გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210017002166948
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.05.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალ--- ლეგაშვილი
მოსარჩელე ლ--- და--------ი ]
წარმომადგენელი ლ----------–---–-
მოპასუხე ბ-----ი და--------ი
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლ--- და--------ს და ბ-----ი და--------ს შორის 2011 წლის 26 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
1.2. მოპასუხე ბ-----ი და--------ს არასრულწლოვანი შვილის-ვ---- და--------ის (პ/ნ 13650002---, დაბადებული 2012 წლის 02 ივნისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეები 2011 წლის 26 აგვისტოდან რეგისტრირებული ქორწინებაში იმყოფებიან. ჰყავთ 2012 წლის 02 ივნისს დაბადებული არასრულწლოვანი შვილი. მოპასუხე სვამდა, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მოსარჩელეზე, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ამიტომ მოსარჩელემ 2017 წლის ივნისში შვილთან ერთად დატოვა მოპასუხის ოჯახი და საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა. მათ შორის ქორწინება ფაქტიურად შეწყვეტილია. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე და მატერიალურად არ ეხმარება მას. მოპასუხე ჯანმრთელია, შეუძლია ფიზიკურად მუშაობა და შვილისთვის 150 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე განქორწინების მოთხოვნის ნაწილში სარჩელს დაეთანხმა .
2.2. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. იგი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არ გადაიხდის იმის გამო, რომ მოსარჩელე მშობლებთან ცხოვრობს და არ არის დარწმუნებული, რომ ალიმენტის თანხა მის შვილის საჭიროებებს მოხმარდება .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ--- და--------ის და ბ-----ი და--------ის ქორწინება რეგისტრირებულია 2011 წლის 26 აგვისტოს, სააქტო ჩანაწერი N4420113-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა;
3.1.2. მხარეებს 2012 წლის 02 ივნისს შეეძინათ შვილი -ვ---- და--------ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა ;
3.1.3. მხარეები 2017 წლის ივნისიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში- გურჯაანის რაიონის სოფელ ყ------ში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში, ბებიის სახლში .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. მოსარჩელე ლ--- და--------ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი სეზონურად დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, დღიურ სამუშაოებზე და მისი ანაზღაურება დღიურად 20-25 ლარია. 2018 წლის მაისში მან ამ გზით 150 ლარი გამოიმუშავა, იგი არარეგულარულად არის დასაქმებული, რადგან დანარჩენ დროს არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას უთმობს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.5. მოპასუხე ბ-----ი და--------ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი სეზონურად- გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, დღიურ სამუშაოებზე და მისი ანაზღაურება დღიურად 20-30 ლარს შეადგენს. 2018 წლის მაისში მან ამ გზით 300 ლარი გამოიმუშავა .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.1.6. ლ--- და--------ის და ბ-----ი და--------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის განმარტებით, მათი შერიგება და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც ითხოვა შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე განქორწინება, რასაც მოპასუხეც დაეთანხმა. საქმის განხილვის მიმდინარეობისას ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის ვარაუდი და შესაძლებლობა არ გამოიკვეთა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია შვილს ყოველთვიურად გადაუხადოს ალიმენტი 120 ლარის ოდენობით .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში კერძო სამუშაოებზე , ამ ტიპის სამუშაოები გრძელდება ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, დღიური ანაზღაურება არის 20-30 ლარი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი დედასთან იზრდება, დედა მას უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ყოველდღიურად ზრუნავს მასზე, რის გამოც იგი გარკვეულწილად შეზღუდულია თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება, ხოლო ის ოდენობა, რასაც იგი გამოიმუშავებს, არ არის საკმარისი შვილის რჩენა- აღზრდისთვის.
მოპასუხე, მისი ასაკის , ჯანმრთელობის და იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ არის შეზღუდული, თავისი შრომით გამოიმუშავოს თანხები, სასამართლოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიაჩნია 120 ლარი, რაც შეესაბამება მის მატერიალურ მდგომარებას, ფიზიკურ შესაძლებლობას, და არ ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის უნდა უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ხოლო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი, ამასთან სასამართლო სხდომაზე მეუღლეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში .
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--- და--------ს და ბ-----ი და--------ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგან მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო სარჩელი, ამასთან სასამართლო სხდომაზე მეუღლეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და განქორწინების ნაწილში სრულად ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ქორწინების შეწყვეტაზე . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი, ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ვ---- და--------ი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ჯანმრთელი და შრომისუნარიანია, იგი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში კერძო სამუშაოებზე, სადაც დღიური ანაზღაურება 20-30 ლარია . სხვა პირი მის კმაყოფაზე არ იმყოფება. მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მას საცხოვრებელი სახლით, მოვლით და მზრუნველობით, ბავშვი უნდა შევიდეს სკოლაში, რის გამოც მისი ხარჯები გაიზრდება. დედა ზრუნავს შვილზე და დაკავებულია მისი აღზრდით, რის გამოც მას სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. შესაბამისად, დედას დამოუკიდებლად შვილის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია. ამიტომ მამა ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, მატერიალურად დაეხმაროს მას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით (თვეში 50 ლარის ალიმენტის გადახდით) არ შეუძლია შვილის სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლოს არაგონივრულად მცირე თანხად მიაჩნია თვეში 50 ლარით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა შვილის სარჩენად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარზე მეტი თანხა. მართალია იგი შრომით-სამართლებრივი ურთერთობის საფუძველზე სტაბილურად დასაქმებული არ არის, მაგრამ მას შეუძლია თითქმის სისტემატიურად დასაქმებული იყოს სოფლის მეურნეობაში კერძო სამუშაოებზე და დღიურად მიიღოს ანაზღაურება 20-30 ლარის ოდენობით. მოპასუხე ჯანმრთელია, არ იღებს სოციალურ დახმარებას, არ აქვს პრობლემები, რის გამოც აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 120 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ვ---- და--------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვის ასაკის, მისი განვითარების და საჭიროებების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 120 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 1440 ლარს.
სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სს კოდექსის მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეს განქორწინების ნაწილში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო ალიმენტის ნაწილში იგი გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისგან
მოპასუხემ, სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 ლარი.
რაც შეეხება ალიმენტს , სსს კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, კერძოდ, 50 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 45%, რის გამო მას ალიმენტის ნაწილში უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 25 ლარის გადახდა .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ--- და--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ლ--- და--------ს (პ/ნ13001016---, ქორწინებამდელი გვარი სახ--–-–--ლი) და ბ-----ი და--------ს (პ/ნ35001075---) შორის 2011 წლის 26 აგვისტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის № 44201130---).
3. ბ-----ი და--------ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 02 ივნისს დაბადებული ვ---- და--------ის სარჩენად (პ/ნ13650002---) , ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 09 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
4. ბ-----ი და--------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის- 25 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
5. ლ--- და--------ს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30050150 საგადახდო დავალება N20);
6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში,მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი