გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
820210017002213821
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017002213821 (2-638/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წელი . ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - რ---- შ-------, ამ------–-----ძე , ნა----–-------ე , ჯე----ნ მუ-----------ა, ი---- შ------- ნ-----–-- შ-------

წარმომადგენელი - მი--------–--–-–---–ი

მოპასუხე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: გრ-----–------–-ძე

დავის საგანი: ქონების მიტოვების ბათილად ცნობა, საკუთრების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი რ---- შ--------, ამ------–-----ძის, ნა----–-------ის, ჯე----ნ მუ-----------ას, ი---- შ-------- და ნ-----–-- შ-------- მიერ საკუთრების უფლების მიტოვება უძრავ ქონებაზე მდებარე ქედა, ს. ო--–-- ს/კ 21.03.31.0--- და მოსარჩელეებს აღუდგეს საკუთრების უფლება აღნიშნულ ნაკვეთზე.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის მი--------–--–-–---–ის განმარტებით, მისი მარწმუნებლების საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქედა, ს. ო--–-- ს/კ 21.03.31.0--- მოსარჩელეებს აღნიშნული ქონება საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 1998 წლის 05 მარტის ქედის რაიონის სოფ. ო--–--- მეკომურთა კრების დადგენილების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეთა კომლს საკუთრებაში გადაეცა დადგენილი ზღვრული ოდენობით 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამათგან 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო სოფ. ო--–--ში ეგრეთ წოდებულ ,,გო---------–ის“ ტერიტორიაზე. აღნიშნული ნაკვეთის რეგისტრაციისათვის ოჯახის წევრის ამ------–-----ძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სასამართლომ დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისებაში, რითაც ამ------–-----ძე და მისი ოჯახის წევრები აიძულეს საჯარო რეესტრში შეეტანათ განცხადება ქონებაზე საკუთრების მიტოვების თაობაზე, რის საფუძველზეც გაუქმდა მათი საკუთრება და ქონება აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების მიტოვებაც და ამ------–-----ძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც გამოწვეული იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამოძიების ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომით, რადგან მათ ვერ მოახერხეს მოსარჩელეებზე საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე აღნიშნავს, რომ ამ დასკვნით დგინდება ქედის მუნიციპალიტეტის დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანა.

მოსარჩელე და მათი წარმომადგენელი აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შეცდომით მოხდა განცხადების შეტანა ქონებაზე საკუთრების მიტოვების შესახებ, ისინი აიძულეს აღნიშნული განცხადების დაწერაზე, საპროცესო შეთანხმებაც დადებული იქნა იძულებით, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს მიტოვების ბათილად ცნობა და აღუდგეს საკუთრების უფლება შ-------ების ოჯახს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნევს, რომ რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

მოსარჩელეთა მიერ საკუთრების მიტოვება მოხდა ნებაყოფილებით, მათივე განცხადების საფუძველზე და სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 25 აგვისტოს. ამასთანავე მოსარჩელე ამ------–-----ძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ 180 მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, კერძოდ ნახაზში მოაქცია და თავის მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრებაში დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6298 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 11021.50 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. აღნიშნული განაჩენი დღესაც ძალაშია და განაჩენით დადგენილი გარემოებები არის უტყუარი.

მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ქნების მიტოვება განხორცილდა 2011 წლის აგვიტოში, სარჩელი კი შეტანილია 2017 წლის 13 დეკემბერს , რაც უდავოდ მოწმობს ხანდაზმულობის ვადის გაშვების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 04 ივნისის N 882010617656-03 გადაწყვეტილებით ამ------–-----ძის განცხადების საფუძველზე მოსარჩელეების რ---- შ--------, ამ------–-----ძის, ნა----–-------ის, ჯე----ნ მუ-----------ას, ი---- შ-------- და ნ-----–-- შ-------- საკუთრებაში დარეგისტრირდა 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქედა, ს. ო--–-- ს/კ 21.03.31.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 04 ივნისის N 882010617656-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 43)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44-45)

 

3.2.2. 2011 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა მოსარჩელეების ამ------–-----ძის, რ---- შ--------, ნა----–-------ის, ჯე----ნ მუ-----------ას, ი---- შ-------- და ნ-----–-- შ-------- განცხადებები სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების შესახებ , რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქედა, ს. ო--–-- ს/კ 21.03.31.008 აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელეთა განცხადებები (ს.ფ.47-56)

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 20)

- -ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 57-58)

-

3.2.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით ამ------–-----ძეს მსჯავრი დაედო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ო--–--ში ადგილ , გო---------–ის ტერიტორიაზე მდებარე 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში უკანონოდ დარეგისტრირებისათვის, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქ. სსკ 180 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 7 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი. (ს.ფ.111-116)

 

3.2.4. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს, მოსარჩელეების მიერ ქონების დათმობის ნებაყოფილებითობა და სარჩელის ხანდაზმულობის ვადა.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მათ განცხადებები სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების შესახებ დაწერეს იძულებით, მუქარის საფუძველზე. ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე და მიუთითებს, რომ 2012 დღემდე სისტემატიურად შეაქვს განცხადებები ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოს პროკურატურასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად, შესაბამისად არ უნდა ჩაითვალოს სარჩელი ხანდაზმულად.

მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა ნებაყოფილებით დათმეს უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც უკანონოდ იქნა დარეგისტრირებული მათ საკუთრებად, აღნიშნულს ადასტურებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ამ------–-----ძის მიმართ, მოსარჩელეებს შეცილების უფლება ჰქონდათ 2011 წლიდან, რის შემდგომაც სარჩელის შეტანამდე გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტების გარდა წარმოადგინა მტკიცებულება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2013 წლის 19 სექტემბერს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს სახელზე 21.03.31.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში 6300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან ამ------–-----ძეს ფატობრივი მდგოამრეობის გათვალისწინებით შეხვდება 3570 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აითვისებს ფერდობს და ფლატე რელიეფს. მოსარცელე ამტკიცებს რომ მას სახემწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ მიუთვისებია, უკანონოდ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აღნიშნული ნაკვეთი უკანონდ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს განაჩენზე ამ------–-----ძის მიმართ, რეესტრის ჩანაწერების უტყუარობაზე და მოსარჩელეების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებებზე, რითაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეებმა 2011 წლის აგვისტოში თავიანთი ნებით შეიტანეს განცხადებები საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციაზე და იძულების რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეების მიერ 2011 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებები საკუთრების უფლების მიტოვებაზე და ამ საფუძვლით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად სათანადოდ არ არის დასაბუთებული სარჩელის მოთხოვნის მართებულობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 59-ე, 184-ე მუხლები,-საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ დარღვეულია მისი საკუთრების უფლება, რისი აღდგენის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.4. საქართველოს სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე გარიგების ბათილობას იწვევს ნების გამოვლენის შეუსაბამობა კანონის იმპერატიულ დანაწესებთან.

 

6.5. ამავე კოდექსისს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა მოსარჩელეების ამ------–-----ძის, რ---- შ--------, ნა----–-------ის, ჯე----ნ მუ-----------ას, ი---- შ-------- და ნ-----–-- შ-------- განცხადებები სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების შესახებ, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარე ქედა, ს. ო--–-- ს/კ 21.03.31.008 აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ განცხადებები მათ დააწერინეს იძულებითა და მუქარით. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ამ------–-----ძემ უკანონოდ დაირეგისტრირა თავისი ოჯახის წევრების საკუთრებად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ო--–--ში ადგილ გო---------–ის ტერიტორიაზე მდებარე 6298 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განაჩენი არ არის გაუქმებული და მასში ასახულ ფაქტებზე ვრცელდება უტყუარობის პრეზუმცია. ამიტომაც გასაზიარებელია მოპასუხის პოზიცია, რომ ოჯახის წევრებმა ამ------–-----ძის მიმართ შეღავათის გასავრცელებლად ნებაყოფილებით განახორციელეს უფლების მიტოვება ქონებაზე, რომელიც არ იყო კანონიერი გზით შეძენილი.

 

6.7. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-14-ე მუხლის თანახმად,1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.

2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე მოსარჩელეების მიერ განცხადებით მიმართვისა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შედეგად, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადავიდა სახელმწიფოზე.

 

მტკიცების თვალსაზრისით სასამართლო კვლავ მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილზე. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (102-ე მუხლი პირველი ნაწილი). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი მე-2 ნაწილი). საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (102-ე მუხლი მე-3 ნაწილი).

 

მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მოთხოვნის მართებულობა. სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოსარჩელეთა მიერ სარჩელის აღძვრისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. რ---- შ--------, ამ------–-----ძის , ნა----–-------ის , ჯე----ნ მუ-----------ას, ი---- შ--------, ნ-----–-- შ-------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე