გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 340210017002102702
საქმე# 2/667-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.05.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე ნ---- სო-–-----–--ლი
წარმომადგენელი ა-–-------------–---–-
მოპასუხე რ------ ნა------–ი
მესამე პირი მ------ ნა------–ი (არასრულწლოვანი)
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი თ----------------–---–-
დავის საგანი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ნ---- სო-–-----–--ლს უფლება მიეცეს თავის შვილი- 2007 წლის 06 აგვისტოს დაბადებული მ------ი ნა------–ი ყოველი თვის შაბათ და კვირა დღეს და სასკოლო არდადეგების პერიოდში წაიყვანოს მისი დედის (ბავშვის ბებიის) თა----- სო-–-----–--ლის ოჯახში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზ-------ში .
სარჩელში აღნიშნულია, რომ მ------ ნა------–ი ცხოვრობს მამასთან- რ------ ნა------–თან, რომელიც მოსარჩელეს არ აძლევს ბავშვის ნახვის და მასთან ურთიერთობის უფლებას
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თავის შესაგებელში და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელს დაეთანხმა და განმარტა, რომ იგი არ არის და არც არასდროს ყოფილა წინააღმდეგი , რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, მაგრამ იმის გამო, რომ დედას 7 წელია შვილი არ უნახავს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, თავად მ------ ნა------–ს აღარ სურს დედის ნახვა, რის გამოც ითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იქნეს ბავშვის სურვილი.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ იმისთვის , რომ არასრულწლოვანი ბავშვი აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, აუცილებელია მასზე სათანადო მზრუნველობა განახორციელოს როგორც დედამ, ასევე მამამ. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან, თუმცა ამ ეტაპზე დედასა და შვილს შორის არის მკვეთრი გაუცხოება, ამიტომ დედამ ეტაპობრივი ურთიერთობა უნდა იქონიოს შვილთან, რათა მათ შორის აღდგეს მიჯაჭვულობის გრძნობა.
3.2. არასრულწლოვანმა მ------ ნა------–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დედას იგი 7 წელია არ უნახავს, ბებიამ გაზარდა, ეხლა თვითონ აღარ სურს დედასთან ურთიერთობა, ასევე არ სურს, რომ დედამ იგი თავისთან სახლში წაიყვანოს. ერთადერთი, რასაც მ------ ნა------–ი ეთანხმება, არის ის, რომ დედა მივიდეს და ნახოს სკოლაში, მაგრამ მასთან შეხვედრა და საუბარი არც სკოლაში სურს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ---- სო-–-----–--ლი და რამაზ ნა------–ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 06.08.2007 წელს შეეძინათ ქალიშვილი - მ------ ნა------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბავშვის დაბადების მოწმობა
3.1.2. ნ---- სო-–-----–--ლი და რ------ ნა------–ი 2010 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. მ------ ნა------–ი თავდაპირველად ცხოვრობდა დედასთან, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან- მოპასუხე რ------ ნა------–თან, გურჯაანის რაიონის სოფელ კალ-----–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. არასრულწლოვან მ------ ნა------–ს 2011 წლის შემდეგ დედა არ უნახავს და მასთან ურთიერთობა არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
-მ------ ნა------–ის განმარტება
3.1.5. მოსარჩელე ნ---- სო-–-----–--ლი შვილებთან- ე-–--- და ს--–---- ახ--–------ებთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზ-------ში, თავისი დედის-თა----- სო-–-----–--ლის ორსართულიან, კერძო სახლში. საცხოვრებელად გამოყენებული აქვს სახლის პირველი სართული. საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. არის უსაფრთხო და მშვიდი გარემო. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა
3.1.6. კახეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ სასამართლოს დავალებით ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში მითითებულია შემდეგი:
,,მ------ ნა------–ი არის 10 წლის. ფიზიკურად და კოგნიტურად განვითარებულია ასაკის შესაბამისად. არის კონტაქტური, აზრებს გადმოსცემს თავისუფლად. აქვს კარგი აკადემიური მოსწრება და ასაკის შესაბამისი ინტერესები... ცხოვრობს სოფელ კალ-----–ი მამასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად. ბავშვის გადმოცემით, მამის სახლში მოსწონს ცხოვრება. რაც შეეხება დედას, იგი, როგორც ,,მამის პირველი ცოლი“ ისე მოიხსენია, შემდეგ - ნ---- სო-–-----–--ლიო დაამატა - „დედა გამოდის, მაგრამ არ მინდა, რომ დედაჩემი იყოს. არ მინდა იმიტომ, რომ სამი წლის ვიყავი, როდესაც დამტოვაო.“ სასამართლოზე შეიტყო ორი და რომ ჰყავს. გაბრაზებით აღნიშნა, რომ დედას იგი 7 წელია არ უნახავს - „არც სკოლაშიო“. „იმიტომ არ მინდა მასთან, რომ არ ვიცნობ. ბებოს დაუტოვა ჩემი თავიო“. „მას ჰქონდა საშუალება ამ 7 წლის განმავლობაში ჩემთან ეურთიერთა, მაგრამ არ გამოიყენა, ახლა მე არ მინდაო“.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მეორე ვიზიტზე დაგეგმილი იყო დედა-შვილის შეხვედრა, რის შესახებაც ორივე მხარე პირადად იყო წინასწარ გაფრთხილებული, თუმცა დედამ ერთი საათით ადრე გააკეთა სმს შეტყობინება, რომ ცუდად იყო და ვერ მოვიდოდა, ხოლო მეორე მხარე დაგეგმილ დროს მოვიდა. ამ შეხვედრაზე მ------მა აღნიშნა - „იმიტომ მოვედი, რომ მამამ მითხრა, არც დანახვა მინდოდა მაგისი (დედას გულისხმობს)“, შემდეგ დაამატა „მოვიდეს, დამინახოს, ოღონდ ისე, რომ მე არ დავინახოო“ - ამას ბრაზით ამბობდა. გოგონას სურს, რომ დედამ მხოლოდ სკოლაში ინახულოს...
ემოციური მდგომარეობის შეფასება: აქვს დედის მხრიდან მიტოვებულობის განცდა, შეინიშნება ბრაზი დედის საქციელის მიმართ.
მშობლის და შვილის ურთიერთდამოკიდებულება: მამა - შვილს შორის არის კარგი ემოციური კავშირი. ორივე მშობელთან მოხდა ინტერვიურება - კონსულტირება. დედის, ნ---- სო-–-----–--ლის ინფორმაციით, მას ქალიშვილი 4 წელია არ უნახავს. ახლა სურს შვილთან ურთიერთობის აღდგენა.
დასკვნა: მ------ ნა------–ს აქვს თავისი კარგად არგუმენტირებული მიზეზები, რის გამოც არ სურს დედასთან ურთიერთობა. გარემო ბავშვებზე ყოველთვის ახდენს ზეგავლენას, თუმცა მ------თან ნაკლებად შეინიშნება ოჯახის მხრიდან ნეგატიური ზეგავლენა. მშობლების დაშორებამ და მამის სახლში საცხოვრებლად გადასვლამ გოგონას დაუტოვა დედის მხრიდან მიტოვებულობის განცდა. მისი რეალური სურვილი არის მამის სახლში ცხოვრება. ხოლო დედასთან დაკავშირებით სურს, რომ მხოლოდ სკოლაში მიაკითხოს ისე, რომ მ------მა ვერ დაინახოს. მისი გადაწყვეტილების სიმყარე დამოკიდებულია გარემოზე, რამდენადაა დედა მზად ნელ-ნელა დაუახლოვდეს გოგონას და ეტაპობრივად შეძლოს მასთან კავშირის აღდგენა. ეს ასევე დამოკიდებულია მეორე მხარეზე, რამდენად დაეხმარებიან დედა - შვილს ურთიერთობის აღდგენაში (იგულისხმება მამის ოჯახი).
რაც შეეხება სწორ სტრატეგიას, ესაა დედამ ნელ-ნელა აღადგინოს ურთიერთობა შვილთან. თავდაპირველად დაიწყოს სკოლის გარემოში შვილის მონახულებით, რათა კიდევ ერთხელ არ მოხდეს ბავშვის ტრამვირება. ხოლო როდესაც მოხდება დედა-შვილის დაახლოვება, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი წაყვანის დღეების განსაზღვრა"
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგის დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---- სო-–-----–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლები. ,,ბავშვის უფლებებათა შესახებ ევროპული კონვენცია''.
7. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფოს შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგებილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
,,ბავშვთა უფლებების კონვენციის’’ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ იმ ურთიერთობის მოწესრიგებისას, რომელიც ეხება არასრულწლოვან ბავშვს, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლომ კონკრეტული პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას - გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა მიანიჭოს.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას განმარტავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
არასრულწლოვანი მ------ ნა------–ი (დაბადებული 2007 წლის 06 აგვისტოს) სასამართლოს განჩინებით ჩაბმულ იქნა საქმეში. მას სასამართლომ მოუსმინა 2016 წლის 05 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით. მ------ ნა------–ს დედის მხრიდან აქვს მიტოვებულობის განცდა, გაბრაზებულია მასზე, ამ ეტაპზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება დედასთან ურთიერთობას და მასთან სახლში წასვლას, ასევე არ სურს ურთიერთობა ჰქონდეს ბებიასთან , ვის სახლშიც ითხოვს მოსარჩელე შვილის წაყვანის უფლების მინიჭებას და დებთან, რომლებიც ნ---- სო-–-----–--ლს მეორე ქორწინებაში შეეძინა და როგორც მ------ი განმარტავს, მათ შესახებ სასამართლოში შეიტყო.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი არის 10 წლის. იგი 3 წლიდან მამასთან და ბებიასთან იზრდება, ამ წლების განმავლობაში დედასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ამიტომ დედასა და შვილს შორის გამოიკვეთა მკვეთრი გაუცხოების განცდა. ბავშვის ასაკის მატებასთან და დედის მხრიდან შვილთან ურთიერთობის ეტაპობრივად აღდგენასთან ერთად შესაძლოა მ------ი სამომავლოდ მზად იყოს დედასთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის, რაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს და დედასა და შვილს შორის ურთიერთობა მივიდეს გარკვეულ დონემდე, რათა კიდევ ერთხელ არ მოხდეს ბავშვის ტრამვირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია არასრულწლოვანის ინტერესები, ვინაიდან აღნიშნულის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკაზე. შესაბამისად, ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, თავდაპირველად დედასა და შვილს შორის უნდა გამყარდეს ურთიერთობა, მიჯაჭვულობა და მხოლოდ შემდეგ უნდა მიეცეს მას ბავშვის თავისთან წაყვანის უფლება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი სურვილის უპირატესი გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე ფსიქოლოგის რეკომენდაციის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და ასევე დედის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის მიზნით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მშობელთა დაშორების შემდეგ ბავშვი იზრდება მამასთან, ხოლო დედასთან წლებია ურთიერთობა აღარ ჰქონია, მათ შორის დედა არ გამოცხადდა ფსიქოლოგთან დაგეგმილ შეხვედრაზე, მ------ ნა------–ი არის 10 წლის, მას აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა მამის და ბებიის (მამის დედა) მიმართ, როგორც ბიოლოგიური, ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლო დედასთან იკვეთება მკვეთრი გაუცხოება და ბავშვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მასთან ურთიერთობას, ამიტომ ბავშვი სურვილის და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დედა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა მოხდეს ეტაპობრივად, ბავშვის სურვილის უზრუნველსაყოფად დედა-შვილს შორის კომუნიკაცია მოხდეს სკოლაში, ან/და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ, ანუ ბავშვისთვის ნაცნობ და ოჯახურ გარემოში, რათა დედა-შვილს შორის ურთიერთობა მივიდეს გარკვეულ დონემდე, გაღრმავდეს მათ შორის კომუნიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს დედის მიერ ბავშვის თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1. ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“’ ქვეპუქტის თანახმად, მოსარჩელე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან რეესტრში რეგისტრირებული პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ამიტომ მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ნ---- სო-–-----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ნ---- სო-–-----–--ლს არასრულწლოვან შვილთან, 2007 წლის 6 აგვისტოს დაბადებულ მ------ი ნა------–თან ურთიერთობა, გარემოების შეცვლამდე, განესაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ნ---- სო-–-----–--ლს მიეცეს უფლება ნახოს თავისი შვილი- მ------ ნა------–ი შეუზღუდავად სწავლის პერიოდში-სკოლაში, ხოლო არდადეგებების დროს- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბ) ერთი წლის გასვლის შემდეგ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ნ---- სო-–-----–--ლს მიეცეს უფლება ყოველ მეორე შაბათ-კვირას ბავშვი წაიყვანოს შაბათ დღეს, დილის 11 საათიდან კვირას- 18 საათამდე გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზ-------ში, თავისი დედის (მ------ ნა------–ის ბებიის) - თა----- სო-–-----–--ლის ოჯახში .
გ) ,,ბ’’ პუნქტში მითითებული ექვს თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ნ---- სო-–-----–--ლს მიეცეს უფლება ყოველ შაბათ-კვირას ბავშვი წაიყვანოს შაბათ დღეს, 11 საათიდან კვირას- 18 საათამდე გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზ-------ში, თავისი დედის- თა----- სო-–-----–--ლის ოჯახში
დ) ,,გ’’ პუნქტში მითითებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, ნ---- სო-–-----–--ლს მიეცეს უფლება თვის ყოველ შაბათს 11 საათიდან კვირას- 18 საათამდე, ასევე არდადეგების ნახევარი პერიოდი ბავშვი წაიყვანოს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზ-------ში, თავისი დედის- თა----- სო-–-----–--ლის ოჯახში, ხოლო არდადეგების ნახევარი ბავშვმა გაატაროს მამასთან
3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ პუნქტში მითითებული ვადები შეიძლება შემცირდეს ბავშვის სურვილის გათვალისწინებით
4. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი