გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
010210017002146848
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017002146848

№2/4056-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.05.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ა”

წარმომადგენელი - ქ--------ე ქ------–--ე

მოპასუხე - მ-----მ ბ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ-----მ ბ-----ისათვის მოსარჩელე შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას” სასარგებლოდ, 2000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მოპასუხე მ-----მ ბ-----ეს, ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა, შპს "კ------------ს" (ამჟამად, შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას”) ვებგვერდზე - -----------------, განთავსებული ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, დაუმტკიცდა სესხი.

 

2016 წლის 27 მაისს მსესხებელზე გაიცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 970 ლარი; სარგებელი - 12.30 %, 30 დღეზე; ჯარიმის განაკვეთი: ერთჯერადი საურავი - 320 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; სესხის დაბრუნების ვადა - 2016 წლის 27 ივნისი;

 

მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რამაც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის შეადგინა - 6533 ლარი, საიდანაც 970 ლარი სესხის ძირია, % - 119.29 ლარი, 5443.89 ლარი პირგასამტეხლო. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლო და მოითხოვა 2000 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი 970 ლარია, სარგებელი -119.29 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 910.71 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-----მ ბ-----ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა, ძირითადი თანხის - 970 ლარისა და სარგებლის - 119.29 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში, რის შესახებაც სასამართლო მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.

 

3.1.2. მოპასუხე მ-----მ ბ-----ეს, ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას” (ყოფილი შპს „კ------------ს“) ვებ. გვერდზე (-----------------) განთავსებული ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, დაუმტკიცდა სესხი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;

- გენერალური ხელშეკრულება - ს. ფ. 14-25;

- აპლიკაცია - ს. ფ. 26;

- სესხის განსაკუთრებული პირობები - ს. ფ. 27-28;

 

3.1.3. 2016 წლის 27 მაისის #A------- ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----მ ბ-----ეზე გაიცა სესხი 970 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით - 2016 წლის 27 ივნისის ჩათვლით. სარგებელი განისაზღვრა 119.29 ლარის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა ერთჯერადი საურავის გადახდის ვალდებულება - 320 ლარის ოდენობით, ასევე, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის მიხედვით, ხორციელდება სესხის ძირისა და სარგებლის დაუფარავ თანხაზე, სესხის დაფარვის თარიღის შემდეგი დღიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;

- საგადახდო დავალება - ს. ფ. 31;

- საგადახდო ისტორია - ს. ფ. 29;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 30;

 

3.1.4. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება, რამაც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგინა - 6533 ლარი, საიდანაც 970 ლარი სესხის ძირია, % - 119.29 ლარი, 5443.89 ლარი პირგასამტეხლო. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს თანხა 5443.89 ლარი შეამცირა 910.71 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგადახდო ისტორია - ს. ფ. 29;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 30;

 

3.1.5. შპს ”კრედიტონმა” (ს/ნ 412695891) შეიცვალა დასახელება და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ა” (ს/ნ 412695891).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს. ფ. 32-35;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის (საკომისიოს) გადახდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს შემცირებული ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ასა” და მოპასუხე მ-----მ ბ-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ამ” იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 970 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე როლან მახარაძეს კრედიტორის - შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 970 ლარი და საკომისიო 119.29 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას” სარჩელი სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მითითებული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სესხის ძირის 970 ლარისა და სარგებლის (საკომისიოს) – 119.29 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამოც.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შპს ”ქ---- ფ----ს ჯ--------ას” და მ-----მ ბ-----ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ როგორც მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, 910.71 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან - 970 ლართან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს მის შემცირებას 100 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 1189.29 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო მოთხოვნა 1089.29 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 27.23 ლარს ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟს ანაზღაურება 2.50 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 810.71 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 20.27 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 100 ლარის ოდენობით (იხ. საგადახდო დავალება), საიდანაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 47.57 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4%-ის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ქ---- ფ----ს ჯ--------ას'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ-----მ ბ-----ეს მოსარჩელე შპს ''ქ---- ფ----ს ჯ--------ას'' სასარგებლოდ, დაეკისროს 1189.29 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 970 ლარი, სარგებელი - 119.29 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

2. მოპასუხე მ-----მ ბ-----ეს მოსარჩელე შპს ''ქ---- ფ----ს ჯ--------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს 2.50 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 47.57 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

3. მოსარჩელე შპს ''ქ---- ფ----ს ჯ--------ას'' დაუბრუნდეს შპს ''პ------–---------------------------ს'' მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 27.23 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300693150, გადამხდელის ბანკი - სს „ს----------–--------ი“, საგადახდო დავალება №B-2 (რეფერენსი - 5876422320).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი