გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002319141 (2/164-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.05.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე – ნ--------------
მოპასუხე – შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ა”
წარმომადგენელი – მ----------------- (დირექტორი)
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ისათვის”, მოსარჩელე ნ--------------ს სასარგებლოდ, 2004 წლის სახელფასო დავალიანების - 600 ლარისა და ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წელს მუშაობდა „სენაკის ამბულატორიულ პოლიკლინიკურ გაერთიაებაში“ უბნის ექიმად, სენაკის რაიონის სოფელ ეკი-უშფათში; წარმოადგენდა ერთ საექიმო ბრიგადას, სადაც ექიმის ხელფასი იყო 100 ლარი. პროფესიით არის თერაპევტი და მკურნალობდა 15 წლის ზევით მოსახლეობას. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2004 წელს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა 3-15 წლამდე სოფლად მცხოვრები ბავშვების სამედიცინო ამბულატორიული მომსახურება.
2004 წელს მოპასუხე შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ის” დირექტორმა მ-----------------მ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია და არც სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა პედიატრიაში, მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სამედიცინო ბრიგადებს დაავალა მოზრდილთა მკურნალობასთან ერთად, სოფლად, უფასოდ მომსახურებოდნენ 3 დან 15 წლამდე ბავშვებს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით არ იყო პედიატრი და არ გააჩნდა შესაბამისი სერთიფიკატი, იგი ხელმძღვანელის სიტყვიერი მითითებით სხვა ექიმებთან ერთად ასრულებდა აღნიშნულ სამუშაოს, გაწეული საქმიანობისათვის ბავშვთა პროგრამით გათვალისწინებული ხელფასი არ მიუღია, რადგან მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით როგორც ბავშვების, ისე მოზრდილთა კონტიგენტის ამბულატორიული მომსახურების ხელფასები იყო ერთი და დამატებითი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და სადაზღვევო ფონდთან ერთად, თაღლითური სქემით, ზოგადად ექიმების და ამასთან მისი შეცდომაში შეყვანის გზით, შესრულებული სამუშაოების ხარჯზე მიითვისა 3 დან 15 წლამდე ბავშვებისათვის გაწეული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების თანხები. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მან 2004 წლის ჯანდაცვის სხელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეასრულა მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის მ. ბოჯგუას უშუალო სიტყვიერი მითითებით, ითხოვს მოპასუხე ორგანიზაციამ გადაუხადოს კუთვნილი 6 თვის ხელფასი 600 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07%.
მოსარჩელის განმარტებით სარჩელის საფუძვლიანობა დადასტურებული აქვს მასზე თანდართული შემდეგი მტკიცებულებებით; 1) სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი სამედიცინო ბრიგადის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებათა ნუსხისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დანართი №1-ით, რითაც ირკვევა, რომ „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანებას“ არ ჰქონდა უფლება ბავშვების მკურნალობაზე და შესაბამისად, დაფინანსებაც არ მიუღია. 2) ხარჯთაღრიცხვა ერთი სამედიცინო ბრიგადის, სადაც ექიმის ხელფასი არის 100 ლარი. 3) ბავშვთა საავადმყოფოდან მიღებული წერილებით, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვთა პროგრამებს ღებულობდა ბავშვთა საავადმყოფო, შესაბამისად, მათ ეკუთვნოდათ ბავშვების მკურნალობა, .რითაც ირკვევა, რომ ბავშვთა საავადმყოფოს მკურნალობა სოფლებში არ ჩაუტარებია. 4) „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ თანამშრომლების სიით, საიდანაც ირკვევა, რომ 2004 წელს ეკი-უშფათის საექიმო უბანზე მის გარდა სხვა ექიმი არ მუშაობდა. 5) ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით, 29.05.2007წ., რითაც ირკვევა, რომ ამბულატორიული საქმიანობა არ წარმოადგებს ლიცენზირებად საქმიანობას. მოსარჩელისვე განმარტებით მის მიერ სადაოდ გახდილი საკითხი არის არაქონებრივი დავა და მასზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ”სენაკის ამბულატორიულ - პოლიკლინიკური გაერთიანების წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ას” ჰქონდა უფლება ყოლოდა პედიატრი, ვინაიდან დაწესებულებას აქვს 2001 წელის 13 აპრილს გაცემული სახელმწიფო ლიცენზია სერია ,,ვებ“ N00875 სამედიცინო საქმიანობაში ,,პედიატრია 6.26“. სადაო გახდილ პერიოდში ყველა დაწესებულება მუშაობდა სადაზღვეო კომპანიასთან დადებული სხვადასხვა შინაარსის ხელშეკრულების საფუძველზე. ,,ამბულატორიულ პოლიკლინიკური გაერთიანება’’ მუშაობდა ამბულატორიული მომსახურების პროგრამით, ხოლო სენაკის ბავშვთა საავადმყოფო სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების პროგრამებით. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ნ-------------- 2004 წელს მუშაობდა სოფ. ეკი-უშაფათის ბრიგადის უმცროს ექიმ-თერაპევტად, მასზე მიმაგრებული იყო ლიცენზირებული ექიმი მანანა მ--–----; ბრიგადის ლიცენზირებული ექიმის ხელფასი დირექტორის ბრძანებით იყო 100 ლარი, არალიცენზირებული ექიმის ხელფასი 95 ლარი. შპს ”ს-------------–-----------–-----–---–----------------------ა” ცალკე თანხას ბავშვთა მომსახურებისთვის არ ღებულობდა, დაფინანსება იყო ერთი, ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება სოფლად პროგრამის ფარგლებში ხდებოდა ზოგადი პროფილის სამედიცინო ერთი ბრიგადის მიერ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე ნ. ყაზახაშვილის წერილის საფუძველზე 25% ფარგლებში, აღნიშნულ ბრიგადას ხელმძღვანელობდა სერტიფიცირებული პედიატრი ექიმი ნინო სამუშია, სადაც მოპასუხე არ ირიცხებოდა, რადგან არ გააჩნდა პედიატრიაში შესაბამისი სერთიფიკატი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის, ყველა კუთვნილი ხელფასი მიღებული აქვს და დაწესებულებას მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. აქვე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გარდა იმისა, რომ არის უსაფუძვლო ასევე არის ხანდაზმულიც, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის თანხმად, მსგავს შემთხვევებში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოცემულ საქმეზე უდაო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე ნ-------------- შპს ”სენაკის ამბულატორიულ - პოლიკლინიკურ გაერთიანებასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2004 წელს დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ეკი-უშფათის საექიმო უბანზე უმცროს ექიმ-თავრაპევტის პოზიციაზე და მას 2004 წელს 3-15 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება არ მიუღია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
– ბრძანება №4
3.2.2 2003 წელს შემუშავებილი იქნა მოსახლეობის ამბულაორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის #71/ნ ბრძანებით განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესი და უფლებამოსილ პირთა წრე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების წესი.2004 წელს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ დამტკიცებული იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშსწორებისა და ანაზღაურების წესი. გამომდინარე აღნიშნულიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სენაკის ამბულატორილ -პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით და ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნ. ყაზახაშვილის წერილობითი განისაზღვრა შემსყიდველის „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და მიმწოდებლის შ.პ.ს „სენაკის ამბულატორიულ- პოლიკლინიკურ გაერთიანების“ უფლება-მოვალეობები.
ფონდსა და შ.პ.ს „ სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მოცულობა ითვალისწინებდა 24 ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადის, ამასთანავე რიგი ვიწრო სპეციალისტების და მათთვის გამოყოფილი ორი ექთნის მომსახურებას. პროგრამაში მონაწილე სპეციალისტების შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფორმატით, რაც არ ითვალისწინებდა რავმატოლოგისა და ექიმ- ინფექციონისტის დაფინანსებას.
ხელშეკრულებით განისაზღვრა პროგრამის ფორმატით გათვალისწინებული სხვა ხარჯების ოდენობაც.
ბავშვთა აბულატორიული მომსახურება პროგრამის ფარგლებში შესაძლებლად იქნა მიჩნეული ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადების 25% დაკომპლექტებით პედიატრითა და მისი ექთნით, რომლებიც მოემსახურეობდნენ სენაკის „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ საკურაციო ზონაში მცხოვრებ ბავშვთა კონტიგენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის #71/ნ ბრძანებით გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების პირობების დაცვით.
ამდენად, მითითებული მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით;
-მხარეთა ახსნა-განმარტებებით;
-ხელშეკრულება სახელმწიფი შესყიდვის შესახებ;
-საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის მეირ 2004 წელს დამტკიცებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესით.
-2004 წლის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მადგილის ნ. ყაზახაშვილის წერილით.
3.2.3.ნ-----------რს 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მიმსახურების ანაზღრება არ ეკუთვნის.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემიებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამისა და საქმეში არსებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ნ. ყაზახაშვილის წერილით დადგენილია, რომ შ.პ.ს. სენაკის „ამბულატორიულ- პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ 2004 წელს, მსგავსად გასული წლისა უფლება ჰქონდა ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების პროგრამის 25% ფარგლებში დაეკომპლექტებინა ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადა პედიატრითა და მისი ექთნით.
საქმეში არსებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სალიცენზიო ბარათი №008162-ით დადგენილია, რომ შ.პ.ს სენაკის „ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ გააჩნდა პედიატრიაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული ბრძანება №4-ით დადგენილია, რომ 2004 წელს ნ-------------- მუშაობდა სენაკის „აბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“, სოფელ ეკი-უშაფათის ბრიგადის უმცროს ექიმ-თერაპევტად და იგი მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმ მ. მ--–----სთან.
მხარეთა განმარტებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-----------რს პედიატრიაში ანუ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი საქმიანობის სერთიფიკატი არ გააჩნდა.
მხარეთა განმარტებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას, სენაკის „ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ სოფლად 2004 წელს ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებისათვის დამატებით დაფინანსება არ მიუღია და აღნიშნული სფერო ფინანსდებოდა ზოგადი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილოი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების ძირითადი პაკეტი და ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი განცალკავებულად არ ითვალისწინებდა 3-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ამბულატორიულ სამედიცინო კონსულტაციას.
ამდენად, ზემით მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დასტურდება, რომ მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების ძირითადი პაკეტი და ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი, არ ითვალისწინებდა ცალკე 3 დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ამბულატორიულ სამედიცინო კონსულტაციას, ამასთან უდაოდ დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ მოპასუხე ორგანიზაციას სოფლად ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო თანხები არ მიუღია.
აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე ნ--------------ს მოთხოვნა, იმის შესახებ რომ მას მოპასუხე ორგანიზაციიდან ეკუთვნის 2004 წლის 6 თვის ხელფასი 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მოსახურებისათვის და რომ იგი უნდა გადაუხადოს მოპასუხე ორგანიზაციამ უსაფუძვლოა.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნ--------------ს მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (პაციენტებისადმი) უფასოდ მომსახურების ფაქტს, ასევე ამავე პროგრამით დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევას.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსარჩელეს გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ იგი 3 წლიდან 15 წლამდე მოზარდებს უწევდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამის შესახებ არ წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლო, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ნ-----------რს 3-დან 15 წლამდე ბავშების ამბულატორიული მომსახურებისთვის ანაზღაურება არ ეკუთვნის.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული დავა მისი შინარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე წარმოადგენს შრომით, სახელშეკრულებო ვალდებულებით დავას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ 2004 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 22 თებერვალს ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან თითქმის 13 წლის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 2-ე, 6-ე-7-ე, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად
შექმნილ კონკრეტულ სიტუაციაში სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ხელფასის ანაზღაურება. გამომდინარე აღნიშნულიდან დავა თავისი შინაარსით ვალდებულებით სამართლებრივი ხასიათისაა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
ამავე კოდექსის მე-6 მე-7 მუხლებით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირად, განუსაზღვრელი ან განსაზღვრული ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ზოგადად, ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება ან ორივე ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლი, არ არსებობს ვალდებულებაც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის, რომ მას მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 2004 წელს სიტყვიერად დაავალა 3 დან 15 წლამდე მოზარდების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურება, რითაც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა საქმის განხილვისას ვერც წერილობითი და ვერც ზეპირსიტყვიერად ვერ დაადატურა აღნიშნული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოცემული დავა არ შეეხება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
ამდენად, შექმნილ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. კერძოდ არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულება და შესაბამისად არ არსებობს არც ვალდებულება.
6.1. საქართველოს კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2004 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო.
ვინაიდან, ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება.
ასეც რომ არ იყოს, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს დამოუკიდებლად, არამედ ის უშუალოდ დაკავშირებულია დამსაქმებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს დასაქმებულთან ანგარიშსწორება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელს - მოპასუხე შპს „სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ არსებობს მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდევინების სამართლებრივი საფუძველიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.1 მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ 2004 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 22 თებერვალს, ანუ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან თითქმის ცამეტი წლის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელეს მითითებას იმასთან დაკავშირებით რომ მის მოთხოვნას არ ეკუთვნის ხანდაზმულობა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ხელფასის, როგორც პერიოდულად გადასახდელი მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი (იხ. სუსგ №ას-560-535-2016, 2 სექტემბერი, 2016 წელი).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ--------------ს სარჩელი, მოპასუხე შპს ”ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” მიმართ, 2004 წლის სახელფასო დავალიანებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე