გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
411210018002425406
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 411210018002425406

საქმე N 2/143-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2018 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელე: მ--- ქ------–---–ი

წარმომადგენელი: მ------- ლ---------–----

 

მოპასუხე: გ------- ყ---–-–---–ი

წარმომადგენელი: გ------- შ-------–---–-

 

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გ------- ყ---–-–---–ს შვილის - ა--- ყ---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით მდგომარეობის შეცვლამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან არარეგისტრირებული ქორწინებიდან 2014 წლის 2 მაისს შეეძინა ერთი შვილი – ა--- ყ---–-–---–ი. მხარეებმა ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება და 2015 წლიდან ცალ–ცალკე ცხოვრობენ. ბავშვი იზრდება დედასთან. მოპასუხე არანაირ ყურადღებას აქცევს შვილს, არ ზრუნავს მასზე და არ ეხმარება მას ეკონომიურად. მოპასუხე მუშაობს ქ. თბილისში, არის ხელოსანი, საიდანაც აქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი. მოპასუხემ სხვა ოჯახი შექმნა და ყავს ერთი შვილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი მუშაობს და აქვს გარკვეული შემოსავალი, თუმცა არასტაბილურად, და თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. 2015 წლიდან მხარეები ცხოვრობენ ცალკ-ცალკე, მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს, ხოლო მოპასუხემ შექმნა მეორე ოჯახი და ყავს ერთი შვილი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა–განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მ--- ქ------–---–ი და გ------- ყ---–-–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 2 მაისს შეეძინათ ერთი შვილი – ა--- ყ---–-–---–ი.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- ქ------–---–ის სარჩელი გ------- ყ---–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს ასევე, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით ალიმენტის გადამხდელის და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ალიმენტის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი. სასამართლო ალიმენტის დანიშვნის დროს, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს გააჩნია არასტაბილური სამუშაო, თუმცა მას ყოველთვიურად აქვს გარკვეული სახის შემოსავალი, ამასთან, მას ყავს მეორე ოჯახი და ერთი შვილი. სწორედ ამ გარემოებების ერთობლიობა წარმოადგენს იმ საფუძველს, რითაც ხდება სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა.

 

გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისთვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში ის ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

 

ამდენად, სასამართლო მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია მოსარჩელზე ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე, ხოლო მამა, იმ დოზით, როგორც დედა, არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სწორედ ალიმენტის შესაბამისი თანხის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში არის მხარეთა შორის. სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვლისწინებით, ასევე მოპასუხის, როგორც ალიმენტის გადამხდელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ იქნა წარმოდგენილი, ასევე თავად მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის სახით შვილის მიმართ 180 (ასოთხმოცი) ლარის დაკისრება წარმოადგენს იმ მინიმალურ ოდენობას, რაც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და იმ გონივრულ ოდენობას, რაც დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე უნდა დაენიშნოს ა--- ყ---–-–---–ს.

 

ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რომ მას ყავს მეორე ოჯახი და ერთი შვილი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არ არის ის საფუძველი, რის გამოც სასამართლო არ დააკისრებს ალიმენტს მშობელს - მამას, რომელზეც, როგორც დედაზე, გადატანილია შვილის აღზრდის, განათლებისა და სხვა ვალდებულებები. მამას, რომელიც არის შვილის კანონიერი წარმომადგენელი, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე აქვს ვალდებულება მოუაროს მას და უზრუნველყოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელია შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ არ დაეკისროს ალიმენტი და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე არ აქვს სტაბილური შემოსავალი და ყავს მეორე ოჯახი, არ არის საფუძველი ალიმენტის არ დანიშვნისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითა და ალიმენტის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, შესაბამისი იქნება თუკი მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ დაეკისრება ალიმენტის სახით 180 (ასოთხმოცი) ლარის გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე მოსარჩელე გათავისუფლებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, რაც უნდა გაანგარიშდეს 80 ლარიდან, რამდენადაც მოპასუხემ სარჩელით მოთხოვნილი 400 ლარიდან 100 ლარი სცნო, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით; 80 X 12 = 960-ის 3% 28,80 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული საქმე წარმოდგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას, და ამგვარ საქმეებზე ბაჟის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიება:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და

 

გადაწყვიტა

1. მოსარჩელე მ--- ქ------–---–ის სარჩელი მოპასუხე გ------- ყ---–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------- ყ---–-–---–ს (პ/ნ 2----------) შვილის 2014 წლის 2 მაისს დაბადებული ა--- ყ---–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 1 მაისიდან მდგომარეობის შეცვლამდე ან ა--- ყ---–-–---–ის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

3. მ--- ქ------–---–ის (პ/ნ 24001041580) სარჩელი მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარიდან 220 ლარის მოპასუხეზე დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე გ------- ყ---–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილი