განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
080100118002356473
დავის ტიპი
284 1 , 177 1
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/231-18 წ.

გამოძიების N041170118005

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- ზ-------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ხ----–--ე

პირადი N6----------

მამის სახელი: ა---------–-

დაბადებული: 24.01.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: არმქონე

მისამართი: ქ. ქუთაისი, ნი---ს ქ. #54/43

 

ადვოკატი - ვალერი კვანტალიანი

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 08:47 საათზე ქ. ქუთაისში, ნი---ს ქუჩა #21/52-ში თავის საცხოვრებელ სახლში საკუთარი კომპიუტერიდან გ------- ხ----–--ემ უნებართვოდ შეაღწია მ------ ტ--–----ის ,,თ-------“ ბანკის GE29TB00000025001344883 ანგარიშზე და სხვადასხვა ტოტალიზატორის ანგარიშზე გადარიცხა თანხა, რითაც მ------ ტ--–----ეს მიაყენა 125 (ასოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 08:47 – 10:46 საათის პედიოდში ქ. ქუთაისში ნი---ს ქუჩა 21/52-ში თავის საცხოვრებელ სახლში საკუთარი კომპიუტერიდან გ------- ხ----–--ემ უნებართვოდ შეაღწია მ------ ტ--–----ის ,,თ-------“ ბანკის GE29TB00000025001344883 ანგარიშზე და სხვადასხვა ტოტალიზატორის ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ------ ტ--–----ის კუთვნილ თანხას, რითაც მ------ ტ--–----ეს მიაყენა 125 (ასოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ გ------- ხ----–--ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.

 

2. ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ხ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- ხ----–--ის ბრალეულობას, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ტ--–----ის, მოწმეების: რ--------- ჯ------ს, ე-–--- ლ------ს, გ------- კ---–--ის და ბრალდებულ გ------- ხ----–--ის გამოკითხვის ოქმები, პლასიკური ბარათის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ტელეფონის დათვალიერების ოქმი, ვებგვერდის დათვალიერების ოქმი, ამონაწერის ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე, მიღებული იქნა მტკიცებულებებად და ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გ------- ხ----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ------- ხ----–--ემ ჩაიდინა - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ გ------- ხ----–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრლადებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და ქურდობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ------- ხ----–--ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

დამამძიმებელი გარემოება საქმეზე არ მოიპოვება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

კომპიუტერული ქსელების შექმნამ გამოიწვია მათი შესაძლებლობების გამოყენება, კრიმინალური მიზნებისათვის, რის გამოც, კომპიუტერული სისტემის დაცვის სავალდებულოობა გათვალისწინებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის შემადგენლობით.

სსკ-ის 284-ე მუხლის შემადგენლობა ობიექტური მხრივ გამოიხატება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში. აქედან გამომდინარე, ამ დანაშაულის შემადგენლობა ფორმალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულ დანაშაულს წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის განხორციელების მომენტიდან და არა ამ სისტემაში არსებული მონაცემების დაუფლების, დაზიანების ან სხვა მავნე შედეგის დადგომიდან, ე.ი სსკ-ის 284-ე მუხლის შემადგენლობა დამთავრებულია თუ განხორციელდა მოქმედება-კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. ამ დროს დანაშაულის მოტივს (ანგარება და სხვა) მნიშვნელობა არა აქვს.

ამდენად, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ გ------- ხ----–--ის მიმართ სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. გ------- ხ----–--ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მუშაობს, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლწესრიგის ნორმების უგულებელყოფას და ამით გამოწვეულ მოვლენათა დარღვევის ხარისხს. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, ბრალდებულმა ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და ქურდობა, საიდანაც, აშკარად იკვეთება ბრალდებულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება და მართლწესრიგის დარღვევის მაღალი ხარისხი, რადგანაც, მის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება მიმართულია სხვისი ქონების ფარულად დაუფლებისაკენ, რაც, ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო, ბრალდებულის დადებით პიროვნულ მახასიათებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარს.

 

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ამასთან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ხ----–--ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირათად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს ჯარიმას. რადგან, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ------- ხ----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ბრალდებული გ------- ხ----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ხ----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გ------- ხ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ,,თიბისი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე