გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
140210017001929959
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 140210017001929959

საქმე № 2/686-17

ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელეები: მისო „კრედიტლაინი“

წარმომადგენელი: თამთა აქუბარდია

მოპასუხეები: მაგული კაცელაშვილი (არ გამოცხადდა),ხატია ქრისტესიაშვილი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 18 მაისს სასარჩელო განცხადებით მომართა მისო „კრედიტლაინმა“ მოპასუხეების: ხატია ქრიტესიაშვილის და მაგული კაცელაშვილის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ოქტომბერს მისო ”კრედიტლაინსა” და მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე მოსარჩელე მხარემ გასცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 196 დღის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი, რაც შეადგენდა 601.42 ლარს. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც ძირითადი თანხის 0.5%, ასევე ვადაგადაცილებული სარგებლის 0.5%, ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 24 ოქტომბერს მისო ”კრედიტლაინსა” და მოპასუხე მაგული კაცელაშვილს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მაგული კაცელაშვილმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მოსარჩელე მხარის წინაშე მისო „კრედიტლაინსა“ და ხატია ქრისტესიაშვილს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გამო.

 

მოპასუხეების მიერ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სარჩელის აღძვრის დროისათვის მათმა დავალიანებამ მისო ”კრედიტლაინის” მიმართ შეადგინა 1531.09 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის - 702.47 ლარი, პროცენტი - 364.65 ლარი, ხოლო ჯარიმა 463.97 ლარი.

 

2017 წლის 13 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 1000 ლარის ნაწილში.

 

მოპასუხე მაგული კაცელაშვილს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

საქმე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 16 მაისს 17:30 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, მოპასუხე მაგული კაცელაშვილს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. მოპასუხე მაგული კაცელაშვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

2018 წლის 16 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ დაზუსტდა სარჩელი, კერძოდ მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეთათვის 1267.12 ლარის დაკისრება და იშუამდგომლა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილმა მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული სასარჩელი ცნო.

 

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 16 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილმა ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხე მაგული კაცელაშვილს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მაგული კაცელაშვილისათვის სხდომის თარიღის გაცნობა განხორციელდა საჯარო შეტყობინების მეშვეობით 2018 წლის 08 მაისს. მას ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის, თუმცა იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს მისო ”კრედიტლაინსა” და მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხე ხატია ქრისტესიაშვილს სესხის სახით გადაეცა 1000 ლარი, 196 დღის ვადით;

 

დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი შეადგენდა 601.42 ლარს;

 

ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო როგორც ძირითადი თანხის 0.5%, ასევე ვადაგადაცილებული სარგებლის 0.5%, ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მაგული კაცელაშვილს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მაგული კაცელაშვილმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მისო „კრედიტლაინსა“ და ხატია ქრისტესიაშილს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემეობაც, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და მათი დავალიანება (შემცირებული) მოსარჩელის წინაშე შეადგენს 1267.12 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 702.47 ლარი, სარგებელი 364.65 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რომელიც მოპასუხე მხარემ აღიარა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მისო „კრედიტლაინის“ სარჩელი ხატია ქრისტესიაშვილისა და მაგული კაცელაშვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართვეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისულდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 230-ე, 234-237-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მისო „კრედიტლაინის“ სარჩელი მოპასუხეების: ხატია ქრისტესიაშვილისა და მაგული კაცელაშვილის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს, მაგული კაცელაშვილის მიმართ მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხეებს: ხატია ქრისტესიაშვილს და მაგული კაცელაშვილს მოსარჩელე მისო „კრედიტლაინის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1267.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 702.27 ლარი, სარგებელი - 364.65 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი;

 

3. მოსარჩელე მისო „კრედიტლაინს (ს/ნ 405103427) დაუბრუნდეს 2017 წლის 08 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება №7299);

 

4. მოპასუხე მაგული კაცელაშვილს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

5. გადაწყვეტილება, ხატია ქრისტესიაშვილის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი