გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/58 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29. 05. 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე
მოსარჩელე - მ--------------
მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ-----------------
მესამე პირი - ლ-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპლიტეტის მერის 2018 წლის 07 თებერვლის №----- ბრძანება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს აღადგინოს მ------------- გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე კერძოდ მცხეთის მუნიციპლიტეტის ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ სპეციალისტად.
1.3. მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე მ-------------- სასარგებლოდ განაცდურის (----–-------–----ს) ანაზღაურება იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსულებამდე პერიოდისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ლ-----------ე, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 02 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით საქმე #-------- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 დეკემბრის №----- ბრძანება მ-------------- თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
იხ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მაისის საქმე #-------- გადაწყვეტილება.
4.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ 2018 წლის 07 თებერვალს გამოსცა ახალი ინდვიუდუალურ ადმინისტრაციული სამრთლებრივი აქტი ბრძანება #------- რომლითაც უარი განაცხადა მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
იხ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის #----- ბრძანება;
4.3. მოსარჩელე მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 სექტემბრის #--- დასკვნის პირადი განცხადებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 სექტემბრის #----- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტიის ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ სპეციალისტად თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განესაზღვრა 5-- ლარით. მოსარჩელი კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება
4.4. მცხეთის მუნიცპალიტეტის მერმა 2018 წლის 07 თებერვლის #----- ბრძანებით მოსარჩელეს უარი უთხრა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, სადაო ბრძანებაში მითითებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მერიამ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში გ--------------ს და მოითხოვა საქმესთან დაკავშირებით დასაბუთებული ახსნა-განმარტება, ხოლო გ--------------მ წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია მ-------------- მხრიდან არაერთი დისციპლინური გადაცდომა არაერთშემთხვევაზე და ბრძანებაში მითითებულია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს საფუხველი ეჭვი შეიტანოს მერიის წამომადგენლის დასაბუთებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
იხ. 2018 წლის 07 თებერვლის #----- ბრძანება.
4.5. ქსნის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის გ--------------ს მოხსენებითი ბარათის მიხედვით დადგენილია, რომ მ----------ე იყო უცხო სოფლისთვის. მუშაობის დაწყებიდან მალე დაიწყო დაგვიანება სამსახურს აცდენდა თვითნებურად, მას ყოველ დისციპლინურ დარღვევაზე აძლევდა გაფრთხილებას და არ ადგენდა წერილობით დოკუმენტს ერიდებოდა სამსახურში დაძაბულობას. ის არ იცნობდა სოფელს. მისი მუშაობის პერიოდში გამგეობაში აღარ მოდიოდა მოსახლეობა იმიტომ, რომ მისგან ვერ მიიღებდა უმარტივეს პასუხს და შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია მოსახლეობის უნდობლობა და დააშორა ხალხს. უცხო ადამიანისთვის ძალიან რთულია მოსახლეობასთან მუშაობა და სოფლის არმცნობი ადამიანი დიდ პრობლემას უქმნიდა სამსახურს და მოსახლეობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
იხ. შესაგებელზე თანდართული გ--------------ს მოხსენებითი ბარათი. (#1-2188 30.01.18)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”; ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების აღიარება, დაცვა და მათი რეალიზაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, ძირითადი ვექტორია ქვეყნების დემოკრატიული წყობილების არსებობისა და ქვეყნის ასეთი მოწყობის ლიბერალურ ღირებულებებთან თანაცხოვრების გარდაუვალობის სარგებელში, მით უფრო, რომ უფლებებში აღიარების და თავისუფლებების მოპოვების ძალისხმევები ვრცელ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება ადამიანების თავგანწირვის, საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ხარჯზე.
საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის მოწყობის და სიცოცლხისუნარიანობის საშუალებად გააჩნია ძირითადი კანონი, ქვეყნის ძირითადი პრინციპების და პოსტულატების დეკლარირების აქტი - საქართველოს კონსტიტუცია, აღიარებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებებს სახელმწიფოს კეთილდღეობის, არსებობის სტაბილურობის და განვითარების პერსპექტივებში.
წინამდებარე სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უფლებაზე და თავისუფლებაზე, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური უფლება (ეკონომიკური უფლებებში მოიაზრება დასაქმება და შრომის ბაზარი და აშ. ხოლო სოციალური უფლებები შრომის სამართლიანი ანაზღაურება კომპენსაციები შრომის სამართლიანი პირობები და აშ.) და შრომის თავისუფლება (1995 წლის კონსტიტუციამდე არსებული საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციით, შრომა იყო ვალდებულება). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური უფლების რეალიზაციის გარდაუვალ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული უფლებები და თავისუფლება განმტკიცებულია, ეროვნულ დონეზე და ჰარმონიზებულია აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. ეკონომიკური და სოციალური უფლებები, შრომის თავისუფლება სიცოცხლისუნარიანი ამ ღირებულებების ხელმისაწვდომობის სრულყოფილების ტენდენციის ხარისხით. ლიბერალური ღირებულების დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო კეთილდღეობის ინდექსის სიმაღლის საზომის მნიშვნელოვანი ეტაპი განპირობებულია ქვეყნების ამბიციით მათი პოლიტიკური პროგრამის მიმართულებები უკავშირდებოდეს სწორედ ეკონომიკური და სოციალური უფლებების, შრომის თავისუფლების პრიორიტეტულობის გამოკვეთას.
7.2. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხის ფართო გააზრებისთვის ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტებული ,,შრომის“ ცნებაზე, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ მიუთითებს, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. შრომის უფლება თანამედროვე დოქტრინალური გაგებითაც მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.
7.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.
7.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მუხლი 2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას; ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე; (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა; დ) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-2 თავის მიხედვით საჯარო სამსახურის პრინციპებია; მუხლი 7. კანონიერება საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მუხლი 8. ერთგულება საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მუხლი 10. ეკონომიურობა და ეფექტიანობა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. მუხლი 11. დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. მუხლი 12. მიუკერძოებლობა საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა. მუხლი 13. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.მუხლი 14. ანგარიშვალდებულება საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.მუხლი 16. კარიერული განვითარება საჯარო სამსახურში კარიერული განვითარება ემყარება შეფასების სამართლიან სისტემას და სხვა მექანიზმებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას. მუხლი 17. გამჭვირვალობა და ღიაობა საჯარო სამსახური ხორციელდება გამჭვირვალედ და ღიად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.
ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, მერი (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების (მერის ჩათვლით) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.გ) ა.დ) და ე.ე.) ქვეპუნქტების თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
7.5.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------------- დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 დეკემბრის №----- ბრძანებით. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ” ქვეპუნქტი; 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”ქვეპუნქტი, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” 93-ე მუხლი და ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ’’ა’’ ქვეპუნქტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში გ--------------ს 2015 წლის 09 დეკემბრის №------- მოხსენებითი ბარათი. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით საქმე #-------- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 დეკემბრის №----- ბრძანება მ-------------- თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. მცხეთის მუნიცპალიტეტის მერმა 2018 წლის 07 თებერვლის #----- ბრძანებით მოსარჩელეს უარი უთხრა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, სადაო ბრძანებაში მითითებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მერიამ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ქსნის ადმინისტრაციულ ერთეულში გ--------------ს და მოითხოვა საქმესთან დაკავშირებით დასაბუთებული ახსნა-განმარტება, ხოლო გ--------------მ წარმოადგინა მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია მ-------------- მხრიდან არაერთი დისციპლინური გადაცდომა არაერთშემთხვევაზე და ბრძანებაში მითითებულია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მერიის წამომადგენლის დასაბუთებაში.
7.6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მცხეთის მუნიცპალიტეტის მერმა 2018 წლის 07 თებერვლის #----- ბრძანებით უარი უთხრა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით და საფუძვლად მითითებულია ქსნის ადმინტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გ--------------ს 2018 წლის 30 იანვრის №1-2188 მოხსენებითი ბარათში მითითებული გარემოებები. (მოხსებითი ბარათი იმავე პიროვნების და ისეთივე შინაარსის, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დაედო თავდაპირველად) გ--------------ს 2018 წლის 30 იანვრის №--------ოხსენებითი ბარათი შეიცავს არასაკმარის ინფორმაციას სადავო საკითხის გადასაჭრელად. ბარათის შინაარსი ბუნდოვანია. (მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო ახდენს მოხსენებითი ბარათის ციტირებას: (,,მ----------ე იყო უცხო სოფლისთვის. მუშაობის დაწყებიდან მალე დაიწყო დაგვიანება სამსახურს აცდენდა თვითნებურად, მას ყოველ დისციპლინურ დარღვევაზე აძლევდა გაფრთხილებას და არ ადგენდა წერილობით დოკუმენტს ერიდებოდა სამსახურში დაძაბულობას. ის არ იცნობდა სოფელს. მისი მუშაობის პერიოდში გამგეობაში აღარ მოდიოდა მოსახლეობა იმიტომ, რომ მისგან ვერ მიიღებდა უმარტივეს პასუხს და შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია მოსახლეობის უნდობლობა და დააშორა ხალხს. უცხო ადამიანისთვის ძალიან რთულია მოსახლეობასთან მუშაობა და სოფლის არმცნობი ადამიანი დიდ პრობლემას უქმნიდა სამსახურს და მოსახლეობას.) მოხსენებით ბარათს არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელის რაიმე სახის დოკუმენტაცია.
7.7. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს იმოქმედოს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციული ორგანო თითოეული მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას მოქმედებს კონკრეტული ნორმატიული აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას, უნდა დადგინდეს აქტის შესაბამისობა მისი გამოცემისას მოქმედ ნორმატიულ საფუძველთან.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური კანონიერების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს: აქტი აგრეთვე მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არამარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს.
7.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია რეგლამენტირებული, დიდწილად გამომდინარეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებათა სპექტრიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
7.9. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადაო აქტით ისე უთხრა უარი, რომ მას სათანადოდ არ გამოუკვლევია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 მაისის საქმე #-------- გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებანი, კიდევ დაეყრდნო სადაო ბრძანების გამოცემისას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათს, რაც სასამართლოს მოსაზრებით ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად მოხსენებით ბარათს არ ერთვის მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გაიზიარა მოხსენებით ბართში მითითებული გარემოებები, რომ არ გამოურკვევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულად თუ რა სახის შეცდომებს უშვებდა ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში მოსარჩელე, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ იგი არ იყო ადგილობრივი მაცხოვრებელი, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან რეალურად ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით არ გამოურკვევია მოსარჩელის პოზიცია. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა საწინააღმდეგო პოზიცია მოხსენებით ბარათში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და წარმოედგინა საწინააღმდეგო არგუმენტები. აღნიშნული კი სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სადავო ბრძანება მიღებულია კიდევ ერთხელ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შეჯერებისა და გამოკვლევის გარეშე.
7.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული გარემოებები წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
7.11 სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 თებერვლის №----- ბრძანება და დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც ის უფლებამოსილია შეფასება მისცეს მოცემული დავის ფარგლებში არსებულ მტკიცებულებებს მხოლოდ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7.12. რაც შეეხება სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118 მუხლის შესაბამისად, 1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მ-------------- სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 თებერვლის №----- ბრძანება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღარების თაობაზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 თებერვლის №----- ბრძანება, მ-------------- სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე კობა გოცირიძე