განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/40-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ------- ფ--–---–-ია.
მამის სახელი: რ------.
დაბადებული: 2--0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: ს-----------------------------–----–----------
ადვოკატი - ლ--------------ა.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( ნ------- ფანულაია):
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გთვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ში მცხოვრებმა ნ------- ფ--–---–-იამ, განაწყენების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ნ---- ნ--------ეს. იმავდროულად ხელის ყელში მოჭერით მის მიმართ ძალადობა განახორციელა, ხოლო მისგან გაქცეულ ნ---- ნ--------ეს წყლის სავსე ქვაბი ესროლა, რაც ამ უკანასკნელს მარჯვენა ფეხის არეში მოხვდა. მის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------- ფ--–---–-იას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ნ------- ფ--–---–-იამ უარყო გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ნ. ნ--------ე არის მისი მეუღლე. ერთდ იცხოვრეს 10 წელი. 2018 წლის მარტის თვეში, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ნ. ნ--------ემ ღუმელში შეყარა ისეთი ნივთები, რომ ოთახი კვამლით გაივსო და გაიჭყვარტლა. ამაზე გაბრაზებულმა მკლავში მოკიდა ხელი, ძალით გაყვანა ოთახიდან. მისთვის არ დაურტყამს, კისერში ხელი არ მოუჭერია და არც ქვაბი უსვრია მისთვის.
(სასამართლო სხდომის ოქმი)
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ბ------–---–მა განაცხადა, რომ თარიღი ზუსტად არ ახსოვს, მისმა რძალმა უთხრა, რომ ეძახდა მეზობლის, ნ------- ფ--–---–-იას მეუღლე ნ----, რომლის გვარიც არ იცის. როდესც ჭიშკართნ მივიდა, ქუჩაში დახვდა ნ----, რომელმაც უთხრა, რომ კვამლი გამოუვიდა ღუმელიდან, ამაზე მეუღლესთან იკამათა და წამოვიდა. სთხოვა მიეცა მისთვის წამალი. მან გამოუტანა კატოპრილი და წყალი. ნ----მ დალია წამალი და წავიდა. მისთვის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს და არც ნ----ს უთქვამს ცემაზე რაიმე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ფ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონულ საავდმყოფოში ექიმად. როგორც ახსოვს, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილი იყო ნ---- ნ--------ე, რომელსაც ყელზე ეტყობოდა ზედაპირული დაზიანებები სილურჯეები, წნევა ჰქონდა მაღალი, აღნიშნავდა ტკივილს ქვედა კიდურში, წვივის არეში, თუმცა დაზიანება არ ეტყობოდა. თავიდან ამბობდა, რომ ცემა მეუღლემ, შემდეგ კი უარყო და თქვა, რომ რაც თქვა არ იყო სწორი. სტაციონალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა სახლში.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა ნ. ნ--------ის სხეული, ასევე შეისწავლა სამედიცინო შპს ჯეოჰოსპიტალ სამტრედიაში პაციენტ ნ---- ნ--------ის სამედიცინო დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, ნ. ნ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და თუ რა ვითარებაში განვითარდა დაზიანება, მოქაჩვის, დაცემის თუ სხვა, ამის დადგენა მის კომპეტენციაში არ შედის.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ზე და წარმოადგენს ნ------- ფ--–---–-იას სახლს და საკარმიდამო ეზოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნ------- ფ--–---–-იას სახლის შესასვლ კარების წინ ამოღებული იქნა ალუმინის ქვაბი.
(ს.ფ. 18-25).
2.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის N001326718 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე ნ---- ნ--------ემ შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრს მიმართა 15.02.18წ. 21:08სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 16.02.18წ. 10:30სთ-ზე დიაგნოზით ,,ჰიპერტონიული კრიზი’’. პირადი გასინჯვით კისრის წინა და მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედებში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით წყვეტილი ნაჭდევი ზომით: 3,2X2,1 სმ. მარცხენა წინამხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა გასწვრივ ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი ზომით 5.8X0,3 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 124–127)
2.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 17 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის იმ ოთახში სადაც დგას ღუმელი ბრალდებულმა ნ------- ფ--–---–-იამ ხელით მიუთითა იმ ადგილის სადაც ხელი დაარტყა მის მეუღლეს და მოქაჩა თმაში. ასევე მიუთითა იმ ადგილს სადაც გაისროლა ღუმელზე დადებული ალუმინის ქვაბი.
(ს.ფ. 82–87)
2.8. საქმეში არსებული დაკავების ოქმის მიხედვით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ გამომძიებელის პოლიციის მაიორის კო----------ე ნა------ას მიერ 2018 წლის 15 თებერვალს 23 საათსა და 50 წუთზე სამტრედიის რაიონის სოფელ მი–---------ში მცხოვრებ ნ------- ფ--–---–-იას საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ------- ფ--–---–-ია.
(ს.ფ. 9–13)
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ------- ფ--–---–-იას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებულმა) ნ---- ნ--------ემ, ასევე მოწმე ცი--–ა ფ--–---–-იამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ------- ფ--–---–-იას მიმართ.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.10. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.12. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.13. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.14. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.15. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს: ბრალდებულმა ნ. ფ--–---–-იამ განაცხადა, რომ ნ. ნ--------ეს მხოლოდ მკლავში მოკიდა ხელი და გაიყვანა ოთახიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიში აღნიშნულია, რომ ნ. ფ--–---–-იამ ხელი დაარტყა ნ. ნ--------ეს და მოქაჩა თმებში. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ფ--–---–-იამ „ხელის ყელში მოჭერით“ განახორციელა ნ. ნ--------ის მიმართ ძალადობა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა განმარტა, რომ ნ. ნ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და თუ რა ვითარებაში განვითარდა დაზიანება, მოქაჩვის, დაცემის თუ სხვა, ამის დადგენა მის კომპეტენციაში არ შედის.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები შეიძლება საკმარისია ვარაუდისათვის რომ ბრალდებულმა განხორციელებული ძალადობით დაზარალებულს მიაყენა სხეულის დაზიანება, მაგრამ ურთიერთშეუთანხმებლობის გამო ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, მით უმეტეს ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში.
3.17. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.18. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.19. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ნ. ფ--–---–-იას მიერ ნ. ნ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
3.2-- ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადობის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ------- ფ--–---–-ია უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------- ფ--–---–-ია ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ნ------- ფ--–---–-იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შ----- ფ--–---–-იას (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებას - მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელი მელაურში, (ზონა - სამტრედია - 3-, სექტორი - მელაური - 0-, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 1--, საკადასტრო კოდი - №3-.0-.4-.1--.) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა.
განემარტოს გამართლებულ ნ------- ფ--–---–-იას, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ალუმინის ქვაბი, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი