გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
231210017002220474
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210017002220474

N2/203-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.04.2018 წელი ქ. ხობი

ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ნუნუ ძველაია

მოსარჩელე: შპს „ფ---–---- ფ------“,წარმომადგენელი: ფ-----ნ ბ------,მოპასუხე: ვ--–--- ქ----–-----

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 664,52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, სარგებელი - 14 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 350,52 ლარი, ასევე საფოსტო ხარჯის 6,3 ლარის გადახდა.

(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 13.04.2018 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

2015 წლის 05 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად, რაც შეადგენს 14 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვა ხორციელდება სესხის დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. მოპასუხემ არ შეასრულა მისთვის დაკისრებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რის გამოც, მისი დავალიანება შპს „ფ---–---- ფ------ს“ მიმართ შეადგენს - ძირი თანხა 100 ლარი, სარგებელი - 14 ლარი, პირგასამტეხლო - 1524 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 350,52 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის 100 ლარის, სარგებლის -14 ლარის, საფოსტო ხარჯის - 6,3 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 05 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად, რაც შეადგენს 14 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის დარიცხვა ხორციელდება სესხის დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, ახსნა-განმარტებები, სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირი თანხის ნაწილში - 100 ლარს, სარგებელი - 14 ლარს და პირგასამტეხლო - 200 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ---–---- ფ------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2015 წლის 05 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ამასთან, შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, შპს „ფ---–---- ფ------ს“ მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და გაცემული ძირი თანხის ოდეობის (100 ლარი) გათვალისწინებით, იგი უნდა შემცირდეს 20 ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში და რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ახალი მსესხებლისათვის თანხის გაცემის შედეგად. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ--–--- ქ----–----- მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 36,45 ლარის და საფოსტო ხარჯის 6,30 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 8,57 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ფ---–---- ფ------ს“ სარჩელი, ვ--–--- ქ----–----- მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- დაეკისროს მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ 484 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, სარგებელი - 14 ლარი, პირგასამტეხლო - 20 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 350,52 ლარი.

3. მოპასუხე ვ--–--- ქ----–----- დაეკისროს მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 36,45 ლარის და საფოსტო ხარჯის 6,30 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე შპს „ფ---–---- ფ------“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 8,57 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 07.08.2017, საგადასახადო დავალება N025)

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე შოთა სირაძე