გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
611210018002380513
საქმე № 2/111-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - ვალ-------------ვა
წარმომადგენელი - ნან---------–---–ი
მოპასუხე - სამ----------–---ი
თარჯიმანი- სუსანა მარტიაშვილი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სამ----------–---ისათვის შვილის - 2015 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული აი------------–---ას სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2014 წლიდან მხარეები იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 16 ოქტომბერს შეეძინათ შვილი - აი------------–---ა.
მხარეთა ერთობლივი თანაცხოვრება გაგრძელდა 2017 წლის ბოლომდე. მხარეებს არ ჰქონდათ სტაბილური საოჯახო ურთიერთობა. მოპასუხე სისტემატურად აგდებდა სახლიდან მოსარჩელეს, შვილთან ერთად. ბოლო დაშორების შემდეგ მოსარჩელემ გადაწყვიტა, რომ აღარ შეურიგდეს მოპასუხეს. მოსარჩელე მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე. იგი საერთოდ არ ინტერესდება შვილის მდგომარეობით. მოსარჩელე არ მუშაობს, იმყოფება მამის კმაყოფაზე. მოპასუხეს არ გააჩნია მატერიალური პრობლემები, მას საკუთრებაში გააჩნია სამი ავტომანქანა, ასევე მისი ოჯახის საკუთრებაშია უძრავი ქონება. მოპასუხის კმაყოფაზე არავინ არ იმყოფება, მას სხვა ოჯახი არ შეუქმნია და გარდა აი------------–---ასი, მას სხვა შვილი არ ჰყავს.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა და ცხოვრების სათანადო პირობების შენარჩუნება მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილის რჩენა-აღზრდისათვის.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სამ----------–---მა შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში. აღნიშნა, რომ 250 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ვინაიდან ამჟამად არის უმუშევარი და არანაირი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. აღნიშნული პოზიცია დაადასტურა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზეც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვალ-------------ვა და სამ----------–---ი 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018).
3.1.2. ვალ-------------ვას და სამ----------–---ს ჰყავთ საერთო შვილი - 2015 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული აი------------–---ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აი------------–---ას დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 17)
3.1.3. ვალ-------------ვა და სამ----------–---ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; აი------------–---ა ცხოვრობს დედასთან ერთად, ვალ-------------ვას მამის საცხოვრებელ სახლში, მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018).
3.1.4. ვალ-------------ვა არ მუშაობს. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. ვალ-------------ვა და აი------------–---ა იმყოფებიან ვალ-------------ვას მამის კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018).
3.1.5. სამ----------–---ს არ აქვს შექმნილი სხვა ოჯახი, აი------------–---ას გარდა მას სხვა შვილები არ ჰყავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 10.05.2018).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სამ----------–---ი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას. იგი მუშაობს და აქვს შესაძლებლობა მიიღოს საკუთარი თავის და შვილის რჩენისათვის აუცილებელი სახსრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი არის უმუშევარი და არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მუშაობს მუშად, გარდა ზამთრის პერიოდისა და მისი ყოველდღიური შემოსავალი არის 15 ლარი. ამასთანავე დადგენილია, რომ მას არ აქვს შექმნილი სხვა ოჯახი და არ ჰყავს სხვა შვილები, აი------------–---ას გარდა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი და აქვს უნარი და შესაძლებლობა გამოიმუშავოს, როგორც საკუთარი თავის, ისე შვილის რჩენისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
“ბავშვის უფლებათა კონვენცია".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას, როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ამდენად, ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ სამ----------–---ი არის შრომისუნარიანი, როგორც თავად მოპასუხემ განაცხადა იგი მუშაობს, ზამთრის თვეების გარდა, აქვს შემოსავალი, დღიურად 15 ლარის ოდენობით, მას არ ჰყავს სხვა ოჯახი, სხვა შვილები. მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. ვალ-------------ვა არ მუშაობს, აი------------–---ა საჭიროებს მშობლების დახმარებას, მისი აღზრდა-განვითარების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა, არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მოზარდი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ა.შ. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბავშვის დედა - ვალ-------------ვა არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნისუფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
სასამართლო აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე: ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 120 (ასოცი) ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს ალიმენტის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებები. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ვალ-------------ვა ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე სამ----------–---მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ - 50 ლარის დაკისრების ნაწილში, ამდენად, სამ----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25.20 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვალიდა ბადალოვას სარჩელი სამ----------–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე სამ----------–---ს შვილის აი------------–---ას (დაბადებული 2-----–-–----- ოქტომბერს, პ/ნ2----------- რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 2 აპრილიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე;
2. მოპასუხე სამ----------–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25.20 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე