გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
160210018002336321
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002336321

საქმე № 2/248-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - სს ,,და------------------–-----------------------ო“;

წარმომადგენელი - ვა------------------ე, რა----------ა, არ----------------ი, გუ---------–--–-–---–ი;

მოპასუხე - ამ--–-------ი

წარმომადგენელი - ზა-------------–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ამ--–-------ს სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 6907 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2015 წლის 4 მარტს მარნეულიდან ბოლნისის მიმართულებით ,,ფორდის“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო NJUJ031) მოძრაობისას, მოპასუხე ამ--–-------მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეულ, შ--------------------------------“ კუთვნილ ,,ტოიოტას“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო N CMG200). შ--------------------------------“ კუთვნილი ,,ტოიოტას“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში. შ--------------------------------“ კუთნილ ,,ტოიოტას“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 6907 ლარი. სს ,,და------------------–-----------------------ო“-მ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, აუნაზღაურა დამზღვევს 6907 ლარის ოდენობით ზიანი, დამატებით ,,ი-----ს“ გადახდილი აქვს შპს ,,ავტოექსპერტიზასთვის“ 60 ლარი, ზიანის შეფასების საფასური. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში ,,ი-----ს“ გადახდილი აქვს 21 ლარის ოდენობით მომსახურების საფასური.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ამ--–-------მა წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2015 წლის 4 მარტს, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტით“ გადაადგილდებოდა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის, მარნეული-ბოლნისის მონაკვეთზე. საპირისპირო მხარეს მოძრავმა რუხი ფერის ,,გაზელის“ მარკის ავტომანქანამ არასწორი საგზაო მანევრირების შედეგად, შექმნა აშკარა საავარიო სიტუაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხის ავტომანქანისგან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით, დასახლებულ პუნქტში შესვლის მიზნით მკვეთრად გადმოუხვია გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მხარეს და საავარიო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ამ--–-------მა ერთადერთ სწორ გამოსავლად ჩათვალა გადასულიყო გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს და ამით აეცილებინა ავტო-საგზაო შემთხვევა. მაგრამ მიუხედავად მოპასუხის მიერ მიღებული ზომებისა, იგი შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, რითაც ვერ აიცილა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წარმოშობილი პროვოცირებით დამდგარი შედეგი. არც ავტო-საგზაო შემთხვევის დადგომის მომენტში და არც შემდეგ, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი, რომ დაზიანებული ავტომანქანა, კერძოდ შ--------------------------------“ კუთვნილი ,,ტოიოტას“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება, დაზღვეული იყო სს ,,და------------------–-----------------------ოში“. აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო ამ--–-------ის მოტივაციის ჩამოყალიბებას იმ მხრივ, რომ დაზარალებულთან მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად ტიტე ყიფშიძეს არ ექნებოდა პრეტენზია დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო სახსრების მოპასუხისაგან ამოღების თვალსაზრისით და არც საჯარიმო ავტოსადგომზე ითხოვდა დაზიანებული ავტომანქანის გადაყვანას. მოპასუხემ არ იცოდა ავტომანქანის დაზღვევის შესახებ, სადაზღვევო კომპანიას არ წაუყენებია მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მის მიერ ანაზღაურებული ზიანის თანხების ამოღების მიზნით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სარჩელზე დართულ და სადაზღვევო კომპანიის მიერ წარმოდგენილ ზიანის შეფასების აქტს, სადაც მითითებულია აშკარად გაზრდილი ხარჯთაღრიცხვა. ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო არაიდენტიფიცირებული ავტომანქანის არასწორი მანევრის შედეგად. საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახური ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყველა გარემოება და მხოლოდ მის მიერ მიღებული ყველა გონივრული საპროცესო მოქმედების საფუძველზე დაედგინა სამართალდარღვევის ბრალეულობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 4 მარტს, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, მოპასუხე ამ--–-------ი (პ/ნ 1----------), მართავდა „FORD TRANSIT”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: JUJ 031, რომლითაც შეეჯახა შპს ,---------------------------“-ს კუთვნილ “TOYOTA”-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით CMG 200, რომელსაც მართავდა ტიტე ყიფშიძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.03.2015 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N ევ993693;

- 04.03.2015 წლის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა ოქმთან დანართი;

- 04.03.2015 წლის ამ--–-------ის ახსნა-განმარტება;

- 04.03.2015 წლის ტ---------–---ს ახსნა-განმარტება;

 

3.1.2 ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ამ--–-------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.03.2015 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N ევ993693;

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018)

 

3.1.3. შპს ,---------------------------”-ს კუთვნილი “TOYOTA”-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს ,,და------------------–-----------------------ო“-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.02.2015 წლის სახმელეთო საშუალებათა დაზღვევის პოლისი (№MI 44813/14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018).

 

3.1.4. შპს ,,კ------------------------ს“ სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებულ იქნა 6907 ლარის ოდენობით (დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად:

1) კაპოტი - 822 ლარი; 2) წინა მარცხენა ფრთა - 400 ლარი; 3)წინა მარცხენა ფრთის მოლდინგი - 150 ლარი; 4) წინა ბამპერი კომპლექტში - 700 ლარი; 5) წინა მარცხენა ნისლის ფარი -220 ლარი; 6) წინა მარცხენა ფრთისქვეშა საფარი - 100 ლარი; 7) წინა მარცხენა ,,ცაპკა“-300 ლარი; 8) წინა მარცხენა ამორტიზატორი - 250 ლარი; 9) წინა მარცხენა ზედა დაკიდების ბერკეტი - 120 ლარი; 10) წინა მარცხენა ქვედა დაკიდების ბერკეტი-300 ლარი; 11)საჭის მექანიზმის წევა -50 ლარი; 12) საჭის მექანიზმის წევის დაბოლოება - 30 ლარი; 13) სტაბილიზატორის დაბოლოება - 30 ლარი; 14) აკუმულიატორი - 180 ლარი; 15) რელეების ყუთი - 80 ლარი; 16) ძარის წინა მარცხენა ნაწილი +ეკრანი - 600 ლარი; 17) მოლდინგის სამაგრი კლიპსი - 30 ლარი; 18) წყლის რადიატორი დიფუზორით - 450 ლარი; 19) წინამარცხენა ფარი - 450 ლარი; 20) სარობოტე სამუშაოები - 500 ლარი; 21) სათუნუქე სამუშაოები - 500 ლარი; 22) სამღებრო სამუშაოები, 4 საჭერი - 400 ლარი; 23) პოლირება - 50 ლარი; 24) დაშლა,აწყობა -100 ლარი; 25) სავალი ნაწილების შეკეთება - 80 ლარი; 26) თვლებსშორისი ნახარის გასწორება - 15 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ავტოექსპერტიზა“-ს ხარჯთაღრიცხვა;

- 23.03.2015 წლის ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი დამზღვევისათვის 6907.02 ლარის გადარიცხვის თაობაზე (საგადასახადო დავალება N 3495).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 4 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ამ--–-------ის მიერ ავტოტრანსპორტის მანევრირების წესების დარღვევის შედეგად.

 

2015 წლის 4 მარტს, ავტო საგზაო შემთხვევის გამო შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი-ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მოპასუხე ამ--–-------ი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე. ამ--–-------ს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციით, ამ--–-------ს გადახდილი აქვს ჯარიმის თანხა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოების საპირისპირო მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელშიც აღნიშნა, რომ ავტო საგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა არა მისი ბრალით, არამედ სხვა, დაუდგენელი ავტომანქანის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. მოპასუხეს ავტო საგზაო შემთხვევაში თავისი ბრალეულობის გამომრიცხავი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

3.2.2. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენს 6907 ლარს, რაც დასტურდება შპს ,,ავტოექსპერტიზა“-ს ხარჯთაღრიცხვით. მართალია მოპასუხემ სადავო გახადა აღდგენითი ხარჯის ღირებულება, მაგრამ მას თავისი მოსაზრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა ავტო საგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობა, ასევე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა არ წარმოუდგენია არც ბრალეულობის გამომრიცხავი მტკიცებულება და არც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ალტერნატიული შეფასების შესახებ მტკიცებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სს „და------------------–-----------------------ო“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 799-ე, 832-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობას ითვალისწინებს დაზღვევის ხელშეკრულება. სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. სადაზღვევო რისკი კი ის საფრთხეა, რომლისგანაც დაზღვეულის დამზღვევის ქონება ან პიროვნება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,და------------------–-----------------------ოს“ და შპს ,,კ------------------------ს“ შორის გაფორმებული იყო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება. 2015 წლის 4 მარტს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა. მოპასუხემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მოახდინა შეჯახება შპს ,---------------------------“-ს კუთვნილ ავტომანქანაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, როდესაც მზღვეველზე გადადის ის მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, რაც ცნობილია სუბროგაციის პრინციპით. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. აღნიშნულის გამო, უნდა განვასხვაოთ სადაზღვევო-სამართლებრივი ზიანი და სამოქალაქო-სამართლებრივი ზიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს უფლება აქვს წარადგინოს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებელი, მათ შორის ზიანის მოცულობის მიმართ.

 

დადგენილია, რომ შპს ,---------------------------“-ს კუთვნილ ავტომანქანის მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 6907 ლარს, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად აუნაზღაურა დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ავტო საგზაო შემთხვევის დროს შპს ,---------------------------“-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლს არ წაუყენებია პრეტენზია მოპასუხისათვის. შესაბამისად ვინაიდან დამზღვევმა უარი განაცხადა მოპასუხის მიმართ თავის მოთხოვნაზე, მზღვეველი არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ,,TOYOTA“-ს მარკის ავტომანქანა წარმოადგენს შ--------------------------------“ კუთვნილებას. შესაბამისად დამზღვევ პირს წარმოადგენს შპს ,---------------------------“. ის გარემოება, რომ ავტომანქანის მძღოლს პირადად პრეტენზია არ ჰქონდა მოპასუხის მიმართ, არ ნიშნავს, რომ დამზღვევმა უარი განაცხადა მოპასუხის მიმართ თავის მოთხოვნაზე. არც მხარის ახსნა-განმარტებით, ასევე არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დამზღვევმა უარი განაცხადა მესამე პირის მიმართ მოთხოვნაზე, ასევე ის, რომ ავტომანქანის მძღოლს-ტიტე ყიფშიძეს შპს ,---------------------------“-ს მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება სადაზღვევო შემთხვევის გამო დამზღვევის მიერ მესამე პირის მიმართ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 4 მარტს, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, მოპასუხე ამ--–-------ი (პ/ნ 1----------), მართავდა „FORD TRANSIT”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: JUJ 031, რომლითაც შეეჯახა შპს ,---------------------------“-ს კუთვნილ “TOYOTA”-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით CMG 200.. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ამ--–-------ის მიერ ავტოტრანსპორტის მანევრირების წესების დარღვევის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ამ--–-------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად სახეზეა მიყენებული ზიანი, მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და აღნიშნულ ქმედებას და დამდგარ ზიანს შორის არსებობს კავშირი, ვინაიდან დადგენილია, რომ დამდგარი ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილი პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია, რათა გამოირიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლოს საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,კ------------------------ს“ მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა 6907 ლარის ოდენობით ზიანი, რაც დადასტურებულია მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს ,,ავტოექსპერტიზა“-ს ხარჯთაღრიცხვით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ აღნიშნული თანხა აუნაზღაურა დამზღვევს - შპს კ------------------------ს“. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მას ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული შეფასების შეუსაბამობას მიყენებულ ზიანთან და საბაზრო ღირებულებასთან.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 210 ლარი და გაწეულია ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯი 81 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ამ--–-------ს მოსარჩელე სს „და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6907 ლარის 3% - 207.21 ლარის გადახდა. ხოლო მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟის თანხა - 2.79 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის-81 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „და------------------–-----------------------ო“-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ამ--–-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6907 (ექვსი ათას ცხრაას შვიდი) ლარის გადახდა.

 

2. ამ--–-------ს სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 207.21(ორასშვიდი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 81 (ოთხმოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.

 

3. სს ,,და------------------–-----------------------ო“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ზედმეტად გადახდილი 2.79 ლარი (გადახდის თარიღი: 01.03.2018. საგადასახადო დავალება N 1931, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300093150; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე