განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-2---18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რ---------------–---- სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გიორგი გოგალაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლ--------–--------ი (დაბ. 09.01.1--- წელს, პირადი N-----------), ნასამართლობის მქონე, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრაციის და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: ქ. თ---–--------------–---------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- ლ--------–--------ი, რომელსაც რ---------------–---- სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 262-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ფო-----–-----------–------------ საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მართავდა ,,მ------ს’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - Z--------.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
ლ--------–--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინება, ა.ბიბილაშვილის პატაკი და თანდართული ადმინისტრაციული მასალები, მოწმეების - ა----------–-–---–--------------------------- გამოკითხვის ოქმები, რ---------------–---- სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენი, შსს მომსახურების სააგენტოს წერილი, თავად ლ--------–--------ის გამოკითხვის ოქმი და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--------–--------ი, რომელსაც რ---------------–---- სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 262-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ფო-----–-----------–------------ საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მართავდა ,,მ------ს’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - Z--------. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ლ--------–--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ლ--------–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ე.ი. ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად.
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ხელს უშლის მართლმსაჯულების ამოცანების განხორციელებას. განაჩენის აღუსრულებლობა მსჯავრდებულს ათავისუფლებს დამსახურებული სასჯელის მოხდისაგან, რითაც საშიშროება იქმნება დანაშაულის რეციდივისთვის.
დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა, ასევე უმოქმედობით - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ არ ასრულებს კანონიერ გადაწყვეტილებას, ითვალისწინებს შედეგს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ინტერესებისათვის ზიანის სახით და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
ბრალდებულ ლ--------–--------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბრალდებულ ლ--------–--------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ლ--------–--------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან ლ--------–--------ი თ---–----------–----------------–---------–-–------------ს №1------ განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 6 თვე, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილიდან ნაწილი 3 წლის და 6 თვის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წელი, რაც ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებით სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 350 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ლ--------–--------ის მიმართ სახეზეა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო-ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საბოლოო სასჯელის განსაზაღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ლ--------–--------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლ--------–--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თ---–----------–----------------–---------–-–------------ს №1------ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ლ--------–--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
2. ლ--------–--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ---------------–---- სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი