გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001629462
2-3777/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20/03/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ,,უ–----------------ი“
წარმომადგენელი: თ----–-----------–---–ი
მოპასუხე: შპს ,,ბ---------------ა“
წარმომადგენელი: გ---–-------–-–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის პოზიცია:
შპს ,,უ–----------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ბ---------------ას“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 24 056.84 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
მხარეებს შორის არსებობს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები. მოპასუხე მოსარჩელისაგან პერიოდულად ყიდულობდა სხვადასხვა ტიპის საქონელს. 2015-2016 წლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 82 243.81 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 58 186.97 აშშ დოლარი გადაიხადა. გადასახდელი დარჩა 24 056.84 აშშ დოლარი. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილი არ გადაიხადა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. მისი წარმომადგენელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობაა. ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი 24 056.84 აშშ დოლარი გადახდილი არ აქვს. განმარტავს, რომ გადასახდელი აქვს 6047.07 აშშ დოლარი. დარჩენილი 18 000 აშშ დოლარი მას ჩაეთვალა ბონუსის ანგარიშში, ამიტომ დასახელებული თანხა გადასახდელად არ ეკუთვნის.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,უ–----------------ის“ და შპს ,,ბ---------------ას“ შორის არსებობს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობა. 2015-2016 წლებში შპს ,,ბ---------------ამ“, შპს ,,უ–----------------ისაგან“ შეიძინა 82 243.81 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები
- ანგარიშფაქტურები და ზედნადებები. ს.ფ. 23-69
3.1.2. შპს ,,ბ---------------ამ“ შპს ,,უ–----------------ისაგან“ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 58 186.97 აშშ დოლარი გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. შპს ,,ბ---------------ამ“ შპს ,,უ–----------------ისაგან“ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 24 056.84 აშშ დოლარი არ გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილის, 6000 ლარის გადახდის ვალდებულება სადაო არაა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებაა შეძენილი საქონლის ღირებულების - 18 000 აშშ დოლარის ბონუსად აღიარების საკითხი.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის დროს შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილის ჩუქება და მისი ბონუსად აღიარება მოპასუხის მტკიცების საგანს შეადგენს. მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები და დაამტკიცა, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 24 056.84 აშშ დოლარი. ეს გარემოება სადაოც არაა. სადაოა ამ თანხის ნაწილის 18000 აშშ დოლარის ბონუსად ჩათვლაზე შეთანხმება. თუ მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი შეიძლება ჩათვლილიყო ბონუსად, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. შესაბამისად მან უნდა წარმოადინოს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ბონუსზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდება სადაო ფაქტობრივი გარემოებები. წინამდებარე შემთხვევაში ბონუსზე შეთანხმების დადასტურებისათვის მოპასუხემ წარმოადგინა ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები. სასამართლოს ვალდებულებაა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის ამსახველი მტკიცებულებები და განმარტოს არის თუ არა ის სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც შეიძლება დადგინდეს საქონლის ღირებულების ნაწილის ბონუსზე შეთანხმება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბონუსი არის დამატებითი გასამრჯელო, პრემია, დამატებითი შეღავათი, წამახალისებელი დანამატი, რომელსაც იძლევა გამყიდველი გარიგების პირობებთან ან ცალკეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ბონუსის გაცემა დამოკიდებულია კრედიტორზე, ნასყიდობის ხელშეკრულებისას გამყიდველზე. ბონუსი შეთანხმების გარეშე არარსებობს. გამყიდველმა გარკვეული შედეგებისათვის უნდა დააწესოს ნასყიდობის საფასურის ,,ჩუქება“, საფასურის ნაწილზე უარის თქმა. მისი მიზანი უნდა იყოს მყიდველის წახალისება (შეიძლება სხვა მოტივი). მოპასუხემ ბონუსზე შეთანხმების დადასტურების მიზნით წარმოადგინა მხარეებს შორის განხორციელებული ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები. 2015 წლის 19 იანვრს მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა საქონლის ღირებულების ფასდაკლება 18000 აშშ დოლარის ოდენობით. წერილზე მოსარჩელემ უპასუხა რომ 18 000 აშშ დოლარის ფასდაკლება საწარმოს შეუქმნიდა მნიშვნელოვან პრობლემებს, თუმცა შეპირდა, რომ 3600 აშშ დოლარის ფასდაკლებას უჩვენებდა ანგარიშფაქტურებში ორჯერ. აღნიშნულ მიმოწერებში მოსარჩელე მოპასუხეს არსად არ პირდება, რომ 18000 აშშ დოლარს ჩუქნის. მართალია მიმოწერებში მასზე მსჯელობა არის, მაგრამ ბონუსზე შეთანხმება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ მიმოწერებში არ მოსჩანს. 2015 წლის 6 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ შეპირებულ ბონუსსზე ანგარიშსწორება შედგება წლის ბოლოს. (იხ.ს.ფ. 96-107)
3.2.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის გაბათილების მიზნით მოსარჩელემ წარმოადგინა იგივე მიმოწერის შედარებით განსხვავებული თარგმანი. მასში 2015 წლის 20 იანვარს მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვს 18 000 აშშ დოლარის საქონლის ფასის ჩამოკლებას ან სხვა საქონელზე ფასის დაკლებას. აღნიშნული წერილის პასუხად 2015 წლის 20 იანვარს 12:58 საათზე მოსარჩელე მოპასუხეს ატყობინებს, რომ 18 000 აშშ დოლარის ფასდაკლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მეხუთე გადაზიდვაზე. იმავე დღეს 13:19 საათზე მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვს ფასდაკლებას თითოეულ პარტიაზე 9000-9000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ ფასის ჩამოკლებაზე მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვს 2015 წლის 6 ივლისსაც. მოსარჩელემ პასუხად მოპასუხეს აცნობა, რომ 18 000 აშშ დოლარი ფასდაკლება უნდა განხორციელდეს თუ არა, გამოჩნდება წლის ბოლოს. (იხ. ს.ფ. 118-132).
3.2.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ ელექტრონული მიმოწერა არ შეიცავს ბონუსზე შეთანხმებას. იმისათვის, რომ ბონუსზე შეთანხმება დადგენილად იქნას მიჩნეული, აუცილებელია მტკიცებულებებით ზუსტად იყოს შესაძლებელი იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობის საქონლის რეალიზაციას მოსდევს ბონუსი, როდისაა მისი მიღების ეტაპი და ასევე რას შეადგენს ბონუსის მოცულობა. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ელექტრონულ მიმოწერაში არის ბონუსზე საუბარი, მაგრამ ის ბუნდოვანია და მისი გამოყენებით საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. შესაბამისად არ დადგინდა ბონუსზე შეთანხმება. ნასყიდობის ფასის ნაწილი - 18 000 აშშ დოლარი მოპასუხეს მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ უჩუქებია და იგი განხილული უნდა იქნას, როგორც ნასყიდობის ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საქონლის ფასის გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს - 24 056.84 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ შეიძინა საქონელი და მის მესაკუთრეს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობს ხანგრძლივი სავაჭრო ურთიერთობები. მოპასუხე მოსარჩელისაგან პერიოდულად ყიდულობდა სხვადასხვა ტიპის საქონელს. 2015-2016 წლებში მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 82 243.81 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. ასეთი ურთიერთობა წარმადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.
,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ შპს ,,უ–----------------ისგან“ მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შპს ,,ბ---------------ას“ 2015-2016 წლებში გადასცა ნასყიდობის საგანი - 82 243.81 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 58 186.97 აშშ დოლარი გადაიხადა. არ გადაიხადა 24 047.07 აშშ დოლარი. მართალია მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მის მარწმუნებელს 6047.07 აშშ დოლარის გარდა სხვა თანხა გადასახდელი არ აქვს, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მას გადასახდელი აქვს 24 056.84 აშშ დოლარი. მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან და ამიტომაც სახელშეკრულებო პირობები უნდა შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულნი არიან. ფასის გადახდა, მოპასუხის მოვალეობა იყო. მიუხედავად ამისა მას ფასი გადახდილი არ აქვს. მოპასუხემ ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხისათვის 24047.07 აშშ დოლარის დაკისრებით აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას დავის საგნის ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. დასახელებული ნორმების დაცით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 1830 ლარს. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს. სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად მასზე გადასახდელი ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მან სარჩელი სცნო 6047.07 აშშ დოლარის ნაწილში. მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე ამ ნაწილში კუთვნილი სახ. ბაჟის, 460.35 ლარის გადახდისაგან თავისუფლდება (საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეროე ნაწილი). შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში კუთვნილი ბაჟის - 460.35 ლარის გადასახადისაგან. მას უნდა დაეკისროს დანარჩენ ნაწილში ბაჟის გადახდა 1369.75 ლარის ოდენობით.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ არ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი. შესაბამისად არ დგინდება, რომ მოსარჩელემ იურიდიულ მომსახურებაში ხარჯი გასწია. ამ ტიპის ხარჯის ანაზღაურებისათვის აუცილებელია საქმეში წარმოდგენილი იყოს მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,უ–----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. შპს ,,ბ---------------ას“, შპს ,,უ–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 24 056.84 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს ,,ბ---------------ას“, შპს ,,უ–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 1369.75 ლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,უ–----------------ის“ უკან დაუბრუნდეს თ----–-----------–---–ის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 460.35 ლარი (საგადასახადო დავალება 65, გადახდის თარიღი - 02/12/2016 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ''საქართველოს ბანკი'', სახაზინო კოდი - 300693150)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე