განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2018
საქმის ნომერი
080100118002354781
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/226-18 წ.

გამოძიების N041301017002

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----- ს--–----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---------– გ--------ე

პირადი N2----------

მამის სახელი: ტ------–-

დაბადებული: 04.07.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: თ--------–-, სოფ. ბ----------ი

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 იანვარს დაახლოებით 12 საათზე, ა---------– გ--------ემ უკანონოდ შეაღწია ტყიბულში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ტ--------–ის ქუჩა #57-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ექვს ცალ ალუმინის მასალისაგან დამზადებულ ფანჯარას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 21 იანვარს დაახლოებით 09 საათზე ა---------– გ--------ემ უკანონოდ შეაღწია ტყიბულში, ტ--------–ის ქუჩა #57-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შვიდ ცალ ალუმინის მასალისაგან დამზადებულ ფანჯარას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 23 თებერვალს დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე ა---------– გ--------ემ უკანონოდ შეაღწია ტყიბულში, ტ--------–ის ქუჩა #57-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაეუფლებოდა ორ ცალ ალუმინის მასალისაგან დამზადებულ ფანჯარას ღირებულს ორას ლარად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 200 ლარის მატერიალური ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ა---------– გ--------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– გ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა---------– გ--------ის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, პირადი ჩხრეკის ოქმი, ფერადი ლითონის ჯართის მიღების ჟურნალის დათვალიერების ოქმი, საქაგმოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების: მ------- ბ---------ის, ჯ------- ს------–--ის, ო------ მ----ს, ა-–---------- გ---–--–ის, კ------- ქ-------ის, ი---- ბ------ის, გამოკითხვის ოქმები, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის კობა გიორგაძის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ა---------– გ--------ის გამოკითხვის ოქმი,ცნობა ზიანის ოდენობის თაობაზე და სხვა მტკიცებულებები რომლებიც, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე, მიღებული იქნა მტკიცებულებებად და ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ა---------– გ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ა---------– გ--------ემ ჩაიდინა - ქურდობა და ქურდობის მცდელობა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ ა---------– გ--------ეს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრლადებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - ქურდობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ა---------– გ--------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. ა---------– გ--------ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, ეხმარება ოჯახს, თანახმაა აანაზღაუროს ზიანი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ამასთან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---------– გ--------ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ამასთან, სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს საქმის გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ა---------– გ--------ე, ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

2. ბრალდებული ა---------– გ--------ე, ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

3. ბრალდებული ა---------– გ--------ე, ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბრალდებულ ა---------– გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. ა---------– გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი ლითონის ე.წ. ლომი, რომელიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს. ხოლო 15 ერთეული ფანჯრის ალუმინის დეტალები და ა---------– გ--------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ა---------– გ--------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ა---------– გ--------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე