გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002156815
№2/4171-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე
მოსარჩელე სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ი
წარმომადგენელი რა---ი მა-----–---–ი
მოპასუხე ლა–ა ბუ-----–ა
წარმომადგენელი ნა---ა ბუ-----–ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ლა–ა ბუ-----–აზე, სსიპ ბათუმის შო---------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის 418 ლარის ოდენობით დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი (ვალდებულების არარსებობა) და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 1 ოქტომბერს ბსუ-ს რექტორის N3-555 ბრძანებით მოპასუხე ჩაირიცხა სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამით (ბაკალავრიატით) სასწავლებლად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველ კურსზე და აიღო ვალდებულება გადაეხადა სწავლის საფასური. უნივერსიტეტს სტუდენტთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბსუ-ს რექტორის 2008 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება N3-555 (ს.ფ.17)
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 12 ივნისის N01-09/263 ბრძანებით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, რომელთაც 2014 წლის ივნისის მდგომარეობით არ ქონდათ გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ ქონდათ გადახდილი გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის 1/3, შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი. მათ შორისაა ლა–ა ბუ-----–ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/263, 12/06/14წ.
3.2.2. დადგენილია, რომ ლა–ა ბუ-----–ას სტუდენტის სტატუსი შეუჩერა 2014 წლის 12 ივნისს, ხოლო სარჩელი მის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 3 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასარჩელო განცხადება.
-სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის რექტორის ბრძანება N01-09/263, 12/06/14წ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის აზრით, ლა–ა ბუ-----–ას ვალდებულებას განსაზღვრავდა არა ხელშეკრულება, არამედ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანება, სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება 20.04.2011წ. N02 "სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესის შესახებ" და უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 სექტემბრის N01-08/30 ბრძანება. აღნიშნული აქტები, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მოქმედებდა როგორც უნივერისტეტის შიდასამართლებრივი აქტები, რომლითაც განსაზღვრულია სწავლის გადახდის წესი და ვადა და ამავე წესით სწავლის საფასურის გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებელია.
მიუხედავად ზემოაღნიშნული შიდასამართლებრივი დოკუმენტებისა, ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, გაფორმებული არ ყოფილა. ამდენად არ არსებობს მოპასუხე ლა–ა ბუ-----–ას უფლება-ვალდებულებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მოპასუხეს იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელესთან გააფორმებდა ხელშეკრულებას და შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს. ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებში იგულისხმება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ურთიერთ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
მხარის, კონკრეტულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა;
იგივე გამომდინარეობს საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთერთი წყაროა სწავლის საფასური.
შესაბამისად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდა და გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის; აქედან გამომდინარე, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უნივერსიტეტის მიერ მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმებას და მომსახურების გაწევას;
6.3. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის 1/3-ის დავალიანების გადახდას. დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2014 წლის 12 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 3 ნოემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ საფუძველს და მომსახურების გაწევის ფაქტს დადგენილად ჩათვლიდა, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი; კერძოდ, მოცემული წესის თანახმად სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს სხვა ვალდებულებებთან ერთად სწავლის საფასურის გადახდის პირობები და ვადები;
მოცემული წესის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებით გადაიხადოს სწავლის საფასური. დადგენილია, რომ უნივერსიტეტი ითხოვს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გადაახადს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2014 წლის 12 ივნისის ბრძანებით და ამ დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე. ამდენად, თუ იგი თვლიდა, რომ მოპასუხეს დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი სწავლის საფასური, მას ამის თაობაზე მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სულ მცირე სამი წლის ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროისათვის, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 3 ნოემბერს, ანუ სამი წლის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბათუმის შო---------------–--------–-–---------------------ის სარჩელი ლა–ა ბუ-----–ას მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე;
2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე