გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
010210017002028846
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002028846

საქმე №2-2862/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2018 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ლ--–--------------ე

წარმომადგენელი - გ---–-------–-–---–-

მოპასუხე - ლ-–-------ე

წარმომადგენელი - რ--------–--ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-–-------ეზე არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 07 სექტემბერს დაბადებული ლ---------ის და 2012 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულისათვის 300 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე ლ-–-------ეზე სარჩელის აღძვრამდე გასული 22 თვის ალიმენტის დაკისრება, სულ 13200 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ლ--–--------------ე და ლ-–-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

- განქორწინების მოწმობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2010 წლის 07 სექტემბერს დაბადებული ლ---------ე და 2012 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი-----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ---------ის დაბადების მოწმობა.

- ი-----------ის დაბადების მოწმობა.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მათი საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ლ--–--------------ესთან ერთად და მათ რჩენასა და აღზრდაზე ზრუნავს მოსარჩელე. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენაში და აღზრდაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტება.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ამჟამად გარდა მხარეთა საერთო შვილებისა, კმაყოფაზე სხვა არავინ არ ყავს. ასევე დადგენილია, რომ მართალია მოპასუხეს არა აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, მაგრამ იგი პერიოდულად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს აქვს საკმაო შემოსავალი იმისათვის, რომ მან შეძლოს ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება ლ-–-------ის შემოსავლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტება.

 

3.2.4. ლ--–--------------ემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 28 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ კერძოდ: ლ-–-------ეს მისი არასრულწლოვანი შვილების ლ---------ის და ი-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით 2017 წლის 28 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხეზე გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”ბავშვის უფლებათა კონვენციით”, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე და 1215-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის დაცვა. მისთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგება მშობელისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ--–--------------ეს და ლ-–-------ეს ჰყავთ საერთო შვილები: 2010 წლის 07 სექტემბერს დაბადებული ლ---------ე და 2012 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი-----------ე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ მოსარჩელე ლ--–--------------ესთან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

დადგენილია, რომ ლ---------ე და ი-----------ე არიან არასრულწლოვნები, რომელთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელიც თავად ზრდის ბავშვს უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ არჩილ დიასამიძეს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234 მუხლის თანახმად იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელეს ალიმენტის გადახდის თაობაზე სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს მოპასუხისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2017 წლის 28 ივლისიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების ლ---------ის და ი-----------ის სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150-150 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე ალიმენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამ ნაწილში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ლ--–--------------ის სარჩელი ლ-–-------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე ლ-–-------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 07 სექტემბერს დაბადებული ლ---------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით 2017 წლის 28 ივლისიდან ლ---------ის სრულწლოვანებამდე.

1.2. მოპასუხე ლ-–-------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით 2017 წლის 28 ივლისიდან ი-----------ის სრულწლოვანებამდე.

1.3. ლ--–--------------ეს უარი ეთქვას მოპასუხეზე გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე.

 

2. მოპასუხე ლ-–-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე