, რომ ა---------– გ-------ის თანხმობის გარეშე მოეხდინა მიწის ნაკვეთის გაყოფა. ამასთან ა---------– გ-------ის მიერ ადგილზე მოხდა გადამოწმება, როგორი ფაქტობრივი მოცემულობა შეიქმნა გაყოფის შედეგად და მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გაყოფილი მიწის ნაკვეთებიდან ერთ-ერთს (ახალი ს/კ 22.22.15.1--) საერთოდ არ აქვს მისასვლელი გზა, რაც ბუნებრივია რამდენიმეჯერ ამცირებს მის საბაზრო ღირებულებას, შესაბამისად, მოსარჩელისთვის წარმოუდგენლად რთული ხდეა ხელშეკრულებით მისაღები თანხის რაიმე სახით მიღება. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩრების შესახებ, თუ განცხადება არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო მოეთხოვა ა---------– გ-------ის წინასწარი წერილობითი და შესაბამის წესით დამოწმებული თანხმობა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დასასრულებლად.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 04 ნოემბერს წარედგინა ა---------– გ-------ის №8----------- სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც მოითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას გარიგების საფუძველზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი სალიბაური (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 04 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში მდებარე უძრავ ქონებაზე - 2950,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (წინა ს/კ №22.22.09.843)დარეგისტრირდა ა---------– გ-------ის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს 2016 წლის 19 აპრილს წარედგინა შპს კ-------ს წარმომადგენლის ვაჟა თორდიას №8----------- განაცხადი რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი სალიბაური (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 22 აპრილის №8------------03 გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში მდებარე უძრავ ქონებაზე - 2950,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (წინა ს/კ №22.22.09.843) დარეგისტრირდა შპს კ-------ს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს 2017 წლის 03 აგვისტოს წარედგინა ა---------– გ-------ის №882017697486 სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც მოითხოვდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციას უძრავ ნივთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 04 აგვისტოს №882017697486-03 გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს კ-------ს საკუთრების უფლებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური დარეგისტრირდა ვალდებულების უფლება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 2017 წლის 21 აგვისტოს წარედგინა საავტომობილო გზების დეპარტამენტის №882017750926 სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--).
ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმების მიუღწევლობის გამო, დეპარტამენტმა დაიწყო ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №1-1/355 ბრძანებით, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზემოთხსენებულ საექსპროპრიაციო ქონებაზე, მათ შორის უძრავი ქონება საკადასტრო კოდი №22.22.09.8--, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური, საერთო ფართი 2950 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მესაკუთრე შპს კ------- (ს/ნ 4--------) საექსპროპრიაციო ფართი 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებიობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 17 აგვისტოს №882017750926-03 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა შპს კ-------ს საკუთრების უფლებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაურში, ვალდებულების გრაფაში მიეთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება იმყოფება ,,ექსპროპრიაციის რეჟიმში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №1-1/355 ბრძანებით (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 2018 წლის 16 იანვარს წარედგინა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის №8----------- სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარეხელვაჩაურის რაიონის სოფელი სალიბაური/წინსვლა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 18 იანვრის №8------------03 მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს კ-------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--) დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1436 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს კ-------ს (ს/ნ 4--------) საკუთრების უფლება.
ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილება, არის უსაფუძვლო და არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის 2018 წლის 18 იანვარს №8------------03 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 - კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისათვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმის შემოვლითი გზის მნიშვნელობას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მახინჯაურიდან ჭოროხის მდინარამდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს.
პროქტი ფინანსდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2017 წლის 12 ივნისის სასესხო ხელშეკრულებისა №3------- და საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანლს შორის 2017 წლის 17 ივნისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების №000021-GEO ფარგლებში.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია.
დეპარტამენტი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ახდენს იმ მესაკუთრეთა იდენტიფიცირებას, რომელთა კერძო საკუთრებაც გხვდება გზის განვითარების ზოლში. მიწის ნაკვეთზე (ს/კ №22.22.09.8--) მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ფიქსირდებოდა შპს ,,კვარდი“ (ს/ნ 4--------) კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა 2950 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო პროექტისთვის საჭირო იყო 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ვინაიდან მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით კომპანიასთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, დეპარტამენტმა განახორციელა ექპროპრიაციის პროცედურები და მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მიწის ნაკვეთის (ს/კ 22.22.09.8--) ნაწილზე 1514 კვ.მ-ზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2017 წლის 16 ნოემბერს გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, დეპარტამენტმა 2017 წლის 20 ნოემბრის №2/07/13366 წერილით კომპანიისგან ითხოვა საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეთავაზებული თანხის ჩარიცხვა, ვინაიდან კომპანიის მიერ არ მოხდა რეკვიზიტების წარმოდგენა, დეპარტამენტმა შეთავაზებული თანხა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩარიცხა ნოტარიუსის დეპოზიტზე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტმა კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა და 2018 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის (ს/კ №22.22.09.8--) ნაწილის 1514 კვ.მ სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის თხოვნით. საჯარო რეესტრის 2018 წლის 18 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილებით დეპარტამენტის განცხადება დაკმაყოფილდა და მიწის ნაკვეთის (ს/კ №22.22.09.8--) ნაწილის 1514 კვ.მ დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №22.22.15.1--.
მოსარჩელის მეირ მოთხოვნილია საჯარო რეესტრის 2018 წლის 18 იანვრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ხოლო საფუძვლად მითითებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რა შემთხვევაშია არარა აქტი, ხოლო ბათილობის საფუძველი მითითებულია ამავე კოდექსის მე-60 პრიმა მუხლში. შესაბამისად მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები არასწორად აქვს მითითებული.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს საჯარო რეესტრი თავად აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, დეპარტამენტის 2018 წლის 16 იანვრის განცხადებას კი ტან ერთვოდა აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია. 2018 წლის 18 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის (ს/კ 22.22.09.8--) გამიჯვნა მოხდა დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და სანოტარო აქტის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი არ უნდა გაბათილდეს.
4. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ შპს კ-------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--) დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1436 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს კ-------ს (ს/ნ 4--------) საკუთრების უფლება, ხსენებული უძრავი ქონების 2 ნაწილად გაყოფა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი,შესაგებელი, მხარეთა განმარტებები, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ
ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა---------– გ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. სამართლებრივი შეფასება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
8.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
8.3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 18 იანვარს შპს კ-------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №22.22.09.8--) დაყო ორ საკადასტრო ერთეულად: №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო №22.22.15.1-- საკადასტრო კოდის მქონე 1436 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს კ-------ს (ს/ნ 4--------) საკუთრების უფლება, ხსენებული უძრავი ქონების 2 ნაწილად გაყოფა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების და სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის საჭიროა თვით სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
9.საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------– გ-------ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი