განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2018
საქმის ნომერი
140100118002274576
თარიღი
20.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002274576

საქმე №1/28-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერუაშვილი, მერი შატაკიშვილი,თამარ ხარიბეგაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გიორგი ზ-----–---–ი, ნათია კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თეიმ------- მ-------ის ძე ქ--------–ი - დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: კასპის რაიონი, სოფელ ქვემო ჩ------ში.

 

ადვოკატი - დავით ჯ--–--–-, კახა კ--–-----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჩ------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, თ---------- ქ--------–ი არასრუწლოვან შვილს - შალვა გ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შ--–-- გ-------ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს თ---------- ქ--------–მა არასრულწლოვან შვილს - შ--–-- გ-------ეს ბეჭის არეში ერთხელ დაარყა მუშტი, რის შედეგადაც შ--–-- გ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

თ---------- ქ--------–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მტკიცებულებები განხილული იქნა და შეფასდა დადგენილი სტანდარტის - რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის ფარგლებში, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება თ---------- ქ--------–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

დაზარალებულმა - შ--–-- გ-------ემ და მოწმე - მ------ გ-------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს (მამას, მეუღლეს).

 

ბრალდებულმა - თ---------- ქ--------–მა სასამართლო სხდომაზე ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ შ--–-- გ-------ის და მოწმე - მ------ გ-------ის გამოკითხვის ოქმებისა, ასევე, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმისა, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა მიიღოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, თ---------- ქ--------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, კერძოდ:

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007623017 დასკვნის მიხედვით, შ--–-- გ-------ეს პირადი გასინჯვისას სხეულზე, ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

მოწმე ნ-----–ა გ-------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შვილისგან - მ------ გ-------ისაგან იცის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ---------- ქ--------–ი შვილს - შ--–-- გ-------ეს დაემუქრა მოკვლით და „სცემა ბეჭებში.“ აღნიშნული ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ ნ-----–ა გ-------ე უშუალოდ მუქარის და ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

მოწმე გიგა ჯიქიას გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მ------ გ-------ისაგან იცის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ქ--------–მა შვილს - შ--–-- გ-------ეს მიაყენა, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. აღნიშნულის თაობაზე, როგორც შსს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ამავე სამმართველოს სამორიგეო ნაწილს აცნობა. აღნიშნული ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ გიგა ჯიქია თ---------- ქ--------–ის მხრიდან უშუალოდ მუქარის და ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

მოწმე ბადრი კაციაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თ---------- ქ--------–ი დააკავა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნულის მიზეზი იყო, ბრალდებულის მეუღლის მ------ გ-------ის განმარტება, რომ თ---------- ქ--------–ი დაემუქრა შვილს - შ--–-- გ-------ეს მოკვლით და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანალოგიურ შინაარს შეიცავს, მოწმე ალექსანდრე რაზმაძის გამოკითხვის ოქმი.

 

მოწმე ქ------- ქ--------–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობს, 2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, სახლში მიიღო მ------ გ-------ე და მისი შვილები - შ--–-- გ-------ე და ც---- გ-------ე. მ------ გ-------ისგან იცის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- ქ--------–მა ბეჭებში სცემა შვილს - შ--–-- გ-------ეს და ასევე, დაემუქრა მოკვლით.

 

არასრულწლოვანმა მოწმე ც---- გ-------ემ, წინასწარი გამოძიების ეტაპზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვა არ ისურვა.

 

საქმეზე, ასევე განხორციელებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ, 2017 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შ--–-- გ-------ისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება (ამოღება) კანონიერად იქნა ცნობილი გორის რაიონული სასამართლოს მიერ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1/ტრ დასკვნის მიხედვით, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ--–-- გ-------ის სვიტერზე აღენიშნება დაზიანებები ნაჭრის გახევის სახით. დაზიანებები განვითარებულია სვიტერზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.“

 

აღნიშნულ მტკიცებულებათა რელევანტურობა ბრალდებით წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული. განსახილველ საქმეზე ვერ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, თუ რა ვითარებაში მოხდა შ--–-- გ-------ის ტანსაცმელზე დაზიანებების (გახევა) და ადგილი ჰქონდა თუ არა თემ------- ქ--------–ის მხრიდან ფიზიკური ძალის ზემოქმედებას. შესაბამისად, არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რადგან არც ერთი მოწმე პირდაპირ არ მიუთითებს, თუ ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა შ--–-- გ-------ისათვის რაიმე ძალადობის მიყენება. სასამართლოში ასევე არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია თ---------- ქ--------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - შ--–-- გ-------ე და მისი დედა - მ------ გ-------ე არიან პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია თ---------- ქ--------–ის ბრალეულობის შესახებ. დაზარალებულმა (ბრალდებულის შვილი) და მოწმე მ------ გ-------ემ (ბრალდებულის მეუღლე) სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ ავტონომიურ მნიშვნელობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ---------- ქ--------–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ტრასოლოგიური ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ შ--–-- გ-------ის ტანსაცმელზე არსებობს ფიზიკური ძალის ზემოქმედების კვალი, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაში მოხდა ტანსაცმლის დაზიანება და მიყენებულია თუ არა ფიზიკური ძალადობა უშაულოდ ბრალდებულის მიერ. ასევე, კონკრეტულად მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულის დასადასტურებლად განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არ მოიპოვება.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა უდავო ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას თ---------- ქ--------–ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, „გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის თ---------- ქ--------–ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------- ქ--------–ის უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული შ--–-- გ-------ის კუთვნილი ჯემპრი, რომელიც ინახება შსს კასპის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ---------- ქ--------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მსჯავრდებულ თ---------- ქ--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, შ--–-- გ-------ის კუთვნილი ჯემპრი, რომელიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

გამართლებულ თ---------- ქ--------–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოგა კუპრეიშვილი