გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2394670-2/303-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო
წარმომადგენელი - თ----- ლ------
მოპასუხე - თ------ კ------ე
წარმომადგენელი - ი-----–- ბ---------
დავის საგანი - გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ------ კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის 3869.52 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ა---––----------–----–------ის სოფელ უ------–ში, მდინარე უ-----–ის მარცხება სანაპიროსთან თ----- კ------ის მიერ მოწყობილია საკალმახე მეურნეობა. საკალმახე მეურნეობის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, სახელმწიფო კუთვნილი 6----.--.--- მიწის ნაკვეთზე თ----- კ------ეს მოწყობილი აქვს თევზის მოსაშენებელი ტბორი. ტერიტორიიდან მოხსნილი მიწის ნაყოფიერი ფენა და მის ქვეშ არსებული ქვიშა-ხრეში მიყრილია მოწყობილი ტბორის ნაპირზე. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნითა და დეგრადაციით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3896.52 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----- კ------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჰომუსოვანი ფენა იმ მოცულობით რასაც ედავებიან არ დაუზიანებია, მის მირ დაახლოებით 200 კვ.მ. მიწის ფართზე მოხდა მიწის ზედა ფენის მოხსნა. ზედამხედველმა ორგანომ თავის დროზე არ დააგინა, კონკრეტულად რა მოცულობის ფენა იყო დაზიანებული და შესაბამისად 2017 წლის 20 ნოემბერს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად სასამართლომ არ იმსჯელა ზიანის ანაზღაურებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ა---––----------–----–------ის სოფელ უ------–ში მდინარე უ------–ის მარცხენა სანაპიროსთან მოპასუხე თ----- კ------ეს მიერ მოწყობილია საკალმახე მეურნეობა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ 6----.--.--- უნებართვოდ მოწყობილი აქვს თევზის მოსაშენებელი ტბორი.
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ თ------ კ------ის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლის და 822-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ მიწის დეგრადაციის და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე.
3.1.3. დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1-----------------წ. დადგენილებით თ------ კ------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლით და 822-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლის სანქციის ფარგლებში დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
3.1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1-----------------წ. დადგენილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.11.2017წ. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 28.12.2017წ. მიმართვა;
- 17.10.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ თ------ კ------ემ ა---––----------–----–------ის სოფელ უ------–ში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ 6----.--.--- უკანონოდ მოხსნა ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა 0,08715 ჰა მიწის ფართობზე. აღნიშნული ქმედებით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3869.52 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.11.2017წ. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 28.12.2017წ. მიმართვა;
- 17.10.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0----- ოქმი;
- 19.10.2017წ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის ბლანკი;
- 01.09.2017წ. აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის დეგრადირებული მიწის ფართობის მოცულობას და შესაბამისად ზიანის ოდენობას. სხდომაზე დაკითხულმა გარემოს სპეციალისტ-ინსპექტორმა თ----- გ----------–მა განმარტა, რომ მის მიერ აღებული იქნა დაზიანებული/დეგრადირებული მიწის ფართის კოორდინატები შესაბამისი მოწყობილობის გამოყენებით, რის შემდეგაც განისაზღვრა დაზიანებული მიწის ფართობი რომელმაც შეადგინა 0.08715 ჰა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის 54 დადგენილებით დამტკიცებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის საფუძველე კი გამოთვლილი იქნა გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა, რამაც შეადგინა 3869,52 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი 19.10.2017წ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების დოკუმენტის თანახმად, გარემოზე მიყენებული ზიანი განისაზღვრა 3869.52 ლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევი მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა არ არის სწორედ განსაზღვრული, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს გარდა ახსნა-განმარტებისა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
მოპასუხე თ----- კ------ე მიჩნეულია სამართალდამრღვევ პირად, მის ქმედებას მოჰყვა ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის დაზიანება, რის შედეგადაც ზიანი მიადგა გარემოს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, მოპასუხე თ------ კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლები; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეში დავის საგანია გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ თ------ კ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი თ----- კ------ის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1-----------------წ. დადგენილებით თ------ კ------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლით (მიწის დეგრადაციისთვის).
რაც შეეხება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელის მხრიდან გამოყენებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“ კერძოდ, რეგლამენტის მე–4 მუხლი (მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი), რომლის შესაბამისად თ------ კ------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად დაზიანდა, ა---––----------–----–------ში სოფელ უ------–ში, მდინარე უ------–ის მიმდებარედ სახელწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ 6----.--.--- ნიადაგის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა, რითაც გარემოს მიადგა 3869.52 ლარის ოდენობით ზიანი.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - თ------ კ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - თ----- კ------ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, სასამართლო თვლის, რომ მიყენებული ზიანის ოდენობის დამდგენი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მოთხოვნილი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 116.08 ლარის გადახდა.
.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ------ კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 3869.52 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე თ------ კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 116.08 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი