გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017001973330 (2-340/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------+"
წარმომადგენელი: მარიამ ხაზარაძე
მოპასუხეები: - ცი-------------ძე, და-------------ძე, მა--------------–-ძე.
მოპასუხე ცი-------------ძის წარმომადგენელი: ელ---------------ე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2016 წლის 31 აგვისტოს N4518964-1462 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცი-------------ძეს, და-------------ძეს, მა--------------–-ძეს, შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 4316.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 3625 ლარი, ხოლო 619.20 ლარი არის ჯარიმა.
1.2. სარეალიზაციოდ მიექცეს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული , და-------------ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ა---––---, საკადასტრო კოდი 22.23.---1---
1.3. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის ღონისძიებით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეული იქნეს მოვალეთა საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.
1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
1.5. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 130 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+“-ს, ცი-------------ძესა და და-------------ძეს შორის 2016 წლის 24 ივნისს გაფორმდა იპოთეკის NI--- გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ცი-------------ძის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა და-------------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ა---––---, ს/კ 22.23.---1---
2016 წლის 31 აგვიტოს მისოს, ცი-------------ძეს, და-------------ძესა და მა--------------–-ძეს შორის გაფორმდა სესხის N4518964-1462 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეცცი-------------ძემ მიიღო სესხი 4320 ლარის ოდენობით.
მოვალის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მას დავალიანების ნაწილი აქვს გადახდილი 1386.2 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხის მიერ დღემდე არ ხორციელდება მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეხე და-------------ძემ და ცი-------------ძის წარმომადგენელმა ელ---------------ემ სასამართლო სხდომაზე დაეთახმნენ სარჩელის მოთხოვნას, განმარტეს, რომ თანახმა არიან სესხის თანხის დაბრუნებაზე, მაგრამ ამჟამად აქვთ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და არ აქვთ თანხის გადახდის საშუალება. ისინი კეთილსინდისიერად იხდიდნენ დავალიანებას, მაგრამ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს გადახდა და იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად გადასულიყვნენ სოფლად. მძიმე პირობების გამო დათანხმდნენ სახლის იპოთეკით დატვირთვას. მოპასუხეები ითხოვენ თანხის გადახდის გადავადებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+“-ს, ცი-------------ძესა და და-------------ძეს შორის 2016 წლის 24 ივნისს გაფორმდა იპოთეკის N I--- გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ცი-------------ძის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მისოს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა და-------------ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ა---––---, ს/კ 22.23.---1---
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+“-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვალდებულების დაკმაყოფილება მოხდება მოვალეთა სხვა ქონებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 24 ივნისის იპოთეკის N I--- გენერალური ხელშეკრულება.. (ს.ფ. 18-21)
3.1.2. 2016 წლის 31 აგვიტოს მოსარჩელე შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+“-ს, და მოპასუხეების ცი-------------ძეს, და-------------ძესა და მა--------------–-ძეს შორის გაფორმდა სესხის N4518964-1462 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ცი-------------ძემ მიიღო სესხი 4320 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 60 დღის ვადით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 691,20 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 83,53 ლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა და-------------ძემ და მა--------------–-ძემ, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+“-ის, წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 31 აგვიტოს სესხის N4518964-1462 ხელშეკრულება( ს.ფ. 24)
3.1.3. 2016 წლის 31 აგვიტოს სესხის N4518964-1462 ხელშეკრულების თნახმად ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა, პირგასამტეხლოს ჩათვლით, წარმოდგენს 7084.8 ლარს. (ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად სესხის ოდენობა-4320 ლარი, სარგებელი -691.20 ლარი, ხელშეკრულების 1.13 პუნქტი-მსეხებელს ერიცხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდონება, ანუ 691.20 ლარი გამრავლებული 3-ზე =2073.6
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 31 აგვიტოს სესხის N4518964-1462 ხელშეკრულება
3.1.4. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას დავალიანების ნაწილი აქვს გადახდილი, კერძოდ 1386.2 ლარი ოდენობით. ხელშეკრულება დარღვეული იქნა 2016 წლის 04 სექტემბერს, როცა მსესხებელმა ყოველდღიურად გადასახდელი 83.52 ლარი არ გადაიხადა. თუმცა 2016 წლის 01 ექტემბრიდან 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით მსესხებელი ეტაპობრივად ახორციელებდა დავალიანების ნაწილის დაფარვას. ჯამში გადახდილი დავალიანება არის 1386.2 ლარი, რომლითაც პირველ რიგში დაიფარა ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული სარგებელი - 691.20 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 695 ლარი გამოაკლდა სესხის ძირ თანხას და სესხის ძირის ნაწილში გადასახდელი დარჩა 3625 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ხელსეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადხდა, ხოლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 463-464-ე,867-ე, 623-625-ე, 417-418-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე, 891-892-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №4518964-1462, 4320 ლარზე, 60 დღის ვადით, სადაც სულ სარგებელი შეადგენს 691.20 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულები 1.13 პუნქტით განისაზღვრა ჯარიმა ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელის 691.20 ლარის სამმაგი ოდენობით. კრედიტორი სარჩელით ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ ჯარიმა შემცირებული ოდენობით 619.20 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ცი-------------ძესთან ერთად და-------------ძისა და მა--------------–-ძის სოლიდარული ვალდებულება შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------+’-ის’ წინაშე წარმოშობილია დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით და, ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ცი-------------ძის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაცულია და მხარეთა შორის პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული. შესაბამისად მოთხოვნა გადასახდელად დარჩენილ ძირ თანხასთან - 3625 ლართან ერთად ჯარიმის თანხის 619.20 ლარის დაკისრებაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმედ, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, თუმცა განმარტეს, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ აღნიშნული თანხის ერთბაშად გადახდა და ითხოვეს თანხის გადახდის გადავადება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+"-ს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ამოღება უნდა განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ არსრულების აუცილებელი საფუძველი, შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 130 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვეაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი, ამიტომ მათ არ უნდა დაეკისროთ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცი-------------ძეს, და-------------ძეს, მა--------------–-ძეს, შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 4316.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 3625 ლარი, ხოლო 619.20 ლარი არის ჯარიმა.
3. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცეს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ის სასარგებლოდ იპოთეკთ დატვირთული , და-------------ძის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შემდეგი უძრავი ქონება: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ა---––--- ს/კ 22.23.---171, ხოლო იმ შემთხვეაში თუ უზრუნველყოფის ღონისძიებით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეული იქნეს მოვალეთა საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ მოძრავ ქონებაზე.
4. არ დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში.
5. მოსარჩელე შპს ,,მი---------------- ო---------–-- კ---------------ი+’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 130 ლარის ოდენობით ( სს ,,თიბისი ბანკი", საგადასახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 16/06/2017. სახაზინო კოდი 300733150)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე