გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
180210118002284314
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/61-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე: შპს ,,სა--------------–---’’

წარმომადგენელი: ირ---–- და------------

მოპასუხე: სსიპ ს-----–---------------------–-----------–------ ცენტრი

წარმომადგენელი: გი------ ხა--------, გი------ და-----–---–-, გი------ მჟ-------

დავის საგანი: ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 დაევალოს მოპასუხე სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს მიიღოს, 2017 წლის 24 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1---ის საფუძველზე, შპს ,,სა------------–----’’ მიერ შესრულებული სამუშაო.

 

1.2 დაეკისროს მოპასუხე სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს 30 609,81 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები

 

შპს „სა------------–---“ და სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--–---–- სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი (აბრეშუმის ჭიის სახლი) ობიექტის მშენებლობა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 198,555.74 ლარს. ავანსის სახით შემსყიდველის მიერ გაიცა თანხა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-მდე და ამასთანავე, მიმწოდებელს მოეთხოვა საბანკო გარანტიის წარდგენა. მოსარჩელემ წარადგინა სს „ბანკი ქართუს“ გარანტია (59,566.00 ლარი), ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების და ფორმა N2-ების საფუძველზე. ასევე, სამუშაოების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ფორმა N2-ების ექსპერტიზა აკრედიტებული ექსპერტის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები იყოფოდა 5 ეტაპად და თითოეული მათგანის შესაბამისი წესით ჩაბარების შემთხვევაში და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ხდებოდა თითოეული ეტაპის ჩაბარება და შესაბამისი ანგარიშსწორება წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით. შემსყიდველის მიერ ჩაბარებული იქნა 4 ეტაპი და განხორციელდა შესაბამისი ანგარიშსწორება, მაგრამ მე-5 ეტაპის ჩაბარებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოსარჩელემ გასწია 30 605.81 ლარის ღირებულების სამუშაო და უარი ეთქვა აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ გარანტისგან მოითხოვა შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების თანხა - 41,126.76 ლარი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ წარადგინა ასევე სს „თიბისი ბანკის“ მიერ 2017 წლის 23 მაისს გაცემული N2239111-8951331 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 9,929.55 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია ითვალისწინებს საგარანტიო თანხის შემცირებას - საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის ვალდებულების დოკუმენტური და ბენეფიციარის მხრიდან წერილობით დადასტურებული შესრულების პროპორციულად. 4 ეტაპი ჩაიბარა შემსყიდველმა ორგანიზაციამ და აღიარა სამუშაოს რაღაც ნაწილის შესრულება, შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, საგარანტიო თანხა უნდა შემცირდეს სწორედ შესრულებული სამუშაოების პროპორციულად და შესრულებული სამუშაოების ღირებულებას აუცილებლად უნდა დაემატოს 30 609,81 ლარის შესრულებაც, რომლის ჩაბარებაზეც უარს აცხადებს შემსყიდველი ორგანიზაცია.

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. მოპასუხის მითითებით მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო იყოფოდა ეტაპებად და თითოეული მათგანის შესაბამისი წესით ჩაბარების შემთხვევაში და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ხდებოდა თითოეული ეტაპის ჩაბარება და შესაბამისი ანგარიშსწორება წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. მათი მხრიდან ჩაბარებული იქნა 4 ეტაპი და შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდა. რაც შეეხება მეხუთე ეტაპის ჩაბარებას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასრულებული არ იყო შენობის მშენებლობა და შესაბამისად არ იყო წარმოდგენილი ექსპერტიზაგავლილი ფორმა N2.

 

2017 წლის 24 მაისის N1-- ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულების გაფრომების დღიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მისი მოქმედების პერიოდში წარმოდგენილი ყველა ექსპერტიზაგავლილი ფორმა N2-ის საფუძველზე ცენტრის მიერ განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორება, ხოლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშრებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 24 მაისს მოსარჩელე შპს ,,სა------------–----’’ და სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1--. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--–---–- სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი (აბრეშუმის ჭიის სახლი) ობიექტის მშენებლობა. ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 198 555,74 ლარს. თანხის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ების საფუძველზე, ასევე სამუშაოების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ფორმა N2-ების ექსპერტიზა აკრედიტებული ექსპერტის მიერ. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეესრულებინა მისთვის გადაცემული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-14)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- 2017 წლის 24 მაისის N1-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

იხ.(ს.ფ. 15-22)

 

3.1.2 მხარეთა შორის 2017 წლის 20 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ცვლილება იქნა შეტანილი 2017 წლის 24 მაისის ხელშეკრულებაში, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც შესასრულებლი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმება (ს.ფ. 23);

 

3.1.3. ავანსის სახით შემსყიდველის მიერ გაიცა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-მდე თანხა და ამასთანავე მიმწოდებელს მოეთხოვა საბანკო გარანტიის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად შპს ,,სა-------------–----’’ წარადგინა სს ,,ბანკი ქართუს’’ საბანკო გარანტია (59 566 ლარი) ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. 2017 წლის 23 მაისს შპს ,,სა------------–----’’ მიერ წარდგენილი იქნა ასევე სს ,,თიბისი ბანკის’’ საბანკო გარანტია (9 929,55 ლარი), მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-14)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- 2017 წლის 20 ივნისის N5651-06/17 საბანკო გარანტია (ს.ფ. 26)

- 2017 წლის 23 მაისის N2239111-8951331 (ს.ფ. 38)

 

3.1.4. 2018 წლის 05 იანვარს სსიპ ს-----–---------------------–-----------–------- ცენტრმა წერილით მიმართა სს ,,ბანკი ქართუს’’ და აცნობა, რომ მიმწოდებლის მიერ არ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სრულად და მოითხოვა 20.06.2017 წლის N5651-06/17 საბანკო გარანტიის ფარგლებში მითითებული თანხიდან შესასრულებელი (დარჩენილი) სამშენებლო სამუშაოების ღირებულების - 41 126,76 ლარის დაბრუნება 5 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- სსიპ ს-----–---------------------–-----------–-----ი ცენტრის 2018 წლის 5 იანვრის და 2018 წლის 11 იანვრის წერილები (ს.ფ. 35-37 და 40)

 

3.1.5 მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოს ოთხი ეტაპი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ ჩაბარებული იქნა და განხორციელდა შესაბამისი ანგარიშსწორება. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოს მე-5 ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა ვადაგადაცილებით და კვლავაც დარჩენილი არის გარკვეული სახის სამუშაოები, რის გამოც ვერ ხერხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 04.04.2018 წ სხდომის ოქმი 12:38:21სთ)

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ 1-14)

- შესაგებელი (ს.ფ. 66-100)

- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 43-46)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის წარმომადგენლის ირ---–- დახუნდარიძის განმარტებით, მათ უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი შესრულებული სამუშაოს, კერძოდ მე-5 ეტაპის ჩაბარებაზე და მათ მიერ გაწეული ხარჯის 30 609,81 ლარის ანაზღაურებაზე. მისივე განმარტებით, ძირითადი სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა დროულად, მაგრამ ტექნიკური მიზეზების და ფინანსური პრობლემების გამო ზოგიერთი სამუშაო დარჩა შეუსრულებელი. ამასთან, დროულად (ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 2017 წლის 31 დეკემბრამდე) ვერ მოხერხდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შემსყიდველისათვის. რაც გახდა მიზეზი მოპასუხის მიერ მეხუთე ეტაპის ჩაუბარებლობის. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შპს ,,თი აი ეი ჯი- აუდიტესკორტის’’ 2018 წლის 11 იანვრის ინსპექტირების ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის თანახმად ინსპექტირების ჯგუფის მიერ ობიექტზე ჩატარებული იქნა აზომვითი სამუშაოები, ასევე ფოტო ფიქსირება, შედეგად განხორციელდა ფაქტიური აზომვებით მიღებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, ფორმა N2-ში და ფარულ სამუშაოთა აქტებში დაფიქსირებული შესრულებული სამუშაოების მოცულობების შედარება, შედეგად გამოვლინდა ნაკლებობით შესრულებული სამუშაოები. დასკვნითი ნაწილის თანახმად კი, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წ--–---–- (საკადასტრო კოდი N72.02.---2--), ს-----–---------------------–-----------–------ ცენტრის ბალანსზე რიცხულ ნაკვეთზე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი ობიექტის (აბრეშუმის ჭიის სახლის) სამშენებლო სამუშაოების (ელექტრონული ტენდერის SPA1--------) V-ეტაპის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით ღირებულებამ შეადგინა 30 609,81 ლარი დღგ-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვების გათავალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,თი აი ეი ჯი-აუდიტესკორტის’’ 2018 წლის 11 იანვრის ინსპექტირების ანგარიში (ს.ფ. 28-34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. მოპასუხე სსიპ ს-----–---------------------–-----------–------ ცენტრის მოსაზრებით, მას არ წარმოშობია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს (მეხუთე ეტაპის) ღირებულების 30 605,81 ლარის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულების მე-4 მუხლის (ანაგრიშსწორების პირობები) თანახმად ,,მიმწოდებელთან” ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, სრული თანხის 30%-ის გადახდა მოხდება სამუშაოს დაწყებისას ამავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში ავანსის სახით გადარიცხული თანხების გაქვითვა განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების და ფორმა N2-ის საფუძველზე, დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება ასევე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ების საფუძველზე.

 

24.05.2017 წლის N1-- ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების თითოეული ეტაპის შესრულების შემდგომ უზრუნველეყო მის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ების ექპერტიზა. მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 2017 წლის 31 დეკემბრამდე არ დაასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მოსარჩელეს არ წარუდგენია მოპასუხისთვის ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც მოპასუხეს წარმოეშვებოდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან დაკისრებული სამუშაო შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოპასუხე სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს შპს ,,სა-------------–----’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 30 605,81 ლარის გადახდა და იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს ,,სა-------------–----’’ და სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-- ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად ,,მიმწოდებელთან” ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, სრული თანხის 30%-ის გადახდა მოხდება სამუშაოს დაწყებისას ამავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში. დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება ასევე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ების (მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების თითოეული ეტაპის შესრულების შემდგომ უზრუნველეყო მის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ების ექპერტიზა) საფუძველზე. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების ღირებულების სრული თანხის 30%-ის - 59 566,00 ლარის გადახდა მოხდა სამუშაოს დაწყებისთანავე, როდესაც მოსარჩელემ ამავე ოდენობის თანხაზე წარადგინა საბანკო გარანტია. დადგენილია და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ მან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) არ წარუდგინა მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნა შესასრულებელი სამუშაოს მე-5 ეტაპის დასრულების შესახებ, ამასთან მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მათ მიერ ობიექტის მთლიანად დასრულება არ მომხდარა და კვლავ არის დარჩენილი სამუშაოები. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოების საპატიო მიზეზად მოსარჩელის წარმომადგენლმა დაასახელა ამინდი და გარეკეთილმოწყობის სამუშაოების ცვლილება, მისივე განმარტებით ის დრო, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, არ იყო საკმარისი მათ მიერ ვალდებულების შესასრულებლად, რაზეც სიტყვიერად (არა წერილობით) არაერთხელ მიმართეს სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები და შპს ,,სა-------------–----’’ მიერ მოპასუხისათვის არ მომხდარა დასრულებული სამუშაოს (მე5 ეტაპის) ექსპერტიზის დასკვნის და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა, ამავე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოშობია შესრულებული სამუშაოს ღირებულების 30 609,81 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებულია, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების არსებობა, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4., 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. .სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან შპს ,,სა-------------–---’’ სსიპ ს-----–---------------------–-----------–----- ცენტრისათვის უნდა შეესრულებინა გარკვეული სამუშაო, კერძოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წ--–---–- სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი (აბრეშუმის ჭიის სახლი) ობიექტის აშენება, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (აბრეშუმის ჭიის სახლის მშენებლობა) უნდა დაესრულებინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და მის მიერ შესასრულებლი სამუშაოს თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა განეხორციელებინა ფორმა N2-ების ექსპერტიზა. შემსყიდველის მიერ კი თითოეული ეტაპის ჩაბარება და შესაბამისი ანგარიშსწორება მოხდებოდა წარდგენილი საექსპერტი დასკვნების გათვალისწინებით. დადგენილია რომ შპს ,,სა-------------–----’’ მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს არ წარუდგენია მოპასუხისათვის ხელშეკრულბის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული (ექსპერტიზაგავლილი) სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი. უფრო მეტიც სამუშაოები სრული მოცულობით დღეის მდგომარეობითაც არ არის დასრულებული, რის გამოც ამავე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოშობია შესრულებული სამუშაოს, კერძოდ, მე-5 ეტაპის ღირებულების 30 609,81 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ,,სა-------------–----’’

უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,სა-------------–----’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია