გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 820210018002326788 (2-113/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.04.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე: ეკ-------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი: მზ----–-------ძე
მოპასუხე :მე----------ძე,მოპასუხის წარმომადგენელი: ნო----------ძე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მე----------ძეზე არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული მი-–---------ძის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 250 ლარი ოდენობით
მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მე----------ძესთან. 2017 წლის 17 აგვისტოს მე----------ძეს და ეკ-------ძეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში 2011 წლის 24 ოქტომბერს შეეძინათ ქალიშვილი მი-–---------ძე, რომელიც მასთან იზრდება და ფინანსურად უზრუნველყოფს ეკ-------ძე. ბავშვის მამა - მოპასუხე მე----------ძე, იმის მიუხედავად რომ აქვს საკმაო შემოსავალი, არავითარი მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში. ამიტომ იძულებულია ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ ცნეს. განმარტეს, რომ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არა რეალურია და მოპასუხე ვერ შეძლებს მის გადახდას. იმის მიუხედავად, რომ აქვს სამსახური, მე----------ძეს აქვს სხვა ვალებიც, საბოლოოდ თანხმობა განაცხადეს ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს მე----------ძეს და ეკ-------ძეს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობის ასლი
3.1.2. მე----------ძესა და ეკ-------ძეს 2011 წლის 24 ოქტომბერს შეეძინათ შვილი მი-–---------ძე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა.
3.1.3.მოსარჩელე ეკ-------ძე და მოპასუხე მე----------ძე ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი მი-–---------ძე ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ეკ-------ძესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მხარეთა შორის სადავოა საკითხი მოპასუხე მე----------ძის შემოსავალის, ხარჯებისა და ალიმენტის ოდენობის თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მე----------ძეს მუშაობს შპს ბათუმის წყალში და აქვს სოლიდური შემოსავალი. ამიტომ მასზე ალიმენტის სახით 250 ლარის დაკისრება გონივრული და კანონიერია.
მოპასუხე არ უარყოფს, რომ მუშაობს და აქვს შემოსავალი, მაგრამ აცხადებს, რომ აქვს სხვა დავალიანებებიც, ის თანახმაა როგორც კი ექნება საშუალება, უფრო მეტიც გადაიხადოს თავისი შვილისათვის, მაგრამ ამჟამად ვერ შეძლებს მოთხოვნილი თანხის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადახდას.
საქმეზე წარმოდგენილი ცნობით უდავოდ დგინდება, რომ მე----------ძეს მუშაობს შპს ბათუმის წყალში და მისი სხელფასო განაკვეთი თვეში შეადგენს 700 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
2.მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
3. ცნობა N655
4.შრომითი ხელშეკრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე მე----------ძეს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული მი-–---------ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.
.5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
-საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში.
6.2. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით:
,,1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.''
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი მი-–---------ძე დაბადებული 2011 წლის 24 ოქტომბერს. იგი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მე----------ძე განქორწინებულია და არ ცხოვრობს მოსარჩელესთან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ეკ-------ძეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. საერთოდ, ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 250 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვი, ალიმენტის სახით 250 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება არ უნდა განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი არაა საკმარისი. მას აქვს სხვა ხარჯები და ვალები, ამიტომ ამ ხარჯების გაწევას და კიდევ 250 ლარის ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. საქმეზე წარმოდგენეილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხის შემოსავალი წარმოადგენს 700 ლარს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხიდან ექვითება საშემოსავლო 20%, აქვს სხვა ხარჯებიც, ასევე კომუნალური გადასახადები და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. ამ შეფასებიდან გამომდინარე ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 250 ლარის ალიმენტის სახით გადახდას. თავის მხრივ არც მოპასუხის პოზიციაა გასაზიარებელი და საფუძვლიანი. ის მოითხოვს ალიმენტის სახით100 ლარის დაკისრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი მი-–---------ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა. სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ ბავშვის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარიც არაა საკმარისი მისი რჩენისა და აღზრდისათვის მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2018 წლის 27 თებერვლიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის მი-–---------ძის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი შეადგენს 1800 ლარს, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე ალიმენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამ ნაწილში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ეკ-------ძის სარჩელი მე----------ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე მე----------ძეს (პ/-------------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2011 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული მი-–---------ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, 2018 წლის 27 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე.
3 მოპასუხე მე----------ძეს (პ/-------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358).
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე