გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411210016001479370
(2/55-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.05.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
აბაშის მუნიციპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე
მოსარჩელე - შპს ,,კრ------ მე---------ი’’
წარმომადგენელი - ჯა----ლ სტ------ა, პა----ა შუ-–--ა
მოპასუხე - ამ----ნ ხა----ი
დავის საგანი - სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ამ----ნ ხა----ისათვის მოსარჩელე შპს ,,კრ------ მე---------ი’’-ს, სასარგებლოდ 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 2037,75 ლარს, საიდანაც: სესხის ძირია-650.00 ლარი, საკომისიო-91.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1296.75 ლარი, მოსარჩელე ამცირებს პირგასამტეხლოს 37.75 ლარით და საბოლოოდ ითხოვს ამ----ნ ხა----ისათვის 2000 ლარის თანხის გადახდევინებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ამ----ნ ხა----მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის -650 ლარისა და საკომისიოს- 91 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 08 ივლისს მოპასუხე ამ----ნ ხა----ს გაუფორმდა ელექტრონული ხელშეკრულება №99---------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 650.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის დაბრუნების ვადა - 07.08.2015 წ. პროცენტი- 30 დღეზე 15%, ჯარიმა (პირსაგამტეხლო)- 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს თანხის გადახდა უნდა მოეხდინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ელექტრონული ხელშეკრულება №99---------
3.2.2 მოპასუხე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.3. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში დავალიანება შეადგენს 2037,75 ლარს, საიდანაც: სესხის ძირია-650.00 ლარი, საკომისიო-91.00 ლარი, ხოლო პირსაგამტეხლო 1296.75 ლარი, მოსარჩელე ამცირებს პირგასამტეხლოს 37.75 ლარით და საბოლოოდ, ითხოვს ამ----ნ ხა----ისათვის 2000 ლარის თანხის გადახდევინებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,კრ------ მე---------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 140 ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 15 მაისს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლოს მცდელობის მიუხედავად, საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვინაიდან საქმის მომზადების ყველა ეტაპი გავლილი იყო, მხარეთა თანხმობის საფუძველზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა სასამართლოს მთავარ სხდომაში.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ამ----ნ ხა----ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მას ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდია, ასევე არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ერთადერთი გარემოება რაზეც ის აპელირებს იყო ის, რომ მას ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ქონდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთა ძირითადი ვადებულება და სარგებელი ჯამში შეადგენს 2000 ლარს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1259 ლარის ოდენობით, შეუსაბამოა შეუსრულებელ ძირითად ვალდებულებასთან, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელთან მიმართებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას 1259 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 140 ლარით.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''შპს ,,კრ------ მე---------ი’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 881 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 650 ლარი, სარგებელი - 91 ლარი, პირგასამტეხლო - 140 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენს 741 ლარის პროპორციულად- 22.23 ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (22.25 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხე გათავისუფლდა სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 140 ლარის პროპორციულად- 4.20 ლარს, ხოლო 23.55 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტიში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ”კრ------ მე---------ს”-ს სარჩელი მოპასუხე ამ----ნ ხა----ის მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. მოპასუხე ამ----ნ ხა----ს (პ/ნ 02---------) შპს ”კრ------ მე---------ს”-ს (ს/კ 40------6) სასარგებლოდ დაეკისროს 881 (რვაას ოთხმოცდაერთი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, საკომისიო - 91 ლარი და პირგასამტეხლო - 140 ლარი;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს - 4.20 (ოთხი ლარი და ოცი თეთრი) ლარს,1.4. მოსარჩელე შპს ”კრ------ მე--------ს”-ს (ს/კ 40------6) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს, სს თიბისი ბანკის, #1--------- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან - 22.25 ლარი, ხოლო დარჩენილი 23.55 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე