გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017001982246
N 3/116-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
10 იანვარი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი: თამთა ჩულუხიძე, ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - მი----–----ალაია;
მოპასუხე - მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერია;
მოპასუხის წარმომადგენელი - კახ----------–--ე, თუ----–-------–--ვი;
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის N1070 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის №1070 ბრძანებით ქ. მარ-----–ში, 26 მ----- ქუჩაზე, მდებარე მიწის ნაკვეთის ღობის მშენებლობის წარმოებისათვის დაჯარიმდა 2000 ლარით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის №1070 ბრძანება არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემობათა გამო: ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 1999 წლის 4 ოქტომბრის თავდაცვის სამინისტროსთან დადებული N1 ხელშეკრულების საფუძველზე, ,,აფხაზეთის მეომართა კავშირს“ მარ-----–ის N1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე გამოეყო 17 ჰა მიწა და უმოქმედო შენობა-ნაგებობები, რაც სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაეცა მას სამეურნეო საქმიანობისათვის 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულებაში გაწერილი იყო ხელშეკრულების დადების მიზნობრიობა და შეწყვეტის შემდეგ ვეტერანების საკუთრებაში გადაცემა. თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბთან შეთანხმებით დამტკიცებულია ამონახაზი გენ-გეგმიდან შენობა ნაგებობის აღდგენის და ახალი ობიექტის მშენებლობის შესახებ. სათანადო მიმართვის საფუძველზე დადებულია ხელშეკრულება N48 საძიებო საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე, რაზეც თანხა გადახდილია ,,აფხაზეთის მეომართა კავშირი“-ს მიერ. მოსარჩელე განმარტავს, რომ 04.10. 1999 წ N1 ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს მარ-----–ის N1 სამხედრო ქალაქში 633 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 83.02.30.4-5, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წერილის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 02.02.2017 წ გაატარა სახელმწიფო საკუთრებად ვეტერანების გაუმჯობესებებთან ერთად მისი შემდგომ დევნილ ვეტერანებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნაგებობა, რომლის უკანონო მშენებლობასაც ედავება გამგეობა, აშენებულია ჯერ კიდევ 1999 წელს და მას რაიმე მშენებლობა არ უწარმოებია. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას ევალებოდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის როგორც დაინტერესებული პირისთვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. მარ-----–ის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოპასუხეს სადაო საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი კახ----------–--ე სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
4. მესამე პირის პოზიცია:
4.1. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ მონაწილეობდა სასამართლო პროცესზე.
5.1. ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. დადგენილია, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 30 მ----- მითითებით მი----–----ალაიას დაევალა 5 დღის ვადაში ქ. მარ-----–ი, 26 მ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/კ 8---------15 ღობის უნებართვო მშენებლობის გამოსწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 30 მ----- მითითება;
5.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ივნისის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ქ. მარ-----–ი, 26 მ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/კ 8---------15 ღობის მშენებლობა. შემოწმებით დადგინდა, რომ მი----–----ალაიას 2017 წლის 30 მ----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ჰქონდა შესრულებული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 6 ივნისის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი;
5.1.3. დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 633.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე, ქ. მარ-----–ი, 26 მ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
5.1.4. მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის №1070 ბრძანებით მი----–----ალაია ღობის უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის დაჯარიმდა 2000 (ორიათასი) ლარით და დაევალა მშენებარე ღობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის №1070;
5.1.5. დადგენილია, რომ 1999 წლის 4 ოქტომბრის ქ. მარ-----–ში გამოთავისუფლებული N1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის აფხაზეთის მეომართა კავშირზე დამაგრების შესახებ N1 ხელშეკრულებით, თავდაცვის სამინისტრო 10 წლის ვადით სამეურნეო საქმიანობისათვის გადასცემს აფხაზეთის მეომართა კავშირს ქ. მარ-----–ში, გამოთავისუფლებულ N1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიას და შენობა-ნაგებობას, სათანდო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით რომელშიც მიეთითება ქონების რეალური მდგომარეობა გადაცემის თარიღისათვის.
აფხაზეთის მეომართა კავშირი საკუთარი ძალებით მოახდენს იმ შენობა - ნაგებობების აღდგენას, რომელისაც ის გამოიყენებს თავისი საქმიანობისათვის და დაასაქმებს საქართთველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1999 წლის 4 ოქტომბრის ქ. მარ-----–ში გამოთავისუფლებული N1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის აფხაზეთის მეომართა კავშირზე დამაგრების შესახებ N1 ხელშეკრულება;
მიღება-ჩაბარების აქტი;
6.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. საქმის განხილვა-გადაწყვეტის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია ვინ აწარმოა სადავო ღობის მშენებლობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი----–----ალაიას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს.
6.3. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.
სასამართლო მიუთითებს ამავე კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია კანონის მოქმედების არეალი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში. კანონის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების დადგენას: სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის და პასუხისმგებელი პირის დადგენას. ხსენებული გარემოებების დაუდასტურებლობის პირობებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” - მოთხოვნებს, რის გამოც სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმით გამოვლენილი უნებართვო მშენებლობა არ არის ნაწარმოები კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე. სასამართლო განმარტავს, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მი----–----ალაია სადავოდ ხდის მის მიერ სამართლდარღვევის ჩადენის ფაქტს და მიუთითებს, რომ მას რაიმე სახის მშენებლობა, და მით უგრო უკანონო ღობის მშენებლობა არ მოუხდენია. მისი განმარტების თანახმად, ,,აფხაზეთის მეომართა კავშირს“ მარ-----–ის N1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე 17 ჰა მიწის ნაკვეთი და უმოქმედო შენობა ნაგებობები გადაეცათ 10 წლის ვადით და სახელმწიფოსგან გადაცემის დროსაც კი აღნიშნული ღობე არსებობდა.
საქმეში წარმოდგენილი მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 30 მ----- მითითებით მი----–----ალაიას დაევალა 5 დღის ვადაში ქ. მარ-----–ი, 26 მ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/კ 8---------15 ღობის უნებართვო მშენებლობის გამოსწორება. 2017 წლის 6 ივნისის მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ქ. მარ-----–ი, 26 მ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს/კ 8---------15 ღობის მშენებლობა. შემოწმებით დადგინდა, რომ მი----–----ალაიას 2017 წლის 30 მ----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ჰქონდა შესრულებული.
6.4 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;
6.5 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ანსაზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის - როგორც სამართალდამრღვევის მიმართ სახდელის დადება. განსახილველ შემთხვევაში მი----–----ალაიას სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
ადმინისტრაციული კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს. კერძოდ, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ საქმის წარმოების მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული უკანონო მშენებლობა.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის N1070 ბრძანება მი----–----ალაიას დაჯარიმებისა და დემონტაჟის შესახებ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
g a d a w y v i t a :
1. მოსარჩელე მი----–----ალაიას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 ივნისის N1070 ბრძანება;
-
2. დაევალოს მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე