გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
080210117001987925
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1813-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.05.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე - დ--–- ს-----–---

წარმომადგენელი - ს--–---- ბ--------–---–ი

მოპასუხე - პ----- ჩ----–-–---–ი

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა(დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე პ----- ჩ----–-–---–ს მოსარჩელე დ--–- ს-----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 8000 ლარისა და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის- 1500 ლარის ანაზღაურება.

1.2. პ----- ჩ----–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, ადვოკატის მომსახურების თანხის- 600 ლარის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 240 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის- 250 ლარის გადახდა.

 

დაზუსტებული სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება დ--–- ს-----–---ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის, რისთვისაც მესაკუთრემ (დ--–- ს-----–---) პ----- ჩ----–-–---–ს (მენარდე) გადაუგზავნა 5396 აშშ დოლარი (2015 წლისთვის დოლარის კურსი შეადგენდა 2.55-დან 2.60-მდე).

მხარეები სოციალური ქსელის საშუალებით უთანხმებდნენ ერთმანეთს რემონტთან დაკავშირებულ დეტალებს.

2016 წლიდან მოპასუხე აღარ პასუხობდა არც სატელეფონო ზარებს და არც გზავნილებს სოციალური ქსელიდან. გაირკვა, რომ პ----- ჩ----–-–---–ს სარემონტო სამუშაოები სრულად არ შეუსრულებია და არც ხელოსნებისთვის გოჩა მარგველაშვილისა და დათო ჩოგოვაძისათვის არ ჰქონდა გადახდილი თანხა.

დ--–- ს-----–---მ აიღო სესხი ბანკიდან 10000 ლარი და დაასრულა სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების გაგრძელებამდე, დეტალურად აღწერა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო, ასევე რემონტისთვის გახარჯული მასალა, რამაც 9000 ლარი შეადგინა.

პ----- ჩ----–-–---–მა აღიარა, რომ დახარჯა სამუშაოებში 8000 ლარი, ხოლო 9000 ლარი მიითვისა, რაც მისი განმარტებით, დახარჯა ხელოსნების დაქირავებაში და მასალების ორჯერ მიტანაში.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ----- ჩ----–-–---–ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 4950.97 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე პ----- ჩ----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება, თუმცა სრულად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხები მთლიანად მოხმარდა როგორც ბინის რემონტს, ისე ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, შესაბამისად მისი მხრიდან არანაირი ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ დოკუმენტურად დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მხოლოდ 1523 ლარის გადაცემის ფაქტი, თუმცა მოპასუხეს გაღებული აქვს მეტი ხარჯი. რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მხარეებს შორის 2015 წელს დაიდო ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს დ--–- ს-----–---ს ბინაში, ხოლო მოსარჩელე თანხას გადასცემდა პ----- ჩ----–-–---–ს.

 

3.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, დ--–- ს-----–---ს ბინაში, მდებარე ქ.ქუთაისი, ბუკიას ქ. #22-24-ში, დამკვეთის განმარტებით, შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: მოეწყო თაბაშირ-მუყაოს ტიხარი, თაღი და ჭერი, შეიცვალა ელექრტომოწყობილობები, იატაკზე მოეწყო კერამომაგნიტის ფილები, კედლებზე გაიკრა შპალერი, ფანჯრებზე მოეწყო მეტალოპლასტმასის რაფები და საცრემლეები.

სააბაზანოში შესრულებული სამუშაოების დადგენა ვერ მოხერხდა.

ბინის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 4950.97 ლარს, მათ შორის მასალის ღირებულება 2968.75 ლარს. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დათვალიერებით დამაკმაყოფილებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი),-ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 53-63 ),-ფოტოილუსტრაციები (ს/ფ 57-59).

3.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებიდან არ ირკვევა, თუ რა ოდენობის თანხა გადასცა დ--–- ს-----–---მ პ----- ჩ----–-–---–ს და რა მიზნით. ამასთან წარმოდგენილი დოკუმენტები შესრულებულია უცხოურ ენაზე და მისი შესაბამისი ქართული თარგმანი საქმეს არ ერთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადარიცხვის ქვითრები (ს/ფ 40-49 )

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ--–- ს-----–---ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი,სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 630-ე, 976-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-9, 102-ე და 105-ე მუხლები

 

6. სამართებლივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება, შეთანხმდნენ პირობებზეც. მოსარჩელე მისცემდა თანხას, ხოლო მოპასუხე განახორციელებდა სამუშაოებს დ--–- ს-----–---ს საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებაზე (სკ-ის 629.1.-ე, 630-ე მუხლი).

მოპასუხის მიერ შესრულებულ იქნა ცალკეული სახის სარემონტო სამუშაოები, რაც აღწერილია ექსპერტიზის დასკვნაში, შესრულება მიღებულ იქნა შემკვეთის მიერ. ხოლო დარჩენილი სამუშაოები, მხარის განმარტებით, დაასრულა მოსარჩელემ.

აღნიშნული მიუთითებს მასზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმება შეწყდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში.

 

ამ ნორმის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება.

 

ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ.

 

ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება (თანხა) მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთში -აგრეთვე აფხაზური. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები ქართულ ენაზე, ან ამ დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან 5396 აშშ დოლარი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად გადასცა პ----- ჩ----–-–---–ს, რომელმაც განახორციელა მხოლოდ 8000 ლარის სამუშაოები, ხოლო 9000 ლარი მიითვისა.

 

ამდენად, ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

საქმეში არსებული წერილობითი მასალა, რომელიც არ არის შესრულებული ქართულ ენაზე და არ არის თარგმნილი ქართულად, სადავო ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილება.

 

ამ დოკუმენტების მტკიცებულებად მიღების შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება პ----- ჩ----–-–---–ის მიერ უშუალოდ დ--–- ს-----–---საგან თანხის მიღების ან გადარიცხვის ფაქტი.

 

6.6. გარდა ამისა, დ--–- ს-----–---ს ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ შემდეგში გაწეული სამუშაოებისა და ღირებულების დასადასტურებლად. მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი იმის დასადგენად, რომ რადგან პ----- ჩ----–-–---–მა არ დაასრულა დ--–- ს-----–---ს საცხოვრებელი ბინის რემონტი სრულად, ამიტომ ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ მოხდა მისივე სახსრებით სამუშაოების დასრულება.

 

დ--–- ს-----–---ს წარმომადგენელმა ასევე ვერ დაასაბუთა ზიანის მიყენების ფაქტი და მისი ოდენობა.

 

6.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება შესრულებულ იქნა იმ ფარგლებში, რა ხარჯის გაწევაც მოხდა მოსარჩელის მიერ. შესაბამისად მოპასუხე პ----- ჩ----–-–---–ი დ--–- ს-----–---ს ხარჯზე არ გამდიდრებულა და არც თანხა მიუღია უსაფუძვლოდ. ამდენად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა მოპასუხე პ----- ჩ----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. წ---–-------, 9-------–-ს ქ. #7, ს/კ #2------------------ .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249ე, 364-ე-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ--–- ს-----–---ს (წარმომადგენელი ს--–---- ბ--------–---–ი) სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა მოპასუხე პ----- ჩ----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. წ---–-------, 9-------–-ს ქ. #7, ს/კ #2------------------;

 

3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე